ბლოგიმე და ჩემი სოფელირეგიონებირუბრიკები

გრიშა ბაბუა, ღვინო, ბუკეტი და … იტალია

საქართველოში არის სასოფლო – სამეურნეო მიკროზონები, სადაც განსაკუთრებულად გამორჩეული, მაღალი ხარისხის ესა თუ ის კულტურა მოდის.

ამის საუკეთესო მაგალითია ხვანჭკარა, რომელიც სრულყოფილ პროდუქციას, ანუ სახელგანთქმულ ხვანჭკარის ღვინოს, მხოლოდ და მხოლოდ ასეთ ზონაში იძლევა.

მსგავსი  მიკროკლიმატი განაპირობებდა მახათაურელი გლეხის გრიშა ტოგონიძის სასწაულებრივი ღვინოს, რომლის ცნობადობას და აღიარებას ერთადერთი ზეპირი „ეტიკეტი „განსაზღვრავდა – საუცხოო!

გრიშა ბაბუა 33333333 საოჯახო მარანი 22222222222

თვითონ გრიშა ბაბუაც თავის ღვინოზე არანაკლები ავტორიტეტით სარგებლობდა სოფელში. ბევრი ხელობა და ხელსაქმე იცოდა. არავისთვის იშურებდა ცოდნასა და ძალ – ღონეს.

_ კი, ვენახის შეწამვლას მოვრჩები და ნაშუადღევს მოვალო – დააიმედებდა მეზობელს.

_ მოხვალ, მაგრამ შენი ღვინის შემხედვარე რა დაგახვედროო –  დაირცხვენდა მეზობელი.

_ ღვინოს მე წამოვიღებ,შენ მჭადი, ყველი, მჟავე და პრასი არ დაინანოო დაამშვიდებდა.

ბედნიერი კაცი იყო გრიშა ბაბუა ოთხი შვილისა და მრავალი შვილიშვილის, მთელი სამეზობლოს სიყვარულის გარემოცვაში.

მაგრამ, დიდი მგოსნის აფორიზმის არ იყოს, „…ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა?“

უბედურმა შემთხვევამ რომ სამი ქალიშვილის შემდეგ ნანატრი ერთადერთი გვარის გამგრძელებელი უმსხვერპლა, მაშინ დამთავრდა მისთვის სამყარო.

გრიშა ბაბუა 555555555 გრიშა ბაბუა 6666666666666666

თვალში სინათლე მოაკლდა, მუხლში სიძაბუნე იგრძნო. ნაღველი ჩაუდგა სულში – აქაურობას ჩემსავით ვინღა მიხედავსო.

და როცა შეიტყო, ერაყში სამშვიდობო მისიით მომსახურე შვილიშვილ თეას ბედი ეწვიაო, გაიხარა მოხუცმა – სიძეს ოჯახში მოვიყვან,ვაზის სიყვარულს ვასწავლი,ვენახში  ჩემი შემცვლელი იქნებაო.

ბიჭად – ბიჭობა და ოჯახიშვილობა არ დაეწუნებოდა სასიძო უჩა მაჭარაშვილს, ვინც იმავე მისიას ასრულებდა ერაყში, სადაც წყვილის სიყვარული ჩაისახა, მაგრამ -ეგენი სამხედრო მოსამსახურენი არიან, ვენახისთვის სად ეცლებათო – გაჯიუტდა გრიშა ბაბუა. მყარი გამოდგა ბომბების ბათქა-ბუთქში, ავტომატების კაკანში, საგანგაშო მაშხლების შუქში დაბადებული სიყვარული: ოჯახურ საქმიანობაში გამოუცდელობასაც სძლია, საკარმიდამო მეურნეობის გაძღოლაც ისწავლა და გრიშა ბაბუას სიჯიუტეც გატეხა.

თუმცა ახლა სიძე გაჯიუტდა, ზედსიძეობა იუკადრისა მდინარე ძირულას ხეობაში გაზრდილმა.

