დარგებიმეფრინველეობა

ფარშავანგი

ფარშავანგი მონოტიპიურ სახეობად ითვლება ე. ი. არ იყოფა ქვესახეობებად, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებობენ მთელი რიგი სხვადასხვა ფერის ეგზემპლარები და შეფერილობის მიხედვით სხვადასხვაგვარი ვარიაციები.

ფარშავანგი ძირითადად გავრცელებულია ინდოეთში, ინდონეზიის კუნძულებზე, მალაიზიაში, პაკისტანსა და შრილანკაში. ვრცელდება ზღვის დონიდან 2000 მ-მდე. ბინადრობს ჯუნგლებში და ტყიან მასივებში; გვხვდება კულტურულ ლანდშაფტებში, სოფლებთან ახლოს; არ ერიდება ადამიანის სიახლოვეს. უპირატესობას ანიჭებს ბუჩქნარიან ადგილებს, ტყის განაპირა ზოლებს და წყალსატევის ნაპირებს.

უკვე 3000 წელზე მეტია, რაც ფარშავანგმა სხვადასხვა ხალხების კულტურაში, ლეგენდებში, ლიტერატურასა და რელიგიაშიც კი პოპულარობა მოიპოვა. იგი პირველად  3000-ზე მეტი წლის წინათ ინდოეთში მოიშინაურეს, ხოლო 1963 წლიდან ის ინდოეთის ეროვნულ ფრინველად არის გამოცხადებული, აღიარებულია წმინდა ფრინველად.

მოშინაურებული ფარშავანგის შესახებ მასალები ნაპოვნია ეგვიპტის, ეთიოპიის, არაბეთის, რომისა და საბერძნეთის ისტორიულ წყაროებში. მას ძირითადად აშენებდნენ სილამაზის მიზნით და ითვლებოდა სიმდიდრისა და ძალაუფლების სიმბოლოდ. ევროპის კონტინენტზე ამ ფრინველის შემოყვანა ძირითადად ა. მაკედონელის პერიოდს უკავშირდება. ძველ რომსა და საბერძნეთში ფარშავანგის ხორცს გამოიყენებდნენ საკვებად. ჩინეთსა და იაპონიაში ეს ფრინველი გვხვდება XII საუკუნიდან, საქართველოში კი ფარშავანგი შემოყვანილი იქნა ირანიდან XVI საუკუნის ბოლოსა და XVIII საუკუნის დასაწყისში.

ფარშავანგის ბუმბული უძველესი დროიდან წარმოადგენდა ვაჭრობის საგანს. შუა საუკუნეების ევროპელი რაინდები მას იყენებდნენ ჩაჩქანის მორთულობაში, ხოლო ქალბატონები — ტანსაცმლის აქსესუარებში. ამ დროისათვის საკვებად გამოიყენებდნენ მის ხორცსაც. თუმცა, უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ფარშავანგის ხორცი საკმაოდ დაბალი ხარისხისაა და გამოირჩევა არასასურველი საგემოვნო თვისებებითაც.

ფარშავანგი ტყვეობას ადვილად ეგუება, თუმცა, ავლენს შედარებით დაბალ ნაყოფიერებას; ცუდად იზრდება სხვა შინაურ ფრინველთა გარემოცვაში, სამაგიეროდ კარგად იტანს მკაცრ კლიმატურ პირობებს და თოვლსაც კი.

ფარშავანგი ითვლება პოლიგამიურ ფრინველად. მამლის სხეულის სიგრძე აღწევს 100-120 სმ-მდე, კუდის სიგრძე — 40-50 სმ-მდე. მისთვის დამახასიათებელია მკაფიო შეფერილობის კუდის დიდი მფარავი ბუმბულები, რომელთა სიგრძეც 120-დან 160 სმ-მდე აღწევს. მამალი იწონის 4-4,3 კგ-ს. თავი, კისერი და გულმკერდის ნაწილი დაფარული აქვს ლურჯი ფერის ბუმბულით, ზურგი მწვანე ფერისაა, სხეულის ქვედა ნაწილი და ფეხები კი შავი ფერისაა. მდედრი უფრო მცირე ზომისაა, არ ახასიათებს მკვეთრი შეფერილობა და მოკლებულია კუდის გრძელ მფარავ ბუმბულს.

ცხოვრობენ მცირე გუნდებად. ერთ ოჯახში არის ერთი მამალი და 3—5 დედალი. ცუდად დაფრინავს და როგორც წესი, მოკლე მანძილზე. ძირითადად იკვებება მცენარეული საკვებით, ნორჩი ყლორტებით, ბალახეულით და მცენარეთა თესლით. ჭამს მწერებს, მათ მატლებს და მცირე ზომის ხერხემლიანებსაც. ამტანია სხვადასხვა კლიმატური პირობებისადმი; სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 2-3 წლის ასაკში; კვერცხდების სეზონი ახასიათებს აპრილიდან სექტემბრამდე. ბუდეს იკეთებს მიწაზე და ერთ ჯერზე დებს 4-10 კვერცხს. ტყვეობაში კვერცხდება ახასიათებს წელიწადში 2-3-ჯერ. ინკუბაციის პერიოდი 28 დღეა. სრული შებუმბვლა მამლებს უნვითარდებათ 3 წლის ასაკისათვის. ცოცხლობს 20 წლამდე.

ფერმერულ მეურნეობებში მოშენების შემთხვევაში ფარშავანგის მოვლა-შენახვა და კვება ანალოგიურია ხოხბის მოშენების პირობებისა.

კობა ნაცვალაძე,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, სოფლის მეურნეობის