ევროპის ყინვებმა შესაძლოა, 21-ე საუკუნის აგრარული კატასტროფა გამოიწვიოს
კვირაზე მეტია, რაც ევროპის წამყვან ქვეყნებში ძლიერი ყინვებია, რამაც ხილის მოსავალი თითქმის მთლიანად გაანადგურა. აყვავებული ბაღები და ვენახები თოვლმა დაფარა. საფრანგეთში, გერმანიასა და ავსტრიაში უამინდობა ახლაც გრძელდება: ყინვა, სეტყვა და ტემპერატურის უეცარი ცვლილებები ვენახს, კურკოვან ხილს და კენკრას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს.
საფრანგეთის რეგიონ ბურგუნდიაში ვენახების რიგებს შორის მოსავლის გადასარჩენად უამრავ კოცონს ანთებენ, ფრანგულ ვესტოფენში კი ხეებს შორის კოცონი ხილის ბაღებშიც გამოჩნდა, რასაც მთავრობის ნებართვა არ სჭირდება და ტემპერატურის ოდნავ მომატების ერთადერთი საშუალებაა. ხილთან ერთად მოსალოდნელია თაფლის დეფიციტიც. მაგალითად, ლუქსემბურგში აყვავებული ხეხილის ძირში გაყინული ფუტკრების ფენაა.
ევროპის ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიმდინარე კლიმატური ცვლილებებისგან მიღებული ზარალი შესაძლოა, 21-ე საუკუნის აგრარულ კატასტროფად გადაიქცეს. სასოფლო-სამეურნეო მიწებისთვის მიყენებული ზარალი ევროპაში ხილის უდიდეს დეფიციტს გამოიწვევს.
საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის დეპარტამენტ ზემო სონაში მკვიდრ ხილის მწარმოებლის დიდიე კოსტის მონაცემებით, ალუბლის დანაკარგმა 90% შეადგინა, მირაბელის ქლიავი კი მთლიანად განადგურდა. მისი თქმით, ზემო სონაში, ძირითადად, ვაშლისა და მსხლის ბაღებია, რომლის მოსავლის 90% განადგურებულია. ყინვების გარდა, რეგიონში მოთოვა და თოვლის საფარმა სიმაღლეში 8-10 სანტიმეტრს მიაღწია.
გერმანიაში ბოდენზეეს რაიონის ერისკირხის თემში ადგილობრივი მებაღეები აცხადებენ, რომ ტემპერატურა 20-დან 2 გრადუსამდე დაეცა. ერისკირხში კივის მოსავლის 80% და მსხლის 70%, ფაქტობრივად, დაკარგულია. ფერმერები ჩივიან, რომ ყინვებისგან დაცვის ერთიანი ოპტიმალური გადაწყვეტილება დღემდე არ არსებობს.
ავსტრიაში ასოციაცია Marchfeldspargel-ის თავმჯდომარე ვერნერ მაგოშიცი აცხადებს, რომ ბოლო კვირების უამინდობამ სატაცურის მოსავლის აღება გადადო, ყინვებმა კი მწვანე სატაცური სერიოზულად დააზიანა. ვერნერ მაგოშიცის თქმით, წელს სატაცურის განვითარება ჩვეულ გრაფიკს 2 კვირით ჩამორჩება. მისი ზრდა ტემპერატურაზე მეტად დამოკიდებულია: თუკი სიცხეში სატაცურის სიმაღლე 5 სანტიმეტრით იმატებს, სიცივეში ის მხოლოდ 5 მილიმეტრით იზრდება. ყინვების შედეგად ქვედა ავსტრიის მარჩფელდში სატაცურის ყლორტები გაიყინა და ახლა მის აყვავებას ისევ უნდა ელოდონ, რასაც დრო სჭირდება.
სიცივეები მოსავლის მოყვანის გარდა, იმპორტირებული პროდუქციის გაყიდვებზეც მოქმედებს. კენკრის ძირითადი პარტია გერმანიაში პირენეის ნახევარკუნძულიდან და მაროკოდან ჩააქვთ. თუმცა სიცივეებში ადგილობრივ მომხმარებელს ჟოლოზე და მაყვალზე მადა არა აქვს. უამინდობის გამო კენკრაზე ისევ მაღალი ფასებია, რაც, როგორც წესი, უჩვეულოა, რადგან კენკრა ამ სეზონზე იაფდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ
წყარო: bpn.ge