დარგებიმედიასტატიები

კოოპერაცია _ სოფლად კრიზისების დაძლევის ეფექტიანი მექანიზმი

უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი ღრმა ეკონომიკური და სოციალური კრიზისიდან გამომდინარე, იქმნება იძულებითი მდგომარეობა, ვუპასუხოთ გამოწვევებს საკვები პროდუქტების დეფიციტთან დაკავშირებით, რაც გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული გეგმის ნაწილი უნდა გახდეს. შესაბამისად, ანტიკრიზისული ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს სასოფლო-სამეურნეო სისტემის ისეთი ორგანიზაციული მოწყობის შესაბამისად, რომელიც თავსებადი იქნება გრძელვადიანი განვითარების მიზნებთან.

საქართველოსთვის არსებულ პირობებში აუცილებელია პროგრესული სისტემური ცვლილებები, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის ფუნდამენტურად განსხვავებულ მიდგომებზეა დაფუძნებული და რომელიც განაპირობებს სოფლად, განსაკუთრებით მთის დასახლებებში მოსახლეობის მასობრივ დასაქმებას, ადგილებზე ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული განვითარების საფუძვლების და გრძელვადიან პერიოდზე ორიენტირებული სამეწარმეო განვითარების გარემოს ფორმირებას.

დღეს საქართველოს სოფლის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მცირემიწიანი და დაბალშემოსავლიანია. 2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მიხედვით, საქართველოში მიწით  მოსარგებლეთა 75% ფლობს ერთ ჰექტრამდე მიწის ფართობს, რომელიც ხშირ შემთხვევაში წარმოდგენილია დანაწევრებული ნაკვეთების სახით. 1-დან 5 ჰა-მდე მიწის ფართობს ფლობს მიწით მოსარგებლეთა 23%.

ქვეყანაში გატარებული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პოლიტიკა არ აისახება მოსახლეობის მდგომარეობაზე, რაც გამოწვეულია განვითარების ინკლუზიური ფორმების იგნორირებით. ინკლუზიური განვითარების სტაგნაცია თავის მხრივ გახდა საქართველოში სიღარიბის და სოციალური პოლარიზაციის მაღალი დონის განმაპირობებელი, რაც აისახება ჯინის (სოციალური უთანასწორობის) ინდექსში (0.40), რომელიც პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდანაც კი ყველაზე მაღალია რუსეთის შემდეგ. ასეთი სოციალირ-ეკონომიკური გარემო განაპირობებს სოფლებიდან მოსახლეობის მიგრაციის მაღალ დონეს. 2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მონაცემებით, სოფლის მოსახლეობის რიცხოვნობა 2002 წელთან შედარებით 34%-ით იყო შემცირებული. საქართველოს ზოგიერთ რეგიონში კლების დონე კიდევ უფრო მაღალი იყო (დაახლობეით 60% რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და 54% სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში).

ასეთ პირობებში ამ რთული და არაერთგვაროვანი სისტემის კრიზისიდან გამოსვლა, შესაბამისი დაცვითი მექანიზმების და დახმარების გარეშე, პრაქტიკულად შეუძლებელია. ქმედუნარიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისთვის აუცილებელია განისაზღვროს, რომ არსებულ ეტაპზე სოფლის მოსახლეობის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა წარმოადგენს განსაკუთრებული აქტუალობის პრობლემას და სახელმწიფო პოლიტიკა უპირატესად უნდა ეყრდნობოდეს სწორედ ამ მოცემულობას. საქართველოში სიღარიბის გამო არ იქმნება კაპიტალი, რომელიც საკმარისი იქნება საინვესტიციო საქმისათვის, მოსახლეობის არსებული შემოსავლები კი თავისი ოდენობით ვერ ქმნის საინვესტიციო კლიმატს. შესაბამისად, ეკონომიკური განვითარების პროცესი განიცდის სტაგნაციას და მოკლებულია შესაძლებლობას – დაძლიოს შექმნილი გამოწვევები. საჭირო ხდება გარღვევა შექმნილი სიტუაციიდან, რისთვისაც უპირველეს ყოვლისა საჭიროა გამოვლინდეს სიღარიბის წარმომქმნელი გარეგანი და შიდა ფაქტორები და შემუშავდეს მათი დაძლევის მექანიზმი.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში ქვეყნის ეკონომიკური განვითარება კერძო სექტორის განვითარების გარეშე შეუძლებელია. სწორედ კერძო სექტორის განვითარება უწყობს ხელს დასაქმების ზრდას, დასაქმებულთა შემოსავლების ზრდას და ამ გზით სიღარიბის შემცირებას. ამ კონტექსტში უნდა იქნეს განხილული “სიღარიბის დაძლევაზე ორიენტირებული ზრდის” (ProPoor Growth) მიდგომა, რომელიც ბოლო ხანებში სულ უფრო პოპულარული ხდება. ამ მიდგომის თანახმად სიღარიბის დაძლევაზე ორიენტირებულ ზრდას აქვს ორი გაგება – აბსოლუტური და ფარდობითი. პირველის თანახმად ღარიბთა შემოსავლები უნდა იზრდებოდეს, მეორეს თანახმად კი ღარიბთა შემოსავლები უნდა იზრდებოდეს უფრო სწრაფად, ვიდრე საშუალო შემოსავლები. ამგვარი ზრდა კი სწორედ კერძო სექტორის განვითარების ისეთი გზით მიიღწევა, სადაც სულ უფრო მეტ ღარიბს ეძლევა საშუალება დასაქმდეს და საკუთარი შრომით გაიუმჯებესოს თავისი და მისი ოჯახის პირობები.