–  დროებით იყავი ჩვენთან, ადგილის მეტი რა მაქვს, საკუთარი სახლი აიშენეო – გადმოიბირა მოხუცმა.

სანამ ასეც მოხდებოდა, ვენახს და ჭურ-მარანს სასიკეთოდ დაეტყო უჩას გამრჯე ხელი.

ბაბუამ ერთხელაც,ზვარში, ვაზის გასამორჩნად შუბლზე სპეციალურ სანათდამაგრებული, შუაღამემდე შემორჩენილი სიძე იხილა. ჩათვალა – ჩემი მისია დამთავრებულია, ამისი იწყებაო და რამდენიმე თვის შემდეგ ღვთისა და ადამიანების წინაშე ვალმოხდილმა დატოვა ამქვეყნიური წუთისოფელი.

დაბარება კი მოასწრო – იშვიათი ჯიში, რკო, მობერდა გააახალშენეთ, „ბუკეტიც“ (ფერის, გემოს, ხარისხის შეხამება), რომელსაც სხვადასხვა ჯიშის ყურძნის შერევა ქმნის, არ დაივიწყოთ სანამ ესენი იქნება, ჩათვალეთ, მეც ცოცხალი ვარო. თუ არ დაიზარებთ, ხანდახან საფლავთან ღვინოც დამიდგით, იქნებ „იქედანაც“ დავინახოო.

203100630_787708358601622_3511205482767823447_n (1) 62012871_348505579188571_2226591658487578624_n 96131994_545261582846302_630305988494229504_n

ყოველ საუფლო დღეს, გრიშა ბაბუას საფლავთან, მაგიდაზე, ხელადა დგას. აბა,რა გული გაუძლებთ გამვლელ-გამომვლელებს, რომ ცოტა ხნით არ ჩამოსხდნენ, პატივი არ მიაგონ და მირონივით ღვინით ყელი არ ჩაიკოკლოზინონ.

მკლავებმოუღლელი სიძეც, სამხედრო სამსახურის (საჩხერის სამთო მომზადების სკოლა) პარალელურად, „აცოცხლებს“ ამაგდარ ბაბუას: რკოც გააახალშენა, იმერული კაპისტონიც გააშენა, დანატოვარი ზვარი 3500 მეტრ ფართობამდეც გაზარდა და არც ციცქის, ცოლიკოურის, ძელშავის ზვრების გაფართოება დავიწყებია. სამი ანგელოზი შვილთაშვილიც შემატა ბაბუის ნაგრამს.

მებრძოლის თვისებებს არა მარტო სამსახურებრივი და საოჯახო საქმიანობაში,საუბარშიც  ძალუმად ამჟღავნებს უჩა:

„არ გაგიკვირდეს, დაჯდომას ვერაფრით შევეჩვიე, ბოდიშს გიხდით, ფეხზე მდგომი უნდა მოგემსახურო.

შუღამემდე რა მინდა ვენახში? დილამდეც ბევრჯერ შემოვრჩენილვარ. ვაზს როცა სჭირდება, დრო არ უნდა დაუზოგო. ოდნავაც თუ თვალი მოუხუჭე, შემოდგომაზე თვითონ მოგიხუჭავს თვალს, 1500 ძირი კაპისტონის, თეთრი და შავი რკოს ნერგი მაქ შეკვეთილი.

საკუთარ მიკროზონაში ჰექტრამდე უნდა ავიყვანოთ ზვრები, ძირითადად შპალზე. ნაწილი – სარზე,გრიშა ბაბუას ხსოვნის უკვდავსაყოფად. მისეულ ბუკეტსაც ვინარჩუნებ.

