აგრარული განათლებარუბრიკებისტატიები

რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს სოფლის მეურნეობის რეფორმა

სოფლის მეურნეობის რეფორმა ერთდროულად სამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს: ინგლისელი ჟურნალისტი ჯო სტადველი  20 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში აზიაში ეკონომიკურ მიმომხილველად მუშაობდა და ადგილობრივი ეკონომიკის ყველა ნიუანსი კარგად შეისწავლა, რაც ასახა კიდეც წიგნებში: „აზიური მართვის მოდელი: მსოფლიოში ყველაზე დინამიური რეგიონის წარმატებები და წარუმატებლობები“,  „ჩინური ოცნება“ და „აზიის ნათლიმამები”…

წიგნში როგორ მუშაობს აზია, ანუ  „აზიური მართვის მოდელი: მსოფლიოში ყველაზე დინამიური რეგიონის წარმატებები და წარუმატებლობები“ მოთხრობილია ის, თუ როგორ მიმდინარეობდა აზიის ქვეყნებში ეკონომიკურ რეფორმები, რა გაკეთდა, ან ეკონომიკის თავბრუდამხვევი ტრანსფორმაციის პირობებში, რისი გაკეთება ვერ მოხერხდა.

ავტორის აზრით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დასაჩქარებლად მთავრობას ინტერვენციის სამი ძირითადი მექანიზმის გამოყენება შეუძლია.

აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებმა, სადაც ეს მექანიზმები ყველაზე ეფექტიანად გამოიყენეს: იაპონიამ, სამხრეთ კორეამ, ტაივანმა, ახლა კი ჩინეთი იყენებს მას – არნახულად სწრაფად, ვიდრე ოდესმე ვინმემ ამ სამყაროში, შეძლეს ეკონომიკის გარდაქმნა და სიღარიბისგან თავის დაღწევა.

ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად რა როლს და მიზანს უნდა ისახავდეს სოფლის მეურნეობის რეფორმა?

ინდუსტრიული განვითარების მიზნებს და სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნებს შორის საუკეთესო, ურთიერთხელსაყრელი თანხვედრა 1945 წელს განხორციელდა, როდესაც იაპონიის ე.წ. რეტროცესიის შემდეგ, ტაივანის მთავრობამ, ქვეყნის განვითარების ამოცანა დასახა და სამოქმედო გეგმა ჩამოაყალიბა: „ინდუსტრიის განვითარება სოფლის მეურნეობის გზით და სოფლის მეურნეობის განვითარება ინდუსტრიის გზით”…

როგორც ეკონომიკური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი, სოფლის მეურნეობის რეფორმა ერთდროულად სამ მნიშვნელოვან მიზანს უნდა ემსახურებოდეს:

ა) მოსახლეობის დასაქმების უზრუნველყოფას, როგორც სოციალური სტაბილურობის და საზოგადოების სტაბილური განვითარების მექანიზმს.

როგორც ცნობილმა ეკონომისტმა მაიკლ ლიპტონმა აღნიშნა: „საზოგადოების განვითარების ზოგადი მიზნების მისაღწევად, აუცილებელია სოფლის მეურნეობის განვითარება”. რა თქმა უნდა შეგიძლიათ დიდხანს იოცნებოთ და იფანტაზიოროთ IT ტექნოლოგიების სწრაფი ზრდისა და მინი-სილიკონ ველების განვითარებაზე, როგორც ქვეყნის სიღარიბისგან თავის დაღწევის ეფექტიან მექანიზმზე, მაგრამ რეალობა სხვაგვარია;  IT სერვისების სეგმენტში აზიის ყველაზე წარმატებულმა  ქვეყანამ, ინდოეთმა, IT სექტორში დაახლოებით 3 მილიონ ადამიანის დასაქმება შეძლო, ეს იმ დროს, როცა სოფლის მეურნეობაში 200-ჯერ მეტი, 600 მილიონი ადამიანი ჰყავს  დასაქმებული.

ბ) მეურნეობის მასშტაბურობას _  მეურნეობების ატომიზაცია, ე.წ. sub-scale agriculture (დანაწევრებული სოფლის მეურნეობა) ქვეყნის გაღარიბებისკენ მიმართული პირდაპირი გეზია.

ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის მარტო ინდუსტრიის განვითარება საკმარისი არ არის, აუცილებელია სოფლის მეურნეობის მასშტაბურობის, სპეციალიზაციის, ე. წ.  და ინოვაციურ, მომგებიან პროდუქტებზე ფოკუსირება.

