ესტონელი ინვესტორის მიერ საქართველოში წარმოებული ჩაი ექსპორტზე 30-ზე მეტ ქვეყანაში გადის
ესტონელი ინვესტორის ჰანეს საარპუს მიერ რამდენიმე წლის წინათ დაფუძნებულმა კომპანია Renegade Tea Estate-მ საქართველოში წლეულს დაახლოებით ერთი ტონა ჩაი აწარმოა. როგორც bm.ge-სთან ინტერვიუში თავად საარპუმ განაცხადა, უფრო მეტის წარმოება იყო დაგეგმილი, თუმცა, ივლისში საშუალო ტემპერატურა ძალიან მაღალი იყო, რამაც ჩაის პლანტაციებზე და პროდუქტიულობაზე ნეგატიურად იმოქმედა.
„ზოგადად ჩვენი პლანტაციები ჯერ კიდევ არ არის მომწიფებული რეაბილიტაციის შემდეგ, თუმცა, 2021 წლისთვის ჩვენ უკვე სამჯერ უფრო მეტი ჩაის წარმოებას ველით“, – აღნიშნა ესტონელმა ინვესტორმა, რომელმაც ჩაის წარმოება საქართველოში 2017 წლიდან დაიწყო, დღეს კი მისი კომპანია ტყიბულსა და წყალტუბოში სამ პლანტაციას ფლობს.
Renegade Tea Estate აწარმოებს სხვადასხვა სახის ჩაის, მათ შორის შავს, მწვანეს, თეთრს და ა.შ. ამასთან, როგორც მწარმოებელი ამბობს, თითოეული სახეობის ჩაის განსხვავებული სახით წარმოება ხდება, შედეგად ჯამში კომპანიის ბრენდით თითქმის 20 სახეობის ჩაი გამოდის.
ესტონელ მწარმოებელს საქართველოში წარმოებული ჩაის 95%-ს ექსპორტზე გააქვს.
„ჩვენი უმსხვილესი ბაზრებია ესტონეთი, აშშ-ი, გერმანია და საფრანგეთი. თუმცა, ჩვენ მაღალი ხარისხის ქართული ჩაი გაგვიტანია 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ახალ ზელანდიასა და ბრაზილიაში“, – აღნიშნა ჰანეს საარპუმ.
კომპანია Renegade Tea Estate მუდმივად 8-10 ადამიანს ასაქმებს, თუმცა, ზაფხულის სეზონზე, როდესაც აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, პლანტაციაში დაახლოებით 50 ადამიანი საქმდება.
თუმცა, ესტონელი ბიზნესმენი საქართველოში მხოლოდ ჩაის წარმოებით არაა დაინტერესებული. როგორც ის ამბობს, მას სურს გამოიყენოს შესაძლებლობა და ჩაის წარმოება აგროტურიზმს დააკავშიროს.
„რა თქმა უნდა, 2020 წლის პანდემიამ დიდი დარტყმა მიაყენა საერთაშორისო ტურიზმს, თუმცა, ჩვენ მყარად გვჯერა საქართველოს ტურისტული პოტენციალის. მომდევნო სამ წელში ჩვენ ვგეგმათ კიდევ ერთი მილიონი ლარის ინვესტირებას, რათა გავზარდოთ ჩვენი პროდუქტების პორტფოლიო, გავაუმჯობესოთ ინფრასტრუქტურა ჩვენს პლანტაციებში“, – აღნიშნა ჰანეს საარპუმ.
ცნობისთვის, Renegade Tea Estate-ს პროექტში 2 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის წარმოების ხაზი საქართველოში აქვს, ხოლო გაყიდვებისა და დისტრიბუციის კომპანია ესტონეთში მდებარეობს. კომპანია ჩაის პროდუქტს ყიდის ონლაინაც.
ავტორი:თამთა ჯიჯავაძე
წყარო:bm.ge