დარგებიმეცხოველეობა

იმერული ცხვარი მსოფლიო გენოფონდის ნაწილია

დედამიწის უკიდურესი ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე მდებარე ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც ცხვარი, სხვა პირუტყვთან შედარებით, მეტად გავრცელებული ცხოველია და საეთო რაოდენობითაც ძროხის შემდეგ მეორე ადგილი უკავია.

ჩვენს ქვეყანაში მეცხვარეობა ოდითგანვე იყო განვითარებული. ისტორიულ კოლხეთში, ჩვ.წ.აღ-მდე, მოშენებული ყავდათ ნაზმატყლიანი ცხვარი. ეს ფაქტი დასტურდება არქეოლოგიური გათხრებითა და სავარაუდო მითით – არგონავტების ლაშქრობა კოლხეთში. სწორედ, იმერული ცხვარი ითვლება უძველეს და კოლხურ ჯიშთან მონათესავე ჯიშად. მას აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი ქართველი ერის მატერიალური კულტურის ცოცხალ ძეგლად მოიხსენიებს.

ამჟამად ძნელი დასადგენია იმერული ცხვრის გენეზისი, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ მის ჯიშად ჩამოყალიბებაში მონაწილეობა აქვს მიღებული კოლხურ ნაზმატყლიანს (საწყისი ფორმა) და სხვადასხვა უხეშმატყლიან ცხვრებს.

სხვა ჯიშის ცხვრებისაგან განსხვავებით, იმერული ცხვარი გამოირჩევა თავისი გენერაციული ფუნქციებით, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ:

→ პოლიესტრიულობა – იგი ახურებაში მოდის წლის ნებისმიერ დროს და გამრავლების სეზონურობა არ ახასიათებს. დადოლებიდან 21-ე დღეს კვლავ ახურებაში მოდის და ინერბება;

→ მრავალნაყოფიერება – ერთ დადოლებაზე ერთი ნერბისაგან მიიღება 2-3 ბატკანი (ზოგჯერ 4-5);

→ ადრეულობა – სხვა ჯიშის ცხვრების უმეტესობა თითქმის 1,5 წლის ასაკში ინერბებიან, როცა იმერული ცხვრის ბატკანი6 თვის ასაკში ინერბება პირველად და 11თვისას უკვე ჰყავს ნაშიერი. მაკეობის ხანგრძლივობა სხვა ჯიშებში 150-152 დღეა საშუალოდ,იმერულ ცხვარში კი ეს მაჩვენებელი შედარებით მცირეა და შეადგენს 138-142 დღეს;

→ მაღალი ცხოველმყოფელობა – ახალშობილი ფეხზე მალე დგება, მოძრავი და მკვირცხლია. ნერბი დაუხმარებლად ზრდის 2-3 ბატკანს.

გენერაციული ფუნქციის თავისებურებების გამო,  იმერული ცხვარი  წელიწადში 2-ჯერ დოლდება, ან 2 წელიწადში 3-ჯერ მაინც. ასეთი სწრაფი გამრავლების უნარით ეს ჯიში უნიკალურია. 2 წლის განმავლობაში, ერთი ნერბიდან 6-დან 10-მდე და მეტ ბატკანსაც იღებენ, თუშური ცხვრიდან კი მხოლოდ 1 ბატკნის მიღებაა შესაძლებელი.

იმერული ცხვრის გენერაციული ფუნქციის თავისებურება შესაძლებლობას იძლევა, მისგან მივიღოთ დიდი რაოდენობის და მაღალი ხარისხის პროდუქცია. ასე მაგალითად, გაანგარიშებულია, რომ მიუხედავად თავისი დაბალი ცოცხალი მასისა (ვერძები – 35 კგ, ნერბები კი 25-28), ნორმალური კვება-მოვლის პირობებში, ერთი მაღალპროდუქტიული იმერული ჯიშის ნერბიდან წლის განმავლობაში შეიძლება ვაწარმოოთ 51 კგ (მათ შორის ბატკნის 40 კგ) ხორცი და 3,4 კგ მატყლი. ნაიალაღარი იმერული ცხვრის ნაკლავის გამოსავლიანობა 48%-ია.

