ქართული ხურმის და კარალიოკის საექსპორტო პოტენციალი სულ უფრო ფართოვდება და ვაშლის საექსპორტო მოცულობას თითქმის ორჯერ აჭარბებს
2020 წლის 1 აგვისტოდან 23 ნოემბრამდე პერიოდში საქართველოდან 5 045 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 2.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში საქართველოდან ექსპორტზე გავიდა 7824 ტონა ხურმა და კარალიოკი, რომლის ღირებულება 4,2 მილიონ დოლარს აჭარბებს.
აღნიშნულ პერიოდში ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის მოცულობა 14%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 18%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. ამასთან შარშანდელთან შედარებით 4%-ით არის გაზრდილი საექსპორტო ხურმისა და კარალიოკის ფასი.
ხურმისა და კარალიოკის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი თითქმის ორჯერ აჭარბებს ვაშლის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებს.
როგორც ჩანს, ხურმის და კარალიოკის საექსპორტო პოტენციალი სულ უფრო მზარდია და მსოფლიო ბაზარზე ხარისხიანი ხურმის ფასიც წლიდან-წლამდე იზრდება. ქართველ ფერმერებს ამ მიმართებით ყურადღების გამახვილება მართებთ, რაც საერთაშორისო ბაზრების საფუძვლიან შესწავლაში და კულტურათა წარმოების სწორად დაგეგმვაში უნდა გამოიხატოს.
წლეულს ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (3 377 ტონა), უკრაინასა (2 832 ტონა) და სომხეთში (1 475 ტონა), ასევე ბელორუსში, ყატარში, მოლდოვაში, ჰონკონგში, ყაზახეთსა და უნგრეთში.