აგროსიახლეები

სითბური სტრესი სულ უფრო აქტიურდება და ის ადამიანებთან ერთად ცხოველებსაც დააზარალებს

 მომაკვდინებელი კლიმატური პირობები მალე შეიძლება ნორმა გახდეს მსოფლიოს დიდი ნაწილისთვის.

მიმოხილვის ავტორების პროგნოზით, თუ არაფერს მოვიმოქმედებთ სათბურის აირების გამოყოფის შესამცირებლად, ადამიანთა პოპულაციის 44-75 პროცენტი საუკუნის ბოლოს სიცხის ქრონიკული სტრესის ქვეშ მოექცევა

მზარდი ტემპერატურა თუნდაც მხოლოდ სამხრეთ აზიაში დააზარალებს წარმოუდგენლად ბევრ ადამიანს. მსოფლიოს მოსახლეობის მეხუთედი მდინარე განგისა და ინდის გასწვრივ ცხოვრობს; მოსალოდნელია, რომ შემდეგი 80 წლის განმავლობაში, ამ რეგიონებს ხშირად დაარტყამს 35 °C-ზე მაღალი, მომაკვდინებელი სიცხის ტალღები.

ასეთი ტემპერატურები ადამიანისთვის შეიძლება წარმოუდგენლად საზიანო იყოს, განსაკუთრებით ჩვილი ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისთვის, ორსულებისთვის და ერთდროულად რამდენიმე ქრონიკული დაავადების მატარებელთათვის.

თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენ როდი შეგვეხება. კვლევის ავტორთა განცხადებით, სიცხისგან თითქმის ასეთივე სტრესის ქვეშ აღმოჩნდება შინაური პირუტყვი, შინაური ფრინველები, სასოფლო-სამეურნეო კულტურები და სხვა ცოცხალი ორგანიზმები.

მაგალითად, მეცნიერთა გათვლებით, 2003 წლის ევროპის სითბურმა ტალღამ 70 000 ადამიანი იმსხვერპლა, საფრანგეთში კი შინაური პირუტყვის 24 პროცენტი. როგორც ჩანს, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო იმისა, რაც მომავალში გველოდება.

შედარებით მცირე დროში ასეთი დიდი ზრდა ზედმეტად სწრაფია ორგანიზმთა უმეტესობისთვის, რათა შეძლონ გრძელვადიან პერსპექტივაში ადაპტირება. ასეთი ტემპერატურები მოკლევადიან პერსპექტივაშიც კი შეიძლება იყოს სასიკვდილო.

2080 წლისთვის, ზოგიერთ ქალაქში, მხოლოდ ტემპერატურის ზრდით გამოწვეული სიკვდილიანობა შეიძლება ოთხჯერ გაიზარდოს. 2019 წლის პროგნოზით, ზოგიერთ ტროპიკულ ზონაში სითბურმა ტალღებმა სიკვდილიანობა შეიძლება 2000 პროცენტამდე გაზარდოს.

და ეს მხოლოდ ადამიანთა შემთხვევაში. როდესაც ახალი მიმოხილვის ავტორებმა ადამიანთათვის განკუთვნილი ტემპერატურის ზღვარი შეადარეს შინაური პირუტყვის, ფრინველების, სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და ზოგიერთი თევზისას, გაირკვა, რომ სიცხის ზღვარი მათთვისაც თითქმის იგივეა.

ითვლება, რომ მაღალ ტენიანობაში, ადამიანები სიცხისგან საშუალოდ დაძაბულები არიან დაახლოებით 23°C-ზე. შინაური პირუტყვისა და ღორების შემთხვევაში, ასე ხდება დაახლოებით 24°C-ზე.

უახლოეს ათწლეულებში, მილიარდობით ადამიანს ცხოვრება შეიძლება უკიდურესი სიცხის ზონებში მოუწიოს — ახალი კვლევა

„თუ ადამიანებს უკიდურესად მაღალ ტენიანობაში 32 გრადუს ცელსიუსზე მაღალ ტემპერატურაზე დიდი ხნით მოუწევთ ცხოვრება, ხოლო უკიდურესად დაბალ ტენიანობაში 45 გრადუსზე მაღლა, შეიძლება ფატალური იყოს“, — ამბობს ასენგი.

მისივე თქმით, ექსტრემალური სითბური ტალღების დროს, 40 გრადუსზე მაღლა, რაც ახლა კანადის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან ხდება, ადამიანებს ტექნიკური მხარდაჭერა ესაჭიროებათ, მაგალითად, კონდიცირებული სივრცეები.

სასოფლო-სამეურნეო კულტურებსა და შინაურ პირუტყვს ეს ფუფუნება არ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ სითბურმა გადაღლილობამ შეიძლება ღორების, ქათმებისა და მსხვილფეხა პირუტყვის უცაბედი სიკვდილი არ გამოიწვიოს, ასეთ ტემპერატურებზე ხშირი ყოფნა ამცირებს ზრდას, დაბალ მოსავლიანობას და რეპროდუქციის შეჩერებას.

მაგალითად, ქათმები სიცხის მწვავე სტრესს განიცდიან 37°C-ზე და ამ ზღვარს ზემოთ გაცილებით ნაკლებ კვერცხს დებენ.

მაღალი ტემპერატურის, დიდი სიცხის პირობებში, ძროხები მნიშვნელოვნად (20-30%) ამცირებენ წველადობას.

შეიძლება ასევე დაზარალდეს ველური ბუნება, მაგრამ ეს საკითხი ამ კონკრეტულ მიმოხილვაში არ შეუსწავლიათ. თუმცა, როგორც ავტორები შენიშნავენ, ავსტრალიის 2018 წლის სითბურმა ტალღამ ღამურების პოპულაციის მესამედი სულ რაღაც ორ დღეში მოსპო.

„გლობალური დათბობის გაგრძელება თანდათანობით სასიკვდილო გახდება სხვა სახეობებისთვისაც, თუ მათ ვერ შეძლეს ამისგან თავის არიდება, მიგრაცია ან საკუთარი თავის სხვაგვარად დაცვა ექსტრემალური ან გახანგრძლივებული სიცხის სტრესისგან“, — წერენ მკვლევრები.

მათივე განცხადებით, თუ ე. წ. ორანჟერეა დედამიწისკენ მიმართული დღევანდელი ტრაექტორიები გაგრძელდება, მრავალი ქმნილება წარმოუდგენლად დაზარალდება და შეიძლება, სრულიადაც გაქრეს.

მიმოხილვა The Lancet Planetary Health-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

წყარო: 1tv.ge