დარგებისტატიები

სოფლის  მეურნეობის  და  სოფლის  განვითარების ალტერნატიული  ხედვა და სტრატეგია

აქ  მოყვანილი    ყველა  პრობლემა  დაიძლევა  თუ  გაჩნდება  პოლიტიკური  ნება,  ევოლუციურ  ინერციას  ჩავანაცვლებთ  რევოლუციური, დიდი  ბიძგის  პოლიტიკით

     თანამედროვე  მსოფლიო    სერიოზული  გამოწვევების  წინაშე  დგას,   რასაც საზოგადოება თავსდატეხილი პანდემიის  პირობებში მძაფრად  შეიგრძნობს.  კაცობრიობას  ეს  განსაცდელი  და  მისგან  პროვოცირებული  ეკონომიკური  კრიზისი უმძიმესი  ფორმით  გადააქვს;  დღის წესრიგში დადგა  გლობალური,  ფუნდამენტური  მაკროეკონომიკური  ცვლილებების  განხორციელების აუცილებლობა.

მსოფლიო ჩვენ  თვალწინ  იცვლება  და  ამ  პირობებში,  ქვეყანას ეძლევა  შანსი  სწორად  შევაფასოთ  არსებული  ვითარება,  თვალი  გავუსწოროთ გამოწვევებს, შევქმნათ  კრიზისიდან  გამოსვლის  და  პერსპექტიული  განვითარების ახალი  სტრატეგიული  დოკუმენტი,  სადაც  მონეტარულ  და  ფისკალურ  თემატიკასთან  ერთად უმნიშვნელოვანეს  როლს  მივანიჭებთ  საქართველოს  რეგიონულ  და  აგრარულ  განვითარებას.

2019  წლის  30  დეკემბერს  მთავრობამ მიიღო  2021-2027  წლის  სოფლის  მეურნეობის  და  სოფლის  განვითარების    სტრატეგია,  რომელიც  თავისი  შინაარსით,   მიზნებით  და  ამოცანებით   ვერ  პასუხობს  ქვეყნის  და დარგის  წინაშე  არსებულ გამოწვევებს.   დღის  წესრიგში  დადგა აუცილებლობა  მეცნიერებმა,  ექსპერტებმა,  პრაქტიკოსებმა  და  ფერმერებმა  ხმა  ავიმაღლოთ   ამ  არაფრისმომცემი  დოკუმენტის  წინააღმდეგ  და  შევქმნათ   მისი  ალტერნატიული  ვერსია,  რომელიც,  მნიშვნელოვანია,  გავხადოთ   საჯარო   განხილვის   საგანი.    სამინისტროს მიერ წარმოდგენილი  სტრატეგია თავისი შინაარსით, მიზნებით  და  ამოცანებით  არ  შეიძლება  იყოს  ლიბერალური  პრინციპების,  ფრაგმენტულობის,  არასრულფასოვანი   პროტექციონიზმის  და  საყოველთაო  უპასუხისმგებლობის  ნიმუში.  ჩვენ  ნამდვილად  არ  ვართ  იმ  რეალობაში,  რომ  დავკმაყოფილდეთ და  სახელმწიფოს გავყვეთ „ევოლუციური  თვითდინების„ პოლიტიკაში. დღეს საჭიროა ახალი  სტრატეგიული  ხედვა,  მიზნობრივი  პროგრამები,  სასურსათო  უსაფრთხოების  პრობლემის  ახლებურად  გააზრება,  მოქნილი  მასტიმულირებელი  და  მარეგულირებელი  პოლიტიკა, მთავრობის  მხრიდან   სწრაფი,  ეფექტიანი და  პასუხისმგებლიანი  მოქმედება.

