აგრარული განათლებარუბრიკებისტატიები

მეცნიერები საწარმოში _ გამსვლელი სემინარი კომპანია „ბიოტექსში“

2021 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს გამსვლელი სემინარი  სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანებაში „ბიოტექსში“ ჩატარდა.

 სემინარს ხელმძღვანელობდნენ აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი და აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე.

სემინარი გახსნა აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა სამეცნიერო ღონისძიებების აღნიშნული ფორმით  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ბიოტექსი 33333333333333333333333

სემინარის მონაწილეებს   კომპანია „ბიოტექსის“  ისტორიის, საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა  კომპანიის დირექტორი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ნიკოლოზ ზაზაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ შპს „ბიოტექსი“ წარმოადგენს აგრარულ სფეროში, ვეტერინარული მედიკამენტების, ვიტამინურ, მინერალურ საკვებ დანამატების, სადეზინფექციო, სადეზინსექციო, სადერატიზაციო და მცენარეთა დაცვის სხვადასხვა საშუალებების მწარმოებელ კომპანიას. დაარსების წელია 1991 წელი, თავდაპირველი სახელწოდებით „სოდანი“, ხოლო 1996 წლიდან – სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება – „ბიოტექ ეკო სინთეზი“ ანუ შემოკლებით „ბიოტეკსი“. მის სახელს უკავშირდება არამხოლოდ საქართველოში კარგად ცნობილი 180-მდე დასახელების ქართული პროდუქტი, რომელთა შექმნასა და დანერგვაში მონაწილეობს 20-მდე მეცნიერ-თანამშრომელი და 100-ზე მეტი სპეციალისტი. „ბიოტექსი“ მისი პროდუქციის სრულ სპექტრს ძირითადად აწარმოებს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით, ხოლო ნაწილობრივ გარე ბაზრისთვის, რეგიონში, მეზობელი ქვეყნების მოთხოვნების შესაბამისად  „ბიოტექსი“ ყოველდღიურად ცდილობს მისი პროდუქცია თანამედროვეობის ზუსტი გამოძახილი იყოს. ბოლო წლებში თანამედროვე სტანდარტების მანქანა-დანადგარებით აღიჭურვა რამდენიმე საწარმოო უბანი. დაიხვეწა წარმოებისა და კონტროლის სისტემები. შპს „ბიოტექსი“ სერთიფიცირებულია TÜV.SÜD-ს მიერ ISO 9001 – 2015 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. აღსანიშნავია ის, რომ დღეისათვის მისი საწარმოო პრაქტიკა სრულ შესაბამისობაშია GMP სტანდარტთან. გრძელდება მუშაობა სერთიფიცირებასთან დაკავშირებით.

დოქტორმა ნიკოლოზ ზაზაშვილმა აღნიშნა აგრეთვე, რომ ბოლო დროს, საქართველოში, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასთან და ინოვაციური პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებული გამოწვევები მეტად აქტუალური გახდა. სწორედ ამ მისიით, კომპანია „ბიოტექსის“ R&D – დეპარტამენტის ბაზაზე ჩამოყალიბდა ბიორაციონალური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრი – “BrTRC”. მისი მიზანია აგრარულ სფეროში, მედიცინასა და ეკოლოგიაში ინოვაციური პროექტების შემუშავება და განხორციელება, რომლებიც ძირითადად სოციალური ხასიათის პრობლემების გადაჭრას ემსახურება. ცენტრის შექმნამდე ამ საქმიანობას 25 წლის განმავლობაში ეწეოდა სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ბიოტექსი“, რომლის განვითარებამ და სამეცნიერო კვლევების გაფართოვებამ განაპირობა ორგანიზაციის სულ სხვა რელსებზე გადასვლა. ცენტრის ირგვლივ გაერთიანებული არიან ინდუსტრიული პარტნიორები საკუთარი პროფილით და ფუნქციებით. თუმცა, ის მუშაობს ღია კარის პრინციპით, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მეცნიერსა თუ სამეცნიერო ჯგუფს, საწარმოო ორგანიზაციას და სხვა, შეუძლიათ ცენტრის რესურსების გამოყენება.

ბიოტექსი 22222222222222222222222222222222222222222222

კომპანიის დირექტორმა აღნიშნა ისიც, რომ თანამედროვე მსოფლიოში შეიცვალა გამოგონების, ინტელექტუალური პროდუქტის შექმნის გზებიც. გამოგონება ეფუძნება არა ერთი პიროვნების, არამედ მეცნიერთა, მკვლევართა და სხვა ჯგუფების ერთობლივი შრომის შედეგს. სწორედ ასეთ საინოვაციო ცენტრს წარმოადგენს დღეს “BrTRC”, საუკეთესო  კლინიკური,  სადიაგნოსტიკო და საანალიზო ლაბორატორიული ბაზით.

კომპანიის  წარმომადგენლებმა მიუთითეს,  რომ წარმოების წინსვლა და განვითარება მეცნიერების თანადგომის გარეშე შეუძლებელია. სწორედ ამიტომაც კომპანიის სლოგანია „ჩვენი ძალა ცოდნაშია“- აღნიშნა დოქტორმა ნიკოლოზ ზაზაშვილმა.

სემინარის მონაწილეების კითხვებს უპასუხა კომპანიის დირექტორმა, ხოლო  კომპანიის შესახებ შთაბეჭდილებებზე, მეცნიერებსა და კომპანიას შორის შემდგომი თანამშრომლობისა და პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს აკადემიკოსებმა  ჯემალ გუგუშვილმა, ელგუჯა შაფაქიძემ, თენგიზ ყურაშვილმა, ვეტერინარული კლინიკის ხელმძღვანელმა ქ-ნმა ნ. ომარაშვილმა, წამყვანმა სპეციალისტმა ქ. ჭიპაშვილმა და სხვებმა.

სემინარის მონაწილეებმა დაათვალიერეს კომპანია „ბიოტექსის“ საწარმოო კორპუსი, ლაბორატორიები,  ბიორაციონალური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრი და კომპანიის ახლად შექმნილი მეტად შთამბეჭდავი მარკეტინგული ცენტრი (სადაც განმარტებებს იძლეოდა ბიოლოგიის დოქტორი მიხეილ ჭიჭაყუა), რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს როგორც ადგილობრივი, ისე მეზობელი სახელმწიფოების მეცხოველეობის დარგით დაინტერესებულ ფერმერებთან.

 ჯემალ გუგუშვილი, აკადემიკოსი,

ელგუჯა შაფაქიძე, აკადემიკოსი,

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია