ქონდარი მარტო სანელებელი არ არის
სხვადასხვა ქვეყნის კულინარიულ რეცეპტებში მოხსენიებულია სანელებლები, რომლებიც გაურკვევლობაში აგდებს ქართველ დიასახლისებს და არცთუ იშვიათად იწყება დავა, უცხოური დასახელების ესა თუ ის სანელებელი ჩვენთვის ნაცნობია თუ არა.
მცენარის სახელს ძველი რომაელები უკავშირებდნენ მიწათმოქმედების ღმერთ სატურნს (ბერძნული მითოლოგიით, ნაყოფიერების — სატირა). მცენარის ინგლისური სახელწოდება savory, მოდის შუასაუკუნეების ფრანგული სიტყვიდან savoury, რაც სანელებელს ნიშნავს.
რაც შეეხება ქონდარის სამკურნალო თვისებებს, ეს მცენარე უძველესი დროიდანაა ცნობილი ხალხურ მედიცინაში ტაქიკარდიის, თავბრუს ხვევის, თავის ტკივილის, შაკიკის, მომნელებელი ტრაქტის დაავადებების, ცისტიტის, მეტეორიზმის, რინიტის, მწვავე რესპირატორული ინფექციების დროს. ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან ქონდარი გამოიყენებოდა როგორც შარდმდენი, ოფლმდენი, მადის მომგვრელი, სპაზმოლიზური, ღებინების და ხველების საწინააღმდეგო საშუალება, ქოლერის, შავი ჭირის, ტიფის, ტუბერკულოზის და ყვითელი ცხელების დროს.
ნერვული აშლილობისას, რომელსაც თან სდევს ქრონიკული დაღლილობით გამოწვეული მადის დაქვეითება, უძილობა, აპათია, ფიზიკური და გონებრივი შრომისუნარიანობის დაქვეითება, ეფექტურია ქონდარის ჩაის მიღება. შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებში ქონდარის ჩაი ამცირებს წყურვილის გრძნობას. მცენარის წვენი ხსნის ფუტკრის ნაკბენით გამოწვეულ ტკივილს და შეშუპებას.
არცთუ იშვიათად ქონდარი მაიორანსა და ბეგქონდარაში ერევათ. რომლებიც ასევე ტუჩოსანთა ოჯახის წარმომადგენლები არიან. ტუჩოსანტა ოჯახი, ქონდარის გარდა, 300-მდე გვარს აერთიანებს, რომელთა დიდი ნაწილი, მაგალითად, როზმარინი, ლავანდი, პიტნა, ბეგქონდარა, სალბი, მაიორანი, რეჰანი, ბარამბო, თავშავა და სხვ. გამოიყენება სანელებლად სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოში.
წყარო:sputnik-georgia.com