რუსეთი აზერბაიჯანული პომიდვრის იმპორტს ზღუდავს და პრობლემებს უქმნის
წლების მანძილზე აზერბაიჯანის არასანავთობო ექსპორტის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობის პროდუქციაა, მათ შორის პომიდორი.
აზერბაიჯანის მთავრობის მიერ გაწეული დახმარების და სუბსიდირების მიუხედავად, სულ უფრო მეტი ფერმერი აცხადებს, რომ ზარალზე მუშაობს – ეს სხვადასხვა დარგებს ეხება, მაგალითად, საზამთროს მოყვანას.
ბოლო პერიოდში პრობლემებზე პომიდვრის მომყვანი გლეხები და ფერმერები ალაპარაკდნენ.
ადრე მათი პროდუქციის დიდი ნაწილი რუსეთში მიდიოდა, დღეს კი ექსპორტი ამ ქვეყანაში თითქმის შეჩერებულია და პომიდვრის შესასყიდი ფასები მინიმუმამდე დაეცა, ხშირ შემთხვევაში ის თვითღირებულებაზე დაბალია.
ფერმერები ყვებიან, რომ რუსეთში პროდუქციის ექსპორტი გართულებულია და ზოგჯერ დიდი პარტიები გზაშივე ფუჭდება, რის გამოც ფერმერებს საბანკო სესხების გასტუმრების საშუალება აღარ რჩებათ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული კვლევების ცენტრის დირექტორის ფირდოუსი ფიკრეტზადეს თქმით, ამ წელს აზერბაიჯანში პომიდორი 70-75%-ით გაიაფდა.
ვითარებას უკეთესობისკენ შეცვლიდა პომიდვრის გადამუშავება, მაგრამ ქვეყანაში ამისთვის არასაკმარისი სიმძლავრეებია და ადგილობრივი საწარმოების მოთხოვნა მიწოდების დღეისთვის არსებულ რაოდენობას მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ერთი სიტყვით, აზერბაიჯანს ამდენი პომიდორი უბრალოდ არ სჭირდება.
ფერმერები მოსავლის გასაღების უმწვავესი პრობლემის წინაშე დგანან.
„შესაძლებელია ჭარბი პომიდვრის ექსპორტი საქართველოში, თუმცა, ეს ძალიან მცირე ბაზარია, რომელიც დანაკარგებს ვერანაირად ვერ აგვინაზღაურებს. ევროპაზე საუბარიც ზედმეტია – იქ ძალიან მკაცრი მოთხოვნებია, როგორც ხარისხის, ასევე გარეგნული მხარის მიმართ. მაგალითად, ევროკავშირში გასაყიდ ყოველ პარტიაში ერთი ზომის პროდუქტი უნდა იყოს, ჩვენ კი ამას ვერ უზრუნველვყოფთ“, – ამბობს ფიკრეტოვი.
2020 წლის დეკემბერში რუსეთმა აზერბაიჯანული პომიდვრის და ვაშლის იმპორტი აკრძალა, რის შედეგადაც აზერბაიჯანის სასურსათო უსაფრთხოების სააგენტო რუსულ მხარესთან გარდამავალი წარმატებით აწარმოებს მოლაპარაკებებს.
ამ დროისთვის რუსულმა მხარემ 150 ფერმიდან პროდუქტის იმპორტი დაუშვა, თუმცა, ეს ადგილობრივი პომიდვრის წარმოებისთვის დიდი შეღავათი არაა – პრობლემა ისევ გადაუწყვეტელი რჩება და ადგილობრივი ფერმერები ზარალს ითვლიან.
საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანის ბაზარზე არაერთგვაროვანი ვითარება შეიქმნა – ერთის მხრივ, რუსეთში ექსპორტის ვარდნამ პროდუქტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახადა.
მეორეს მხრივ, ადგილობრივი მოხმარება წარმოებაზე გაცილებით ნაკლებია. მესამე კი ისაა, რომ არავინ იცის, როდემდე გაგრძელდება შეზღუდვები რუსეთის მხრიდან და ცხადია, რომ ადრე თუ გვიან აზერბაიჯანელ ფერმერებს გასაღების სხვა ბაზრებზე ფიქრი მოუწევთ.
აი, ამიტომ არ შეიძლება რუსეთის ბაზარზე ძირითადი აქცენტის გაკეთება, აზერბაიჯანის პომიდორი კარგი მაგალითია, რომ რუსეთში არაფერი იცვლება. ამის მწარე გამოცდილება ჩვენ გვაქვს და ამიტომ კიდევ უფრო მეტად უნდა ვიზრუნოთ საგარეო ბაზრების დივერსიფიცირებაზე, მუდმივად გავზარდოთ პროდუქციის ხარისხი, ასორტიმენტი რათა მეტად კონკურენტუნარიანი გავხადოთ ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, რომ ევროპის და მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე თავისუფლად შეგვეძლოს ოპერირება.
წყარო: commersant.ge