მოწინავე  ქვეყნების აგრარული პოლიტიკა  დაფუძნებულია რესურსული  შესაძლებლობების გონივრულ მართვასა და  ინტენსიურ-ინოვაციური  ტექნოლოგიების გამოყენებაზე, სადაც  კომპლექსურად არის დალაგებული  პროცესის  ყველა  მნიშვნელოვანი ელემენტი, ეფექტიანად მოქმედებს სისტემური  და  სტრუქტურული ფაქტორი, მიზნობრივ-დარგობრივი პროგრამები  გაწერილია  დროში, სივრცეში და შედეგზე ორმხრივი პასუხისმგებლობა აქვს.   

მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოს როლი  და  პასუხისმგებლობა  განუზომლად  დიდია. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ  მისი პროტექციონისტული პოლიტიკის გარეშე, ეფექტურ  შედეგს ვერცერთმა  წარმატებულმა ქვეყანამ ვერ  მიაღწია, რადგან თანამედროვე მოცემულობაში  უაღრესად მნიშვნელოვანია დარგის ინტენსიურ მაღალტექნოლოგიურ   განვითარებას წინ უძღოდეს სახელმწიფოს მიერ კარგად გააზრებული  სისტემურ-სტრუქტურული  რეფორმა,  რეგიონული  სპეციფიკის  და  შესაძლებლობების  კვლევა,  მიკროზონული  დარგობრივი  დარაიონება, სწორი  სივრცითი  დაგეგმვა  და  სხვა  ტიპის  მულტისექტორული  ჩართულობა. უპირატესად  მხოლოდ  სახელმწიფოს  და  მის  თვითმმართველ ორგანოებს  შეუძლიათ სრულფასოვნად  დაგეგმონ და განავითარონ  კონკრეტული  ტერიტორია,  რეგიონი,  რაიონი  თუ  მიკროზონა.   ქვეყნის  პროტექციონისტული,  მასტიმულირებელი  პოლიტიკა  უნდა  დაეფუძნოს  რეალურ  სტატისტიკას  და  კარგად  გააზრებულ  სიტუაციურ  ანალიზს,   ჩვენ  სწორად  უნდა  შევარჩიოთ  მოქმედების  ტაქტიკა  და  უზრუნველყოთ  სამუშაო  პროცესი  ერთის  მხრივ  სტრუქტურულ-სისტემური  მართვით,  ხოლო  მეორეს  მხრივ  თანამედროვე ინტენსიურ-ინოვაციური  ტექნოლოგიით,  რომელმაც  უნდა  შექმნას  მაღალი  ხარისხის,  მოცულობითი,  ერთგვაროვანი  კონკურენტუნარიანი  პროდუქტი,  რადგან  სხვა  შემთხვევაში  წარმოუდგენელია  არა თუ ექსპორტის განხორციელება,  არამედ  საკუთარ  ბაზარზე  დამკვიდრება.

ინტენსიური  მეთოდით  დარგის  განვითარებას  ალტერნატივა  არ  აქვს,   თუმცა  უპირობოდ  გასათვალისწინებელია  ყველა  ის  სპეციფიკური  პრობლემა  და  ტრადიციული  უპირატესობა, რაც   ჩვენს  პირობებში  მოცემულ  რეგიონს  ახასიათებს.  ამავდროულად  გასათვალისწინებელია  ინკლუზიური  ჩართულობის  და  სოფლად  დამაგრების  პოლიტიკის  მნიშვნელობა.    კიდევ  მრავალი  სხვა მექანიზმის  და   დეტალის მიუხედავად,  დღეს  დარგის  წინაშე  გამოკვეთილია  გამოწვევები:

  1. სასურსათო  უსაფრთხოება;
  2. დარგის  ეფექტური  სისტემურ-სტრუქტურული  ოპტიმიზაცია;
  3. ინტენსიური  განვითარება  და  რაციონალური  მართვა;
  4. ინოვაციური  ტექნოლოგიები  და  გონივრული  მენეჯმენტი;
  5. მაღალი  ხარისხი  და  კონკურენტუნარიანი  პროდუქცია;
  6. რეგიონული  შესაძლებლობები  და  მიკროზონული  უპირატესობა.