სპეციალურ სარდაფში, ღვინის საცავში ჩამიძღვის სადაც თაროებზე მხართეძოძე წამოწოლილი ბოთლებია. „ ესენი არიან ბუკეტები: ძელშავი წითელი, ძელშავი რიზე (ვარდისფერი), ციცქა ცქრიალა, ცოლიკაური მშრალი, ციცქა-ცილიკაური, რკო-ციცქა-ცოლიკაური, ძელშავი-ცოლიკაური-რკო“- მარცვლავს სახელწოდებებს კრიალოსანივით.

„ამა თუ იმ ჯიშისთვის სადაგი ნიწის სინჯის სპეციალურ ლაბორატორიაში დადგენის გარეშე ერთი ძირი ვაზიც არ დამირგია. გამორჩისას, შეწამვლისას, მით უმეტეს დაწურვა- დაღვინება- შენახვისას ტემპერატურული რეჯიმის დაცვაა საჭირო. შეწამვლას ამინდის გათვალისწინებით ვაწარმოებ, საშუალოდ 8-10-ჯერ, ხანდახან მეტჯერაც. ბიოპრეპარატების გარდა ჯერ არავითარი შესაწამლი მასალა არ მიხმარია და არც ვაპირებ“.

გრიშა ბაბუა 77777777777777 გრიშა ბაბუა 999999999999999999

მამა-პაპურ ადათების კარგად უხამებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. დუღებადამთავრებული ღვინოების ნიმუშები თბილისში ჩააქვს მქრქოლავის, ალკოჰოლის, სიმჟავის შემცველობათა განსაზღვრისათვის.

სულ წიგნებს ჩაჰკირკიტებს, სულ კომპიუტერში იცქირება, რაიმე ტექნოლოგიური სიახლე რომ არ გამორჩეს. მაინც არაა თვითკმაყოფილი და ხშირად ჩააკითხავს ხოლმე თავის მასწავლებლებს, მეღვინეობის დარგის უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტებს: გაიოზ სოფრომაძეს – ბაღათში, გიორგი ბასილაშვილს – მცხეთაში.

დასაწურად მამა-პაპურ საწნახელსაც ხმარობს და სპეციალურ ტექნიკურ მოწყობილობასაც, ოღონდ ეს უკანასკნელიც ხისაა. ტკბილისათვის ჭურებიც მრავლად აქვს (ორიგინალური თავებიანი, სულ სამნახევარი ტონის ტევადობის), უჟანგავი მასალისგან ქარხნული წესით დამზადებულ კასრებსაც.

სარქველმოხდილი  ვეებერთელა ქვევრის შიგნიდან სითეთრით გაოცებული განმარტებას ვითხოვ. თურმე შეკირწყლულია მავნე ბაქტერიებისაგან თავის დასაცავად. ტკბილის ჩასხმის წინ ამოსუფთავდება მწარე ბლის კანისგან დამზადებული სარცხით. ჯერჯერობით, ყოველწლიურად საშუალოდ ორ ტონა ღვინოს ამზადებს. ახლა მისი უმთავრესი მიზანი ბიო და ბიოდინამიური სერტიფიკატების აღებაა, სამომავლოდ კი – მიკროზონის დარეგისტრირება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი პროდუქცია განსაკუთრებულია.

აი, ამის შემდეგ გაეხსნება ყველას გზა, თუმცა გასაღება არც ამჯერად უჭირს ადგილობრივ ბაზარზე. ღირებულება (ლიტრი 25-30 ლარი) ცოტა არ იყოს ეძვირებათ, მაგრამ რომ გასინჯავენ, მყისვე იკრავენ ჯიბეზე ხელს. უჩას ღვინოს იცნობენ ჰონკონგშიც, აშშ-შიც და… გრიშა ბაბუა, ალბათ, სიზმარშიც კი ვერ იხილავდა, რომ მის „ბუკეტს“ ღვინით ცნობილ ქვეყანაშიც – იტალიაშიც სიამოვნებით აგემოვნებენ.

ზურაბ თურმანიძე, მახათაური, ნოემბერი, 2021წ.