საინტერესო ფაქტია: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აზიის ქვეყნების (იაპონიასა და ტაივანში) სოფლის მეურნეობის წარმატებული რეფორმის გატარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, ვოლფ ლაძეჟინსკიმ. ის უკრაინიდან კომუნისტურ  რევოლუციას გაექცა და ამერიკაში გადასახლდა. ერთხანს იყო გენერალ დუგლას მაკარტურთან სოფლის მეურნეობის საკითხებზე წამყვანი მრჩეველი.

ვოლფ ლაძეჟინსკის მიაჩნდა, რომ სოფლის მეურნეობაში ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად მთავარი იყო მიწის რენტის მტაცებლური გადასახადის შეცვლა და მსხვილი სპეციალიზებული მეურნეობების შექმნა. მისი რეფორმის პაკეტის თანახმად იაპონიაში სახელმწიფომ მფლობელებისგან, ჭარბი მიწის ფართობები,  რასაც მფლობელები სათანადოდ ვერ იყენებდნენ, გამოსყიდვა და მათი გლეხებზე 30 წლიანი განვადებით გაყიდა ან გააქირავა.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ის ფაქტი, რომ აზიის სხვა ქვეყნებშიც სპეციფიკური აგრარული რეფორმები სასოფლო-სამეურნეო მიწების სიმცირითაც იყო გამოწვეული. მაგ:  იაპონიის მთელი ტერიტორიიდან, რომელიც  ოთხი დიდი და 6848 მცირე კუნძულისგან შედგება (საერთო ჯამში მას უფრო დიდი ტერიტორია აქვს ვიდრე  გერმანიას), სასოფლო-სამეურნეო სავარგულად მხოლოდ მთელი 13%-ია ვარგისი, (სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი აქაური სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სიძვირისა), ასევეა ტაივანშიც, სადაც მიწის _  75% -ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით არ გამოდგება, სამხრეთ კორეაში ეს მაჩვენებელი _ 78%-ია.

გ) უახლესი ტექნოლოგიის დანერგვა და ექსპორტზე ორიენტირება.

თანამედროვე საბაჟო სტატისტიკის წყალობით, შესაძლებელია თვალყური ვადევნოთ საექსპორტო ბაზრებზე პროდუქციის ბრუნვას, საქონლის სპექტრს და გაყიდვების მოცულობას, ფასს; შევადაროთ იგი ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ვითარებას, რათა შევძლოთ გაანალიზება, როგორ რაციონალურია ქვეყნის წარმოება, რესურსების ხარჯვა.

საერთაშორისო გაყიდვები ადგილობრივ ბაზართან უკუკავშირის აღქმის კარგი მექანიზმია, რაც მთავრობებს საშუალებას აძლევს შეაფასონ, როგორი წარმატებით მიმდინარეობს მათ მიერ გატარებული სოფლის რეფორმა აგრარულ სექტორში, რადგან, ისევ და ისევ, ექსპორტზე ორიენტირება და არა იმპორტის ჩანაცვლება,  არის  ამ name of the game თამაშის სახელი და ძირითადი მიზანი.

ამიტომაც არის, რომ აზიის მოთამაშეები დაოსტატდნენ ძალზე მომგებიანი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებაზე და მაღალსეგმენტიანი ბაზრის ნიშის მოპოვებაზე. მაგალითად, ტაივანი დაკონსერვებული საკვების წარმოებაში ლიდერია, ხოლო იაპონია მთელ მსოფლიოში წარმატებით ყიდის უძვირეს ხორცს _ „ვაგიუს” და თევზს, ასევე ხილს.

Deutsche Bank- ის კვლევის თანახმად, სამხრეთ კორეელი ფერმერის შრომისნაყოფიერება, რომელსაც ტრადიციული კულტურა _ ბრინჯის მოჰყავს, 40 (!) ჯერ მაღალია, ანალოგიურ სეგმენტში დასაქმებულ ჩინელ ფერმერთან შედარებით, რაც ძირითადად ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შედეგია.

ძალზე მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ თანამედროვე,  ექსპორტზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის სუბსიდირება უნდა განხორციელდეს, რადგან სოფლის მეურნეობის პროდუქტების საერთაშორისო ბაზარზე დღეს „სუბსიდიების ომი” წარმოებს.

მოამზადა შოთა მაჭარაშვილმა