„ქინძმარაული“ და აგროკლიმატი
„ქინძმარაული“ _ მაღალხარისხოვანი წითელი ღვინოა. იგი მზადდება საფერავის ჯიშის ყურძნისაგან სოფ. ქინძმარაულში. ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო „ქინძმარაული“ იწარმოება მხოლოდ ნიადაგურ-კლიმატური პირობებით გამორჩეულ უნიკალური ქინძმარაულის მიკროზონაში.
ქინძმარაული მდებარეობს მდ. ალაზნის მარცხენა სანაპიროზე, ყვარელის მუნიციპალიტეტთან ახლოს, ალაზნის ვაკეზე. ალაზნის ვაკე წარმადგენს კახეთის გულს, რომელიც მოქცეულია, ერთი მხრივ, კავკასიონსა და, მეორე მხრივ, გომბორის ქედსა და ივრის ზეგანს შორის. იგი სამი მხრიდან ჩაკეტილია ქედებით. საქართველოს ფარგლებში ალაზნის ვაკე გაჭიმულია 110 კმ-ზე, მისი უდიდესი სიგანე კი 28-30 კმ-ს უდრის, რომელიც მაღლდება და გადადის მთისწინეთის ზოლში. ვაკის სიმაღლე 200-470 მ-ია, მთისწინეთისა კი 700-800 მ. მთისწინეთის
ზოლი გაკვეთილია მდინარეებით, რომელთაგან მდ. მდ. დურუჯი და ბურსა ყვარელთან გამოედინება. ალაზნის ვაკეზე გამომავალი მდინარეები ქმნიან გამოზიდვის კონუსებს. მაგალითად, დურუჯს ყვარელთან აქვს ზომები: 10X6,5 კმ, შეფარდებითი სიმაღლე 180 მ (მარუაშვილი, 1964).
შიგნითკახეთის კლიმატი, თავისი ბუნებრივი პირობების გამო, მნიშვნელოვნად განსხვავდება აღმოსავლეთ საქართელოს სხვა, იმავე სიმაღლეზე მდებარე, ადგილების კლიმატისაგან. ხასიათდება ზომიერად ნოტიო კლიმატით, ცხელი ზაფხულითა და ზომიერად ცივი ზამთრით. აქაური კლიმატი და ნიადაგი ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას, აქაური მევენახეობა კი მსოფლიოში სახელმოხვეჭილი ღვინოებით ხასიათდება.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში 2300 საათს აჭარბებს.
მზის ჯამური რადიაცია მდ. ალაზნის მარცხენა მხარეს უფრო ნაკლებია და შეადგენს 110-120 კკალ/სმ2-ს, ხოლო მარჯვენა მხარეს _ 120-139 კკალ/სმ2-ს. ამის მიზეზია მარცხენა მხარეში მომატებული ღრუბლიანობა. რადიაციული ბალანსი მარჯვენა მხარეში 51 კკალ/სმ2-ს აღემატება.
შიგნით კახეთში ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა მაღალია და ტერიტორიულად იცვლება 11-130 ფარგლებში; უცივესი თვეა იანვარი 0-დან 10-მდე. უთბილესი თვეებია ივლისი და აგვისტო; ორივე ერთნაირად ცხელია და საშუალოდ შეადგენს 23,60. ჰაერის
საშუალო დღეღამური ამპლიტუდა ზაფხულში და შემოდგომაზე 9,50– ზე მაღალია; წლიური ამპლიტუდა კი 230-ს აღწევს. ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმების საშუალო 350-ია, აბსოლუტური მაქსიმუმი კი 380; აბსოლუტური მინიმუმების საშუალო შეადგენს – 110-ს, ხოლო აბსოლუტური მინიმუმი -230-ს.
ჰაერის საშუალო დღეღამური ტემპერატურის 100-ზევით მდგრადი გადასვლა აღინიშნება 5.IV-ს, ხოლო შემოდგომაზე დადგომა კი 4.XI-ს, ე.ი. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა შეადგენს 212 დღეს. აღნიშნულ პერიოდში გროვდება საშუალოდ 40000-ზე მეტი აქტიურ ტემპერატურათა ჯამი. შემოდგომა საგრძნობლად თბილია, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ყურძენში შაქრიანობის ასამაღლებლად.
ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი 1070 მმ-ს შეადგენს. ნალექების მინიმალური რაოდენობა _ 40 მმ მოდის ზამთარში (იანვარი), მაქსიმალური _ 181 მმ (მაისში), ცივ პერიოდში მოდის 265 მმ, ხოლო თბილ პერიოდში _ 805 მმ. ნალექიან დღეთა რიცხვი წელიწადში 132 დღეა.
საშუალო წლიური შეფარდებითი სინოტივე 72%-ია; ყველაზე მშრალი თვის (აგვისტო) _ 64%-ს შეადგენს; ამავე თვეში 13 საათისთვის ყველაზე დაბალი შეფარდებითი სინოტივე 48%-ია.
რეგიონში ქარები ძირითადად ხეობის გასწვრივ ქრის. წლის ცივ პერიოდში უმეტესად აღინიშნება ჩრდილოეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის, ხოლო ზაფხულობით სამხრეთისა და სამხრეთდასავლეთის ქარები. ზაფხულის ქარებს სამხრეთიდან (აზერბაიჯანიდან) შემოაქვს დამატებითი სითბო, რაც კიდევ უფრო ამაღლებს რეგიონის სითბურ რეჟიმს. ქარის საშუალო წლიური სიჩქარე დიდი არ არის, საშუალოდ 1,2 მ/წმ.
მიკროზონაში სეტყვიან დღეთა რიცხვი 2,1-ს უდრის. იგი ყველაზე ხშირად მაისში (0,9 დღე) მოდის; სავეგეტაციო პერიოდის დანარჩენ თვეებში _ 0,1-0,3 დღის ფარგლებშია.
ზემოაღნიშნულიდან შეიძლება დავასკვნათ:
1). საფერავისაგან სუფრისა და ბუნებრივად ნახევრადტკბილი ხარისხოვანი პროდუქციის მწარმოებელ კახეთის მევენახეობის ზონაში უნიკალურად ითვლება ქინძმარაულის მიკროზონა. 10X6,5 კმ2 ფართობის მქონე აღნიშნული ტერიტორია წარმოდგენილია მდ. დურუჯის მონატანი შავი ფიქლების ნაშალი მასალით მოფენილი ტყის ალუვიურ უკარბონატო ნიადაგებზე. გამოზიდვის კონუსზე ნაცრისფერი მოშავო ფერის ფიქლებიანი ნიადაგის ზედაპირი დამატებითი სითბოს წარმომქმნელია. იგი დღისით მზის სხივური ენერგიით მეტად ხურდება, ღამით კი თანდათან გამოასხივებს დანაგროვებ სითბოს.
2). საკვლევ რეგიონში შემოდგომა საკმაოდ თბილია, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს მაღალხარისხოვანი ყურძნის მოსავლის მისაღებად, მასში მაღალი შაქრიანობის დასაგროვებლად.
3). ზაფხულობით და შემოდგომაზე ქარები ძირითადად ქრის სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან, რომელსაც შემოაქვს დამატებითი სითბო ივრის ზეგნიდან და აზერბაიჯანიდან. ქარებს კედლად ეღობება და აკავებს კავკასიონის მთიანეთი, რაც კიდევ უფრო ამაღლებს აღნიშნული მიკროზონის სითბურ რეჟიმს.
4). ყვარლის მუნიციპალიტეტის საკვლევი ტერიტორიის ბუნებრივი თავისებურება, აქაური კლიმატი და ნიადაგი განაპირობებს მსოფლიოში ცნობილი ღვინო „ქინძმარაულის“ წარმოებას. მსგავსი პროდუქციის წარმოება შესაძლებელია, აგრეთვე, მდ. დურუჯის ხეობის გარდა, მდ. მდ. ჩელთისა და ბურსას ხეობების სპეციფიკურ მიკროზონებშიც.
გივი გაგუა,
საქართველოს აგროკლიმატური რესურსები