მედიასტატიები

აგრონომი გოგოს ამბავი

 „მძიმე შრომას და ტალახს არასდროს ვერიდებოდი. თუ ამის გეშინია, აგრონომი ვერ გახდები“, – ამბობს მერი ბექაური, 24 წლის გოგო რუსთავიდან, რომელმაც პირველი სამსახური 3 წლის წინ ევროკავშირის და FAO-ს ახალგაზრდა აგრონომთა პროგრამაში სტაჟიორობით დაიწყო. ერთი წლის შემდეგ, ის FAO-ს აგრონომი გახდა, დღეისთვის კი  უკვე 26 ფერმერული მეურნეობა აქვს მოწყობილი საქართველოს ოთხ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სადაც 100-მდე ფერმერს ბოსტნეულის, ხილის, სალათის ფოთლებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანაში ეხმარება.

ქართველ ახალგაზრდებში აგრონომის პროფესია პოპულარობით არ სარგებლობს. სფეროს პროფესიონალები, ძირითადად, უკვე  ხანდაზმულ ასაკს მიღწეულები არიან.

„როდესაც აგრარულ უნივერსიტეტში ჩავაბარე, ფაკულტეტზე მხოლოდ რვა სტუდენტი ვიყავით“, – ამბობს მერი და იქვე აღნიშნავს, რომ მისმა გადაწყვეტილებამ, სწავლა ამ მიმართულებით გაეგრძელებინა, მეგობრებიც და ოჯახის წევრებიც გააოცა.

 

„ბევრი პროფესიისგან განსხვავებით, აგრონომიაში შედეგის ძალიან სწრაფად დანახვაა შესაძლებელი – ეს ძალიან სასიამოვნოა. ფერმერს ვურჩევთ და ვასწავლით თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკებს, შემდეგ სეზონზე კი ხედავ,  რომ უფრო მეტი და უფრო ხარისხიანი მოსავალი მიიღო. ხვდები, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება მოახდინე, შრომა დაგიფასდა და შენი ჩარევის გარეშეც გააგრძელებს ფერმერი უკეთესი შედეგის მიღებას“,   – ამბობს მერი.

მერი ბექაური ერთ-ერთი იყო იმ აგრონომი სტუდენტებიდან, ვინც ევროკავშირის და FAO-ს სტაჟირების პროგრამაში უნივერსიტეტის დასრულებისთანავე ჩაერთო. როგორც ის ამბობს, უნივერსიტეტმა სტუდენტებს ღირებული თეორიული ცოდნა მისცა, თუმცა,  პრაქტიკული გამოცდილება – არასაკმარისი.

„სტაჟირების პროგრამაში ჩართვისთანავე, საცხოვრებლად გადავედი სოფელში, სადაც რამდენიმე თვე სხვადასხვა მიწის ნაკვეთზე მუშაობაში გავატარე.  ბევრი რამ ვისწავლე ფერმერებისგან, ამავდროულად, ჩემი ცოდნაც გავუზიარე”, – ამბობს ის.

როგორც FAO-ს გუნდის წევრს, მერი ბექაურს დაევალა ქართველი ფერმერებისთვის გაეცნო თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მიდგომები: მულჩირება, ბაზოების ფორმირება; კონსერვაციული, გარემოს დამზოგავი სასოფლო-სამეურნეო მეთოდები: წვეთოვანი სარწყავი სისტემა – რაც  სიახლეა. ინოვაციების პრაქტიკაში დანერგვა კი, ხშირად,  ქართველი ფერმერისთვის დიდი გამოწვევაა.

„ყოველთვის რთულია ფერმერების ნდობა მოიპოვო, გააცნო თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მეთოდები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქალაქიდან ჩასული ახალგაზრდა ხარ.  სოფლის მეურნეობის ტრადიციები სოფლად ხომ თაობებიდან თაობას გადაეცემა, ტრადიციების შეცვლა კი ძალიან რთულია. რა შეუძლია გვასწავლოს ამ პატარა გოგომ? – ასეთი რეაქცია იშვიათი არ იყო იმ ფერმერების მხრიდან, რომლებთანაც ვმუშაობდი“, – იხსენებს მერი.

