დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ვენახის მეტაფორული სახეები ბიბლიაში

 ბიბლიაში ღვინო 521-ჯერ არის ნახსენები და ეს ფაქტი უკვე მეტყველებს, რომ მთელს მსოფლიოში მეღვინეობა და ღვინის კულტურა უძველესია. მაგრამ, ზოგი შეიძლება არც კი დაკვირვებია, ბიბლიაში ღვინის გარდა, ვენახებიც ბევრგან არის ნახსენები და ხშირად ვენახები მეტაფორის სახით გვხვდება

ვენახი როგორც მეტაფორა (სიცოცხლის, რწმენის, მომავლის, წარსულის და სხვა…) ქრისტიანობამდელ კულტურებშიც ფართოდ იყო წარმოდგენილი. სხვადასხვა ხალხებსა თუ ტომებში იყო რიტუალები, რომლებიც ვენახებში იმართებოდა და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვაზის მტევნები და ვენახის გამოსახულებები უმარავ უძველეს ნახატებზე, გრავიურებზე თუ ეტრატებზე გვხვდება. თუმცა, ბიბლიურ ტექსტებში ვენახების ხსენებამ უკვე ტექსტური სახით შემოგვინახა ვენახის სახეები.

გთავაზობთ ბიბლიიდან ამონარიდებს, სადაც ვენახზეა საუბარი და ის უმეტესად მეტაფორულად გამოიყენება.

სიმღერას ვუმღერებ ჩემს მიჯნურს მის ვენახზე. ვენახი ჰქონდა ჩემს საყვარელს ნაყოფიერ გორაკზე. დაამუშავა, გაასუფთავა ქვებისგან, ჩაყარა საუკეთესო ვაზი, კოშკი ააგო მის შუაგულში, საწნახელიც ამოკვეთა; იმედოვნებდა, რომ ყურძენს მოისხამდა, მაგრამ ველური ნაყოფი გამოიღო. ახლა კი, იერუსალიმის მცხოვრებნო და იუდას კაცებო, გთხოვთ განგვსაჯეთ მე და ჩემი ვენახი. რაღა უნდა გამეკეთებინა ჩემი ვენახისთვის და არ გავუკეთე? რატომ მოისხა ველური ნაყოფი, როცა ყურძენს ველოდებოდი? ახლა კი გთხოვთ მათქმევინოთ, რის გაკეთებას ვუპირებ ჩემს ვენახს – შემოვარღვევ ღობეს და საძოვრად იქცევა, შემოვუნგრევ ზღუდეს და გაპარტახდება. გავაუდაბურებ მას, არ გაიმარგლება და არ გაითოხნება იგი; გაიზრდება ნარ-ეკლად და ვუბრძანებ ღრუბლებს არ აწვიმონ მასზე წვიმა. ისრაელის სახლია ცაბაოთ უფლის ვენახი და იუდას ხალხი – ნერგი მისი სიამისა; სამართალს მოელოდა და აჰა – სისხლისღვრაა; სიმართლეს და აჰა – ტანჯვის მოთქმაა. (ესაია 5:1 – 7)

იმღერეთ იმ დღეს მასზე – საყვარელ ვაზზე: „მე, უფალი, ვფხიზლობ მასზე ყოველ წამს, ვარწყულებ, რომ არ დაზიანდეს, ღამით და დღისით ვდარაჯობ. (ესაია 27:2-3)

განიკითხავს უფალი თავისი ხალხის უხუცესებსა და მთავრებს: „თქვენ გადაჭამეთ ვენახები და ღარიბთათვის წართმეულით აივსეთ სახლები. (ესაია 3:14)

ისრაელის სახლია ცაბაოთ უფლის ვენახი და იუდას ხალხი – ნერგი მისი სიამისა; სამართალს მოელოდა და აჰა – სისხლისღვრაა; სიმართლეს და აჰა – ტანჯვის მოთქმაა. (ესაია 5:7)

ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: „ყურძენივით გაკრიფავენ ისრაელის ნატამალს, გაიწოდე ხელი, როგორც ყურძნის მკრეფავი იწვდის ვაზისკენ”. ვის ველაპარაკო? ვინ გავაფრთხილო, რომ მოისმინონ? აჰა, წინადაუცვეთელია მათი ყურები და არ შეუძლიათ მოსმენა; აჰა, უფლის სიტყვა სამარცხვინოდ მიუჩნევიათ, აღარ სურთ იგი. (იერემია 6:9 – 10)

„რადგან ცათა სამეფო წააგავს ადამიანს, სახლის პატრონს, დილაადრიანად რომ გავიდა თავისი ვენახისთვის მუშაკთა დასაქირავებლად. მუშებს დღეში თითო დინარად მოურიგდა და გაისტუმრა თავის ვენახში. მესამე საათი იქნებოდა, რომ კვლავ გავიდა და დაინახა სხვები, ბაზარში რომ იდგნენ უქმად. უთხრა მათ: თქვენც წადით ჩემს ვენახში და რაც გერგებათ, მოგცემთო; და ისინიც წავიდნენ. კიდევ გავიდა მეექვსე და მეცხრე საათზე, და ასევე მოიქცა. გავიდა თერთმეტ საათზეც, კიდევ ნახა უქმად მდგარნი და უთხრა მათ: რატომ დგახართ აქ მთელ დღეს უქმად? უპასუხეს: იმიტომ, რომ არავინ დაგვიქირავა. უთხრა მათ: წადით ვენახში და რაც გერგებათ, მოგცემთო. რომ მოსაღამოვდა, ვენახის პატრონმა უთხრა თავის მნეს: დაუძახე მუშაკებს და გადაუხადე ქირა, უკანასკნელიდან პირველამდე. მივიდნენ თერთმეტ საათზე დაქირავებულნი და მიიღეს თითო დინარი. პირველად მისულებმა იფიქრეს, მეტს მოგვცემენო, მაგრამ იმათაც თითო დინარი მიიღეს. როცა მიიღეს, ბუზღუნი დაუწყეს სახლის პატრონს. ამბობდნენ: ამ უკანასკნელებმა, მხოლოდ ერთი საათი წაიმუშავეს და ისინი ჩვენ გაგვიტოლე, ვინც დღის სიმძიმე და სიცხე ავიტანეთო. მან კი მიუგო ერთ მათგანს და უთხრა: მეგობარო, უსამართლოდ არ მოგქცევივარ, განა დინარად არ მოგირიგდი? აიღე შენი გასამრჯელო და წადი; მე კი მინდა, ამ უკანასკნელსაც იგივე მივცე, რაც შენ. ნუთუ არა მაქვს უფლება, რაც მე მეკუთვნის ჩემი ნებისამებრ მოვიხმარო? იქნებ შენს თვალს შურს, რომ კეთილი ვარ? ასე იქნებიან უკანასკნელნი პირველნი და პირველნი – უკანასკნელნი, რადგან მოწოდებული ბევრია, რჩეული კი ცოტა”. ( მათეს 20:1-16)

აბა, რა გგონიათ? ერთ კაცს ორი შვილი ჰყავდა. მივიდა პირველთან და უთხრა: შვილო, წადი დღეს და იმუშავე ვენახში.29მან უპასუხა: არ მინდა, ბატონო. მერე ინანა და წავიდა. მივიდა მეორესთან და იგივე უთხრა. მან უპასუხა: წავალ, ბატონო. მაგრამ არ წავიდა. იმ ორთაგან რომელმა შეასრულა თავისი მამის ნება?” მიუგეს: „პირველმა”. უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მებაჟეები და მეძავნი თქვენზე წინ შევლენ ღმერთის სამეფოში; რადგან მოვიდა თქვენთან იოანე სიმართლის გზით და არ ერწმუნეთ მას, ხოლო მებაჟენი და მეძავნი ერწმუნენ მას, თქვენ კი იხილეთ ეს და მაინც არ მოინანიეთ, რათა გერწმუნათ იგი. მოისმინეთ სხვა იგავი: იყო ერთი სახლის პატრონი, რომელმაც ვენახი გააშენა, გარს ღობე შემოავლო, შიგნით საწნახელი ამოკვეთა და კოშკი ააგო; შემდეგ მევენახეებს ჩააბარა და წავიდა. რთველი რომ მოახლოვდა, თავისი მონები გაუგზავნა მევენახეებს მოსავლის მისაღებად. შეიპყრეს მისი მონები მევენახეებმა, ერთნი სცემეს, მეორენი დახოცეს და სხვანი ჩაქოლეს. კიდევ გაუგზავნა სხვა მონები, უწინდელზე მეტი; იმათაც ასევე მოექცნენ. ბოლოს თავისი ძე გაგზავნა მათთან; ამბობდა: ჩემი ძისა მაინც მოეხათრებათო. მაგრამ მევენახეებმა ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: ეს მემკვიდრეა; მოდით, მოვკლათ და დავისაკუთრებთ მის სამკვიდრებელს! შეიპყრეს, ვენახის მიღმა გააგდეს და მოკლეს. ჰოდა, ვენახის პატრონი რომ მოვა, რას უზამს ამ მევენახეებს?” მიუგეს: „ამ ბოროტეულთ ბოროტად დახოცავს და ვენახს კი სხვა მევენახეებს გადასცემს, რომლებიც თავის დროზე მისცემენ ნაყოფს”. ( მათეს 21:29-41)

უთხრა ეს იგავი: „ერთ კაცს ვენახში ლეღვი ედგა. მივიდა, რომ მასზე ნაყოფი მოეძებნა და ვერ იპოვა. უთხრა მევენახეს: აჰა, სამი წელია მოვდივარ ამ ლეღვის ნაყოფის საძებნად და ვერ ვპოულობ. მოჭერი, ტყუილად რად უნდა ფიტავდეს მიწას? მან კი მიუგო პასუხად: ბატონო, ამ წელიწადსაც დატოვე, ძირს შემოვუთოხნი და ნაკელს მოვაყრი; იქნებ გამოიღოს ნაყოფი. თუ არა და, მოჭერი”. (ლუკას 13:6-9)

„მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, ხოლო მამაჩემი მევენახეა. ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში, ის მოაშორებს და ყოველ ნაყოფიერს კი გაწმედს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს. თქვენ უკვე განიწმიდეთ იმ სიტყვით, მე რომ გელაპარაკეთ. დარჩით ჩემში, მე კი თქვენში. როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩა, ასევე თქვენც – თუ არ დარჩებით ჩემში. მე ვაზი ვარ, თქვენ კი – ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი გამოიღებს ბევრ ნაყოფს, რადგან უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ. ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ გადაიგდება, როგორც ლერწი, და გახმება; მოაგროვებენ მათ, ცეცხლში ჩაყრიან და დაწვავენ. თუ ჩემში დარჩებით და ჩემი ნათქვამი თქვენში დარჩება, ითხოვეთ, რასაც ისურვებთ და გექნებათ. ამით განდიდდება მამაჩემი, თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ და იქნებით ჩემი მოწაფენი. (იოანეს 15:1 – 8)

წყარო: allwine.ge