დარგებივეტერინარიაფერმერი ფერმერს

მაღალპროდუქტიული ფურების კეტოზი

კეტოზი დაავადებაა, რომლის გამომწვევი მიზეზია დაუბალანსებელი რაციონი და შესაბამისად ნივთიერებათა (ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების) ცვლის მოშლა, რასაც თან სდევს ორგანიზმში კეტონური სხეულების¹. დაგროვება, ამავდროულად ენდოკრინული ორგანოების, ღვიძლის, გულის, თირკმელების დაზიანება, ორგანიზმის აუტოინტოქსიკაცია და ძროხების რეპროდუქციული ფუნქციის მოშლა.

კეტოზი, როგორც დაავადება გასული საუკუნის დასაწყისში აღწერეს, მაგრამ ის ფართოდ გავრცელდა ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

მეცნიერთა მონაცემებით კეტოზი მაღალპროდუქტიული ფურების 20-50%-ში ფიქსირდება. დაავადება უპირატესად 3500კგ და მეტი პროდუქტიულობის მქონე ფურებში ძირითადად მოგებიდან პირველი ორი თვის მანძილზე აღინიშნება, თუმცა არც ისე იშვიათია გახანგძლივებული ლაქტაციის და ძროხების მშრალობის პერიოდშიც დაავადების შემთხვევები. მერძეული ძროხების კეტოზს დიდი ეკონომიკური ზარალი მოაქვს, რაც გამოიხატება რძის პროდუქტიულობის 10-15%-ით შემცირებით, რეპროდუქციული ფუნქციის მოშლით, ძროხებისა და ახლადშობილი ხბოების სიკვდილიანობით.

კეტოზის დროს ნახშირწყლები ფაშვიდან სისხლში ხვდება არა გლუკოზის სახით, არამედ აქროლადი ცხიმმჟავების სახით, რომლებიც ფაშვში მონელების შედეგად წარმოიქმნება და რომელთაგან გლუკოგენური თვისება მხოლოდ პროპიონმჟავას გააჩნია.

ძმარმჟავა არ არის გლუკოზის წყარო, ხოლო ერბომჟავა, რომელიც სისხლში უხარისხო საკვებთან ერთად ხვდება, ფურების ორგანიზმში კეტონური სხეულების წინამორბედს წარმოადგენს. კვების ნორმალური რაციონისას ძროხის ფაშვში უნდა იყოს აქროლადი ცხიმოვანი მჟავების შემდეგი თანაფარდობა: 65% ძმარმჟავა, 20% პროპიონმჟავა, 15% ერბომჟავა.

ფურებში კეტოზის განვითარების ფაქტორები:

ფურების ჭარბი კვება კონცენტრირებული საკვებით, რაციონში ძირნაყოფებისა და თივის ნაკლებობის ფონზე;

ენერგეტიკული დეფიციტი ცილებით მოჭარბებული კვების პარალელურად, ძირითადად ლაქტაციის საწყის და მშრალობის პერიოდში;

ერბომჟავას შემცველი უხარისხო საკვებით გამოკვება;

კეტოზის ხელშემწყობ ფაქტორებს უნდა მივაკუთვნოთ ასევე გადასუქება, ჰიპოდინამია, მზის სხივების ნაკლებობა, აერაციის უკმარისობა, რაციონში ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტი.

 დაავადების ფორმები

იმის მიხედვით, თუ რამდენადაა დარღვეული ნივთიერებათა ცვლა, სისხლში კეტონური სხეულების რაოდენობა, ასევე დაქვეითებული გლუკოზის დონე და სისხლში ტუტე რეზერვი, დაავადება მიმდინარეობს მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულად.

 მწვავე კეტოზი – ძროხებს აღენიშნებათ ნერვული მოვლენები: აგზნებადობა, სხეულის კუნთების კანკალი, კბილების კრაჭუნი, ძლიერი ნერწყვდენა. შეიძლება განვითარდეს წინა კიდურების პარეზი. დაავადებული ძროხა ძირითადად წევს, მოდუნებულია, სხეულის ტემპერატურა დაწეულია.

ქვემწვავე კეტოზი – ძროხებს ერღვევათ საჭმლის მონელება მადის გაუკუღმართდებით, კარგი თივისა და კონცენტრატების ჭამის ნაცვლად ძროხა უპირატესობას ანიჭებს ცუდ თივასა და ნაკელით დაბინძურებულ ქვეშსაგებს. ზოგჯერ ძროხის მიერ ამონასუნთქში აცეტონის სუნი იგრძნობა, იგივე სუნი რძესა და შარდშიც შეიმჩნევა. ავადმყოფობის გამო მონაწველი 50%- მდე მცირდება. მძიმე შემთხვევებში რძის გამომუშავება შეიძლება საერთოდ შეწყდეს.

 ქრონიკული კეტოზი – კეტოზის ქრონიკულ ფორმა იგივე ნიშნებით მიმდინარეობს, როგორც მწვავე, მაგრამ ნაკლებად მძაფრად.

კეტოზის დიაგნოზი ისმება კლინიკური ნიშნების, სისხლის, რძისა და შარდის კეტონურ სხეულებზე ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე, ასევე მნიშვნელოვანია ფურის კვების რაციონის და მისი შენახვის პირობების ანალიზი. დაავადების დასადგენად ფურის მეპატრონომ პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაქციოს რძის ფიზიკური მახასიათებლების ცვლილებას:

ახლადმოწველილი რძე ნაკლებად ქაფდება, ქმნის ნაღების თხელ ფენას, აქვს მწარე გემო და აცეტონის სუნი.

გვხვდება სუბკლინიკური კეტოზიც, რომლის გამოსავლენადაც ატარებენ ნახირის სინდრომულ ანალიზს. დაავადება ხასიათდება შემდეგი მაჩვენებლებით:

ერთ ძროხაზე რძის საშუალო წლიური მონაწველის შემცირებით, ახლადმოწველილი რძის მაღალი მჟავიანობით, არაგადამდები დაავადებებისაგან სიცოცხლის პირველ დღეებში ხბოების ავადობისა და სიკვდილიანობის მატებით, ხბოების  დაბალწონიანობითა  და სერვის-პერიოდის  გაზრდით.

სუბკლინიკური კეტოზი   შეიძლება რძეში კეტონური სხეულების დონით, მათ შორის „კეტოზის ტესტის“ მეშვეობით, განისაზღვროს. მისი საშუალებით ანალიზდება β ჰიდროქსიბუტირატი (ბჰბ) რომელიც წარმოადგენს კეტოზის დროს წარმოქმნილ ერთ-ერთ პირველ კეტონურ სხეულს. აღნიშნული ტესტი ეკონომიურია და დროში სწრაფი ( 2 წუთი).

მკურნალობა ²

კეტოზით დაავადებული ძროხა გადაყვანილ უნდა იქნას სპეციალურ კვებაზე  თივა 8-10 კგ-მდე, სენაჟი 7-10კგ-მდე, ძირნაყოფები 8კგ-მდე) შემცირდეს კონცენტრირებული საკვები;

რაციონს ემატება ჭარხლის შავი ბადაგი (მელასა) ხოლო გამოირიცხება უხარისხო საკვები, განსაკუთრებით ერბომჟავის მაღალი შემცველობის მქონე სილოსი.

შაქრისა და პროტეინის შეფარდება რეგულირდება 1:1-მდე ან 1:1,5-მდე.

კეტოზის საწყის ფაზაში საოჯახო პირობებში ძროხას ეძლევა 500 გ წყალში გახსნილი 150გ შაქრის ფხვნილი;

რაციონში ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკლებობისას ძროხას კუნთში უკეთდება AD3E ვიტამინის ინექცია 5-7მლ და ეძლევა მიკროელემენტები (კობალტი, სელენი, სპილენძი, თუთია და ა.შ.);

დაავადების მწვავე მიმდინარეობისას:

♦ ვენაში შეყვანილ უნდა იქნას გლუკოზის 10-20% ხსნარი, 25-50 გრ -100კგ ცოცხალ წონაზე, დღეში 1-2 ჯერ;

♦ ნატრიუმ ჰიდროკარბონატის 2,5% ხსნარი;

♦ ნატრიუმის ლაქტატი 150-250 გრ სულზე საკვებთან ერთად;

♦ მეთიონინი და ქოლინქლორიდი 5-10 გრ.

