აგროსიახლეები

ნერგების დარგვა და ციტრუსის ნაკვეთის დაგეგმვა

ვაკე ადგილებსა და 15 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე მთლიანი დამუშავებისას მცენარეები ირგვება სწორკუთხოვნად. მანდარინისა და ლიმონისთვის მცენარეთა შორის მანძილი 2-2.5 მეტრი, ფორთოხლისთვის და გრეიფრუტისთვის 3-3,5 მეტრი, მწკრივთა შორის მანძილი 4-5 მეტრი.

 მანდარინის ნაგალა ფორმებისთვის კვების არე შესაძლებელია 2×3მ-მდე შემცირდეს. ასეთი განლაგებისას ერთ ჰექტარზე ეტევა: მანდარინი უნშიუ _ 10000 ძირი, ფორთოხალი _ 750-800 ძირი, მეირის ჯიშის ლიმონი _ 1200 ძირი, საადრეო-ნაგალა მანდარინი _ 2000 ძირი, ტერასებზე მცენარეთა შორის მანძილი ჰორიზონტალურად განლაგებულ მწკრივებში დაახლოებით იგივეა.

 ციტრუსოვანთა ნერგი მუდმივ ადგილზე შემოდგომაზე 20 სექტემბრიდან – 20 ოქტომბრამდე ირგვება, გაზაფხულზე 25 მარტიდან – აპრილის ბოლომდე. დარგვის წინ მონიშნულ ადგილებში ამოიღებენ ორმოს (30-40 სმ) მასში შეაქვთ 10-12 კგ. გადამწვარი ნაკელი ან ტორფ-ნაკელიანი კომპოსტი, სუპერფოსფატი 50გ; მჟავე ნიადაგებში სასურველია დამატებით შეტანილი იქნას 1 კგ. დეფეკაციური ტალახი.

დარგვის წინ, თუ ნერგი ღია გრუნტშია გამოყვანილი, – ფესვებს წინასწარ ამოავლებენ წუნწუხში ასწორებენ ორმოში დასარგავად და მიწას მოაყრიან, თუ ნერგი პოლიეთილენის პარკებშია გამოყვანილი დარგვის წინ ფრთხილად შემოაცილებენ აპკს, ნერგს მიწის კომით მოათავსებენ ორმოში შემოაყრიან მიწას, მოტკეპნიან და მორწყავენ, სასურველია მულჩირება. თითოეული ნერგი აიკვრება ჭიგოზე.