განსაკუთრებით გამოირჩევა იმერული ცხვრის ხორცი თავისი მაღალკულინარული თვისებებით და აშკარად განსხვავდება კავკასიაში მოშენებული სხვა ჯიშის ცხვრების ხორცისაგან. ხორცის ქიმიური შესწავლისას დადგინდა, რომ მასში მშრალი ნივთიერება 35,9±0,92 %-ია. აქედან 15,8±0,52 % იყო ცხიმი, 19,1±0,47 % ცილა და 1,0±0,02 % კი – ნაცარი. 1 კგ რბილი ხორცის კალორიულობა 2253,7 კკალორიაა, ანუ 9435, 8 კჯოული.

ჩვენ მიერ ჩატარებული ექსპედიციის შედეგად მოძიებულ იქნა იმერული ცხვრის ტიპური სულადობა საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონის, წყალტუბოს და სამტრედიის მუნიციპალიტეტების სოფლებში. მოძიებული სულადობიდან შეირჩა და შესყიდულ იქნა 2018 წლის ნოემბრის თვეში 13 სული ტიპური, სხვადასხვა სქესობრივ-ასაკობრივი ცხოველი (1 ვერძი, 3 ნერბი, 3 შიშაქი,  3 დედალი და 3 მამალი ბატკანი) და გადაყვანილ იქნა სამტრედიის მუნიციპალიტეტის დიდი ჯიხაიშის საცდელ ბაზაზე. ორი წლის შემდეგ სულადობა 51-მდე  გაიზარდა.ზამთრის პერიოდში ცხვარი ბატკნებითურთ კარგ ამინდში გაშვებული გვყავდა საძოვარზე და დამატებით ვაძლევდით საშუალოდ ვერძს: 1,0 კგ თივას, 0,2 კგ ქერს და 7 გ მარილს. ნერბებს შესაბამისად: 1,0 ; 0,2 და 7; თოხლებს: 0,8; 0,1 და 6, ხოლო ბატკნებს: 0,5კგ; 0,05 კგ და 5 გრ-ს.

ზრდასრული ცხვრის ცოცხალი მასის შესწავლამ გვიჩვენა, რომ ვერძის (n=1) ცოცხალმა მასამ 43 კგ შეადგინა, რაც სტანდარტთან შედარებით მეტია პირველი კლასის მაჩვენებელზე. ნერბების (n=12) იგივე მონაცემი 30,5±0,94 კგ-ია და ასევე დამაკმაყოფილებელი შედეგია და აღემატება პირველი კლასს.

იმერული ცხვრის ბონიტირების ინსტრუქციაში მოტანილ მაჩვენებლებთან შედარებამ გვიჩვენა, რომ ჩვენ მიერ შესწავლილი სულადობის ცოცხალი მასა 6 თვის ასაკში უტოლდება ბონიტირების ინსტრუქციით გათვალისწინებულ 1 წლის მაჩვენებლებს. მაგ. ერთი წლის ასაკის მამალ და დედალ პირველი კლასის თოხლებს მოეთხოვებათ, რომ მათი ცოცხალი მასა შეადგენდეს შესაბამისად 18,0 და 16,0 კგ-ს.

იმერული ჯიშის ცხვარი სხვა ჯიშის ცხვრებისაგან განსხვავდება მთელი რიგი განსხვავებული თვისებებით, რომელთაგანაც ერთ-ერთი და მთავარი მისი მრავალნაყოფიერება და ხშირნაყოფიერებაა. 2020 წელს ჩვენს საკოლექციო ფარაში დადოლდა 10 ნერბი და 6 შიშაქი და მათგან მიღებულ იქნა 35 ბატკანი. უნდა აღინიშნოს, რომ ნერბები დადოლდნენ 2-ჯერ. რეკორდსმენია 933 ნომერი ნერბი, რომელმაც აღნიშნულ პერიოდში მოგვცა 8 ბატკანი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორი დოლი მოგვცა 6-მა ნერბმა (37,5%), ხოლო 10 სული დადოლდა ერთხელ (62,5%). 16 დადოლებული ნერბიდან 1 ბატკანი მოგვცა 7-მა სულმა (43,75%), 2 ბატკანი 5-მა (31,25%), ხოლო 3 და მეტი კი 4-მა(25%).  ა. მუშკუდიანის მონაცემებით, ფარაში ერთ ბატკანს იძლევა 4%, 2-ს – 71%, ხოლო 3 და მეტს – 25%. ჩვენს შემთხვევაში ეს ბალანსი დარღვეულია და ერთბატკნიანი ნერბების სულადობა მეტია (43, 75%), რაც იმით აიხსნება, რომ ძირითადად შიშაქები დადოლდნენ. ე.ი. მათგან მიღებული იქნა პირველი დოლი და დადგენილია, რომ პირველი დოლის დროს უმრავლესობა იძლევა 1 ბატკანს. 2-3 ბატკნის მიღება იწყება მე-2 და მე-3 დოლის შემდეგ.