სასურველია სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი³.  (ნორმა 2,1-4,1 მმოლი/ლ.) ჰიპერგლიკემიის შემთხვევაში შესაძლებელია ინსულინის გამოყენება.

გულის მუშაობის ნორმალიზაციისთვის გამოიყენება საგულე საშუალება, კოფეინის 20%-იანი ხსნარი.

წინაკუჭების ატონიის დროს ძროხას ეძლევა რუმინატორული საშუალებები (0,5-1ლ წყალზე 10-15მლ.

შხამას ნაყენი), მენბუთინი 1 მლ 10 კგ ცოცხალ წონაზე, ინექცია ვენაში (ნელა) ან კუნთში.

კეტოზის სამკურნალოდ კარგ შედეგს იძლევა პროპილენგლიკოლის (125-500 გ) გამოყენება. ასევე ინიშნება კეტოგლიკოლი 300-500 მლ ან გლიცოლი 200- 400მლ ერთ სულზე დღეში. მიცემის ხანგრძლივობა ჩვენების მიხედვით.

კეტოზის მკურნალობისას სწრაფი ეფექტის მისაღებად შესაძლოა ვენაში ნოვოკაინის (0.25მლ – 100კგ ცოცხალ წონაზე) შეყვანა 20% გლუკოზასთან ერთად.

ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ინიშნება პრეპარატი კატოვილი. ხოლო საკვების მონელების აღდგენის მიზნით – პრეპარატი მენბუთონი 10%.

პროფილაქტიკა

 კეტოზის პრევენცია ითვალისწინებს შესაბამისად დაბალანსებული რაციონის გამოყენებას, რომელშიც კარგი ხარისხის თივა მინიმუმ 8კგ-ია, ძირნაყოფები 8-18%, ხოლო კონცენტრატის წილი 25-30%-ია.

ძროხების საკვებში შაქრისა და პროტეინის შეფარდება აუცილებელია 0.8-1.5 დონეზე შენარჩუნდეს; (100 გ მონელებად პროტეინზე 80-150გ შაქარი).

  მშრალობის პერიოდში, ფურის ჭარბი წონის ნიშნების შემჩნევისას საკვების რაოდენობას ამცირებენ 15-20%-ით.

  აუცილებელია ზამთრის პერიოდში ბაგური კვების დროს ძროხების სისტემატური მოციონი, რომელიც ხელს უწყობს კუნთების მიერ სისხლიდან კეტონური სხეულების შთანთქმასა და უტილიზაციას.

  ნერვული და ძვალ-კუნთოვანი სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის რეკომენდირებულია კალფოსეტის, კალციმინის ან კალციტატის გამოყენება, ხოლო ფაშვსა და ნაწლავში მიკროფლორის გაუმჯობესებისათვის საკვებდანამატ რუმიფოსის მიცემა გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

რეკომენდაციის ავტორები:

 მიხეილ ჭიჭაყუა,

ვეტერინარი ექიმი, ბიოლოგიის დოქტორი, ვეტერინარიის ექსპერტი, ბიორაციონალური ტექნოლოგიების კვლვითი ცენტრი;

 ნიკოლოზ ზაზაშვილი,

ვეტერინარიის დოქტორი, ბიორაციონალური ტექნოლოგიების კვლვითი ცენტრი

  1. კეტონური სხეულები წარმოადგენს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების  დაშლის  შუალედურ პროდუქტს: ბეტა ოქსიერბომჟავა, აცეტოძმარმჟავა, აცეტონი. იგი წარმოიქმნება ღვიძლში ცხიმებისაგან, რომელიც ხვდება საკვებიდან ან საკუთარი სხეულის ცხიმებისაგან.
  2. ⌈კეტოზის მკურნალობა რთული და ხანგრძლივი პროცესია. მისი წარმატებით დასრულება მოითხოვს შუალედური შედეგების შეფასებას, მათ შორის ლაბორატორიულად და მკურნალობის კურსის პერიოდულ გადახედვას.⌉
  3. ⌈სწრაფი ანალიზისათვის გამოიყენება გლუკოზის და კლინიკური კეტოზის ვეტერინარული ანალიზატორი.⌉