საზოგადოების ნორმალური განვითარებისათვის გადამწყვეტი როლი ეკისრება საზოგადოების კეთილდღეობის აუცილებელი დონის უზრუნველყოფას, რაც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. ამისთვის აუცილებელია სახელმწიფო პოლიტიკის არსებობა, რათა მოხდეს სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარების მხარდაჭერა, სამეწარმეო საქმიანობის ინკლუზიური ფორმების გამოყენებით, რაც თავის მხრივ განაპირობებს თანამედროვე ეკონომიკის მნიშვნელოვანი მდგენელის – კოოპერაციული სექტორის განვითარების აუცილებლობას.

სწორედ კოოპერაციული პროექტებს გააჩნიათ სიცოცხლისუნარიანობის და მდგრადობის საფუძველი, რასაც  ეკონომიკურ თვითმმართველობასთან ერთად, წარმოების კონცენტრაციის მაღალი დონე განაპირობებს. თანამედროვე პირობებში მხოლოდ მასშტაბური წარმოებით (თვითღირებულების შემცირებით, ერთიან საწარმოო ციკლში დამატებითი ღირებულების გენერირებით, ბაზრის სეგმენტებზე მუდმივი, ეფექტური და არა იმპულსური ოპერირებით) არის შესაძლებელი კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება და მისი რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების გარკვეული ნაწილის აკუმულირება (დაგროვება) აღწარმოებაზე, რის გარეშე სამეურნეო სისტემის განვითარება და თანმდევი ეფექტების მიღწევა შეუძლებელია.  სწორედ ამიტომ, კოოპერაციულ პროექტებს გააჩნია რეალური სიცოცხლისუნარიანობისა და მდგრადი განვითარების ობიექტური საფუძვლები.

ამ მოდელის უპირატესობა მდგომარეობს მხარაჭერის ძირითადი მიმართულებების  კომპლექსურ ხასიათში, რაც იძლევა საწარმოთა ფუნქციონირების ოპტიმალურთან მიახლოების ყველაზე კარგ საშუალებას.

კოოპერაციული სექტორის განვითარების კოორდინირების და მხარდაჭერის ფინანსური მექანიზმების როგორც ქართული, ასევე სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ცალსახად განისაზღვროს მთავარი: დასმული ამოცანის გადაწყვეტა არ შეიძლება ემპირიულად, პრობლემათა თეორიული და მეთოდოლოგიური ასპექტების გათვალისწინების და სათანადო საფუძვლების მომზადების გარეშე, რაც დაკავშირებულია განვითარების ორგანიზაციულ-ეკონომიკური და ფინანსური მექანიზმების კონცეპტუალური საფუძვლების შექმნასთან, საფინანსო გარემოს თვისებრივ ცვლილებებთან, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასთან, შრომითი და მატერიალური რესურსების კაპიტალიზაციასთან და სახელმწიფოს და კერძო სექტორის ეკონომიკური ინტერესების დაბალანსებასთან, რაც ყველაზე ეფექტურად სამეწარმეო საქმიანობის კოოპერაციული სისტემის განვითარების აქტიური მხარდაჭერით არის შესაძლებელი.

   საქართველოსთვის არსებულ პირობებში აუცილებელია იმ მდიდარი გამოცდილების გაზიარება, რომელიც კარგად არის აპრობირებული წარმატებული ეკონომიკის ქვეყნებში. ნიშანდობლივია, რომ ამ ქვეყნებმა მწვავე კრიზისების დაძლევის და სწრაფი ეკონომიკური ზრდის პრიორიტეტულ მიმართულებად სწორედ კოოპერაციული სისტემის განვითარება მიიჩნიეს. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომში დამარცხებულმა, უმწვავეს კრიზისში მყოფმა იაპონიის მთავრობამ 1947 წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა სოფელში ჩამოყალიბებულიყო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი და აგრარულ სექტორში დასაქმებული ყველა პირი გამხდარიყო კოოპერატივის წევრი, რადგან მხოლოდ ამ გზით შეიძლებოდა მომხდარიყო კრიზისში მყოფი სოფლის მეურნეობის ინტენსიური განვითარება და მოსახლეობის შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა.  დღეს იაპონიის სოფლის მოსახლეობის 91% გაწევრიანებულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში. უაღრესად მწირი ბუნებრივი რესურსების მქონე ისრაელმა, სწორედ კოოპერაციული სისტემით შეძლო შეექმნა ცოდნის ეკონომიკასა და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დამყარებული სასოფლო-სამეურნეო სისტემა. სწორედ კოოპერაციული სისტემით მიაღწია ჰოლანდიამ, გამხდარიყო მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი რძის პროდუქტების ექსპორტით. ჩვენზე გაცილებით მწირი რესურსების მქონე სომხეთმა, კოოპერაციული აგროსაკრედიტო სისტემის შექმნით მოახერხა ის, რომ საქართველოზე მაღალი აქვს თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლები (განსაკუთრებით ხორბლის წარმოებაში) და თავის სოფლის  მეურნეობის პროდუქციას – ხილი, ბოსტნეული და ყურძენიც კი, საქართველოს ბაზრებზეც ყიდის.

ბოლო, თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში მომხდარმა ეკონომიკურმა პროცესებმა ნათლად გამოააშკარავა ის საკითხები, რომელიც უკავშირდება აგროსექტორის მიმართ არასწორ, ხშირ შემთხვევაში უკუშედეგების გამომწვევ პოლიტიკას. კერძოდ:

• გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ფაქტიურად თვითდინებაზე იქნა მიშვებული აგრარული სექტორის განვითარება. სოფლის მეურნეობისა და გადამმუშავებელი მრეწველობის განვითარებამ სტიქიური ხასიათი მიიღო.  ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ძირითადად ორიენტირებული იყო საფინანსო და ვაჭრობის სფეროებზე და მთლიანად ჩამოცილდა წარმოების ინდუსტრიულ განვითარებას და ტექნიკურ-ტექნოლოგიურ მოდერნიზაციას;

•      იგნორირებული იყო სასოფლო-სამეურნეო წარმოების ორგანიზაციული მოწყობის მნიშვნელობა და ორგანიზაციული ფორმების დიფერენცირება გავლენების მიხედვით;

•      არ ხდებოდა ინტეგრირებული სისტემების – ერთიანი საწარმოო ციკლის სტიმულირება. სახელმწიფო მხარდაჭერა ხორციელდებოდა უსისტემოდ, სოფლის მეურნეობაზე და გადამმუშავებელ სექტორზე ცალცალკე. გავრცელებული იყო სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლებზე შუამავლების და შპს-ს ტიპის გადამმუშავებელი საწარმოების დისკრიმინაციული გავლენები.

