სუბტროპიკულ მცენარეთა წარმოშობის ცენტრები, ინტროდუქციის და აკლიმატიზაციის მოკლე მიმოხილვა
თუ ცნობილი იქნება, სად წარმოიშვა ეს თუ ის მცენარე და რომელ ქვეყანაშია გავრცელებული, ნათელი წარმოდგენა გვეძლევა იმის შესახებ, თუ როგორ მოთხოვნას უყენებს იგი გარემო პირობებს: (სითბო, სინათლე, წყალი, ნიადაგი და სხვა). გარემო პირობების მიმართ მცენარის მოთხოვნილებების ცოდნა კი წარმოადგენს მცენარეთა ინტროდუქციისა და მათი აგროტექნიკის სწორად დამუშავების მეცნიერულ საფუძვლებს.
მცენარეთა გადატანას ერთი მხარიდან მეორეში, ინტროდუქცია ეწოდება. მცენარეთა ინტროდუქცია დასაბამიდან მიმდინარეობს ადამიანის სურვილისაგან დამოუკიდებლად ან მისი შეგნებული ქმედებით.
ადამიანისაგან დამოუკიდებლად სხვადასხვა კონტინენტიდან მცენარეთა გავრცელების როლს ასრულებს: საზღვაო, სარკინიგზო, საჰაერო და სამდინარო ტრანსპორტი, ზღვის დინებები, ცხოველები, ფრინველები, ქარები და სხვა. მეორე შემთხვევაში კი ადამიანი შეგნებულად ახდენდა ერთი მხარიდან, სხვა მხარეებში სხვადასხვა მცენარის გადატანას იმ მიზნით, რომ გაემდიდრებინა არსებული ფლორა საინტერესო მცენარეებით.
სუბტროპიკულ მცენარეთა გარკვეული სახეობები საქართველოს ტყეებში ველურადაც იზრდებოდა, მხოლოდ შემდეგ გააკულტურეს, მაგალითად: ბროწეული, ლეღვი, თხილი, კაკალი, წაბლი და სხვა. მაგრამ სუბტროპიკულ მცენარეთა ზოგიერთი ჯგუფი, რომლებიც დაბალი ყინვაგამძლეობით ხასიათდება, ჩვენში შემოიტანეს ტროპიკული და სუბტროპიკული ზონის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ასეთებია: ჩაი, ციტრუსი, ხურმა, მუშმულა, ტუნგი, ფეიჰოა, კივი, გერანი, რეჰანი, ევკალიპტი, ბამბუკი და სხვა.
მეცნიერულ საფუძვლებზე დამყარებული მცენარეთა ინტროდუქცია მოითხოვს იმ ქვეყნების ბუნებრივი პირობების საფუძვლიან ცოდნას, საიდანაც შემოაქვთ მცენარე.
აკადემიკოს ნ. ვავილოვს სუბტროპიკულ მცენარეთა წარმოშობის 7 კერა აქვს აღწერილი და გამოყოფილი:
- იაპონია–ჩინეთის: ეს კერა ჩვენთვის ყველაზე უფრო საინტერესოა იმით, რომ ბუნებრივი პირობებით უახლოვდება ჩვენს ტენიან სუბტროპიკულ რაიონებს და მეტად მდიდარია მცენარეული რესურსებით. აღნიშნული კერიდანაა ჩვენში შემოტანილი ჩაი, ციტრუსები, სუბტროპიკული ხურმა, ტუნგის ხე, ევკომია, ცვილის ხე, ქაფურის ხე, ბამბუკი, მრავალი დეკორაციული მცენარე და სხვა;
- ინდოეთის კერა – ამ კერას თავისი მნიშვნელობით მეორე ადგილი უჭირავს. ინდოეთში სუბტროპიკული ნი ადაგურ-კლიმატური პირობები ჰიმალაის მთების სამხრეთ ფერდობებზეა გავრცელებული. ამ კერიდან ჩვენში შემოტანილია: ასამის ანუ ინდური ჩაის, ლიმონის, ფორთოხ ლისა და მანდარინის ზოგიერთი სახეობა, ციტრონი, ბიგარადია, ლიმონის სორგო, ფაჩული, ჟასმინი, შაქრის ლერწამი და სხვა;
- სამხრეთი და ცენტრალური ამერიკის კერა: ამ კერაში არის როგორც მშრალი, ასევე ტენიანი რეგიონები, საიდანაც ჩვენთან შემოტანილია მცენარეები: ავოკადო, ფეიჰოა, აგავა, იუკა, ქინაქინის ხე და სხვა;
- ავსტრალია–ახალი ზელანდიის კერა: აქედან ჩვენში ინტროდუქცირებულია: ევკალიპტი, აკაცია (ავსტრალიიდან) ახალზელანდიური სელი და დრაცენა (ახალი ზელანდიიდან);
- წინა აზიის კერა _ მშრალი სუბტროპიკული კლიმატის სამშობლოს წარმოადგენს: ლეღვი, ნუში, ბროწეული, ფსტა, კაკალი;
- ხმელთაშუა ზღვის აუზის კერა – ზაფხულობით მშრალი სუბტროპიკული მხარეა; ამ კერიდან არის: ზეთისხილი, დაფნა, კორპის მუხა, ვარდი, როზმარინი, ლავანდა და სხვა;
- სამხრეთ აფრიკის კერა – ეს არის სამშობლო გერანის და რეჰანის.
ინტროდუქცია განუყოფლად არის დაკავშირებული აკლიმატიზაციასთან, რაც გულისხმობს ცოცხალი ორგანიზმის შეგუებას ახალ გარემო პირობებთან.
ცნობილია, რომ ბუნებაში გარემო პირობების მიხედვით ზუსტი ანალოგი არ არსებობს, ამიტომ მცენარის ახალ, უჩვეულო გარემოში გადატანა და შეგუება ხდება სწორედ ინტროდუქციისა და აკლიმატიზაციის საშუალებებით.
მცენარე აკლიმატიზირებულად შეიძლება ჩაითვალოს მაშინ, როდესაც ახალ გარემოში შეიცვლის თავის მემკვიდ რულ ბუნებას, იძენს ახალი პირობების ადეკვატურ თვისებებს, ნორმალურად გაივლის განვითარების წლიურ ციკლს და იძლევა სიცოცხლისუნარიან თაობას, რომელიც ინარჩუნებს ახალშეძენილ ნიშან-თვისებებს.
რეზო ჯაბნიძე, სსმმ აკადემიის აკადემიკოსი