დარგებიმემცენარეობა

ჩაის მცენარის დახასიათება

ჩაის მცენარე მიეკუთვნება Theaceae-ს ოჯახს, Thea-ს გვარს. ანსხვავებენ ორ ძირითად სახეობას: Thea sinensis სუბტროპიკული მცენარე, ბუჩქი, მისი ყინვაგამძლეობა აღწევს _ 12-15ºC. Thea sinensis ტროპიკული მცენარე, მისი ყინვაგამძლეობა არ აღემატება _ 5ºC. ჩაის გამრავლება შესაძლებელია როგორც გენერაციული, ასევე ვეგეტატიური გზით. ჩაის ცალკეული ფორმების განსხვავებულ ეკოლოგიურ პირობებში განვითარებამ ხელი შეუწყო მყარი შთამომავლობითი თვისების და სამეურნეო ღირსების მქონე მცენარეების წარმოქმნას. ამ გზითაა მიღებული ჩაის ჯიშები, რომელთაგან განვიხილავთ ზოგიერთს.

ადგილობრივი ქართული ჯიშის ჩაი წარმოიშვა ჩინურის და სხვა სახესხვაობების კულტივირებით, საქართველოს სუბტროპიკული ზონის აგროეკოლოგიურ პირობებში. ჩაის პლანტაციები საქართველოში ძირითადად ამ ჯიშით არის გაშენებული.

„კიმინი“ ჩინეთიდან შემოტანილი ჩაის ჯიშია, რომელიც საქართველოში კარგი სამეურნეო თვისებებით, მოსავლიანობით და მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ამ ჯიშით არის გაშენებული ანასეული და ნარუჯის ჩაის პლანტაციების ერთი ნაწილი.

ჩაის კულტურის მსოფლიო ისტორიაში მცენარის ახალ ჯიშებზე სელექციური სამუშაოები 1925 წლიდან იწყება ჩაქვის სელექციურ სადგურში პროფ. ვ. პოკროვსკის ხელმძღვანელობით. 1943 წელს სახელმწიფო ჯიშთაგამოცდამ დაადასტურა აკად. ქ. ბახტაძისმიერ გამოყვანილი ჩაის პირველი სელექციური ჯიშების ქართული №1-ის და ქართული №2-ის მაღალი სამეურნეო მაჩვენებლები.

ქართული №1 სელექციური ჯიში ინდურ-ჩინური ჩაის ჰიბრიდია ჩინურთან. ეს ჯიში გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობით, ხოლო პროდუქციის მაღალი ხარისხით გამორჩეულია ყველა სელექციურ ჯიშს შორის. მისი გავრცელების არეალი შემოიფარგლება ხელვაჩაურის და ქობულთის ზონით და ოზურგეთის ნაწილით.

ქართული #2 სელექციური ჯიში გამოყვანილია იგივე მეთოდით ჩინური და ინდურ-ჩინური მცენარეების ჰიბრიდიზაციით ეს ჯიში გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობით და სტაბილური ხარისხით.

შემდეგ პერიოდში სელექციური სამუშაოები წარიმართა უფრო ყინვაგამძლე ჯიშების გამოყვანის მიმართულებით. მიღებული იქნა ათი ახალი სელექციური ჯიში №3-დან №12-ის ჩათვლით, რომლებმაც ასევე წარმატებით გაირა სახელმწიფო ჯიშთაგამოცდა და დადასტურდა მათი მრავალმხრივი უპირატესობა ადგილობრივ პოპულაციასთან შედარებით. ამ ჯიშებს შორის გამორჩეულად ზამთარგამძლეა ჯიში №8. აკად. ქ. ბახტააძის ხელმძღვანელობით ქართველი სელექციონერების მიერ, გამოყვანილია ჩაის 29 სელექციური ჯიში, მათ შორის, საქართველოში 16, აზერბაიჯანში – 9 და რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში – 4.

ამ სელექციური სამუშაობის პარალელურად ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჩაქვის ფილიალში 1940 წლიდან მიმდინარეობდა სამუშაოები ჩაის კლონური სელექციის მიმართულებით. ორ ასეულზე მეტი ყველაზე უფრო პერსპექტიული კლონიდან, მრავალი მახასითებლის მიხედვით უპირატესობა სელექციურ №257 -ს მიენიჭა, რომელიც ცნობილია კლონი „კოლხიდას” სახელწოდებით. ამ კლონის დედისეული მცენარე მ. კოლელიშვილმა აღმოაჩინა 1940 წელს ჩაქვის ჩაის მეურნეობის ერთ-ერთ ნაკვეთზე.

