აგრარული განათლებადარგებიმეცხოველეობა

როგორ ვებძოლოთ ცხოველთა უნაყოფობას და ბერწიანობას

ვინაიდან უნაყოფობა და ბერწიანობა გამოწვეულია მრავალი ფაქტორით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიზეზების დადგენა უნდა მოხდეს ეტაპობრივად, პრობლემისადმი ანალიტიკური მიდგომის საფუძველზე.

ამის გათვალისწინებით კვლევის მიმაართულებები შეიძლება იყოს ასეთი:

1. სამეურნეო პირობების ანალიზი, რა დროსაც გაანალიზდება ფერმაში ცხოველთა კვების, მოვლა-შენახვისა და ექსპლოატაციის მდგომარეობა;
2. ნახირში/კოლტში/ფარაში ცხოველთა კლინიკურ-ფიზიოლოგიური მდგომარეობის შეფასება;
3. ახლად მოგებული და მაკე ცხოველების სამეანო-კლინიკური გამოკვლევა გამრავლების ორგანოების დაავადებების, აგრეთვე მოგებისშემდგომი გართულებების შემთხვევების გამოვლენის მიზნით;
4. უნაყოფო/ბერწი სულადობის კლინიკურ-გინეკოლოგიური დიაგნოსტიკა თანდაყოლილი ანომალიების, გამრავლების ორგანოების დაავადებების შემთხვევების და მათი გამომწვევი მიზეზების გამოსავლენად;
5. სასქესო ორგანოებიდან აღებული ნაცხის, სისხლის და გამონაყოფების (შარდი, სკორე) ნიმუშების ლაბორატორიული გამოკვლევა.

ვინაიდან ასეთი საქმიანობა მოითხოვს აღწარმოების ფიზიოლოგიის და ბიოლოგიური და ანალიტიკური კვლევის მეთოდების ღრმა ცოდნას, აუცილებელია ფერმერმა ამისათვის მოიწვიოს კვალიფიციური სპეციალისტი.

საქართველოში ფერმერული მეურნეობების საწარმოო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სასოფლო-სამეურნეო ცხოველებში უნაყოფობა ან კიდევ ნაყოფიერების დაქვეითების უპირველესი მიზეზია გამრავლების ორგანოების ფუნქციური მოქმედების მოშლილობა. შესაბამისად, ალიმენტარული უნაყოფობის პროფილაქტიკის მიზნით ცხოველები მთელი წლის მანძილზე უნდა ვკვებოთ მათი ცოცხალი მასის, პროდუქტიულობის და ფიზიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით.

დადგენილია, რომ ულუფის არასაკმარისი ენერგეტიკული ყუათიანობა, მასში ცალკეული საზრდო ნივთიერებების უკმარისობა, აგრეთვე არასწორი სტრუქტურა არის სქესობრივი და ფიზიოლოგიური მომწიფების დაგვიანების, სქესობრივი ციკლის არითმიის და/ან დარღვევის, განაყოფიერების დაბალი დონის და განუვითარებელი მონაშენის მიღების ძირითადი მიზეზი; ენერგეტიკული ყუათიანობის და ორგანული ნივთიერებების სასურველი დონით შემცველობასთან ერთად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ულუფის შეუცვლადი ამინომჟავებით (ძირითადად ღორებში), მინერალური ნივთიერებებით და ვიტამინებით დაბალანსებას.

განსაკუთრებული ადგილი უკავია ვერძი-მწარმოებლების მომზადებას და დაგრილების სეზონში კვებას, ვინაიდან დროის შედარებით პატარა პერიოდში მას უწევს საკმაოდ მაღალი დატვირთვა.

თანდაყოლოლი უნაყოფობის პროფილაქტიკა შესაძლებელია მშობელი ფორმების სწორად შერჩევით, აგრეთვე სადედე სულადობისა და მიღებული თაობის წარმომავლობისა და ხარისხის აღრიცხვის მოწესრიგებით. სასაქონლო მეურნეობებსა და ფერმებში დაუშვებელია ნათესაური შეწყვილება (ინბრედინგი), რომლის წილი თანდაყოლილ უნაყოფობაში საკმაოდ მაღალია. ამის განხორციელება შესაძლებელია ზოოტექნიკური და სანაშენე ჩანაწერების წარმოებით, მწარმოებლების ფერმიდან დროულად გაყვანით, ან სპერმის წარმომავლობის კონტროლით. ასაკობრივი უნაყოფობის პროფილაქტიკის ეფექტიანი ხერხია ნახირში, კოლტში, ფარაში ასაკოვანი სადედე სულადობის ხვედრითი წილის შემცირება.

გიული გოგოლი,

/ლევან თორთლაძე/, 

„მეცხოველეობა“