სიღრმისეულ გააზრებას და ახლებურ ხედვას საჭიროებს გადამმუშავებელი მრეწველობის, როგორც ძირითადი დამატებული ღირებულების  შემქმნელის მნიშვნელობა,  რადგან არსებითია, თუ ვისი შემოსავლების ზრდას ემსახურება პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებული დამატებული ღირებულება და რა შედეგი მოაქვს ამ საკითხის მიმართ გაუაზრებელ პოლიტიკას, ან საერთოდ პოლიტიკის არარსებობას. დღეს სოფლის მოსახლეობის მიერ წარმოებული პირველადი პროდუქტების შესყიდვა ხდება იმ ფასებით, რომელიც ხშირ შემთხვევაში ვერ ანაზღაურებს  ამ პროდუქციის წარმოებაზე გაწეულ დანახარჯებსაც კი და რომელსაც მათ კარნახობს მხოლოდ საკუთარ მოგებაზე ორიენტირებული საშუამავლო ორგანიზაციები და შპს-ს ტიპის გადამმუშავებელი საწარმოები. ცხადია ასეთი მიდგომა საფუძველშივე ეწინააღმდეგება სოფლის მოსახლეობის ინტერესებს და მათთვის მხოლოდ უკუშედეგის მომტანია, რადგან ეკონომიკური პროცესი მიმართულია არა აგრომწარმოებლების ინტერესებზე, არამედ შუამავლების და გადამმუშავებელ საწარმოთა (ძირითადად შპს-ს ტიპის) მეპატრონეების გამდიდრებაზე. აგროწარმოების ყოველგვარი სიკეთე პრაქტიკულად დახურულია მოსახლეობის უმრავლესობისთვის და ხმარდება მხოლოდ მცირერიცხოვანი კონტიგენტის კიდევ უფრო გამდიდრებას, აგრომწარმოებლების ინტერესების დისკრიმინაციის ხარჯზე.

შპს-ებისა და მოგებაზე ორიენტირებული სხვა სამეწარმეო ფორმების განვითარებას, რა თქმა უნდა, თავისი ადგილი გააჩნია საბაზრო ეკონომიკის პირობებში, მაგრამ როცა არსებობს სამეწარმეო საქმიანობის განვითარების სხვა, უფრო ძლიერი ეკონომიკური და სოციალური მოტივები და მით უმეტეს პროგრამები, რომელიც გავლენას ახდენს საზოგადოების მრავალრიცხოვანი წევრების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ასეთ შემთხვევაში მათი იგნორირება ან მოაზრება კერძო ბიზნეს-პროექტების პარიტეტულ რანგში, წარმოადგენს სერიოზულ მეთოდოლოგიურ შეცდომას.

გადამმუშავებელი მრეწველობა, როგორც ერთიან საწარმოო ციკლში დამატებითი ღირებულების გენერირების ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი, სწორედ სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ფარგლებში იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ვერტიკალურად ინტეგრირებულ კოოპერაციულ საწარმოში,  სოფლის მეურნეობის პირველადი  პროდუქტების მწარმოებლები მოახდენენ საკუთარი პროდუქციის გადამუშავების, დაფასოების, შენახვის და რეალიზაციის ერთიანი საწარმოო ციკლის ორგანიზებას და დამატებული ღირებულების გენერირებას, სადაც დამატებული ღირებულება ყოველ სამეურნეო საფეხურზე იზრდება და ისინი მიიღებენ მნიშვნელოვნად გაზრდილ შემოსავლებს საბოლოო პროდუქციის რეალიზაციიდან. აქედან გამომდინარე, მოხდება მოსახლეობის შემოსავლების მკვეთრი ზრდა, რაც თავის მხრივ განაპირობებს უმნიშვნელოვანეს შედეგებს: მასშტაბური წარმოება, კვალიფიციური მენეჯმენტი, პროდუქციის თვითღირებულების შემცირება, სარეალიზაციო სეგმენტებზე წარმატებული ოპერირება, სამეწარმეო რისკების მინიმუმამდე დაყვანა, სასოფლო-სამეურნეო დარგების ინტენსიური და ბალანსირებული განვითარება და სოფლად მოსახლეობის მასობრივი დასაქმება, სადაც ინვესტირების მოცულობა ერთ დასაქმებულ პირზე გაანგარიშებით გაცილებით ნაკლებია სხვა ტიპის  ბიზნესპროექტებში ერთ დასაქმებულ პირზე ინვესტირებული ფინანსური სახსრების მოცულობაზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს მოდელი კოოპერაციის პროცესში ჩართულ მოსახლეობას საშუალებას აძლევს არ დარჩეს მხოლოდ ნედლეულის მწარმოებლად სხვა სამეწარმეო სუბიექტებისთვის და პირველადი პროდუქციის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის  ერთიანი საწარმოო ციკლის შექმნით, ანუ ვერტიკალური ინტეგრაციის ფორმის გამოყენებით, მიიღოს მაქსიმალური უკუგება საკუთარი სამეურნეო საქმიანობიდან.

