ციცარი
ციცრის (Numida mellagris) სამშობლოდ აფრიკა მიიჩნევა. შინაური ციცრის წინაპარი ნაცარა-წინწკლებიანი ციცარია. იგი მოშინაურებული იქნა მოგვიანებით 3000 წლის წინათ. თავდაპირველად მას აშენებდნენ რომის იმპერიაში, შემდეგ იგი გავრცელდა ევროპასა და ამერიკაში.
ციცრის ჯიშები. ნაცარა მოყავისფრო ციცარი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ჯიშია, რომლის საფუძველზე გამოყვანილია ფართოდ ცნობილი ჯიშები, ხაზები და კროსები. სხეული გრძელი და ოვალურია. თავი შეუბუმბლავი, რქოვანა ბიბილოთი, კუდი მოკლე აქვს. დაბალი ტერფი, დეზების გარეშე. კისრის ზედა ნაწილი შიშველია. ამ ჯიშის კვერცხმდებლობა 80-100 ცალია წელიწადში, კვერცხის მასა 45-46 გ, განაყოფიერება 80-85%, გამოჩეკვა 50-60%, მოზარდის ცოცხალი მასა 10 კვირის ასაკში 0,85-0,90 კგ; 12 კვირის ასაკში 1,0-1,1 კგ. ზრდასრული დედალი 1,65-1,70 კგ იწონის, მამალი – 1,8-1,85 კგ. ამ ჯიშის უარყოფითი თვისება ისაა, რომ კანი მუქი ნაცრისფერი აქვს, რაც ნაკლავს აძლევს ცუდ (მონაცრისფრო) შესახედაობას.
კრემისფერი ციცარი. ბუმბული კრემისფერია. დედალი მამლისაგან განსხვავდება ფრთის ინტენსიური პიგმენტაციით. დედლები ღია შეფერილობისაა, მამლები _ მუქი. სექსირების დონე – 93-98%. კრემისებური ციცარის კვერცხმდებლობა 110-120 ცალია კვერცხდების ერთ ციკლში. კვერცხის მასა 43-44 გ. განაყოფიერება 85-90%, გამოჩეკვა – 60-65%, ცოცხალი მასა 10 კვირის ასაკში 0,85-0,95 კგ, 12 კვირის ასაკში 1,0-1,1 კგ. ზრდასრული ციცარი წონაა: დედლების – 1,60-1,65 კგ, მამლებისა – 1,80-1,85 კგ.
თეთრი ციცარი. მათი ბუმბული თეთრია, ხოლო ნისკარტი და ტერფი ვარდისფერი. კანი თეთრი. კვერცხმდებლობა ერთი ციკლის განმავლობაში 120-130 ცალია; კვერცხის მასა 43-44 გ; ცოცხალი მასა 12 კვირის ასაკში 1,0-1,1 კგ. ზრდასრული დედლები 1,6-1,7 კგ იწონიან, მამლები – 1,9-2,0 კგ. განაყოფიერება 67-78%, გამოჩეკვა 79-86%, შენარჩუნება 91-93%. აქვთ განიერი სხეული, გრძელი მკერდის ძვალი, მკერდზე კარგად განვითარებული მკერდის ძვლით.
ციცარს ძირითადად ხორცის მისაღებად იყენებენ, რომელსაც ამსგავსებენ გარეული ღორის ხორცის გემოს, მაგრამ უფრო ნაზია და წვნიანი.
ერთდღიანი მოზარდის ცოცხალ მასასთან შედარებით, ციცარი 10-12 კვირის ასაკში ცოცხალ მასას 36-38-ჯერ ზრდის და აღწევს 1,0-1,3 კგ. 1 კგ ცოცხალ მასაზე ხარჯავს 2,8-3,4 კგ საკვებს. ზრდასრული ციცრის ცოცხალი მასა 2 კგ-მდეა.
მკერდის და ფეხის კუნთები ციცარს კარგად აქვს განვითარებული, ძვალი მსუბუქი და ნაზია, ამის გამო ფრინველმა შეინარჩუნა ფრენის და ხანგრძლივი, სწრაფი სირბილის უნარი. იგი გამოირჩევა ხორცში ჭამადი ნაწილების (55-57%) და მათ შორის კუნთების (40-42%) მაღალი გამოსავლით. 5-6 თვის განმავლობაში ციცრის კვერცხმდებლობა 80-100 ცალია. ინტენსიური შენახვის (გალიური) პირობებში კვერცხმდებლობა იზრდება (130-150 ცალი). მშობელთა გუნდის მრავალჯერადი დაკომპლექტებისას საშუალოდ ერთ კვერცხმდებელ ციცარზე წელიწადში შესაძლებელია 200 ცალი კვერცხის მიღება. კვერცხის მასა 44-46 გ-ია. ნაჭუჭის ფერი ღია-ყავისფერიდან მერყეობს მუქ ყავისფერამდე. მისი კვერცხი მაღალი საგემოვნო და კვებითი ღირებულებით გამოირჩევა ვიტამინ A და კაროტონოიდების შემცველობით იგი 1,5-2-ჯერ მდიდარია ქათმის კვერცხთან შედარებით, არც კალორიულობით ჩამორჩება ქათმის კვერცხს. მისი კვერცხი ხასიათდება სქელი ნაჭუჭით და გამძლე ნაჭუჭშიგა გარსით, ამიტომაც ციცრის კვერცხის გადატანა და შენახვა შესაძლებელია ხანგრძლივად და დიდი ხნის (6 თვემდე) განმავლობაში კონსერვაციის გარეშე.
სანაშენო მუშაობა ციცრის მოშენებისას მიმართულია ცოცხალი მასის ზრდის და მეხორცული თვისებების გაუმჯობესებისაკენ. ციცრის სანაშენო გუნდის სტრუქტურა უნდა იყოს შემდეგი:
- სასელექციო ჯგუფი (სასელექციო ბუდე, გამოსაცდელი ჯგუფი)
- საწყისი ხაზების მამრავლი.
სასელექციო ჯგუფში სამამლე ფორმა უნდა იყოს 30-33%, სადედე ფორმა – 67-70%.
თითოეულ ხაზზე რეკომენდებულია 40 სასელექციო ბუდე. ბუდობრივი შენახვისას ერთი დედალი ციცრიდან ზრდიან 15 ერთდღიან ციცარს, ხოლო ერთი მამრი ციცრიდან – 60 ფრთას.
20 (22) კვირის ასაკში ციცარი გადაჰყავთ ზრდასრული ფრინველის შენობაში და ათავსებენ ინდივიდუალურ გალიებში შეწყვილების წინასწარი გეგმის მიხედვით. დაკომპლექტებისას ითვალისწინებენ ცოცხალ მასას და მეხორცულ ფორმას, რომელიც ფასდება 10 (12) კვირის ასაკში, ასევე მშობლების და გვერდითი ნათესავების (სიბსი და ნახევარსიბსი) პროდუქტიულობას. უპირატესობას ანიჭებენ იმ ოჯახის ფრინველს, რომლებიც ცოცხალი მასის ნაკლებ ცვალებადობას განიცდიან და აქვს სხეულის კარგი მეხორცული ფორმა. ფრინველს კვერცხმდებლობით წინასწარ აფასებენ 44 კვირის, ხოლო საბოლოო შეფასებას ახდენენ 64 კვირის განმვალობაში. საინკუბაციოდ კვერცხს იყენებენ, როცა მისი მასა 38-51 გ მიაღწევს. კვერცხის მასის წინასწარი შეფასება შეიძლება 36 კვირის ასაკში. ამ მიზნით თითოეული დედლიდან წონიან 3-5 ცალ კვერცხს. აფასებენ აგრეთვე ნაჭუჭის ფერსაც. თუ კვერცხი თეთრნაჭუჭიანია, უნდა გამოვიწუნოთ. სპერმის ხარისხის შემოწმება ხდება 35-37 კვირის ასაკში.
კვერცხმდებლობის შესაფასებლად თითოეული დედალი ციცრიდან გამოსაცდელად აყენებენ 3 შვილ-დედალს.
საწყისი ხაზების მამრავლს აკომპლექტებენ სასელექციო ჯგუფიდან. ხაზების შეთანაწყობაზე აფასებენ 250-300 ფრთას, ხოლო ჰიბრიდული ფრინველი არ უნდა იყოს 100 ფრთაზე ნაკლები. ციცარ-ბროილერს აფასებენ ცოცხალი მასით, მეხორცული თვისებებით, საკვების კონვერსიით და შენარჩუნებით 10-12 კვირის ასაკამდე.
ციცრის შეფასების და გადარჩევისას მნიშვნელოვანია:
- ცოცხალი მასა. შეისწავლება 10(12) და 20(22) კვირის ასაკში.
- კუნთოვნობა და შეხორცება.
- კვერცხმდებლობა – სასელექციო ჯგუფში შეისწავლება ინდივიდუალურად, ხოლო ხაზების მამრავლში – ჯგუფურად.
- კვერცხის მასა შეისწავლება 36 კვირის ასაკში. ამ მიზნით ერთი დედალი ციცრიდან წონიან 3-5 ცალ თანმიმდევრობით დადებულ კვერცხს.
- კვერცხის განაყოფიერება.
- შენარჩუნება შეისწავლება ყოველდღიურად გამოწუნებული და დაცემული ფრინველის აღრიცხვით.
რეპროდუქტორებში გამოიყენება მასიური სელექცია. რეპროდუქტორებში ფრინველის შეცვლა წარმოებს ყოველწლიურად, სამომშენებლოდან ერთდღიანი ციცრის ან საინკუბაციო კვერცხის შემოტანით.
ერთი ფრთა ციცრის შესაცვლელად სამამლე ფორმისათვის გამოზრდაზე აყენებენ 8 ერთდღიან ციცარს (სქესზე გაურჩევლად), ხოლო ერთი დედალი ციცრის შესაცვლელად – 3 ფრთა სქესზე გაურჩეველ ერთდღიან ციცარს.
შემდგომი აღწარმოებისათვის იყენებენ ისეთ დედალ ციცარს, რომელსაც აქვს მოცულობიანი, დიდი მუცელი, მოქნილი – რბილი ბოქვენის ძვლები. სქესობრივი შეფარდება გუნდში უნდა იყოს 1:4 ან 1:5-თან.
ციცარს სახორცედ ზრდიან ღრმა საფენზე, მავთულბადიან იატაკზე ან გალიებში.
ღრმა საფენზე შენახვისას საფრინველას სექციებად ყოფენ. თითოეული სექციის ტევადობა არ უნდა აღემატებოდეს 2000 ფრთას. სექციების ტიხარი კეთდება მავთულებით საფრინველის მთელ სიმაღლეზე, რათა ფრინველი არ გადაფრინდეს სექციიდან სექციაში.
დასმის სიმჭიდროვე ერთ კვადრატულ მეტრზე ცივ პერიოდში 18 ფრთაა, ზაფხულში 16. თუ ტემპერატურამ 30 0 C გადააჭარბა, მაშინ მიზანშეწონილია 1 მ2-ზე 13-14 ფრთა.
გალიური შენახვისას იყენებენ იმავე გალიებს, რასაც ქათმებისთვის. პირველი ორი კვირის განმავლობაში გალიაში აფენენ სქელ ქაღალდს, რომ მოზარდ ციცარს მავთულბადიან იატაკში ფეხი არ ჩაუვარდეს. დასმის სიმჭიდროვე 1 მ2 გალიის იატაკის ფართობზე უნდა იყოს 30-32 ფრთა. გასათბობად შეიძლება გამოყენებული იქნეს გაზის ღუმელი, ელექტრობრუდერი ან ინფრაწითელი ნათურები. ციცრის გამოსაზრდელად დაცული უნდა იქნეს შემდეგი ტემპერატურული რეჟიმი:
ასაკი დღეებით |
ტემპერატურა | ტემპერატურა | შეფარდებითი ტენიანობა, %
|
შემობაში | ბრუდერის ქვეშ | ||
3 დღემდე | 28-27 | 36-35 | 65-70 |
4-10 | 26-27 | 34-31 | 65-70 |
11-20 | 24-22 | 30-27 | 65-70 |
21-30 | 21-19 | – | 65-70 |
31 და ზევით |
18-16 |
– |
65-70 |
სითბოს ეკონომიის მიზნით პირველ 2-3 კვირის ციცარს ათავსებენ შენობის 1/3 ნაწილში, რომელსაც ტიხრავენ პოლიეთილენის ან ბრეზენტის ფასადით (იატაკიდან ჭერამდე). აქ ათავსებენ ელექტრობრუდერებს ან სხვა გამათბობლებს. პირველ 10 დღეს იატაკზე დებენ საკვებურს და ვაკუუმისებრ საწყურვებელს (ქილა გადმობრუნებული თეფშზე) შემდეგ თანდათან გადაჰყავთ ავტომატურ საკვებურზე და თეფშისებრ საწყურვებელზე. ციცარი ძალიან მშიშარი ფრინველია. იგი რომ მიეჩვიოს ხმაურს, ამისთვის პირველივე დღიდან ყოველდღიურად 5-10 წუთით დილით და საღამოთი რთავენ საკვებ დამრიგებელს. ცილინდრული საკვებურის გამოყენებისას კვების ფრონტი ერთ ფრთაზე უნდა იყოს: 3 კვირამდე – 2 სმ; 4-12 კვირამდე 4 სმ. ხაზობრივი საკვებურის გამოყენებისას კვების ფრონტი იზრდება 25%. დაწყურვების ფრონტი 0,6 – 1 სმ-ია.
სახორცედ ციცრის გამოზრდისას იყენებენ სინათლის შემდეგ რეჟიმს: 1-4 კვირა სინათლის ხანგრძლივობა 20 სთ, 5 კვირიდან გამოზრდის ბოლომდე 17 სთ, სიათლის ინტენსიობა 1-3 კვირა 20 ლუქსი, 4 კვირიდან – 4-6 ლუქსი, 1 კგ ცოცხალ მასაზე შენობაში ზამთარში უნდა შემოდიოდეს 0,7 მ3/სთ, ხოლო ზაფხულში – 5. ჰაერის მოძრაობის სისწრაფე შესაბამისად 0,5 და 0,6 მ/წმ.
ციცარს სახორცედ ზრდიან 10-12 კვირის ასაკამდე. ნორმალურ კვება-მოვლის პირობებში 12 კვირის ასაკში ისინი 1,1 – 1,3 კგ აღწევენ. საკვების დანახარჯი 1 კგ წონამდე 3,0 – 3,4 კგ. 600 გ-ზე (ცოცხალი მასა) ნაკლები წონის ფრინველის დაკვლა არ არის სასურველი. დაკვლამდე 6-8 საათით ადრე ფრინველს საკვებს არ აძლევენ. დაკვლამდე ფრინველს ათავსებენ ჩაბნელებულ საფრინველაში (განათების ინტენსიობა 1-2 ლუქსი). ფრინველს იჭერენ ფრთებით და ფეხებით, ტრანსპორტირება უნდა მოხდეს მავთულბადიანი კედლების მქონე ყუთებში, რომელსაც იატაკი მთლიანი ექნება. დასმის სიმჭიდროვე ყუთში არ უნდა აღემატებოდეს 45 ფრთას/მ2.
სახორცე ციცრის კვება წარმოებს ორ ფაზად: ერთი დღიდან 45 დღემდე და 46 დღიდან ზევით. I ფაზაში კომბინირებული საკვები უნდა შეიცავდეს 22-24% ნედლ პროტეინს და 290 კკალ (1,21 მ/ჯოული) მიმოცვლით ენერგიას. მეორე ფაზაში 19-20% ნედლ პროტეინს და 305-310 კკალ (1,28-1,30 მ/ჯ) მიმოცვლით ენერგიას. პირველ 6-8 დღეს ციცარს ყოველ 2 საათში ერთხელ კვებავენ, შემდეგ კი ყოველ 3 საათში. 30 დღის შემდეგ გადაჰყავთ 4 ჯერად კვებაზე. მეორე დღიდან ყოველ კვებაზე აძლევენ მწვანე (სამყურა, იონჯა და სხვა) ბალახს და გაღვივებულ შვრიას. ციცარი კარგად იყენებს საძოვარსაც.
სინათლის ხანგრძლიობა 28 კვირის ასაკში შეადგენს 8 სთ, შემდეგ თანდათან მატულობს და აჰყავთ 16 სთ განათებამდე, ბოლოს კი 18 საათამდე. განათების ინტენსიობა 15-20 ლუქსია. კვერცხდების 5 თვის შემდეგ მშობელთა გუნდს გამოიწუნებენ, რადგან შემდეგ იწყება ბუნებრივი განგური (3-4 თვე), ამიტომ მათი ხანგრძლივად შენახვა არარენტაბელურია
ღრმა საფენზე შენახვისას შენობას ყოფენ სექციებად (500 ფრთა), სექციაში აკეთებენ 1 მ სიგრძის ქანდარებს 5-6 ფრთაზე. თითოეული ქანდარის ზომა 4X4სმ. ქანდარებს შორის მანძილი 35-38 სმ. ქანდარებს აწყობენ იატაკიდან 40-45 სმ სიმაღლეზე. ციცარს ახასიათებს შეწყვილების თავისებურება ე. წ. საქორწილო თამაშები, რომლის დროსაც დედალ-მამალი ციცარი ერთმანეთს ეტაკებიან და ეხეთქებიან საკვებურს და საწყურვებლებს, ამიტომაც სექციის შუა ადგილი უნდა იყოს თავისუფალი, რომ შეწყვილება ადვილად განხორციელდეს.
ციცარის კვება ანალოგიურია სხვა სასოფლო-სამეურნეო ფრინველებისა, მაგრამ განსხვავებით ქათმისგან, იგი კარგად ჭამს წვნიან საკვებს, განსაკუთრებით მწვანე ბალახს, სილოსს და სხვა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში ძალიან იზრდება დღიური ულუფის მოცულობა და მცირდება მისი ყუათიანობა, ამიტომაც დღეში ერთ ფრთაზე არ უნდა მიეცეს 20-30 გ-ზე მეტი წვნიანი საკვები.
ამრიგად, ციცრის მოშენება რეკომენდებულია კვერცხის მაღალი ხარისხის და ხორცის მაღალი საგემოვნო თვისებების გამო.
კობა ნაცვალაძე,
სოფლის მეურნეობის დოქტორი,
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი