„ვემსახურებით თუთუნს“ – თამბაქოს საოჯახო პლანტაციაში
თამილა და ირაკლი თამბაქოს პლანტაციაში დილის 5 საათზე გადიან. თან შვილებიც მიჰყავთ. ცოლ-ქმარი ქედაში ცხოვრობს. სოფელ ხარაულაში ორსართულიანი სახლი აქვთ და ორი შვილი ჰყავთ. ამ სოფლიდან ბათუმში ჩამოსვლას საათ-ნახევარი სჭირდება. სოფლიდან ბათუმში თითქმის ყოველ დღეს სხვადასხვა პროდუქტს ეზიდებიან ბაზარში გასაყიდად, მათ შორის გამხმარ თუთუნსაც.
ქედა ის ადგილია, სადაც საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის თუთუნი მოჰყავთ. ერთი კილოგრამი გამხმარ თუთუნის ფასი ბაზარზე მინიმუმ 70 ლარია და უფრო ძვირიც ღირს. ამ ერთი კილო თუთუნის მიღებას კი ძალიან ბევრი შრომა სჭირდება. „რამდენადაც მოეფერები ფოთოლს, იმდენად უკეთეს ხარისხს მიიღებ“, – გვიხსნის ირაკლი ბერიძე.
თამილა თებიძე და ირაკლი ბერიძე ამბობენ, რომ მუშაობა არ ეზარებათ და უკვე რამდენიმე წელია მათი ოჯახის ძირითადი შემოსავალი თამბაქოა.
წლეულს მოსავალსაც კარგი პირი უჩანს. ახლა მხოლოდ იმის ეშინიათ, რომ პანდემიის გამო, გასული წლის მსგავსად ბაზრობები არ დაიკეტოს– ამ შემთხვევაში მათი შრომა აზრს დაკარგავს.
ერთ-ერთი მთავარი საქმე – ნედლი თამბაქოს ფურცლები ზაფხულში, ანუ ცხელ ამინდებში უნდა დაკრიფო, მაგრამ მზეში თუთუნის ფურცლების კრეფა თითქმის შეუძლებელია. თუ წვიმაში დაკრეფ ფოთოლს, გარანტირებულად გაგიფუჭდება. ეს, რასაკვირველია, იციან თამილამ და ირაკლიმაც.
სწორედ ამიტომ ოჯახი შესაბამის ამინდს ელის და თამბაქოს პლანტაციაში ისე გადის სამუშაოდ. თამილა მწიფე ფოთლების კრეფას გათენებისთანავე იწყებს. ირაკლი კი ამ დაკრეფილ ფურცლებს სპეციალურ საშრობში ეზიდება. ბავშვებიც იქვე ტრიალებენ.
კრეფის რიტუალის დასრულების შემდეგ ფოთლების ანემსვა იწყება, თამილას და ირაკლი ამჯერად მეზობელი, იამზე კეჟერაძე ეხმარება. სალაპარაკო თემა მათთვისაც პანდემია – ერთმანეთს საკუთარ შიშებს უზიარებენ:
ფიქრობენ, რომ თუ ყველაფერი კარგად წავიდა, წელს 10 ათასი ლარის თუთუნს მოიწევენ. ეს მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა და მთელ წელზე უნდა გადაანაწილონ.
იმედი აქვთ, რომ კოვიდის მატების გამო ისევ არ დაურჩებათ პროდუქცია გასაყიდი. „პანდემიაში ძალიან ცუდად ვიყავით. ჩავიკეტეთ. ქალაქში კი არა მეზობლებთანაც ვერ ვკონტაქტობდით. ეს მძიმე პერიოდი იყო ჩვენთვის“, – გვიყვება თამილა.
თამილამ კოვიდი შარშან ნოემბერში გადაიტანა. „სიცხეები მქონდა და ძალიან ცუდად ვიყავიო“, გვითხრა. ახლაც ახსენებს კოვიდი თავს – ზურგის არეში საშინელი ტკივილები დამიტოვაო.
„ვირუსის მჯერავს?! – მჯერავს აბა რა. იმიტომ მჯერავს, რომ ჩემი თვალით ვნახე ჩემი ცოლის ავადმყოფობა. ძლივს გამოვაძვრინე რა“, – იხსენებს გასული წლის მძიმე ნოემბერს ირაკლი, როდესაც ლამის მთელი სოფელი იყო კოვიდით ინფიცირებული. სრულიად ჯანმრთელი მეზობლის ქალი დაღუპულა კიდეც ვირუსით.
„ჩვენ მანქანა გვყავდა და მოვახერხე ბათუმში წასვლაო“ – გვითხრა თამილამ, როცა შეზღუდულ გადაადგილებასა და სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობაზე ვკითხეთ. იმ პერიოდში მას მხოლოდ ის ანუგეშებდა, რომ ირაკლის და ბავშვებს კოვიდი არ შეეყარათ.
თამილა ამბობს, რომ მკაცრმა რეგულაციებმა განსაკუთრებით სოფელი დაასუსტა: „ჩვენ, მაგალითად, თუთუნი შარშან ვერ გავყიდეთ იქამდე, სანამ ეს რეგულაციები არ მოიხსნა. გაგვიფუჭდა კიტრიც და პომიდორიც. იმედი გვაქვს, რომ ქვეყანა კიდევ არ ჩაიკეტება და წელს მაინც მოვახერხებთ მოყვანილი პროდუქტების გაყიდვასო“, – გაგვიზიარა თავისი წუხილი.
თამილა ამბობს, რომ წელს მოსავალს კარგი პირი უჩანს. მეორედ უკვე დაკრიფეს თუთუნის ფურცლები და დაზამთრებამდე რამდენჯერმე ისევ დაკრეფენ. შესაბამისად, მეზობლები ცდილობენ მოსავლის დაბინავებაში ერთმანეთს დაეხმარონ. ქალები ხუმრობენ, რომ ეს საქმე მათზე უკეთ მათ დედამთილებს გამოსდით, მაგრამ „თუ საქმე საქმეზე მიდგება არც თავად უდებენ ტოლს არავის“.