მნიშვნელოვანია, რომ სოციალური თვალსაზრისით, ინვესტირება კოოპერაციულ სექტორში გაცილებით უფრო ქმედითუნარიანია, ვიდრე ინვესტირება სხვა სამეწარმეო ფორმებში, რადგან მაგალითად შპს-ში სამეწარმეო საქმიანობას  ეწევა და იღებს მაქსიმალურ უკუგებას ერთი ან რამდენიმე პირი, როცა კოოპერატივის ფარგლებში იგივე მოცულობით  ინვესტირების შემთხვევაში, მაღალი უკუგების მიმღები შეიძლება გახდეს ასობით ადამიანი. ეს პოზიცია არ უნდა იქნას გაგებული ისე, თითქოს ეკონომიკურ პროექტებში სოციალური საკითხის წამოწევით რამდენადმე იზღუდებოდეს სამეურნეო სისტემის განვითარების წმინდა ეკონომიკური ასპექტი. პირიქით, სწორედ სწორი ეკონომიკური მექანიზმების ამოქმედება იძლევა მატერიალური დოვლათის განაწილების ორი ძირითადი პრინციპის – ეკონომიკურისა და ეთიკურის ოპტიმალური სინთეზის საშუალებას.

კოოპერაციულ ურთიერთობებზე ტრანსფორმაციის მნიშვნელობის არასათანადო შეფასება,       არასაკმარისი გაცნობიერება იმისა, რომ აგრარულ სექტორში კოოპერაციის განვითარება სახელმწიფო რეფორმებისა და გარდაქმნების ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, თავის შეკავება ამ კუთხით ადექვატური ქმედითი ღონისძიებების გატარებისა და წარმატებული ეკონომიკის ქვეყნების მდიდარი გამოცდილების გაზიარებისაგან, ქმნის სერიოზულ პრობლემებს, რაც ნეგატიურად აისახება სოფლის და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის ღონისძიებების ეფექტიანობაზე, საინვესტიციო კაპიტალის ქმედურანობაზე, ასუსტებს საფინანსო რესურსების ეფექტური გამოყენების პოტენციურ შესაძლებლობებს და პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის აქტივების ეფექტურ გამოყენებას და კაპიტალიზაციას.

მიმდინარე პერიოდში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ლოკალური გავრცელების ოპტიმალური ფორმის განსაზღვრაში, სათემო კოოპერატივებს პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება. მათი ჩამოყალიბება უნდა მოხდეს ადმინისტრაციული ერთეულების ფარგლებში, წარმოების სპეციალიზაციისა და კონცენტრაციის ფაქტორების გათვალისწინებით. ასეთი ტერიტორიული გავრცელების ნიშნით შექმნილი სასოფლო-სამეურნეო (სათემო) კოოპერატივები ქმნიან კოოპერაციის პროცესში მოსახლეობის მასობრივი ჩართულობის პირობებს, სადაც შესაძლებელი გახდება მასშტაბის ეკონომიკური ეფექტის გამოყენება და ამასთან ერთად – ადგილებზე მოსახლეობის რეალური სამეწარმეო შესაძლებლობების გამოკვეთა და კაპიტალიზაცია, რასაც ინკლუზიური სამეწარმეო განვითარების პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სათემო ტრადიციები, მათ შორის საწარმოო ურთიერთობები, ოდითგანვე გავრცელებული იყო საქართველოში, განსაკუთრებით საქართველოს მთიანეთში.

კოოპორაციული  აგროსაკრედიტო  სისტემა

მოსახლეობის სამეწარმეო გააქტიურებისა და განვითარების ერთერთ აუცილებელ პირობას ფინანსებზე ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. ახლად შექმნილ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს და გლეხობის აბსოლუტურ უმრავლესობას, კომერციული კრედიტის საგარანტიო უზრუნველყოფის დეფიციტის, მაღალი საპროცენტო განაკვეთების, სამეწარმეო საქმიანობის მრავალმხრივი სპეციფიკის ცოდნის დაბალი დონით და მაღალ სამეწარმეო რისკებთან დაკავშირებული სხვა ფაქტორების გამო, პრაქტიკულად არ გააჩნიათ პერსპექტივა დააკმაყოფილონ კომერციული ბანკების მოთხოვნები. ამიტომ, მიმდინარე პერიოდში სოფლის მოსახლეობის კრედიტებით უზრუნველყოფისათვის კოოპერაციული აგროსაკრედიტო სისტემის ფორმირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