ნებისმიერი  სიახლის  და  განვითარების  მოდელის  ფორმირებას  წინ  უნდა  უსწრებდეს  არსებული  ვითარების  სრულფასოვანი  შესწავლა,  როგორც  სტატისტიკურ-ანალიტიკური,  ასევე  სიტუაციურ-შეფასებითი კვლევის  თვალსაზრისით.  სახელმწიფო  რეგულაციები  და  მასტიმულირებელი  პოლიტიკა  უნდა  ქმნიდეს  დარგის  განვითარების  სრულ  ჰარმონიას;  დაუშვებელია  სამოქმედო  მოდელში  გამოკვეთილი  არ  იყოს  ხელისუფლების  და  ფერმერული  მეურნეობის  ორმხრივი  პასუხისმგებლობა,  შედეგზე  ორიენტირებულობა,  მოქნილობა,  ინოვაციურობა,  კრეატიულობა.  მხოლოდ კომპლექსური მულტისექტორული  მონაწილეობა  და   სახელმწიფოს  მხრიდან  აღებული  პასუხისმგებლობა  უზრუნველყოფს   შედეგს  და  ეს  დადასტურებულია  მრავალი  წარმატებული  ქვეყნის  მაგალითზე.  დროა  გავაცნობიეროთ,  რომ  როდესაც  სახელმწიფო  კარგავს  მართვის  სადავეებს,  რეალურ  სტატისტიკურ  მონაცემებზე  წვდომას,  მართვის  ეკონომიკურ  ფუნქციას, პროცესში  ლიბერალური  მიდგომები საბაზრო  მექანიზმები  და  არაფრისმომცემი  თავისუფლება დომინანტური  ხდება.  გარწმუნებთ,  ასეთი  მდგომარეობა  საფრთხისშემცველია,  თუმცა უნდა  ვაღიაროთ,  რომ   ჩვენ  რეალობაში  ვცხოვრობთ.  ლიბერალიზმი  განვითარების  მუდმივად  თანმდევი  პროცესია,  თუმცა ექსტრემალურ  პირობებში არ შეიძლება მას საქართველოსთვის საბაზრო ეკონომიკის ახალი  მოდელის  ფორმირების და ფუნქციონირების  მთავარი  აქტორის  როლი დაეკისროს.  ჩვენ  ვიმყოფებით  განვითარების ისეთ ფაზაში,  როდესაც  უმოქმედობა და  პროცესის  ინერციულ  რეჟიმში  გადაყვანა  სოფლის  მეურნეობის დარგის განვითარებისთვის შეიძლება  საბედისწერო  აღმოჩნდეს.

გამოკვეთილია მოქმედების ორი პერსპექტიული გზა:

  პირველი  და  მოქმედი _ ,,ევოლუციური  ინერციას“,  რომლის  დროსაც  უპირატესი  ფაქტორი ლიბერალური  თავისუფლებაა,  სადაც  არჩევანის  საშუალება  შეუზღუდავია,  როგორც  ორგანიზაციულ-სტრუქტურული,  ისე  ტექნოლოგიურ-მარკეტინგული  თვალსაზრისით. საბაზრო  მექანიზმების  განსაკუთრებულობა  და  ღია  კონკურენცია  ერთის მხრივ  შეიძლება  დადებით  ფაქტორად მოვიაზროთ,  თუმცა  ჩვენს პირობებში  იგი  აშკარად  დეფორმირებულია  და   მძიმე  ნეგატიურ  ფონს ქმნის,  შესაბამისად  აღრმავებს კრიზისს  და  გაურკვევლობას.  ფრაგმენტული  აქტიურობა,  არასწორად  შერჩეული  პრიორიტეტები, არასაკმარისი  ანალიტიკა,  მიზანზე  არაორიენტირებული  ექსტენცია, არასავალდებულო  ახალი  ტექნოლოგიები,  ბედის ანაბარა  მიშვებული  სახელმწიფო  ინიციატივები,  უკონტროლო  დახმარებები,  პირველადი მწარმოებლებისთვის  ფინანსურ  რესურსებზე არასაკმარისი  წვდომა და  მრავალი  მსგავსი  საკითხი, საზოგადოებაში   იწვევს  დაუსრულებელი  მოლოდინის  და  ევოლუციური  ინერციის განცდას,  რომლის  დაშვება  დღევანდელი  გამოწვევების  პირობებში  დანაშაულის  ტოლფასია.

