ხოვლელი ფერმერის წარმატების ისტორია
ხოვლე ისტორიული სოფელია კასპის მუნიციპალიტეტში. შიდა ქართლის მშვენიერი ხედები, ეკლესია-მონასტრების, თავდაცვითი ნაგებობების სიმრავლე, მთები, ტყეები, გაშლილ სივრცეში ულამაზესი მინდვრები აქ ტურისტების დამაინტერესებელ ერთიან სიმფონიურ ლანდშაფტს ქმნიან.
ტურიზმი, რა თქმა უნდა, მეტად საჭირო და აუციელებელია, მაგრამ ვიზიტორები მოვლენ და წავლენ. საფიქრალი უფრო ისაა, რით და როგორ დახვდება მათ ერთ დროს მოსახლეობის სიმრავლით (1000 კომლი) ცნობილი სოფელი.
აგრომეურნე მალხაზ ჯანანაშვილი გვიყვება, რომ, სანამ ფერმერობას გადაწყვეტდა, მიწის დამუშავება და მოსავლის მოყვანა არც მანამდე ეუცხოვებოდა, თუმცა ამ საქმეზე მთლიანად მაშინ გადაერთო, როცა ხოვლეს საჯარო სკოლის პედაგოგმა და დირექტორის მოადგილემ მომავალი თაობის აღზრდის უკეთილშობილესი საქმის სამსახური დამთავრებულად ჩათვალა და ადგილი სხვას, ახალგაზრდა ისტორიკოსს დაუთმო, თუმცა, ასაკის მიუხედავად (65 წელი), ჯერაც ჭარმაგია, ჯანს არ უჩივის. აბა როგორ, ის ხომ ჯანანაშვილია!
„ბევრი ვიფიქრე – განაგრძობს მალხაზი – რით დამეწყო, როგორ გამომეწურა საკუთარ მფლობელობაში არსებული ოთხი ჰექტარი მიწისთვის მთელი შესაძლებლობები. ადგილობრივი ხორცწარმოების დეფიციტი გავითვალისწინე და გადავწყვიტე, მესაქონლეობაში მეცადა ბედი. „საქართველოს ბანკის“ შეღავათიანი აგრო-კრედიტი ძალიან დამეხმარა საქმიანობის განვითარებაში“.
ფერმა შევიძინე 2001 წელს, 100 სულზე. მოვაწყვე ბაგური კვების პრინციპზე, ვინაიდან სოფელში საძოვრების მწვავე ნაკლებობაა. ცხოველებს წყალი და საკვები ავტომატურად მიეწოდებათ.“
ფერმერი საჯიშე და სახორცე მოზვრებს ზრდის ექვსთვიანი ინტენსიური სუქების პირობებში, შემდეგ რეალიზაციას ახდენს. საქართველოს რომელ კუთხეშიც კი მისთვის სასურველი კონდიციის ცხოველს დაიგულებს, მაშინვე იქ მიაშურებს ხოლმე შესასყიდად. ერთი სული აქვს, როდის ავა ასსულიან სიმძლავემდე, რადგან ერთ-ერთ ძირითად მიზნად მესაქონლეობის განვითარებით შრომისუნარიანი თანასოფლელების დაინტერესება აქვს დასახული. რამდენიმე ადამიანის დასაქმება ვერაფერი ბედენაა. 100 სულ პირუტყვს კი გაცილებით მეტი მომვლელი დასჭირდება და სარგებელი თუ ადგილზე ნახა, ვინღა წავა გარე სამუშაოზე?
„ნაწილობრივ მაინც განიტვირთება დედაქალაქი, გაბერილ საჰაერო ბურთს რომ არის დამსგავსებული. მინდა ყველამ იცოდეს, საქართველო მარტო თბილისი და ქუთაისი არ არის. ქვეყანა, ძირითადად, აქაა, სოფელში. ჩვენ ხომ სოფლის მეურნეობის მიმდევარი ერი ვართ ისტორიულად. განა ტყუილად გვიწოდეს ბერძნებმა გეორგია?
ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ მოწუწუნე კაცი არ გახლავართ, მაგრამ უწესრიგობაზე თვალის დახუჭვაც არ ვარგა. ათასი წინაღობაა გადასალახავი სანამ ჩემი ნაწარმოები პროდუქცია – წელიწადში 30 ტონა ხორცი – ბოლო მომხმარებლამდე მივიდოდეს. ყველა მოწადინებულია, იაფად შეიძინოს და ძვირად გაასაღოს. ამიტომაც გზადაგზა ძვირდება და ძვირდება. სიძვირე კი მოსახლეობის ნაწილს ურტყამს.
როგორც მე ვიცი, ადამიანის ჯანმრთელობისთვის დღეში 100 გრამი ხორცი (ცხოველური ცილა) მაინც ისეთივე საჭიროა, როგორც პური და წყალი.
მალხაზმა თავდაპირველად „საქართველოს ბანკისგან“ 70 ათასი ლარის დაფინანსება მიიღო და აგრო-მეურნეობის გასაფართოებლად (20 სული პირუტყვი უკვე შეგულებული ჰყავს) შესაბამისი განაცხადით კვლავ „საქართველოს ბანკს“ მიმართა. ამჯერადაც გამოუყო მას ბანკმა საჭრო ფინანსური რესურსი და ძალიან მადლიერია, რომ ყველა გზა გაეხსნა მეურნეობის გასაფართოებლად.
ფერმერს ღორებიც ჰყავს და მისი წარმოების გაფართოებაც აქვს ჩაფიქრებული, მაგრამ, ზემოხსენებულის გარდა, ამ საქმეში დამატებითი პრობლემებიც აქვს. ეს არის გახშირებული დაავადებები, რამაც მოსალოდნელია, წყალში ჩაუყაროს შრომა და ფინანსები. ამიტომაც ყოყმანობს, შეძლებს თუ არა ჩანაფიქრის შესრულებას.
მე კი მგონია, შეძლებს, აუცილებლად შეძლებს, რადგან მალხაზ ჯანანაშვილი ისეთი ენერგიული და მიზანსწრაფული კაცია, ისე დიდად კეთილშობილურ მისიას არის შეჭიდებული, რომ წინააღმდეგობებს, რომლებიც ყოველთვის არიან ყველა საქმეში, არასდროს შეეპუება!
უმრავლოს ასეთი ფერმერები საქართველოს!
ზურაბ თურმანიძე,
ხოვლე, დეკემბერი 2021 წ.