აგრარული განათლებადარგებიმეცხოველეობაფერმერი ფერმერს

ენის დახვევა მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში – რა უნდა იცოდეს ფერმერმა?

შეგინიშნავთ თქვენს ფერმაში ძროხა, რომელიც პერიოდულად ახვევს და ატრიალებს ენას, ილოკება ან „ეთამაშება“ მას მაშინაც კი, როცა საკვებს არ იღებს?

ამ მდგომარეობას ენის ტრიალი (სტერეოტიპული ქცევა) ეწოდება. ეს არ არის უბრალოდ უწყინარი ჩვევა; ეს არის სიგნალი იმისა, რომ ცხოველის მოვლისა და კვების სისტემაში რაღაც რიგზე ვერ არის.

რა იწვევს ენის დახვევას?

  1. კვების დეფიციტი.
  • დაბალი ბოჭკოვანი კვება: უხეში საკვების (თივა, ჩალა) ნაკლებობა.
  • კონცენტრატების ჭარბი რაოდენობა: მარცვლეულისა და კომბინირებული საკვების გადაჭარბებული დოზები.
  • მინერალების ნაკლებობა: მარილისა და აუცილებელი ელემენტების (განსაკუთრებით ფოსფორის) დეფიციტი.

ძროხა ბუნებით მცოხნავი ცხოველია. მას სჭირდება საკმარისი ბოჭკო რუმინაციისთვის _ცოხნის სრულყოფილი პროცესისთვის. როდესაც ეს პროცესი ირღვევა, ძროხას უყალიბდება პათოლოგიური ქცევები.

  1. მოწყენილობა და სტრესი.
  • ხშირად გვხვდება ბაგური შენახვისას (ნულოვანი ძოვება).
  • მოძრაობისა და სტიმულაციის ნაკლებობა.
  • გადატვირთული სადგომი ან ცხოველის იზოლაცია.
  1. ხბოს გამოზრდის არასწორი პრაქტიკა.
  • დედისგან ადრეული მოცილება.
  • წოვის ინსტინქტის არასრულად ჩამოყალიბება.
  • ასეთ დროს ხბოს უყალიბდება პირის ღრუში და გარეთ ენის მოძრაობის უცნაური ჩვევები, რომლებიც ზრდასრულ ასაკშიც ნარჩუნდება.
  1. დასწავლილი“ ქცევა.
  • ზოგჯერ სხვა ძროხები უბრალოდ იმეორებენ ასეთ ქცევას ნახირში მყოფი დაავადებული ცხოველისგან.

ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ:

  • ენის განმეორებითი დახვევა ან ტრიალი;
  • ენის ხშირი გამოყოფა პირიდან;
  • ჭარბი ნერწყვდენა;
  • კვების დროის შემცირება (მძიმე შემთხვევებში).

რატომ არის ეს პრობლემა?

მიუხედავად იმისა, რომ ცხოველი ერთი შეხედვით ჯანმრთელი ჩანს, ენის ტრიალი მიუთითებს კვების დაბალ ხარისხსა და ცხოველთა კეთილდღეობის დარღვევაზე. ამან დროთა განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს:

  • რძის პროდუქტიულობის შემცირება;
  • წონის ნელი მატება;
  • ქცევის ქრონიკულ ჩვევაში გადასვლა, რომლის გამოსწორებაც მოგვიანებით თითქმის შეუძლებელია.

როგორ ვმართოთ და აღმოვფხვრათ პრობლემა?

გააუმჯობესეთ კვება:

  • უზრუნველყავით ცხოველი საკმარისი უხეში საკვებით (თივა, სილოსი, საძოვარი);
  • დააბალანსეთ კონცენტრირებული საკვების წილი;
  • სადგომში მუდმივად გქონდეთ მინერალური ბლოკები (სალოკები) და მარილი.

გააუმჯობესეთ გარემო პირობები:

  • მისცეთ ცხოველს სეირნობისა და ფიზიკური აქტივობის საშუალება;
  • მოერიდეთ სადგომების გადატვირთვას;
  • შექმენით მშვიდი, სტრესისგან თავისუფალი გარემო.

სწორად გაზარდეთ ხბოები:

  • მოერიდეთ ძალიან ადრეულ ასაკში დედისგან მოცილებას;
  • უზრუნველყავით სწორი კვების რეჟიმი.

შეიძლება თუ არა მკურნალობა? ამ მდგომარეობის სამკურნალო სპეციფიკური მედიკამენტი არ არსებობს. თუ ჩვევა უკვე ჩამოყალიბდა, მისი აღმოფხვრა რთულია, თუმცა სწორი მენეჯმენტით შესაძლებელია მისი მინიმუმამდე დაყვანა და პრევენცია.

ენის ტრიალი არ არის მხოლოდ „ცუდი ჩვევა“ – ეს გაფრთხილებაა, დროულად მიიღეთ ზომები თქვენი ნახირის ჯანმრთელობისა და პროდუქტიულობის დასაცავად.