საერთო ნაყოფიერებას თუ ვიანგარიშებთ 16 დადოლებული ნერბიდან მივიღებთ – 218,75%-ს, რაც არც თუ დაბალი მაჩვენებელია. რაც შეეხება ძირითად ნერბებს, რომელნიც მე-2 და მე-3 დადოლებაზე იყვნენ, მათგან მიღებულ იქნა 28 ბატკანი და ნაყოფიერებამ შეადგინა – 280%, რაც, უდაოდ მაღალი მაჩვენებელია.

სამატყლო პროდუქტიულობა შესწავლილ იქნა როგორც გაზაფხულზე, ასევე შემოდგომით.  იმერული ცხვრის ბონიტირების ინსტრუქციის მაჩვენებლებიდან ჩანს, რომ პირველი კლასის იმერული ვერძების მატყლის წლიური ნაპარსი 2,6 კგ-ს უნდა შეადგენდეს, ნერბებისა – 1,7-ს, მამალი თოხლებისა – 1,5-ს, ხოლო დედალი თოხლებისა კი – 1,3 კგ-ს. ჩვენს მიერ მოპოვებული ყველა მონაცემი თანხვედრია. მხოლოდ უმნიშვნელო ჩამორჩენა შეინიშნება მამალი თოხლების მატყლის ნაპარსისა.

ჩვენდა სამწუხაროდ, ეს უნიკალური ჯიში დღეს გადაშენების პირასაა და სულადობა ყოველწლიურად მცირდება. სტატისტიკის მონაცემებით იმერეთში მისი სულადობა თანდათან იკლებს. ასე მაგალითად, 2015 წელს 28,4 ათასი სული ფიქსირდებოდა, 2016 წელს – 27,4, 2017 წელს – 19,6, 2018 წელს 15,7 ათასი, ხოლო 2019 წელს – 10 ათასი სულიღა შემორჩა.

იმერული ცხვარი სტრატეგიულად ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს სიმდიდრეს წარმოადგენს. იგი საზოგადოებრივი ქონებაა და სახელმწიფოებრივ დაცვასა და გამოყენებას იმსახურებს.

გენოფონდის შენარჩუნების მიზნით, გაეროს რეკომენდაციებით (UNER, United Nationns EnvironmentProdramme, 1981), ვხელმძღვანელობდით შემდეგი კრიტერიუმებით: უნიკალობა, პროდუქტიულობა და კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა. იმერული ჯიშის ცხვარი პასუხობს სამივე მოთხოვნას. მისი უმდიდრესი გენეტიკური რესურსის სამეურნეო-სასარგებლო  თვისებები ჯერ კიდევ არ არის მეცნიერულად სრულად გამოვლენილი და სამომავლოდ წარმოადგენს ფასდაუდებელ მასალას ცხოველთა სელექციაში არსებული კულტურული ჯიშების სრულყოფისათვის.

ფოტო: ნერბი N 933 სამი ბატკნით (სამტრედია, დიდი ჯიხაიში).

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.

ავტორები: ლევან  თორთლაძე〉 სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი,

გივი ბეღელური, სოფლის მეურნეობის დოქტორი,

ჯ. ლოლაძე, ზოოტექნიკოსი

სტატიის წარმდგენია „საქართველოს ბანკი“.