იქმნება „მერძევეთა ეროვნულ გაერთიანება“
კომპანია „ყვარლის ბაგას“ მფლობელი, ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი „მერძევეთა ეროვნულ გაერთიანებას“ ქმნის. ახალი დარგობრივი ასოციაციის შექმნის მიზნებსა და ამოცანებზე მან #Forbestalks-ის ფორმატში ისაუბრა.
„ახალს არაფერი ვიგონებ, ზოგადად, არ მიყვარს ბიზნესში ველოსიპედების გამოგონება“, – აცხადებს ბიზნესმენი, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი ინდუსტრიული რძის მწარმოებელი ფერმის 100%-იანი წილის მფლობელია და უკვე წლებია, დარგში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და ცდილობს, მთავრობების ყურადღება მიიქციოს.
როგორც ცნობილია, ბოლო რამდენიმე წელია, ლაშა პაპაშვილი რძის პროდუქტების დღგ-ის გადახდისგან გათავისუფლების ინიციატივით გამოდის. ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის პერიოდში, ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პაკეტიც მოამზადა, მაგრამ პარლამენტის მხარდაჭერა ვერ მიიღო და ინიციატივა ჩავარდა.
დღეს კი, უკვე „მერძევეთა ეროვნული გაერთიანების“ სახელით, ლაშა პაპაშვილი გეგმავს, მთავრობისგან ინდუსტრიული რძის მწარმოებელი ფერმერული მეურნეობების მხარდაჭერის და განვითარების მიზნით, რძის პირდაპირი სუბსიდირება მოითხოვოს.
„საქართველოში რძესა და რძის პროდუქტებზე მოთხოვნა მზარდია; პარალელურად, ვხედავთ იმასაც, რომ ადგილობრივი წარმოება სასურსათო მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს და წლიდან წლამდე იზრდება რძის და რძის ფხვნილის იმპორტი; ქვეყანაში სულ რამდენიმე ინდუსტრიული ფერმაა. ამის მიზეზი კი, ბევრია – ცოდნის დეფიციტი, ტექნოლოგიების სიმწირე, ფრაგმენტირებული მიწები და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა, რადგან ინტენსიური ფერმის აშენება დიდ ინვესტიციებს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, ახალ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან აქცენტს გავაკეთებთ იმაზე, რომ დარგი პირდაპირ დასუბსიდირდეს ანუ ლიტრ რძეზე რაღაც გარკვეული დანამატი მიიღონ ინდუსტრიულმა ფერმებმა. წამალში ფულის ხარჯვას სჯობს, ხარისხიან პროდუქტში გადავიხადოთ თანხა, განსაკუთრებით – რძეში. ლიტრ რძეზე 10 თეთრიც რომ იყოს დანამატი, უკვე სიგნალია, რომ სახელმწიფოს აინტერესებს მერძევეობის განვითარება… ისე, უფრო 20-თეთრიან დანამატზე ვფიქრობ, გამომდინარე დოლართან მიმართებით ლარის კურსის მდგომარეობისა. 20 თეთრი არის ის მინიმუმი, რაც შეიძლება დარგის წახალისებისთვის გარღვევა იყოს“, – აცხადებს ლაშა პაპაშვილი.
„ყვარლის ბაგას“ მფლობელი „მერძევეთა ეროვნულ გაერთიანებას“ ოფიციალურად უახლოეს მომავალში დაარეგისტრირებს და შემდეგ უკვე საკითხის პრემიერ-მინისტრთან დაყენებას გეგმავს. ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერის იმედი აქვს.
„სხვა გზა არ არის… „მერძევეთა ეროვნული გაერთიანება“ არ იქმნება ვიწრო მერკანტილური ინტერესების დასაკმაყოფილებლად; ასოციაცია ფუძნდება იმისთვის, რომ დარგი განვითარდეს და ფერმერიც კმაყოფილი იყოს და მომხმარებელიც“, – აღნიშნა მან.
ლაშა პაპაშვილი ყვება, რომ ინდუსტრიული რძის მწარმოებლების პირდაპირი სუბსიდირების გზას არაერთმა ქვეყანამ მიმართა და დარგის მხარდაჭერა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.
„ეს იქნება გარკვეული სიგნალი უცხოელი ინვესტორებისთვის, რომ სახელმწიფო დარგს ყურადღებას აქცევს. ათწლეულების განმავლობაში რძის ინდუსტრიას პირდაპირ ასუბსიდირებდა ევროპა. დღესაც ევროკავშირი აფინანსებს კვების ბაზრის 30%-ს ანუ არაპირდაპირი სუბსიდირება მაინც დაიტოვეს… ასევე, პირდაპირ ასუბსიდირებდნენ დარგს რუსეთში; ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანშიც არის მხარდამჭერი პროგრამები“, – ამბობს ბიზნესმენი.
გარდა ამისა, ლაშა პაპაშვილის აზრით, „მერძევეთა ეროვნული გაერთიანების“ ამოცანებში იქნება ისეთ თემებზე მუშაობა, რომელთაც დღეს მოქმედი დარგობრივი ასოციაციები ვერ ფარავენ; ამ შემთხვევაშიც ის უცხოურ გამოცდილებას იშველიებს.
„ევროპასა და აშშ-ში არიან დარგობრივი ასოციაციები, რომლებიც მუშაობენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა პირუტყვის ჯიშური სისუფთავის შენარჩუნება და ამ მიზნით, განაყოფიერების მაქსიმალური კონტროლი; ასევე, რძის პროდუქტების ხარისხზე ზრუნვა და ა.შ. ასევე, როგორც იცით, ინდუსტრიულ ფერმებში, სადაც საქონელი ბაგურ კვებაზეა, ყველაზე ხარჯიანია სწორედ კვების ნაწილი, ავტომატიზებული სისტემების შექმნა ფერმებში და თუ გაერთიანება იქნება ძლიერი და მოხდება ფერმების კონსოლიდაცია, ეს ხარჯებსაც შეამცირებს; გარდა ამისა, შესაძლოა, მსოფლიოში ცნობილმა ბრენდებმა საქართველოში სერვის-ცენტრებიც გახსნან; დღეს კი, მაგალითად, Afimilk-ის დანადგარის გამოსაცვლელად ან შესაკეთებლად მიწევს აზერბაიჯანიდან ან ისრაელიდან მოვიწვიო სპეციალისტი“, – განმარტავს „ყვარლის ბაგას“ მფლობელი.
„მერძევეთა ეროვნული გაერთიანების“ პირველი წევრები სწორედ შპს „ყვარლის ბაგა“ და სხვა ინდუსტრიული ფერმები იქნებიან.
ცნობისთვის: „ყვარლის ბაგა“ ყვარელში 2013 წელს ამუშავდა და დღემდე 20 მლნ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული; ფერმა 100-მდე ადამიანს ასაქმებს და ყოველდღიურად 35,000 ლიტრ რძეს აწარმოებს. „ყვარლის ბაგა“ „სანტეს“, „სოფლის ნობათს“ და „აგროჰაბს“ ამარაგებს. 1 ლიტრი ინდუსტრიული რძის საშუალო ფასი 1,5 ლარია.
ავტორი: თელარა გელანტია
წყარო: bm.ge