სპეციალისტების შეფასებით, ქართული №1, კიმინი, „კოლხიდა” და სხვა ქართული ჯიშის მცენარიდან მიღებული პროდუქცია, თავისი თვისებებით არ ჩამოუვარდება ინდოეთის და შრი ლანკის ჩაის. საუკეთესო ქართული ჩაი გამოირჩევა განსაკუთრებული ნაზი არომატით და სასიამოყნო საგემოვნო თვისებებით. ინდური ჩაის მაღალი სიმწკლარტით არის გაპირობებული მისი ნაყენის დაგემოვნება რძესთან შერევის შემდეგ.

აგროტექნიკურ ღონისძიებებთან ერთად საჭიროა ჩაის მცენარის გარემო პირობებისადმი მოთხოვნების და დამოკიდებულების ცოდნა. ჩაის პლანტაციაში გასატარებელი ღონისძიებები უნდა ეფუძნებოდეს მცენარის ბიოლოგიურ თავისებურებებს და გარემო ფაქტორებს, რომელთა შორის უმთავრესია ნიადაგი და კლიმატი. ჩაის მცენარეს გასაკუთრებული მგრძნობიარობა აქვს ნიადაგის ისეთი თვისებების მიმართ, როგორიცაა ხსნარის რეაქცია (PH), ტენიანობა და მექანიკური შედგენილობა. ჩაისთვის ხელსაყრელად ითვლება ნიადაგი 80-100 სმ სიღრმემდე მჟჟავე ან სუსტი მჟავე (PH 4,0-6,6) რეაქციით, წლის განმავლობაში ჭარბი ტენისგან თავისუფალი, მექნიკური შემადგენლობით არ უნდა მძიმე თიხა ან ქვიშა ნიადაგი. მჟავე რეაქციით ხასიათდებიან წითელმიწები, ყვითელმიწები და ეწერის ყველა სახესხვაობის ნიადაგი. ჩაის მცენარის კულტივირებისთვის ტუტე და ნეიტრალური ნიადაგები გამოუსადეგარია.

სამეურნეო და ტექნოლოგიური თვალსაზრისით ჩაის მცენარის ვეგეტატიური ორგანოებიდან მნიშვნელოვანია ყლორტები და ფოთლები.
ყლორტი წარმოადგენს ღეროს მოზარდ, შეფოთლილ ნაწილს, მასზე განლაგებული კვირტებით. განლაგების ადგილის მიხედვით ყლორტები შეიძლება იყოს კენწერული და იღლიური, ასევე მძინარა და დამატებითი კვირტებიდან. კენწერული და იღლიური კვირტები სწრაფი ზრდის უნარით ხასიათდებიან.

ფოთლები, მცენარის სახესხვაობიდან გამომდინარე, განსხვავდებიან ფორმით ზომებით, ფერით და წვერის ფორმით. ფორმის მიხედვით ფოთლები შეიძლება იყოს ოვალური, წაგრძელებულ-ოვალური, კვერცხისებრი, ხოლო შეფერილობით: მოყვითალო-მომწვანო, მწვანე, რუხი მწვანე, მუქი მწვანე. ფოთლების ზედაპირი შეიძლება იყოს სუსტად ამობურცული, გლუვი და დაბუშტული, სქელი, მკვრივი და დაბუშტული.

სეთი ფოთლები დამახასიათებელია მცენარის ჩრდილოეთის სახესხვაობისთვის, ხოლო სამხრეთის ფორმებისთვის დამახასიათებელია დაბუშტული, თხელი, უფრო ნაზი ფოთლები. ფოთლების სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-13 თვეს შეადგენს. ახალი ფოთლების გამოჩენის კვალობაზე ძველი ფოთლები თანდათანობით ცვივა. ფოთოლცვენის პერიოდი გაზაფხულის და ზაფხულის დასაწყისს მოიცავს.

თემურ რევიშვილი,

თამაზ მიქაძე