  მეორე  ავტორისეული _ „დიდი  ბიძგის  პოლიტიკა“,  სადაც  სახელმწიფო  ყველა  იმ   ამოცანის  შესრულების მთავარი  გარანტორი  და  ორგანიზატორი  იქნება,  რომელიც   დღეს  ქვეყნის წინაშე მწვავედ  დგას.  სტრატეგია  გათვლილი  შედეგზე  და  არა  ფრაგმენტულ  აქტიურობაზე,  რადგან  სასურსათო  უსაფრთხოების  უმნიშვნელოვანეს  საკითხს  ჩვენ  გადავწყვეტთ  მხოლოდ  ინტენსიური  სოფლის   მეურნეობის   ხელშეწყობით  და  სტიმულირებით,  მას  კი    კომპლექსური  პროტექციონისტული  პოლიტიკა სჭირდება,  სადაც  სისტემურ-სტრუქტურული  რეფორმიდან  საფასო-მარკეტინგულ  პოლიტიკამდე  ყველა  მნიშვნელოვანი  ნიუანსი გაიწერება,  ხოლო  ტერიტორიულ-მიკროზონული  უპირატესობა  გამყარდება დარგობრივი  პროგრამებით  და  მაღალი  ტექნოლოგიებით, რაც  თავის  მხრივ  კონკურენტუნარიანობის,  ხარისხის, ერთგვაროვანი და მიკვლევადი  პროდუქციის  შექმნის გარანტიაა.  დღევანდელ  ვითარებაში  მხოლოდ  სახელმწიფოს  შეუძლია,  უზრუნველყოს  დარგის  კომპლექსური,  თანმიმდევრული, შეუქცევადი  განვითარება.  მსოფლიო  გამოცდილება  ამ  ჭეშმარიტებაში კიდევ  ერთხელ  გვარწმუნებს.

სახელმწიფოს  აგრარული  პოლიტიკა  ყველა  განვითარებული  ქვეყნის  პრიორიტეტია  და  აქ    გამონაკლისები  არ  არსებობს,  თუმცა  მოქმედების  მოდელი  ყველგან  განსხვავებულია  და  მორგებულია  ქვეყნის  რესურსების შესაძლებლობებს,  ბუნებრივ-საწარმოო  პირობებს, ეკონომიკურ  იდეოლოგიას,  ისტორიულ-გეოგრაფიულ,  ტრადიციულ  ფაქტორებს  და  ზოგადად მის   წინაშე   არსებულ   გამოწვევებს.

აღსანიშნავია  პოსტკომუნისტური  მემკვიდრეობა,  რომელიც  ჩვენს  შემთხვევაში  დამაბნეველი  ფაქტორი  აღმოჩნდა  და  მისი  განადგურებით  დავაზიანეთ  სხვა  დარგისთვის  მნიშვნელოვანი  თემები;  აგრარული  საზოგადოება  მოვაქციეთ  იდეოლოგიურ  ტერორში  და  ვლანძღეთ  კოლმეურნეობები,  საბჭოთა  მეურნეობები,  მსგავსი  გაერთიანებები.  ამ  მიდგომამ  გააჩინა  ბუნებრივი  შიში  ნებისმიერი  გაერთიანების,  კოოპერირების,  კლასტერირების  მიმართ.  ამას ემატება  სამინისტროს  მიერ  ამ  მიმართულებით გატარებული  არაეფექტიანი  და  არათანმიმდევრული  პოლიტიკა,  შესაბამისად  სახეზეა ეკონომიკური  რაციონალიზმისგან და საწარმოო ოპტიმიზაციისგან შორს მდგომი მცირე ფერმერული მეურნეობები, სადაც კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება  უკიდურესად  რთულდება.