კოოპერაციული ორგანიზაციების მართვის ფინანსური მექანიზმი არსებითად განსხვავებულია სხვა სამეწარმეო ფორმების ფინანსური მექანიზმისგან. ეს განსხვავება ძირითადად ეხება აქტივების შემადგენლობას და სტრუქტურას, რადგან მისი ქონებრივი კომპლექსი დიდად არის დამოკიდებული არამატერიალურ აქტივებზე, რომელიც უპირატესად ორიენტირებულია შრომითი რესურსის კაპიტალიზაციის ფაქტორზე.  

კოოპორაციული  აგროსაკრედიტო  სისტემის დანიშნულებაა მისი წევრების  შრომითი და მატერიალური რესურსების  ეფექტიანობის ზრდა. იგი მიიღწევა დაკრედიტების შეღავათიანი და გამარტივებული პირობებით, მცირე საპროცენტო განაკვეთით და სოლიდარული პასუხისმგებლობით.  განვითარებული ეკონომიკის არაერთი ქვეყნის გამოცდილება ადასტურებს, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ამ სისტემის ფორმირების პროცესში (განსაკუთრებით საწყის ეტაპზე) წარმატების მიღწევა სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე, პრაქტიკულად შეუძლებელია. სახელმწიფო მხარდაჭერასა და რეგულირებაში ინკლუზიურ განვითარებაზე ორიენტირებული, პროგრესული მიდგომების დანერგვა ქმნის ეკონომიკურ პირობებს იმ წინააღმდეგობათა გადალახვისათვის, რაც აფერხებს აგრარული სექტორის ტრანსფორმაციას საფინანსო ურთიერთობების გაფართოებულ სისტემებზე.

საქართველოში კოოპერაციული აგროსაკრედიტო სისტემის შესაქმნელად გასატარებელია მასშტაბური ცენტრალიზებული ღონისძიებები, რაც უპირველეს ყოვლისა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციული სისტემის შექმნასთან არის დაკავშირებული, რადგან ასიათასობით მცირემიწიანი მეურნის სახელმწიფო მხარდაჭერა ინდივიდუალურად, დაკავშირებულია რთულ, პრაქტიკულად გადაუჭრელ ორგანიზაციულ საკითხებთან, დიდ საბიუჯეტო ხარჯებთან და მაღალ რისკებთან. ასეთ პირობებში, მცირემიწიანი და დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის სახელმწიფო მხარდაჭერის ორგანიზებაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

კოოპორაციული აგროსაკრედიტო სისტემა წარმოადგენს აგრარულ სექტორში ძირითადი ფონდების რეკაპიტალიზაციის მიზანმიმართული პოლიტიკის მექანიზმს, რომლის დანიშნულებაა მისი წევრების შრომითი და მატერიალური რესურსების ეფექტიანობის ზრდა. განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში, კოოპერაციული აგროსაკრედიტო სისტემის მთავარი კომპონენტი ძირითადად წარმოდგენილია კოოპერაციული აგროსაკრედიტო ბანკის სახით, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში ამ სისტემას საკრედიტო კავშირები ან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საკრედიტო განყოფილებები ქმნიან. კოოპერაციული აგროსაკრედიტო ბანკის საქმიანობა შეიძლება მოიცავდეს როგორც სესხის ინსტრუმენტებს, ასევე თავდებობის ფუნქციას. ასეთ სესხს გააჩნია კომერციულ ბანკებთან შედარებით უფრო დაბალი საგარანტიო უზრუნველყოფის მოთხოვნილება და უფრო გრძელი დაფარვის ვადა, გადახდები კი როგორც წესი, მიბმულია დაგეგმილი ფულადი სახსრების მოძრაობასთან.

კოოპერაციული აგროსაკრედიტო ბანკის ფორმირებაში გამოყენებული იქნება „ქვემოდან-ზემოთ“ კოოპერაციული მეთოდი, რითაც იგი წინასწარ შემუშავებული სტრატეგიული გეგმის საფუძველზე, დაამყარებს წონასწორობას ქვემოდან ინიცირებასა და ზემოდან კონტროლს შორის, კოოპერაციული საფუძვლებისა და მაღალპროფესიული საბანკო საქმის წარმოების თავიდანვე დანერგვის აუცილებლობის გათვალისწინებით.

