დარგებიმეცხოველეობაფერმერი ფერმერს

ცხვრის და თხის სუქება

როგორც წესი, ქართველი მეცხვარეები ბატკანს  ზაფხულის მთის საძოვრებზე, იალაღებზე ასუქებენ. (მთაში აყვანიდან 1 კვირაში ბატკანს ასხლეტენ დედებიდან და გადაჰყავთ ძირითად ფარასთან შედარებით მაღლა ზონაში გამოყოფილ ბუნებრივ საძოვარზე.)

ნაკვეთის ფართობის შერჩევისას და მისი ფართობის დადგენისას ფერმერები სულადობასთან ერთად საკვებზე ბატკნის მოთხოვნილებასაც ითვალისწინებენ.

ასე, მაგალითად, იალაღობის პერიოდში 11- დან 30 კგ- მდე ცოცხალი მასის ბატკნისათვის დღეში საჭიროა 0,78- 1,1 კგ ენერგეტიკული საკვები ერთეული და 100-108 გ მონელებადი პროტეინი. ამდენად, იალაღობის პერიოდის მანძილზე დღეში 1 სულ ბატკანს სჭირდება 4,0-4,1 კგ საძოვრის ბალახი.

იალაღებზე ბატკანი იმყოფება სექტემბრის ბოლო-ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, შემდეგ კი ისინი ჩამოჰყავთ ბარში, სადაც სანაშენედ უვარგის სულადობას ყიდიან სახორცედ. ამ პერიოდისათვის გასუქებული ბატკნის ცოცხალი მასა აღწევს 27-30 კგ-ს. (იალაღებზე ცხვრის სუქების უპირატესობა ის არის, რომ მაქსიმალურად გამოიყენება ბუნებრივი საძოვრები და ხორცის წარმოება ჯდება იაფი.).

იმ მეურნეობებში, სადაც არა აქვთ საკმარისი ზაფხულის მთის საძოვრები, ან კიდევ კლიმატური პირობების გამო ბალახნარის მოსავლიანობა დაბალი იყო, ცხვარი ვერ აღწევს სათანადო წონითი და ნაკვებობის კონდიციებს. ამის გამო ბარში გადმორეკვის შემდეგ მას ათავსებენ ზამთრის ბინებთან მოწყობილ სასუქ მოედნებზე და ასუქებენ დასაკლავი კონდიციის და ცოცხალი მასის მიღწევამდე.

საკვებად გამოიყენება შედარებით იაფი საკვები საშუალებები, ხოლო კონცენტრირებული საკვების ხვედრითი წილი ულუფაში მინიმალურია (10-15%); სუქება, როგორც წესი, გრძელდება 2,0-2,5 თვე, რის შემდეგ 30-35 კგ წონისა და კარგი ნაკვებობის ბატკანს ყიდიან სახორცედ, დასაკლავად. მსგავსი სქემით შეიძლება გასუქდეს წუნდებული ზრდასრული ცხვარი.

გიოული გოგოლი,

/ლევან თორთლაძე/

მეცხოველეობა