აგროსიახლეები

ქართველი სპეციალისტების მიერ შექმნილი ჩაის ბუჩქის სასხლავი ინოვაციური მოწყობილობა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, 15 ივლისს წვერმაღალას პარკში გამართულ გურიის აგრო-ტურისტული ფესტივალზე – „ჩაის გზა“, ა(ა)იპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტმა წარადგინა „ჩაის ბუჩქის გასხვლის ინოვაციური ტექნიკური საშუალება“. 

დანადგარი დამზადებულია საქართველოს პატენტის – GE U 2020 2040 Y მიხედვით გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) დაფინანსებული პროექტის – „პროფესიული განათლების სისტემების მოდერნიზაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ფაზა 2″ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი), საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SDC) დაფინანსებით. ინოვაციური ტექნიკური საშულების და პატენტის ავტორებია: ბახვა დოლიძე – ტექნიკის დოქტორი; ზურაბ ანდღულაძე – ინჟინერი-კონსტრუქტორი; თემურ რევიშვილი – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი; ლიანა შავიშვილი – ბიოლოგიის დოქტორი.

ტექნიკური საშუალების დამზადებულია – შპს ტრაქტორ-სერვისი“ ბაზაზე (ქ. ქუთაისი).

მოწყობილობა შედგება სატრანსპორტო საშუალებასთან (სერიული წარმოების მოტობლოკი) დაკიდების სისტემით დაკავშირებულ სასხლავი აპარატისგან.

საყურადღებოა ის გარემოება, რომ გამოფენაზე ჩაის სასხლავი ინოვაციური ტექნიკური საშუალების მოქმედების პრინციპს გაეცნო და საქმიანი შეკითხვების დასმის შემდეგ, შესაძლო თანამშრომლობაზე ისაუბრა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ბატონმა იმამურა აკირამ.

ფესტივალის დასრულების შედეგ ჩატარდა მცირე სამექნიზაციო ინოვაციური ტექნიკური საშუალების საველე პირობებში გამოცდა.