ვარდების გასხვლა-ფორმირება
ვარდებმა რომ თავისი სილამაზით გაგვახარონ, აუცილებელია მათ გასხვლა.
ვარდებს გაახალგაზრდავება-გაჯანსაღებისთვის და უხვი, ხანგრძლივი ყვავილობისთვის გასხვლა-ფორმირება სჭირდება.
იმისთვის, რომ ეს პროცესი სწორად ჩავატაროთ, დაგვჭირდება ინსტრუმენტიები და იმ პრინციპების ცოდნა, რაც საჭიროა ვარდების გასხვლისათვის.
ვარდების გასასხლავად დაგვჭირდება:
- სეკატორი 2 ტიპის დანის პირით – ახალგაზრდა და მობერებული ტოტებისათვის;
- ბაღის მაკრატელი გრძელი ტარით – ძნელად მისაწვდომი ადგილებისათვის;
- ხერხი ძალიან მსხვილი ტოტების მოსაჭრელად;
- სქელი გრძელსახელოებიანი ხელთათმანები ხელების დასაცავად.
გასხვლა უნდა დავიწყოთ პირველ რიგში მკვდარი, ავადმყოფი და ყინვისგან დაზიანებული ტოტების მოცილებით. ასევე ვაცილებთ ძალიან სუსტ და წვრილ ამონაყარს. ამას სანიტარული სხვლა ეწოდება.
ძლიერი (მოკლე სხვლა) – ტოტს ვტოვებთ განშტოებიდან 2-4 კვირტზე. როგორც წესი ასე ისხვლება ვარდები დარგვისას გაზაფხულზე, მობერებული ბუჩქები გაახალგაზრდავების მიზნით, ან ჩაის ჰიბრიდული ვარდები – როგორც უკანასკნელი შანსი მათი გადარჩენისათვის.
საშუალო (ზომიერი) სხვლა – 5-7 კვირტზე სტიმულს აძლევს ნაადრევ ყვავილობას და უზრუნველყოფს მაქსიმალურ დეკორატიულობას.
სუსტი (გრძელი) სხვლა – გამოიყენება ზაფხულში დაყვავილებული ბუტონების მოცილების მიზნით. ნიადაგმფარავი ვარდებისათვის რამოდენიმე წლის განმავლობაში სწორედ ამ ტიპის სხვლა გამოიყენება.
კომბინირებული სხვლა – ამ მეთოდით გამოცდილი მებაღეები ვარდების ფაქტიურად უწყვეტ ყვავილობას აღწევენ.
გაზაფხულის სხვლა ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია. იგი ყოველ წელს უნდა ჩატარდეს.როგორც კი შეამჩნევთ, რომ ბუჩქზე კვირტი აპირებს გაღვიძებას გასხვლის დროა.
ზაფხულის სხვლისას სცილდება უკვე დაყვავილებული ღეროები პირველ კვირტამდე ან ფოთლამდე.
ჩაის ჰიბრიდული ვარდები – დარგვის წინ გაზაფხულზე სჭირდებათ ძლიერი სხვლა. ეს ვარდები ყვავილებს მიმდინარე წლის ამონაყარზე იკეთებენ, ამიტომ ყოველწლიურ ზომიერ სხვლას საჭიროებენ. ეს უზრუნველყოფს მათ კარგ დატოტვას და ახალი ამონაყარის გაჩენას.
ფლორიბუნდა ვარდები – ეს ვარდები ბევრად უფრო დატოტვილია. სანიტარული სხვლის შემდგომ, შესაძლოა მთლიანად მოაცილოთ ის ტოტები რომლებიც ცენტრისკენ იზრდება, ხოლო შემდგომ ძირითად ტოტებს ძლიერად სხლავენ ხოლო ნაწილს ზომიერად. ძირითადი ტოტების გარე განშტოებები ისხვლება 2-4 კვირტზე.
მსხვილყვავილიანი ხვიარა ვარდები – ძირითადად სანიტარულ სხვლას ითხოვენ, ასევე ფორმირებისათვის გვერდითა ტოტები 2-4 კვირტზე გასხალით.
ზაფხულში დაყვავილებულ ტოტები უნდა მოვაცილოთ უახლოეს ფოთლამდე.
ხვიარა რამბლერები – ყვავიან მიმდინარე წლის ამონაყარზე, ხოლო უკვე მეორე წლის ტოტები მკვეტრად ამცირებენ ყვავილობას. გასხვლის აუცილებელი პირობაა ახალი ტოტებისათვის ზრდის შესაბამისი პირობების შექმნა. ამ მიზნით 2 წელზე მეტი ხნის ტოტებს ძირზევე ამოჭრიან დაყვავილებისთანავე, ხოლო ახალ ტოტებს შემოდგომაზე 3-4 კვირტამდე ამოკლებენ. ზაფხულზე სანიტარული სხვლის შემდგომ შეაფასეთ რამდენად გეზედმეტებათ ტოტების რაოდენობა. რადგან ძლიერ ჩაბურდული ბუჩქი ცუდად ყვავილობს და უფრო სუსტიცაა. ამიტომ ადვილად ავადდება. ამიტომ გირჩევთ დავტოვოთ 5-7 ახალი ტოტი, 3-4 ორწლიანი, დანარჩენები კი მთლიანად ამოვჭრათ. ორწლიან ტოტებზე გვერდითი განშტოებები 15 სანტიმეტრამდე უნდა დამოკლდეს.
ბუჩქოვანი, პარკის ვარდები – ამ ვარდების უმრავლესობას ხშირი და ძლიერი სხვლა არ ესაჭიროება. აქ სხვლის მთავარი ამოცანა ბუჩქისათვის კომპაქტური ზომის მიცემაა. ყველა შემთხვევაში კეთდება სანიტარული სხვლა, ასევე ცილდება ბუჩქის შიგნით მიმართული ტოტები.
ნიადაგმფარავი ვარდები – არ საჭიროებენ მუდმივ სხვლას გარდა სანიტარულისა. მათი უმეტესობისათვის საკმარისი იქნება მსუბუქი, გამოსახშირი სხვლა. ასევე იჭრება ის ტოტები რომელთაც ვერტიკალური მიმართულება აქვთ. ამ ტიპის ვარდების განახლება ხდება 4-6 წელიწადში ერთხელ. მაშინ ვარდები იჭრება ნიადაგიდან 20-30 სმ-ის სიმაღლეზე.
შტამბიანი ვარდები – სხვლის წესი დამოკიდებულია ნამყენის სახეობაზე – ზემოთ ჩამოთვლილი სახის ვარდებიდან. დარგვის წინ ყველა შემთხვევაში ხდება ძლიერი გასხვლა.
წყარო: ვარდის სახლი