კოოპორაციული  აგროსაკრედიტო  სისტემა  გამოირჩევა სპეციფიკური თავისებურებებით და მისი წარმატება განპირობებულია უშუალოდ ამ სისტემისთვის დამახასიათებელი საერთო ნიშნებით. როგორიცაა:

•      ორი სფეროს: სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციიის და საბანკო საქმის საუკეთესო პრაქტიკის ერთ სისტემაში გამოყენების შესაძლებლობა;

•         კრედიტების გაცემა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო და აგროსამრეწველო დანიშნულებით;

•         დაბალი საპროცენტო განაკვეთი საგარანტიო უზრუნველყოფის გარეშე;

•         ორიენტირება საშუალო და გრძელვადიან კრედიტებზე;

•         მოგების რეინვესტირება ბანკის რეზერვებში, რაც პერმანენტულად ზრდის ბანკის კაპიტალს;

•         საკრედიტო მომსახურების ეტაპობრივი დივერსიფიცირება;

•         კრედიტების გაცემის გამარტივებული პროცედურები.

მიმდინარე პერიოდში მცირემიწიანი და დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის, რომელიც დღეს საქართველოში სოფლის მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენს, მხოლოდ კოოპერაციული სისტემის დამკვიდრებით არის შესაძლებელი მათი სამეწარმეო განვითარება, სოფლად შრომის ავტორიტეტის ამაღლება და სოციალურ სოლიდარობაზე დაფუძნებული მეურნეობრიობის ფორმების დამკვიდრება, რასაც ავტომატურად მოსდევს სინერგიული ეფექტი – ეკონომიკური, სოციალური, დემოკრატიული თვითმმართველობის და განათლების კომპონენტების ერთობლიობის საფუძველზე.

სამეწარმეო საქმიანობის კოოპერაციული მოდელი, კოოპერაციული შიდასაწარმოო ურთიერთობათა წესები და მეპაიეთა სოლიდარული პასუხისმგებლობა იძლევა საწარმოთა ფუნქციონირების ოპტიმალურთან მიახლოების ყველაზე კარგ საშუალებას და წარმოადგენს სამეწარმეო რისკების შემცირების განმსაზღვრელ ფაქტორს, რაც თავის მხრივ განაპირობებს საბანკო კრედიტის გაიოლებული ფორმით გაცემის შესაძლებლობას. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეები კარგად იცნობენ ერთმანეთის საქმიანობას და სოლიდარული პასუხისმგებლობის პრნციპიდან გამომდინარე, თავად ახდენენ ზეწოლას უპასუხისმგებლო მეპაიეებზე. ამგვარად, კოოპერაციული სისტემა ქმნის სოლიდარული პასუხისმგებლობის ძლიერ ფუნდამენტს, რაც განაპირობებს ვალდებულებების დაფარვის მაღალ მაჩვენებელს.

ასეთი ფორმით შეიქმნება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში უშუალოდ ჩართული მოსახლეობის შეღავათიანი კრედიტებით უზრუნველყოფის კოოპერაციული აგროსაკრედიტო სისტემა, ერთის მხრივ, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციული სისტემის და მეორეს მხრივ, კოოპერაციული აგროსაკრედიტო ბანკის მიერ, რადგან არსებულ პირობებში მხოლოდ მათი ორგანული ტანდემი განაპირობებს თითოეული მათგანის არსებობის მიზანშეწონილობას და წარმატებას. შესაბამისად, მათი არსებობა ცალცალკე, მოკლებულია ობიექტურ საფუძველს.

დასკვნა

საქართველოს საწარმოო თავისებურებისა და განვითარებული ეკონომიკის ქვეყნების გამოცდილების ანალიზით დასაბუთებულია, რომ აუცილებელია ინკლუზიური ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რომელიც ორიენტირებული იქნება უშუალოდ სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქტების მწარმოებლების ინტერესებზე. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს შესწევთ უნარი, უზრუნველყონ ცხოვრების მაღალი სტანდარტები, მოსახლეობის ინკლუზიური ეკონომიკური განვითარება და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ სასურსათო უსაფრთხოების პრობლემის მოგვარებაზე. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სოფლად მოსახლეობის სამეწარმეო გააქტიურების, სწრაფი ეკონომიკური ზრდის, კრიზისების გადალახვის, სიღარიბის დაძლევის, მიგრაციის შეჩერების და ჯანსაღი საშუალო ფენის ფორმირების რთული პროცესის განხორციელებაში.

