აგროტექნოლოგიებიდარგებიმებაღეობა

კაკლის ბაღის გაშენების ოპტიმალური ვადები

კაკლის დარგვის საუკეთესო დროა ადრე გაზაფხული (მარტი-აპრილი).

კაკალი სინათლის მოყვარული მცენარეა. იგი კარგად ხარობს ღრმა, ნოყიერ, თიხა-კირიან და თიხნარ ნიადაგებში. გრუნტის წყლის დონე არ უნდა იყოს 2 მეტრზე ახლოს. იგი მძლავრი ფესვთა სისტემის გამო კარგად ვითარდება ქვაღორღიან ნიადაგებზეც.

სასურველია, ნიადაგის მჟავიანობა pH 5,5-დან 8-მდე იყოს.

კაკალი, როგორც წესი, ირგვება 10×10 მ, 8×10 მ, 8×8 მ-ზე, ხოლო ჩენდლერის ჯიშის ნერგები ირგვება 6×6მ-ზე და 6×5 მ-ზე.

დარგვამდე აუცილებელია ორმოს მომზადება. ორმოს სიღრმე უნდა იყოს 0,70 მ., ხოლო დიამეტრი 1 მეტრამდე.

კაკლის ბაშენება 222

თითოეულ ორმოში წინასწარ უნდა შევიტანოთ 15-20 კგ. წინასწარ მომზადებული ორგანული სასუქი (გადამწვარი ნაკელი, ტორფნაკელიანი, ტორფდოლომიტიანი და სხვა ორგანული წარმომავლობის მომზადებული ორგანული მასა). თითოეულ ორმოში აუცილებელია ჩავუკეთოთ 100 გრამი ფოსფოროვანი და 60 გრამი კალიუმიანი სასუქი.

ნერგს ორმოში დარგვის წინ უნდა შეეკვეცოს ფესვები, ამოევლოს წუნწუხში და ჩაირგოს ორმოში ისე, რომ ფესვის ყელი, ან ნამყენი ადგილი მიწის ზედაპირიდან 7-10 სმ-ის ზევით დარჩეს.

ახალჩარგული ნერგი აუცილებლად უნდა მოირწყას და აიკრას ჭიგოზე.

კაკალის სამრეწველო ბაღში, პირველ სამ წელიწადს, რიგთშორის მიზანშეწონილია სათოხნი პარკოსანი კულტურების (სოიო, ლობიო და სხვა), ან სასიდერაციო კულტურების თესვა, რომელიც ყვავილობის პერიოდში ნიადაგში ჩაიხვნება.

მოვლა ითვალისწინებს კაკალის რიგთშორისების საგაზაფხულო – საშემოდგომო დამუშავებას, მცენარეების ირგვლივ შემობარვას, ორ-სამჯერ ნიადაგის გაფხვიერებას და ორგანულ-მინერალური სასუქების შეტანას, საჭიროების შემთხვევაში (გვალვა, ცხელი ამინდები და სხვ.) მორწყვას.

ახალგაშენებულ ბაღებში, მსხმოიარობაში შესვლამდე ვარჯის გარშემო, ერთ მეტრ კვადრატზე, უნდა შევიტანოთ 10-12 გრამი აზოტოვანი, _ 4-5 გრამი ფოსფოროვანი და _ 3-4 გრამი კალიუმიანი სასუქი.

მსხმოიარობაში შესვლის შემდეგ ყოველი ძირის ქვეშ საჭიროა 30-40 კგ. ორგანული სასუქის შეტანა, ხოლო მინერალური სასუქი ჰექტარზე _N100, P90, K60 კგ. ნორმით უნდა შევიდეს. 

წყარო: ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია