5 ოქტომბრიდან მიკროგრანტების პროგრამა დაიწყება
მიმდინარე წლის 5 ოქტომბრიდან მიკროგრანტების პროგრამა ამოქმედდება _ ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.
როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი განმარტავს, მიკროგრანტების პროგრამის ბიუჯეტი 40 მლნ ლარი იქნება, ბენეფიციარებს კი 30 000 ლარამდე დაფინანსების მიღება შეეძლებათ.
„მიკროგრანტების პროგრამაში წელს აღარ იქნება ადგილის შეზღუდვა და მასში მონაწილეობა რეგიონების მსგავსად, თბილისში ბიზნესის განვითარების მსურველსაც შეეძლება. პროგრამით საოჯახო სასტუმრო, ავტო-ტექ მომსახურება, სილამაზის სალონი, საცხობი და სხვა მიმართულებები დაფინანსდება. შერჩევა მოხდება საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმებით. ორი სხვადასხვა ექსპერტი შეაფასებს თითოეულ პროექტს. იქნება მკაცრი მონიტორინგი“.
იმ შემთხვევაში თუ მეწარმე ბიზნესის განხორციელებას ვერ შეძლებს და ის თანხას არამიზნობრივად გახარჯავს, დანადგარების უკან დაბრუნება მოუწევს _ აღნიშნავს მიხეილ ხიდურელი.
„წელს ბევრი პროექტი დაფინანსდება. ბევრს ექნება შანსი რომ მიკროგრანტების პროგრამაში მიიღოს მონაწილეობა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტობრივად არ რჩება დარგი, რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ არ აფინანსებს. ჩვენი ბიუჯეტი ნახევარ მილიარდამდე გაიზარდა,“ _ თქვა მიხეილ ხიდურელმა.
წყარო: business-partner.ge/