  მსოფლიოში საყოველთაოდ  ცნობილი  და  ფართოდ  მიღებული  ფორმაა სოფლის მეურნეობის  წარმოების  მარეგულირებელი და მასტიმულირებელი სისტემის ორდონიანი  მხარდაჭერა.  თუ  ფედერალური, იგივე ცენტრალური  ხელისუფლების პოლიტიკა მასშტაბურ  მაკროეკონომიკურ  ამოცანებს მოიცავს და  მისი პროტექციონისტული ხასიათი სახელმწიფოს წინაშე მდგარი  მიზნების და ამოცანების უზრუნველსაყოფად განისაზღვრება,  რეგიონული მარეგულირებელი  სისტემა  უკვე    შედეგზეა  ფოკუსირებული და ყველა იმ  მნიშვნელოვან ელემენტს ავსებს, რაც ფედერალურს აკლია.

ქვეყნის  აგრარული  და  რეგიონული  პოლიტიკა  ერთმანეთთან  მჭიდრო  კავშირის  და  თანამშრომლობის  გარეშე ვერ  განვითარდება,  ცენტრიდანული  და  ცენტრისკენული  პოლიტიკის  სინერგია  დარგის  კომპლექსური,  ინოვაციური,  ინტენსიური  და  ინკლუზიური  განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.  დარგობრივი  სპეციალიზაციის  ოპტიმიზაცია  კონკრეტული  რეგიონის და  მიკროზონის  დონეზე   იძლევა  საშუალებას  მივიღოთ   მაღალი შედეგი,  როგორც  პროდუქციის  ერთგვაროვანი  რაოდენობის  და  ხარისხის  მიხედვით, ასევე  მისი  კონკურენტუნარიანი  ფასის  თვალსაზრისით.

     სახელმწიფო   მხარდაჭერის   პოლიტიკის  ფორმირების დროს  გასათვალისწინებელია  მრავალი  ფაქტორი,  თუმცა   მოქმედების  სტრატეგია    რამდენიმე მნიშვნელოვან  პრინციპს უნდა  ეფუძნებოდეს:

  1. სახელმწიფო აგრარული  პოლიტიკის  ინფორმაციულანალიტიკურ უზრუნველყოფას   და  პროგნოზირების  სისტემის  მართვას;
  2. სამთავრობო მხარდაჭერის  ხელმისაწვდომობას;
  3. სამინისტროს პოლიტიკის  თანმიმდევრულობას  და  მის  მდგრად ხასიათსრადგან  დარგის  წინაშე  მდგარი  გრძელვადიანი   მიზნები  და  ამოცანები  არ  შეიძლება    კითხვის  ნიშნის  ქვეშ დადგეს;
  4. კონკურენტუნარიანი პროდუქციას  და  მისი    წარმოების  პირობებს;
  5. საზოგადოებრივ ჩართულობას  და  დარგობრივი  ასოციაციების მონაწილეობას  სტრატეგიული  ამოცანების განსაზღვრისას.