მერის თქმით, ფერმერთა ნდობის მოსაპოვებლად, მთავარი თავდაუზოგავი შრომა იყო. როდესაც ფერმერებმა დაინახეს, რომ იგი მიწაზე მუშაობას და სარწყავი სისტემების მოწყობის პროცესში უშუალო ჩართულობასაც არ ერიდებოდა, თანდათან მისდამი პატივისცემა და ნდობა გაუღრმავდათ.

„გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ, თავდაპირველად, მერის  ეჭვის თვალით ვუყურებდით. მაგრამ, რაც დრო გადიოდა და ვხედავდი ჩემი მეურნეობის უკეთესობისკენ გარდაქმნას, მის მიმართ ნდობა გამიჩნდა. 2021 წელს ჩემი პომიდვრის წარმოება გაორმაგდა და ამ შედეგს ვერასოდეს მივაღწევდი მერის დახმარების გარეშე”, – ამბობს ნინო კაკიჩაშვილი, ფერმერი ახმეტის მუნიციპალიტეტიდან.

მერის თქმით, ქალი-აგრონომობა კიდევ დამატებითი გამოწვევაა:  სოფლებში აგრონომების უმეტესობა მამაკაცია და ფერმერებისთვის ქალი სპეციალისტი უცხოა. თუმცა, რადგან დღეს  საკუთარ სასოფლო-სამეურნეო წარმოებას უფრო მეტი ქალი იწყებს, მერის გაუადვილდა საერთო ენის გამონახვა როგორც ქალ, ისე მამაკაც  ფერმერებთან.

„სოფლის მეურნეობის სფეროში საქართველო კვლავ განიცდის პროფესიონალების დეფიციტს.  გვჭირდება მეტი ახალგაზრდა აგრონომი, რათა ფერმერებისთვის უზრუნველვყოთ ცოდნაზე ხელმისაწვდომობა. გვჭირდება მეტი ქალი ამ სფეროში. მართალია, დღეს სოფლის მეურნეობის სფეროში უფრო მეტი ქალია ჩართული, ვიდრე ადრე, მაგრამ მათ, მამაკაც ფერმერებთან შედარებით, ინფორმაციაზე ნაკლები ხელმისაწვდომობა აქვთ.    ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც FAO-ს აგრონომთა სტაჟირების პროგრამა დავიწყეთ”, – განაცხადა ხავიერ სანს ალვარესმა, FAO-ს პროგრამის კოორდინატორმა.

მერი ბექაურის თქმით,  გამოწვევების მიუხედავად,  FAO-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ სასოფლო-სამეურნეო ტრენინგებს უფრო მეტი ქალი ესწრება.

„ქალებს ყოველთვის უზარმაზარი წვლილი შეჰქონდათ სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში. ისინი ისეთივე მძიმე სამუშაოს ეწევიან, როგორც მამაკაცები. თუმცა, დღეს, სოფლად მცხოვრები ქალები იწყებენ საკუთარ წარმოებას და საჭიროებენ ექსპერტებისა და სპეციალისტების რჩევებს, რისი უზრუნველყოფაც აგრონომებს შეუძლიათ”.

ახალგაზრდა აგრონომი ასევე აღნიშნავს, რომ იზრდება ახალგაზრდების ინტერესი სფეროს მიმართ. „2019 წელს, როდესაც  მე  უნივერსიტეტი დავამთავრე, აგრონომიის ფაკულტეტზე ოთხჯერ მეტჯერ მეტმა სტუდენტმა ჩააბარა. ვიმედოვნებ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და უფრო მეტი ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი გააცნობიერებს, თუ რამდენად გამოსადეგი შეიძლება იყოს ეს პროფესია”, – ამბობს მერი.

ევროკავშირის მხარდაჭერით, FAO-მ ახალგაზრდა ქართველი აგრონომების სტაჟირების პროგრამა 2019 წელს დაიწყო. პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 20-მდე სტუდენტმა და კურსდამთავრებულმა. ერთწლიანი ანაზღაურებადი სტაჟირება მიზნად ისახავს,  ქართველ ფერმერებს თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მეთოდებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაში ხელი შეუწყოს

წყარო: www.fao.org/georgia/news/