აგრარული განათლებაბლოგიდარგებისტატიები

რა უნდა გაიზიაროს საქართველომ სოფლის მეურნეობაში იაპონიის გამოცდილებიდან

იაპონიაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციულმა სისტემამ განსაკუთრებული სიცოცხლისუნარიანობა გამოავლინა . მიმდინარე პერიოდში იაპონელი ფერმერების 91% გაწევრიანებულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში.

იაპონიის კოოპერაციული სისტემის განვითარება  1906 წლიდან დაიწყო. 1947 წელს, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის შესახებ“ კანონის მიღების შედეგად და იაპონიის იმპერატორის განკარგულებით, სოფლის მთელი მოსახლეობა კოოპერაციულ სისტემაში ავტომატურად ჩაერთო , რომლის მეშვეობითაც მთავრობამ  ქვეყნის მთლიანი მასშტაბით ახალი აგრარული პოლიტიკის გატარება მოახდინა. 1952 წელს შეიქმნა კოოპერატივების ცენტრალური კომიტეტი.

იაპონიაში მოქმედებს განყენებული სამართლებრივი რეგულაციები სხვადასხვა სახის კოოპერატივებისათვის. ამ მოდელის საფუძველს წარმოადგენს დიფერენცირებული ნორმატიული აქტები კოოპერატივების ტიპებისა და დარგობრივი კუთვნილების მიხედვით.  შესაბამისად. მაღალ დონეზეა განვითარებული სამომხმარებლო კოოპერაციის სექტორი, რომელშიც გაერთიანებულია 20 მლნ-მდე ადამიანი. სამომხმარებლო კოოპერატივების სამართლებრივი რეგულაციები მოცემულია იაპონიის კანონში „სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ“ (1948 წ).

იაპონიის კოოპერაციულ სისტემას გააჩნია იერარქიული სტრუქტურა. ეროვნულ დონოზე ფუნქციონირებს სრულიად იაპონიის სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების ფედერაცია, რომელიც შეიქმნა 1952 წელს. მას ხელმძღვანელობას უწევს ფედერაციის ცენტრალური საბჭო, ამავე დონეზე არსებობს სასოფლო-სამეურნეო და სატყეო მეურნეობის კოოპერაციული ცენტრალური ბანკი და სრულიად იაპონიის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფედერაცია სამედიცინო მომსახურების კუთხით. შესაბამისი ორგანიზაციები არსებობენ ცალკეული პრეფექტურების დონეზე (47 პრეფექტურა). პრეფექტურების დონეზე შექმნილი კოოპერაციული გაერთიანებები აერთიანებენ საშუალოდ 70 ათასიდან 80 ათასამდე ფერმერს. იაპონიაში მიღებულია „ფერმერის“ მკაფიო დეფინიცია:

ფერმერი – პირი რომელიც ფლობს 0.1 ჰა-ზე მეტ მიწის ფართობს და წელიწადში 90 დღეზე მეტს უთმობს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას.

კოოპერატივების ფუნქციები მრავალმხრივია: პროდუქციის მიღება და რეალიზიაცია, საწარმოო საშუალებების შესყიდვა, სამშენებლო საქმიანობა, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების მართვა, საბანკო, სადაზღვეო და საკრედიტო საქმიანობა, სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზღვევა, სამედიცინო და საკურორტო მომსახურება. კოოპერატივები ეწევიან კონსულტირებას სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მართვის და ტექნიკის გამოყენების კუთხით, გეგმავენ სასოფლო-სამეურნეო საწარმოო პროცესებს. იაპონიაში მოქმედებს კანონმდებლობა, რომლის მიხედვით რეგლამენტირებულია ქიმიკატების და სასუქების გამოყენება სეზონურობის გათვალისწინებით. მისი განხორციელების კონტროლს ეწევა სახელმწიფო.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები პრეფექტურებთან ერთად ეწევიან ადგილობრივი დარგების განვითარების გეგმების შედგენას  და ამ გეგმების  შემუშავება ხდება იაპონიის მთავრობის სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის შესაბამისად. ამ მხრივ არსებობს ორგანული ურთიერთდამოკიდებულება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებსა და პრეფექტურებს შორის. არსებობს საკითხები, სადაც პრეფექტურების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფუნქციები მკვეთრად გამიჯნულია, მაგრამ ზოგიერთ საკითხებთან მიმართებაში, მაგალითად როგორიცაა სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების ხუთწლიანი გეგმების შემუშავება, მათი ფუნქციები პრაქტიკულად გაერთიანებულია. გეგმები მოიცავენ ეკონომიკური განვითარების ყველა მიმართულებას აგროეკოლოგიური პირობების დაცვის გათვალისწინებით და ტექნიკურ-ტექნოლოგიური ხასიათის სპეციფიკას.