ჩვენი  დღევანდელი  მდგომარეობის  შესწავლისას  ვიღებთ  სურათს, სადაც  ხუთივე  პრინციპი   საქმიან  მოქმედებაშიც  და  აზრობრივ  თეორიაშიც  სრულიად  დარღვეულია.  პროგრამები  ფრაგმენტული  და  შედეგზე  ნაკლებად  ორიენტირებულია,  ინფორმაციულ-ანალიტიკური ნაწილი  სუსტი  და  ბუნდოვანია,   არ  არსებობს  პროგნოზირების  სისტემა,  არათანაბარი  პირობებია  დაცული  ბაზარზე  და  არც  არსებობს პირობები  მისი  დაცვის  და  რეგულირების,  მთავრობის ქმედებანი  ძირითადად  არათანმიმდევრული  და  მოუქნელია,  დარგობრივი  ასოციაციები  კი  ფაქტობრივად შერწყმულია  არსებულ  არაეფექტურ   სამოქმედო  მოდელს  და  არა თუ  დომინირებს  სახელმწიფოს  მიერ  განხორციელებული  პოლიტიკის  ფორმირებაში,  არამედ  მოქმედებს  მათი დაკვეთით  და  ხშირ  შემთხვევაში  სერიოზულად   აზიანებს  პროცესს.

შემოთავაზებული  ხედვა,  სადაც  ტერიტორიული  და  დარგობრივი  პრინციპი  ერთმანეთს  ავსებს,  უფრო  მეტიც  მათი   სინერგია  ქმნის  განვითარების  წინაპირობას,  საჭიროებს   სახელმწიფოს  მხრიდან   მეტ  ყურადღებას.   ისეთ  მნიშვნელოვან  საკითხებს როგორიცაა:

  1. მიწის ფრაგმენტაცია  და  ამ  რესურსის  ეფექტურად  გამოყენების სისტემური  რეგულირება;
  2. ნიადაგობრივკლიმატური უპირატესობების განმსაზღვრელი  მეთოდოლოგიის  არარსებობა  და  სახელმწიფო  რეგულირების  მოშლა   კულტურათა  დარაიონების  თვალსაზრისით;
  3. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოუყენებლობა  და ამ მხრივ სახელმწიფოს მხრიდან  აბსოლუტური  გულგრილობა;
  4. ბაზრის კვლევის  და   პროგნოზირების  სისტემის  მიმართ უპასუხისმგებლო  დამოკიდებულება;
  5. ხარისხის კონტროლის დაბალი  დონე, პროდუქციის  კრიტიკული  მასის  უქონლობა და  შესაბამისი  ლოჯისტიკური  პრობლემები;
  6. არაეფექტიანი მიზნობრივდარგობრივი  პროგრამები;
  7. რეგიონების და  მუნიციპალიტეტების  სუსტი  ჩართულობა;
  8. წყალუზრუნველყოფის პრობლემები  და  გაუმართავი  მენეჯმენტი;
  9. მარკეტინგული ქაოსი და  საფასო  პოლიტიკის არარსებობა;
  10. ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის   გართულებული მექანიზმები  და  მაღალი  საპროცენტო  განაკვეთი;
  11. სოფლის განვითარების  კონცეპტუალური  მოდელის  არ  არსებობა;
  12. ბაზრის დაცვის მექანიზმების სრული  ქმედითუუნარობა.

თანამედროვე ეტაპზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გონივრული, მეცნიერულად  დასაბუთებული და ამავდროულად  პრაქტიკაში ადაპტირებული მიზნობრივ-პროგრამული  სამოქმედო  მოდელები,  რომლებიც იმ კომპლექსური მაკროეკონომიკური  სამთავრობო ხედვის ნაწილია, სადაც  ყველა  უწყებას,  რგოლს და ინდივიდს  გამოკვეთილი უფლება და პასუხისმგებლობა აქვს.

ყველა აქ მოყვანილი პრობლემა  დაიძლევა თუ  გაჩნდება  პოლიტიკური ნება და ევოლუციურ  ინერციას ჩავანაცვლებთ რევოლუციური, დიდი ბიძგის პოლიტიკით, სადაც სახელმწიფო კომპლექსურად  გაიაზრებს ყველა პრობლემას და უპირატესობას, შესაბამისად შექმნის კრიზისის  დაძლევის და განვითარების ქართულ მოდელს.

გოჩა ცოფურაშვილი, 

სსმმ აკადემიის ინოვაციების კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, სსმმ აკადემიის ექსპერტი