კოოპერაცია პრაქტიკულად წარმოადგენს არსებული არაეფექტიანი ეკონომიკური ფორმის შეცვლის მექანიზმს, დიამეტრალურად განსხვავებული ეფექტიანი ორგანიზაციული მოწყობით, ანუ რეფორმას, რომლის მიზანია მოსახლეობის სამეწარმეო გააქტიურება და ინკლუზიური ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული განვითარება.

საკითხი ეხება აგრარულ სექტორში კომპლექსური ხასიათის მქონე ახალი პოლიტიკის გატარებას, რაც უზრუნველყოფს მისი ყველა ფუნქციის ბალანსს და იძლევა საწარმოთა ფუნქციონირების ოპტიმალურთან მიახლოების ყველაზე კარგ საშუალებას. სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის შიდასაწარმოო ურთიერთობების წესები წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის, როგორც ორგანიზაციული ფორმის ინდენტობის განმსაზღვრელ მთავარ კომპონენტს, რადგან მცირემიწიანი და დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის, მხოლოდ კოოპერაციული შიდასაწარმოო ურთიერთობების წესების დანერგვით იქმნება სოფლად ჯანსაღი ეკონომიკური გარემო, რომელიც სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში უშუალოდ ჩართული მოსახლეობის სამეწარმეო რისკების მინიმუმამდე დაყვანას და შრომის უკუგების მაღალ ხარისხს  განაპირობებს.

როგორი იქნება ქართული სოფლის მომავალი, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწორად იქნება გაანალიზებული და შეფასებული ძირეული პრობლემები, რადგან მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი მისი განვითარების პროგრესული ხედვების ჩამოყალიბება და სათანადო პოლიტიკის შემუშავება. აუცილებელია, ადეკვატურად იყოს გააზრებული ქვეყნის განვითარებაზე კოოპერაციული სისტემის განსაკუთრებული გავლენა. აშკარაა, რომ მიმდინარე პერიოდში სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების ეფექტური მოდელების შექმნისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვის კუთხით, აგრარულ სექტორში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს  განსაკუთრებული როლი უნდა მიენიჭოს. აუცილებელია, განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების მსგავსად,  ცალსახად განისაზღვროს მთავარი: სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის პროცესი წარმოადგენს მასშტაბურ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც პირველად ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში გამიზნულია უშუალოდ სოფლად მცხოვრები ადამიანების და საბოლოო ანგარიშით, მთელი საზოგადოების სასიკეთოდ. არსებული რეალობის გათვალისწინებით, საწყის ეტაპზე სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და სხვა განვითარებული ქვეყნების მსგავსად უნდა იკისროს ამ უაღესად მნიშვნელოვანი პროცესის ძირითადი მაკოორდინირებელი, მაორგანიზებელი და ხელშემწყობი ფუნქცია. ხელისუფლებამ უნდა ირწმუნოს, რომ სოფლად დღეს არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება კოოპერაციული ორგანიზაციების მიერ (სასოფლო-სამეურნეო, მარკეტინგული და სამომხმარებლო კოოპერატივები, ასოციაციები, კლასტერები, საკრედიტო კავშირები, კოოპერაციული აგროსაკრედიტო სისტემა) –  შესაძლებელია; რომ სწორედ კოოპერაციული სექტორი წარმოადგენს მის ძლიერ და სანდო პარტნიორს კრიზისების გადალახვის, ეკონომიკური  პრობლემების მოგვარების და საშუალო ფენის ფორმირების რთული პროცესების განხორციელებაში.

კოოპერაციულ ურთიერთობებზე ტრანსფორმაცია შეუქცევადი ობიექტური პროცესია, რომელიც ქმნის საფინანსო და სამრეწველო კაპიტალის გრძელვადიანი ინტეგრირების, ფინანსური მეთოდების და რესურსების ეკონომიკის რეალურ სექტორებზე ორიენტირების და ეროვნული სამეურნეო სისტემის მოდერნიზების შესაძლებლობას.

პაატა კოღუაშვილი, პროფესორი