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაგეგმარებას კოოპერატივებში ეწევიან სპეციალური საგეგმო განყოფილებები. ისინი ამზადებენ პროექტებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დოტაციებით უზრუნველყოფის, მიწების ათვისების და მელიორაციის გეგმების შედგენის, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის საჭირო მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფის  კუთხით. მის ფუნქციებში ასევე შედის ინფორმაციის გავრცელება აგრომეტეოროლოგიურ პირობებზე, სასოფლო-სამეურნეო  ტექნიკის სიახლეებზე, დაავადებებზე და მავნებლებზე, საბითუმო და საცალო ფასებზე და აგრეთვე გამოფენების და სასოფლო-სამეურნეო  საქმიანობის საუკეთესო მეთოდებით სწავლების ორგანიზებაზე. სასოფლო სამეურნეო საქმიანობის დაგეგმვასთან ერთად საგეგმო განყოფილება ეწევა დაგეგმვას სხვადასხვა არასასოფლო-სამეურნეო საკითხებშიც.

კოოპერატივებში არსებობენ სხვა განყოფილებებიც: საწარმოო განყოფილება, შესყიდვების განყოფილება, გაყიდვების განყოფილება, საკრედიტო (ურთიერთდახმარების) განყოფილება.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სისტემისათვის დამახასიათებელია  სამდონიანი სტრუქტურა, რომელიც ფუნქციონირებდა: ადგილობრივ, პრეფექტურულ და ეროვნულ დონეზე. ამ სისტემის მიხედვით პრეფექტურული ფედერაციები ადგილობრივ კოოპერატივებს უწევენ მომსახურებას ისეთ აქტივობებში რომლის უზრუნველყოფაც თავად კოოპერატივებს არ შეუძლიათ. ეროვნული ფედერაცია ასრულებს აქტივობებს პრეფექტურული ფედერაციების დასახმარებლად.

მნიშვნელოვანია კოოპერატივების აუდიტის სისტემა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში შიდა აუდიტი წარმოებს თვეში ერთხელ; პრეფექტურის დონეზე არსებული კოოპერატივები ახორციელებენ პირველი დონის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მენეჯმენტის აუდიტს წელიწადში ერთხელ; პრეფექტურის დონეზე არსებული კოოპერატივების აუდიტს წელიწადში ერთხელ ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფედერაცია.

აუდიტორის მიერ ხარვეზების დადგენის შემთხვევაში, კოოპერატივს ეძლევა ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად. თუ დადგენილ ვადაში არ მოხდება ხარვეზების აღმოფხვრა, მოხდება კოოპერატივის გაუქმება. ნიშანდობლივია, რომ 1952 წლიდან დღემდე, არ გაუქმებულა არც ერთი კოოპერატივი, რაც ერთის მხრივ ასახავს კოოპერატივების გავლენას იაპონიის მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე და მეორეს მხრივ მიუთითებს იაპონიის კოოპერაციული სისტემის ორგანიზაციული მოწყობის სიცოცხლისუნარიანობასა და მდგრადობაზე.

JA ჯგუფი (იაპონიის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გაერთიანება), რომელსაც ეკუთვნის “Zenkoryen”-ი (სადაზღვევო ეროვნული ფედერაცია), დაარსდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის კანონის შესაბამისად. JA ჯგუფი თავის წევრებს თავაზობს 5 მნიშვნელოვან მომსახურებას: დაზღვევა, კრედიტი, მარკეტინგი, შესყიდვები, დახმარება სოციალური პრობლემების მოგვარებაში. ორგანიზაცია ეწევა კოოპერაციული საქმიანობის მხარდაჭერას იმ მიზნით რომ ხელი შეუწყოს სასოფლო-სამეურნეო წარმოებას და გააუმჯობესოს კოოპერატივების წევრების ცხოვრების დონე.

Zenkyoren-ის სერვისები შეიძლება დაიყოს ოთხი მიმართულებით:

  1. სამეწარმეო რისკებისგან დაცვა,
  2. ფინანსებთან დაკავშირებული მომსახურებები და ფულის დაგროვების ფუნქციები,
  3. საინფორმაციო მომსახურება,
  4. კეთილდღეობა.

2000 წლის აპრილში Zenkyoren  შეერწყა პრეფექტურულ სადაზღვეო ფედერაციებს, რამაც გამოიწვია ორ დონიანი სადაზღვევო სისტემის შექმნა, სადაც თითოეულ დონეს განსაზღვრული აქვს თავისი ფუნქციები. ამ შერწყმამ გააძლიერა კავშირი Zenkyoren-ს და კოოპერატივებს შორის, რითაც შეამცირა საოპერაციო ხარჯები, გააუმჯობესა წევრების ფინანსური უსაფრთხოების დონე.

ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები და Zenkyoren ერთობლივად შეიმუშავებენ სადაზღვეო პოლისებს. ადგილობრივ დონეზე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს პირდაპირი კავშირი აქვთ მათ წევრებთან, აწვდიან მათ სხვადასხვა ინფორმაციას კოოპერაციული დაზღვევის პოლისების შესყიდვის შესახებ, ახდენენ კონტრაქტების მომზადებას.

იაპონიის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარება სახელმწიფოს წარმმართველი როლისა და მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია. საქართველოში დაუშვებელი იყო სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ გაუქმება. იგი უნდა გარდაქმნილიყო წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირად.  ამ შეცდომის გამოსწორება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

პაატა კოღუაშვილი

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი