დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ადგილწარმოშობის დასახელების პროდუქცია „ქართული ქვევრი (ჭური)“

მოგეხსენებათ, გასული წლის შემოდგომაზე „ქვევრი“ დარეგისტრირდა როგორც „გეოგრაფიული აღნიშვნა“. ეს კი არ ნიშნავს, რომ ის ადგილწარმოშობის პროდუქციაა, ამიტომ აუცილებელია, ის დარეგისტრირდეს, როგორც „ადგილწარმოშობის დასახელების პროდუქცია“.

თქვენს წინაშეა საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული და გამოქვეყნებული პროექტი, რომლის განხილვაში მონაწილეობისათვის ვიწვევთ ყველა ორგანიზაციას, ფიზიკურ და ფიზიკურ პირთა ჯგუფს.

გთხოვთ მონაწილეობა მიიღოთ განხილვაში და თქვენი წვლილი შეიტანოთ ამ საშვილიშვილო საქმეში.

საქმიანი შენიშვნები და წინადადებები გამოგზავნეთ ელ/მისამართზე j.gabra@mail.ru წინასწარ გიხდით მადლობას განხილვაში მონაწილეობისათვის.

საქონლის დასახელება, რომელიც რეგისტრირდება ადგილწარმოშობის დასახელების პროდუქციად: ქართული ქვევრი (ჭური).
  1. ადგილწარმოშობის პროდუქციის დასახელება: „ქართული ქვევრი (ჭური)“.
  2. პროდუქციის დახასიათება:

        ა. განმარტება:

 ქართული ქვევრი (ჭური) – სპეციალური თიხით აშენებულ-გამომწვარი სფეროს ფორმის (2) ჭურჭელი, რომელსაც ერთი მხრიდან ბეჭებით მიბმული პირ-ყელი (1) აქვს, ხოლო მის მოპირდაპირე მხარეზე კონუსური კალთით (3) დაბოლოებული ძირი, რომელთა ერთობლიობა კვერცხის ფორმას ქმნის. იხ. ნახ.1.

სურათი 111111კსდლა;;;;;;;;ფჯჯალკვნ ვმ

          ბ. ქვევრის ფორმა-აღწერილობა:

ქვევრი, კვერცხის ფორმის მქონე საღვინე ჭურჭელია, რომელსაც შემდეგი განზომილებები და ნაწილები აქვს: იხ. ნახ. 2.

  1. ფიზიკური H სიმაღლე -ესაა სიმაღლე ქვევრის ფარფლის გარე კიდიდან ქვევრის ქუსლის ფუძემდე.
  2. ქვევრის შიდა AB სიმაღლე – რომელიც მისი შიდა სიმაღლის ღერძიცაა, ესაა სიმაღლე, ქვევრის პირის შიდა კიდიდან ქვევრის ძირამდე.
  3. ქვევრი, როგორც მის განსაზღვრებაშია ნათქვამი, წარმოადგენს სფეროს, ეს სფერო, ქვევრის მუცელიცაა, ამიტომ CD ქვევრის მუცლის დიამეტრია, O ცენტრით.
  4. ქვევრის შიდა АВ სიმაღლეს აქვს ფიზიკური K ცენტრი.
  5. ქვევრს აქვს ყელის ef დიამეტრი -რომელიც ქვევრის მუცლის დიამეტრის ოქროს კვეთის პროპორციის მცირე მონაკვეთის ტოლი უნდა იყოს. ბრტყელძირიანი ქვევრების აშენების შემთხვევაში საჭირო იქნება ქვევრის ძირის დიამეტრის განსაზღვრა, რომელიც ოქროს კვეთის პროპორციად დაყოფილი ქვევრის ყელის დიამეტრის დიდი მხარის ტოლი უნდა იყოს.

ქვევრს, გარდა განზომილებებისა, აქვს შემდეგი ნაწილები: იხ. ნახ. 2.

სურათი 222222222222

  1. ქობა, ანუ ქვევრის ფარფლი – როცა ქვევრი, დასადგმელი ჭურჭელი იყო, მას ჰქონდა ქობა, ანუ პირის რკალს გამაგრების მიზნით, მის გარშემო, გამრგვალებულ თიხის რკალს უკეთებდნენ. ქობას გაფართოება-გაბრტყელება საჭირო გახდა ქვევრის მიწაში ჩადგმის კულტურის დამკვიდრების შემდეგ, რადან ქვევრის პირის ჰერმეტიზაციის მიზნით დაიწყეს ქვევრის პირის ბადიმით დახურვა. ანუ ქვევრის პირის გარშემო შემოვლებული მრგვალი ქობას გაბრტყელებით მიიღეს ქვევრის ფარფლი.
  2. ქვევრის პირი – ქვევრის ფარფლით მოქვაბული ბრტყელი სიცარიელე, რომელიც ქვევრის ყელისა და ფარფლის შიდა კიდის კვეთის წრეწირს წარმოადგენს.
  3. ქვევრის ყელი – ქვევრის პირსა და ბეჭებს შორის მოთავსებული ცილინდრის ფორმის შიდა მონაკვეთი.
  4. ქვევრის სარტყელი – ქვევრის ფარფლს მოპირდაპირე მხრიდან მასიური თიხით ასქელებენ, რომელიც ფარფლის სიმტკიცის ამაღლების მიზნით კეთდება.
  5. ქვევრის კისერი – ქვევრის ყელის გარე მხარე, სარტყელიდან ბეჭებთან მიერთების რკალამდე.
  6. ქვევრის ბეჭები – ქვევრის კისრის ცილინდრის ბოლოდან დაწყებული კედლის გაფართოება, ქვევრის მუცლის ზედა რკალთან მიერთებამდე.
  7. ქვევრის მუცელი – ქვევრის მუცლის სფეროს მონაკვეთი ბეჭებთან მიერთების რკალიდან ქვევრის კალთის დავიწროვების დასაწყისამდე.
  8. ქვევრის კალთა (მუჯურო) – ქვევრის კედლის კონუსური დავიწროვება, მუცელთან მიერთების რკალიდან ქვევრის ქუსლამდე.
  9. ქვევრის ქუსლი – ცილინდრის ფორმის მქონე მასიური თიხის 6-8 სმ. სიმაღლის ძირი, რომელზედაც დგას ქვევრი. ქვევრის ქუსლს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ბევრი სახელით იცნობენ, მაგრამ სახელწოდება ქუსლი ზუსტად გამოხატავს მისი სამსახურის აზრს, რადგან ის ქვევრისთვის ისეთივე საყრდენს წარმოადგენს, როგორსაც ადამიანის ტანისთვის ფეხის ქუსლი (ტერფი კი წონასწორობის შენარჩუნებას ემსახურება).
  10. მიწაში თავმდაბლად ჩადგმულ ქვევრს აქვს „ქვევრის თავის ორმო“, რომელიც წარმოადგენს სიცარიელეს, მიწაში ჩდგმული ქვევრის ფარფლიდან მარნის სოხანემდე. მათი ერთობლიობა შემავსებლებთან ერთად (თიხის რგოლი, ბადიმი და თიხის თავსახური ან მშრალი მიწა) ქვევრის თავს წარმოადგენს.

* ქვევრის პირის გარშემო მოქვაბულ ბრტყელ ფარფლზე ნედლი თიხის რგოლით ხდება ბრტყელი ქვის ბადიმის დაწებება, რომელიც უზრულველყოფს მასში ჩასხმული ღვინის ჰერმეტიზაციას.

 შენივნა:

     * დიდი ზომის ქვევრებს მასში ჩასული მრეცხავი რეცხავს, ამიტომ ასეთი ქვევრების პირის დიამეტრი არ შეიძლება 50 სმ-ზე ნაკლები იყოს.

        გ. ქვევრის ტევადობა.

საქართველოში ქართველ მექვევრეებს ათობით საუკუნის მანძილზე რამდენიმე ლიტრიდან რამდენიმე ტონამდე ტევადობის ქვევრები უშენებიათ. დღეის მდგომარეობით კახეთის რეგიონის ყვარლის სოფლებში შილდასა და საბუეში 6 ტონა ტევადობის ქვევრები ფიქსირდება. აშკარა ლიდერი კი 1967 წელს აშენებული ქვევრია, რომელიც ქვევრის შენების დიდოსტატს არჩილ ყარაულაშვილს აუშენებია, ამჟამად მისი მფლობელი ზურაბ ყარაულაშვილია თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. ვარდისუბნიდან. გადმოცემის თანახმად ადრე, კახეთის რეგიონის კოლმეურნეობებში მრავლად ყოფილა 10-15 ტონიანი ქვევრები, რომლებიც ამოღება-ტრანსპორტირების დროს (ღვინის ქარხნებში გადატანის მიზნით) დამტვრეულა.

        დ. მზა ქვევრის მახასიათებლები:                              

მზა ქვევრის დახასიათება პირველ რიგში მისი ფორმით უნდა დავიწყოთ. უძველესი საღვინე ქვევრები, რომელთა ასაკი ათობით საუკუნეა, საქართველოს მუზეუმებშია გამოფენილი. ყველა ამ ქვევრს კვერცხის ფორმა აქვთ და ძირითადად ბრტყელ ძირზე, ანუ დასადგმელ ჭურჭლადაა აშენებული. ეს კი იმას ადასტურებს, რომ ქვევრი მისი შენების საწყისი პერიოდიდან ათასწლეულების მანძილზე ბრტყელ ძირზე იდგა და დასადგმელ ჭურჭლად აშენებდნენ.

ქვევრის ზომაში ზრდამ და ღვინის ხანგრძლივი დროით შენახვის მოთხოვნამ ჩვენი წინაპარი ქვევრის მიწაში ჩადგმის აუცილებლობამდე მიიყვანა. ღვინის გამძლეობის ასამაღლებლად საჭირო იყო ის მუდმივ დაბალ ტემპერატურაზე შეენახათ. გამოქვაბულში ცხორების წარსულმა ადამიანს უკარნახა, რომ მუდმივი დაბალი ტემპერატურა, მხოლოდ მიწის სიღრმეშია და საჭიროა ქვევრის მიწაში ჩადგმა. აქ კი, ცხადია, თავი იჩინა მიწაში ჩადგმული ბრტყელძირიანი ქვევრის ბოლომდე გაცლის სირთულემ, რამაც ჩვენს წინაპარს ქვევრის ფორმის შეცვლა აიძულა და მათაც ქვევრების კონუსურ ძირზე შენება დაიწყეს. იხ.ნახ.2. ქვევრის ძირის ეს სახეცვლილება მასიურად დაახლოებით ძვ.წ. XI საუკუნიდან იწყება (ეროვნულ მუზეუმში გვაქვს მცირე ზომის ერთი ქვევრი კონუსურ ძირზე, რომელიც ძვ. წლ. III ათასწლეულით თარიღდება). აქედან გამოდინარე ქართული ქვევრი, როგორც ბრტყელ ძირზე აშენებული, ისე კონუსურ ძირზე მდგარი ქართული ქვევრის ტრადიციული ფორმებია.

ქართულ ქვევრს სხვადასხვა ზომის პირის (ყელის) დიამეტრი აქვს, ეს გამოწვეულია მისი მოვლის და რეცხვის თავისებურებით, ასევე გათვალისწინებულია ზამთარ-ზაფხულში ტემპერატურის ცვლილებით ღვინის მასის მომატება, ანუ მომატებული ღვინის რაოდენობა ქვევრის ყელმა ინდა დაიტიოს. მცირე ზომის ქვევრები (400 ლიტრამდე ტევადობის) 18-30 სმ. დიამეტრის ყელით შენდება, ანუ ასეთი ზომის ქვევრების რეცხვა გრძელტარიანი სარცხით ზემოდან ქვევრში ჩაუსვლელად ხდება და მათთვის განიერი პირი საჭირო არ არის (იმ ზომისაა საჭირი ქვევრში სარცხი რომ ჩაეტიოს). რაც შეეხება ქვევრებს, რომელსაც ქვევრში ჩასული მრეცხავი რეცხავს, მათი პირის დიამეტრი  50 სმ. და მეტი უნდა იყოს. საერთოდ კი ქვევრის პირ-ყელის დიამეტრი, ოქროს კვეთის პროპორციით უნდა იყოს მიბმული ქვევრის მუცლის დიამეტრთან და მისი მცირე მონაკვეთის ტოლი უნდა იყოს.

დღემდე საქართველოში ბეჭებგანიერი ქვევრები შენდება, ეს კი  გამოწვეულია ქვევრში ტკბილის დუღილის დროს ქვევრის ყელში და ბეჭებში ქვემოდან ზემოთ მოწოლილი ჭაჭის თავისებურებით, ანუ ეს ჭაჭა ქვევრის ყელსა და ბეჭებში მაგრდება, რომლის ჩამტვრევა სპეციალური სამარჯვით „ფარსაკოდით“ ხდება. ამიტომ ჭაჭა, რაც უფრო ფართოდ იქნება გაშლილი ქვევრის ბეჭებში, მისი თხელი ფენა მით უფრო ადვილი ჩასამტვრევი იქნება.

ქვევრი პირველ რიგში, კარგი გამომწვარი უნდა იყოს. კარგად გამომწვარი ქვევრი, ერთიანი წითელი ფერისაა, თუ მას კედლის რამდენიმე ადგილზე ლურჯი ფერი ექნება, ეს გამინებული თიხის კვალია და იმის დასტურია, რომ ქვევრი მაღალ ტემპერატურაზეა გამომწვარი და საიმედოა. ქვევრი, ასევე არ უნდა იყოს დაზიანებული (გაბზარული), ქვევრის სიმრთელეს და გამოწვის ხარისხს კედელზე ქვის დაკაკუნებით ატყობენ, კარგად გამომწვარ მთელ ქვევრს ზარივით ხმა აქვს, ცუდად გამომწვარს ან გაბზარულს კი დუნე, ბლაყვე ხმა. წყლით დასველებული კარგად გამომწვარი ქვად ქცეული ქვევრის კედელი ფერს არ შეიცვლის, წითელ ფერზე დარჩება, ხოლო ცუდად გამომწვარი წყალს შეიწოვს დასველდება და მოშავო ფერს მიიღებს. ასევე, მოერიდეთ კაკაოს ფერის ქვევრს, ასეთი ქვევრები ცუდი გამომწვარია და ღვინოს წაახდენს.

         III. ქვევრის დასამზადებელი ნედლეული.

ქვევრის ასაშენებლად ცხიმიანი და თირი თიხის ნაზავს (კაზმს) იყენებენ. ცხიმიანი თიხა წებოვანია, თირის შეურევლად ასეთი თიხისგან აშენებული ქვევრი სითხეს კარგად იჭერს, მაგრამ შრობისა და გამოწვის დროსაა პრობლემური, იბზარება და სკდება. ამიტომ აუცილებელია მისი თირი თიხით ნორმით გამჭლევება და ასეთი კაზმით ქვევრის აშენება.

საქვევრე თიხა წითელი ფერისაა. ის ქვიან-ხვინჭკიანი უნდა იყოს (2 მმ-ზე ნაკლები დიამეტრის ხვინჭკა), საჭურჭლე თიხასთან შედარებით ნაკლებ წებოვანია. საქვევრე თიხა, ორ – და სამშრიანი უნდა იყოს. თიხას, რომელსაც ქვევრის ასაშენებლად იყენებენ შესაბამისი გრანულაცია და პლასტიურობა უნდა ჰქონდეს, რომ შესაძლებელი იყოს მისგან ჰომოგენური მასის მიღება. ქვერის საამშენებლო თიხის გრანულაცია 2-20 მიკრომეტრის ფარგლებში უნდა იყოს. ნედლეულში რაც უფრო მეტი რაოდენობითაა თიხის მინერალები, ხოლო ნაკლები რაოდენობით კვარცი და მინდვრის შპატი, მით უკეთეს საქვევრე მასალად ითვლება. საქვევრე თიხა, ასევე შეიცავს ორგანულ ნახშირბადს, რომელიც ქვევრის გამოწვის დროს წვის წინასწარ სტადიაზე უნდა გამოიწვას, ამ დროს ქურაში ტემპერატურა 20-24 საათის განმავლობაში საშუალოდ 7000 C-ის ფარგლებში უნდა იყოს. ქვევრის თიხა ასევე შეიცავს სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებებს და მინერალებს, რომლებიც ახალი ქვევრიდან ღვინის მიერ გამოიწვლილება და აუარესებს მის ხარისხს, მაგრამ ეს დროებითი მოვლენაა და ქვევრში ღვიის 3-4-ჯერ დაყენების შემდეგ კედელი, ამ მინერალებისგან თავისუფლდება და ქვევრი ღვინისთვის ინერტული ხდება.

  1. ქვევრის დამზადების ეტაპები.

ქვევრის დამზადება შემდეგი ეტაპებისგან შედგება:

  1. ქვევრის საამშენებლო თიხების მოპოვება-გასუფთავება.
  2. ცხიმიანი და თირი თიხის შერევა, ანუ ჰომოგენური მასის მომზადება.
  3. ქვევრის აშენება.
  4. ქვევრის გაშრობა.
  5. ქვევრის გამოწვა.
  6. ქვევრის გახიზვა-დაკირვა (თუ ასეთი შეკვეთაა მიღებული.
  1. ქვევრის საშენი თიხის მოპოვება.

საქვევრე თიხის მომზადება მისი მოპოვებით იწყება. თიხას, ძირითადად, ადრე გაზაფხულზე მოიპოვებენ. საქვევრე თიხების მოპოვება ხელით შრომის იარაღებით ხდება. მიწის მოპოვების დროს ხდება მისი სხვადასხვა ორგანული ნარჩენებისგან პირველადი გასუფთავება. საქვევრე თიხას დიდ პრობლემებს ბალახის ღეროები და მცენარეთა ფესვები უქმნის, ქვევრის გამოწვის დროს კედელში ჩარჩენილი ბალახის ფესვები და ღეროები იწვის და ქვევრის კედელი გახვრეტილი რჩება, ამიტომ საქვევრე თიხა ყოველგვარი ზედმეტისგან დიდი სიფრთხილით უნდა გაიწმინდოს.

საქვევრე თიხის მოპოვება მიწის ზედა ფენის გადაცლით იწყება. ზედა ფუჭი ფენის გადაცლის შემდეგ, იწყებენ საქვევრე თიხის მოპოვებას. ძირითადი შრომის იარაღები წერაქვი, ბარი და თოხია. შინ მიტანის შემდეგ თიხას ერთხელ კიდევ გულდასმით ასუფთავებენ, გარდა კაჟის მოზრდილი ხვინჭკებისა, ძალიან საშიში მინარევია ჩვეულებრივი ქვა. 5-მმ დიამეტრზე მეტი სიდიდის ქვა გახურების შედეგად სკდება და კედელი შეიძლება ისე დააზიანოს ქვევრი ღვინის დასაყენებლად შეიძლება გამოუსადეგარი გახდეს. მართალია, ქვევრის თიხაში ქვისა და კაჟის ხვინჭკების არსებობა აუცილებელია, მაგრამ ის წვრილი ფრაქციის სახით უნდა იყოს და მათი ზომა 2 მმ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

ქვევრის საშენ თიხაში რაც უფრო მეტი რაოდენობითაა თიხური კომპონენტები, ხოლო ნაკლები რაოდენობით კვარცი და მინდვრის შპატი, მით უკეთეს საქვევრე მასალად ითვლება. საქვევრე თიხას მასში გარკვეული რაოდენობის კირის არსებობა აკეთილშობილებს, მაგრამ არა ხვინჭკების სახით არსებული.

  1. ქვევრის საამშენებლო თიხების შერევა.

ცხიმიანი  და თირი თიხის გასუფთავების შემდეგ, მათი შერევის ჯერი დგება. თიხების ნორმით შერევაზე მთლიანადაა დამოკიდებული ქვევრის ხარისხი. საქართველოში სხადასხვა ადგილის თიხები სხვადასხვა ცხიმიანობით გამოირჩევა. ბევრგან ცხიმიან თიხას თირთან, ერთი-ორთან შეფარდებით ურევენ, მაგრამ არის ზედმეტად ცხიმიანი თიხები, რომლებმაც შეიძლება 3-5 წილი თირი თიხა შეირიოს ან პირიქით. თიხათა შერევის ეს ნორმები ადრე ყველა ადგილის თიხისთვის იყო დადგენილი და ყველა ადგილის მექვევრე, ამ ადგილის თიხებისთვის დადგენილი ნორმით მუშაობდა. ამ ნორმათა ზუსტი დაცვით დამზადებულ ქვევრს, არც გაშრობა-გამოწვის პრობლემა ექნება და მისი კედლიდან უმიზეზოდ არც ღვინო გაჟონავს. მიუხედავად ამისა, ბოლო საუკუნეებია, საქართველოში აშენებული თითქმის ყველა ქვევრიდან ღვინო ჟონავს და გახიზვის (ქვევრის კედლის ცვილით ან სხვა სახიზავი საშუალებით დამუშავება) გარეშე მისი გამოყენება შეუძლებელია, ეს კი ყოვლად დაუშვებელია, რადგან ქვევრი ამით აერაციის უნარს კარგავს და ის უკვე თიხის ბუნებრივი ჭურჭელი აღარაა.

თირი და ცხიმიანი თიხის ნორმით შერევის შემდეგ ხდემა მათი კარგად შეზელვა, ისე, რომ ჰომოგენური მასა მიიღონ. ჩვენი შორეული წინაპარი ქვევრის შენების ამ ოპერაციას სხვაგვარად ასრულებდა, კერძოდ: სახლში მოტანილ თიხას ახმობდნენ, ფქვავდნენ და ცრიდნენ, რომ მოსაზელ მასას ქვა არ შეყოლოდა, შემდეგ კი ამ ფხვიერ მასას სუფთა წყლის დამატებით შიშველი ფეხებით ზელდნენ. მოგვიანებით კი საზელი აპარატის დამზადება ისწავლეს და თიხების შეზელვას მით ახდენდნენ, გამწევ ძალად კი ცხენს, ვირს ან ცალუღელა ხარ-კამეჩს იყენებდნენ, დღეს კი ელექტრო მიქსერები აქვთ და მით ხდება თიხის შეზელვი.

ძველი ტრადიციით არ შეიძლება ახალი მოზელილი თიხით ქვევრის აშენება. აუცილებელია შეზელილი თიხა სულ მცირე, 2-3 კვირით დასვენოთ. ამის შემდეგ ოსტატის დამხმარე მოზელილი თიხისგან სორსლს (მასიური თიხისგან გამრგვალებული 6-8 სმ. დიამეტრისა და 50-100 სმ. სიგრძის თიხის ნაჭერი) ამზადებს. სწორედ სორსლის დამზადებით მთავრდება ქვევრის საამშენებლო მასალის მომზადება და იწყება ქვევრის შენების პროცესი.

  1. ქვევრის აშენება.

ქვევრის აშენება, ძირის დამზადებით იწყება. მექვევრე ქვევრის ძირს ჩარხზე ამზადებს, რომელიც საყრდენზე მოძრავად ჩამოცმულ 25-28 სმ. დიამეტრის მქონე გლუვ ფიცარს წარმოადგენს და ღერძზე ტრიალებს. დღეს, ამ მიზნით მეტალის ჩარხს იყენებენ, რომელიც საკისარზე ტრიალებს. გარდა ჩარხისა, ოსტატს ქვევრის კედლის გასაპრიალებლად რამდენიმე „გონგი“ აქვს (გონგი -მკვრივი ხისგან დამზადებული და კარგად გაგლუვებულ-გაპრიალებულ ფირფიტაა).

დიდი ზომის ქვევრის აშენება დროში გაწელილი პროცესია, ამიტომ ოსტატი, ერთდროულად რამდენიმე დიდი ზომის ქვევრის შენებას იწყებს. (რაოდენობა დამოკიდებულია ქვევრების გამოსაწვავი ქურის ზომაზე).

ქვევრის ძირის დამზადებას შემდეგნაირად იწყებენ: გადაზელილი საქვევრე თიხიდან იღებენ 4-7 კგ-იან თიხის ნაჭერს (ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ზომის ქვევრის აშენება უნდათ), ნაჭერს დებენ ჩარხზე და ხელით აკეთებენ ქვევრის ქუსლს, ქუსლის მოპირდაპირედ მასიურ თიხაში ჯამისებურ ჩაღრმავებას აკეთებენ, რომელსაც გონგის დახმარებით აგლუვებენ და აპრიალებენ. ქვევრის ძირის საწყისი სიმაღლე 22-25 სმ. უნდა იყოს. კედლის სისქე კი ქუსლთან ორი გოჯი ანუ 4-7 სმ. (სისქე დამოკიდებულია ქვევრის ტევადობაზე). შემდეგ კი სიმაღლის ზრდასთან ერთად კედლის სისქეს თადათან აკლებენ და ქვევრის ყელში, ერთ გოჯამდე დაჰყავთ. დიდი ზომის ქვევრის ყელი კი 2 გოჯი სისქის ანუ 6-7 სმ-ი უნდა იყოს.

ქვევრის ძირის დამზადების შემდეგ, დასაშენებელი კედლის პირზე სინესტის შემანარჩუნებელ საფენს ადებენ და შესაშრობად მაგიდაზე ტოვებენ. ასე აშენებენ დანარჩენ ძირებსაც. შემაგრებულ ძირებს 2-3 დღის შემდეგ იღებენ და სკამზე დებენ, რომლის დასაჯდომი ფიცარი ცენტრში დაახლოებით 15 სმ-ის დიამეტრზე მრგვლადაა ამოჭრილი. ამის მიზეზი შემდეგია: შენების საწყის ეტაპზე ქვევრის ძირი ნედლი-თოთო თიხაა, ამიტომ შეიძლება თავის სიმძიმეს ვერ გაუძლოს, ქუსლი დაჯდეს და ფორმა შეიცვალოს. ასევე, მისი მიწაზე დადგმა და მასზედ კედლის დაშენება, მოუხერხებელია, რადგან მცირე სიმაღლე აქვს და კრამიტის შეხიდება არ უდგება, უმისოდ კი წაიცევა. სკამის ასეთ ჭრილში ჩასმული ქვევრის თოთო ძირი კი არ ზიანდება, საიმედოდ დგას, ამიტომ მექვევრე კედლის სამ-ოთხ მოქვნას – (ქვევრის კედელზე სორსლით კედლის წაბმას ნიშნავს) სკამზე ასრულებს, შემდეგ კი ქვევრის ძირი იატაკზე გადააქვს და შენებას იქ აგრძელებს.

მექვევრე ქვევრს გარედან აშენებს. ოსტატს სორსლი მარჯვენა ხელში  უჭირავს და კედლის მოქვნას შიდა მხრიდან ასრულებს, ხოლო მარცხენა ხელით გარედან, როგორც კედლის ფორმირებას, ისე კედლის სისქის კონტროლს ახდენს. კედელზე სორსლის მოქვნის დროს ოსტატი, უკან-უკან მიდის და კედელს ისე აშენებს. ქვევრს ყელამდე აშენებენ, ამის შემდეგ კედელს მთელ წრეზე უკეთებენ ღარს და ტოვებენ შესაშრობად, ამის პარალელურად ოსტატი ქვევრის პირ-ყელს ცალკე აშენებს, შემაგრების შემდეგ მოაქვს და პირ-ყელის კედელს ქვევრის კედლის ღარში დებენ და ახდენენ მათ შეზელვა-გადაბმას, ამით მთავრდება ქვევრის შენების პროცესი და ქვევრს გაშრობამდე ადგილზე ტოვებენ.

  1. ახლად აშენებული ქვევრის გაშრობა.

ქვევრი შენების პროცესში შრება და პირ-ყელის დადგმის შემდეგ შუამდე კარგადაა გამშრალი. ქვევრის პირ-ყელის გაშრობას დაახლოებით 10-12 დღე სჭირდება (კორექტივები ამინდს შეაქვს). კარგად გამომშრალი ქვევრი კაკაოს ფერისაა. შენების დამთავრების შემდეგ ქვევრებს გამოწვამდე ადგილზე ტოვებენ.

აქვე უნდა აღინიშნოს იმ შენობის შესახებ, სადაც ქვევრს აშენებენ: ფარდული, სადაც ქვევრი შენდება და შრება, გრილი უნდა იყოს, 20-220C ტემპერატურით. თუ ზედმეტად თბილი იქნება, შრობისას ქვევრის კედელი შეიძლება დაიბზაროს. სათავსოს ქვითკირის კედლები უნდა ჰქონდეს და ერთი მხრიდან მაინც (უმჯობესია გარედან), შელესილი იყოს. ჩვენი წინაპარი სათავსოს ჩალით და კრამიტით ხურავდა. ეთნოგრაფების ჩანაწერებით მტკიცდება, რომ ჩვენი წინაპრები ფარდულში ქათმის ბუმბულს ჰკიდებდნენ და სიოს მოძრაობის კონტროლი მით ხდებოდა.

  1. ქვევრის გამოწვა.

         ქვევრის გამოწვის დროს, ოსტატმა ზედმიწევნით კარგად უნდა იცოდეს თიხის ქიმიურ-მინერალოგიური შემადგენილობა, რომლისგანაც ქვევრია აშენებული. ქვევრის ასაშენებელი თიხები საქართველოში, ძირითადად, სამშრიანია, ანუ გარდა თიხური კომპონენტებისა, მასში გარკვეული რაოდენობის ორგანული ნახშირბადი, კვარცი და მინდვრის შპატი გვხვდება. ყველა ეს კომპონენტი გავლენას ახდენს ქვევრის ხარისხზე, ამიტომ მათი გავლენის განეიტრალება სწორედ გამოწვის დროს უნდა მოხდეს. კერძოდ, ნახშირბადმა შავი გულების გაჩენა იცის, ამიტომ ის თიხიდან წინასწარ უნდა გამოიწვას. მისი გამოწვა 250-7000C-ის შუალედში ხდება და ქურაში ამ შუალედის გავლას 24 სთ. უნდა დაეთმოს. მექვევრემ ასევე, უნდა იცოდეს თიხაში თიხური კომპონენტების შეცხობის ტემპერატურა, ის სხვადასხვა ადგილის თიხისთვის სხვადასხვაა და 820-8500C-სს შორის მერყეობს, ამიტომ გამოწვის ეს პროცესი აქაც 24 სთ-ს უნდა გაგრძელდეს. ამის შემდეგ მოდის კვარცისა და მინდვრის შპატის გამოწვის რიგი. კვარცი 11000C-ზე, ხოლო მინდვრის შპატი 11500C-ზე გამოიწვება. ეს ტემპერატურა ღუმელში 6 სთ-ის განმავლობაში მაინც უნდა გეჭიროთ. მართალია, ამ გზით კვარცი და მინდვრის შპატი გამოიწვება მაგრამ აქ ჩნდება სხვა პრობლემა, კერძოდ: თიხური კომპონენტები 11500C-ზე დნობას და გამინებას იწყებს. ქვევრის გამინებულ კედელს კი აერაციის უნარი აღარ აქვს და ქართული ქვევრის ნაცვლად მოჭიქულ ჭურჭელს მიიღებთ. ამიტომ მართალი იყო ჩვენი წინაპარი, როცა ქვევრს 10000C-მდე ტემპერატურაზე წვავდა. მით უმეტეს ამ ტემპერატურაზე გამომწვარი ქვევრები უკვე დროით გამოცდილია და საუკუნეებია ღვინისთვის პრობლემები არ შეუქმნია. ეს იმიტომ ხდება რომ ამ ტემპერატურაზე კვარცი და მინდვრის შპატი იმ დონეზე გამოიწვება, რომ ღვინოზე თავისი უარყოფით გავლენის უნარს კარგავს.

ქვევრები ქურამდე სპეციალური სამარჯვით მიაქვთ. დიდი ქვევრები მძიმეა, ამიტომ მის გადასატანად 6 კაცია საჭირო. ხშირად ასეთი ქვევრები ქურამდე გორებით მიაქვთ. ამ დროს ქვევრის კედლისთვის პრობლემა მცირე ზომის ქვებზე გადაგორებაა, ქვევრს ამით არანაირი პრობლემა არ შეექმნება თუ საგორებელ ბილიკზე ნახერხს მოაყრით.

ქურაში დიდი ზომის ქვერებს ორ რიგად აწყობენ და ყველა ქვევრს ქუსლით აგურზე დგამენ. ქვევრების ჩადგმის შემდეგ ქურას ნახევარი აგურით წინპირს აუგულავენ (ამოუშენებენ) და სამ საცეცხლე ფანჯარას უტოვებენ. ქვევრის გამოწვას საცეცხლე ფანჯრების წინ ცეცხლის დანთებით იწყებენ. პირველად ცეცხლს ფანჯრიდან ერთ მეტრამდე დაშორებით უნთებენ და ქურას ცხელი ბოლით ათბობენ, შემდეგ კი ცეცხლს თანდათან წინ სწევენ და 24-36 საათის შემდეგ ცეცხლი უკვე ფანჯრებთან მიაქვთ. შემდეგ საათებში ცეცხლი ქურაში შეაქვთ და 48-56 სთ-ის შემდეგ, ცეცხლი უკვე შუა ქურაში ანთია (ეს დღეს დამკვიდრებული გრაფიკია), ჩვენს წინაპარს კი ცეცხლი ქურაში 72 სთ-ის შემდეგ შეჰქონდა.

პირველი ცეცხლი ქურის საფუვლებლად გასათბობად) ინთება, შემდეგ კი ცეცხლს ფანჯრებს თანდათან უახლოვებენ და გადადიან პირის ხურებაზე. ფუვლებისა და პირის ხურების დროს ქურაში ტემპერატურა 110-1200C-ზე მეტი არ უნდა იყოს. აქ მთავარია, ქვევრის სქელი კედელი მთელ სისქეზე თანაბარზომიერად გახურდეს. 110-1200C-ზე ქვევრის კედლიდან ჩვეულებრივი წყალი ორთქლდება. მეორე, ანუ ქიმიური წყალი 350-4000C-ზე იკარგება, ხოლო მესამე, კრისტალურ წყალი 600-6500C -ზე.

ქურაში ქვევრის გამოწვის პროცესს მექვევრე სამთვარიობო ხვრელიდან აკვირდება. 700-7500C-ზე ქვევრი წითელი ფერისაა, ხოლო ცხობის პროცესში შესული თანდათან თეთრდება. თიხის ცხობა 820-8500C-მდე ტემპერატურაზე მიმდინარეობს, ამიტომ ქურაში ასეთი ტემპერატურა 20-24 საათის განმავლობაში უჭირავთ. ამ დროს თიხა დუღს და თიხის გამოცხობა მიმდინარეობს, ანუ თიხის გაქვავება. თუ ქვევრის კედელმა გამოწვის ეს პროცესი სწორად არ გაიარა, თიხა არ გამოცხვება, ანუ არ გაქვავდება და ქვევრს სხვა პრობლემებთან ერთად სიმტკიცის პრობლემაც ექნება. თიხის ცხობის პროცესის გავლის შემდეგ ქურაში ტემპერატურას ნელ-ნელა ზრდიან და 15-20 სთ-ის შემდეგ 10000-სს უნდა მიაღწიოს, შემდეგ კი ეს ტემპერატურა ქურაში 10-12 სთ-ის განმავლობაში უჭირავთ. ამის შემდეგ შეშის შეკეთებას წყვეტენ და ქურის გაციებაზე გადადიან, რომელიც 20-24 სთ. გრძელდება. ქურის გაციების დაჩქარება არ შეიძლება, რადგან ამ დროს კედლის შიდა ზედაპირზე თიხური ემალი იბზარება და წვრილი – თვალით უხილავი ბზარები უჩნდება, რომლებიც შემდგომში ჭუჭყისა და მავნე მიკროორგანიზმების ბუდე ხდება.

ფუვლებისა და პირის ხურების დროს ერთ მეტრამდე სიგრძის შეშას იყენებენ. ქურაში ცეცხლის შეტანის შემდეგ კი რაც უფრო წინ მიაქვთ ცეცხლი, მით უფრო გრძელ შეშას ხმარობენ, ამიტომ შეშის სიგრძე 1-იდან 4 მეტრამდე შეიძლება იყოს.

ქურაში ქვევრის გამოწვის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ქვევრის სისქეზე. რაც უფრო სქელია ქვევრის კედელი, მით დიდი დრო სჭირდება მის გამოწვას, ანუ 5-7 დღეა საჭირო.

ქვევრის სათანადოდ გაციების შემდეგ იწყებენ ქურის აგურით ახურული პირის ჩამოშლას, ამ დროს ქურაში საშუალოდ 40-500C უნდა იყოს. ქურის პირის დაშლას სპეციალური სამარჯვით ახდენენ და კედლიდან აგურს ფრთხილად ხსნიან, ასუფთავებენ და ისე ალაგებენ, რომ ქურიდან ქვევრების გამოღების დროს ხელი არ შეეშალოთ. ქურის პირის დაშლისა და ადგილის გასუფთავების შემდეგ ქვევრები ქურიდან გამოაქვთ და ფარფლით ძირს დგამენ. ამის შემდეგ ბევრი მექვევრე ქვევრის წრთობას მიმართავს, ანუ ფარფლით ძირს დადგმულ ქვევრს გარედან ცივ წყალს გადაავლებს.

  1. ქვევრის გახიზვა (კედლის სანთლით დამუშავება) და დაკირვა.

ქვევრის გახიზვას საქართველოში 2-3 საუკუნის ისტორია აქვს, ანუ ის არ არის ქართული მეღვინეობის უძველესი ტრადიცია, მისი მიზანი ქვევრის კედლიდან ღვინის გაჟონვის აღკვეთაა. რადგან ამ პრობლემის მოხსნის სხვა ტრადიციული საშუალებებიც არსებობს (ქვევრის გარშემო შემოყრილი მიწა არ უნდა გამოშრეს), ამიტომ ამ ტრადიციაზე უარი უნდა ვთქვათ, რადგან ამით ქვევრის კედელი აერაციის უნარს კარგავს და ის უკვე ბუნებრივი ღვინის დასაყენებელი ქართული ქვევრი აღარ არის. რაც შეეხება ქვევრის კედლის დაკირვით (და არა დაცემენტებით) გამაგრებას ეს აუცილებელია, მით უმეტეს დღეს, როცა ქვევრს არასტანდარტული სისქის კედლით აშენებენ.

ქვევრის დაკირვის კულტურას საქართველოში XI საუკუნის ბოლოს ჩაეყარა საფუძველი. სპეციალისტთა უმრავლესობა იმ აზრს ემხრობა, რომ ეს პასუხი უნდა ყოფილიყო საქართველოში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრაზე, რომლის შედეგად ბევრი ქვევრი დაზიანებულა.

რაც შეეხება ქვევრის დაკირვას, ეს ოპერაცია, შემდეგნაირად უნდა გააკეთოთ: დააყენეთ ქვევრი ვერტიკალურ მდგომარეობაში, ქუსლით დაბლა. შუა მუცელზე შემოუჭირეთ მსხვილი თოკი, ისე, რომ ეს თოკი ქვევრის კედელზე დადებული კირის დუღაბისთვის საყრდენი იყოს. ქვევრის წელს ზემოთ გალესვა-დაკირვის შემდეგ, იხ.ნახ.3. ხსნარს რამდენიმე დღე შეშრობა აცალეთ, შემდეგ ამოაბრუნეთ და ამჯერად შუას ქვემოთ ქუსლამდე გალესეთ, იხ. ნახ.4. ქვევრის კედელზე დუღაბის სისქე 4-6 სმ. უნდა იყოს. ქვევრის დაკირვის დროს კედლის სასურველი სისქის მისაღებად ბრტყელი ქვები, ასევე ქვევრისა და კრამიტის ნატეხების შეგიძლიათ გამოიყენოთ.

სურათი 3333333333333333333333333

ქვევრის დაკირვის ოპერაცია, ჰორიზონტალურად დაწვენილ ქვევრზედაც შეგიძლიათ გააკეთოთ. დაწვენილი ქვევრის ჯერ ზედა მხარის 1/3 დაკირეთ, შეშრობის შემდეგ კი დანარჩენი. ასევე, შეიძლება ორმოში ჩადგმული ქვევრის დაკირვა და პარალელურად ორმოს მიწით შევსება. გახსოვდეთ, ქვევრი დაკირვის დროს მავთულით არ იბორკება.

  1. ქვევრის შენების გეოგრაფიული არეალი.

ქვევრი, როგორც ღვინის ჭურჭელი ქართული ფენომენია. ამის ნათელი დადასტურებაა ძვ.წლ. VI ათასწლეულით დათარიღებული ღვინის ბრტყელძირიანი დასადგმელი ჭურჭელი (ქვევრი-ჭური), რომლის ძირში პალეონტოლოგებმა ვაზის ყვავილის მტვერი ნახეს. ქვევრს, ყურძნის მტევნების ბარელიეფური გამოსახულება ამკობს, ეს კი ყურძნის ყვავილის მტვერთან ერთად, უტყუარი დადასტურებაა იმისა, რომ ჭურჭელი ღვინის დასაყენებლად გამოიყენებოდა იხ. სურ. 5. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ქვევრი 2014 წლის აპრილში დაწყებული „ქართული ვაზის და ღვინის კულტურის კვლევის“ საერთაშორისო პროგრამით განხორციელებული კვლევის ფარგლებში, განმეორებით აშშ-ში პენსილვანიის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში შეამოწმეს. ჭურჭლის ბიომოლეკულურმა კვლევამ დაადასტურა ქართველი პალეონტოლოგის პროფ. ელისო ყვავაძის მიერ ადრე დადებული დასკვნა, რომ შულავერის გადაჭრილ გორაზე აღმოჩენილი ქვევრი და სხვა საღვინე ჭურჭელი ნამდვილად 8000 წლისაა და ის ღვინის ჭურჭლადაა აშენებული. ამ ფაქტს, ამყარებს ქვევრთან ერთად აღმოჩენილი მეღვინეობის მაღალი კულტურის დამადასტურებელი კერამიკის სხვა არტიფაქტები და ყურძნის წიპწები, რომელიც კულტურაში შესული ვაზის აღმოჩნდა. ანუ სახეზე გვაქვს კულტურული ვაზის და ქვევრის მსოფლიოში უძველესი არტიფაქტები, რომლებიც ადასტურებენ რომ ძველი იბერების წინაპრებს 80 საუკუნის წინ კარგად განვითარებული მევენახეობა-მეღვინეობის კულტურა ჰქონდათ. თუ 80 საუკუნის წინ აშენებულ ქვევრის ფორმას, ნამზადის სინატიფეს და ზომას გავითვალისწინებთ გამოვა, რომ ეს ქვევრის შენების საწყისი ეტაპი არ უნდა იყოს და მისი ფესვები საუკუნეთა სიღრმეებშია საძებარი.

შულავერში გადაჭრილ გორაზე მიკვლეული ქვევრი დასადგმელ ჭურჭლადაა აშენებული და 15 სმ. დიამეტრის ძირზე დგას, ის კვერცხის ფორმისაა და ყელისა და ბეჭების გარეშეა აშენებული. შემდეგში ქვევრის ამ ფორმამ სახეცვლილება განიცადა და შემდეგ საუკუნეებში უკვე პირ-ყელით აშენებული ქვევრები გვხვდება, ერთ-ერთი ასეთი ქვევრი ნაპოვნია შიდა ქართლში ბერიკლდეების ნამოსახლარში.

ქვევრის ფორმის დახვეწა ამით არ დამთავრებულა და მისმა ფორმამ სახეცვლილება შემდგომ საუკუნეებშიაც განიცადა, ახალი ჟინვალის გათხრების დროს აღმოჩენილი ქვევრი, რომელიც ძვ. წლ. III ათასწლეულს განეკუთვნება, უკვე კონუსურ ძირზე დგას და ყელიც ფარფლისმაგვარი გადმოკეცილი ყურითაა აშენებული, იხ. სურ. 6. რაც შეეხება შემდეგ ათასწლეულში აშენებულ ქვევრებს, რომელთა ერთ-ერთ ეგზემპლარს არქეოლოგებმა შიდა ქართლში თბილისის დასავლეთის გარეუბანში მიაკვლიეს, პირგადმოკეცილი ფარფლისმაგვარი ყელითაა დამზადებული იხ. სურ.7. ეს ქვევრი უკვე ბრტყელ ძირზე დგას, რაც იმას მიუთითეს, რომ ამ დროს ქვევრები ძირითადად ბრტყელ ძირზე შენდება.

ამ პერიოდში ასევე უშენებიათ სარიტუალო ქვევრები, რომლებიც ვიწრო ყელით, ფართო მუცლით და კონუსური ძირითაა აშენებული. სარიტუალო ქვევრების გარე კედელი მთლიანად მოხატულ-მოჩუქურთმებულია. ასეთი სარიტუალო ქვევრი მიკვლეულია სამადლოს გათხრების დროს, რომელიც ძვ.წლ. IV-II საუკუნეს განეკითვლება, იხ. სურ. 8.

საქართველო მთისა და ბარის ქვეყანაა. მთაში (ზღვის დონიდან (900-1000 მეტრის სიმაღლე) ვენახი ან საერთოდ არ ჰქონდათ ან ხარისხიან ღვინოს არ იძლეოდა, მაგრამ შეძლებულ ოჯახებს აქაც ჰქონდათ ქვევრებით გაწყობილი მარნები. ამის შესახებ ივ. ჯავახიშვილი წერდა: „მიუხედავად იმისა, რომ თრიალეთი უვენახო თემი იყო, მეღვინეობა იქაც ყოფილა. ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვებით: „თრიალეთის მცხოვრებნი ტკბილს მოიტანდნენ ბარიდამ, ჩაასხამენ აქა ქვევრებში და დადგების ღვინო კარგი და კეთილგემოიანი“. ივ. ჯავახიშვილი. ტომი V. გვ.671. ასეთივე ფაქტს ჰქონდა ადგილი რაჭა-იმერეთის სამეურნეო ცხოვრებაში. გარდა იმის, რომ ისინი ინტენსიურად ცვლიდნენ ერთმანეთში ღვინოს და კარტოფილს, რაჭველებს, კერძოდ კი შქმერის მოსახლეობას რამდენიმე ჰექტარი ვენახი ჰქონდათ ჩემს მშობლიურ სოფელ მოხოროთუბანში (ჭიათურის რაიონი) და თითქმის გასული საუკუნის ბოლომდე უვლიდნენ. დღესაც ამ ვენახებს რაჭველის ვენახებად იხსენებენ სოფელში.

ღვინის დასაყენებლად მთის ფაქტორს ასევე იყენებდა ბარში მცხოვრები თავად-აზნაურობა, მათ ასევე ჰქონდათ მარნები მთაში სადაც შუშხუნა ღვინოს და მოტკბო ღვინოებს აყენებდნენ. ცნობილია, რომ როგორც მეფეს, ისე ქვემო ქართლის თავად-აზნაურობას მარნები კოჯორში და ასეთ შემაღლებულ ადგილებზე ედგათ.

საქართველოში ქრისტიანული რელიგიის დამკვიდრების შემდეგ წითელი ღვინო ფართოდ გამოიყენებოდა საეკლესიო რიტუალების შესრულების დროს, ამიტომ ახ. წლ. IV ს-ის შემდეგ პერიოდში ქვეყნის თითქმის ყველა ეკლესია-მონასტერმა ქვევრებით გაწყობილი მარნების აშენება დაიწყო, ანუ ქვევრის წარმოება, მარნის შენება და ღვინის დაყენება, ქვეყანაში უფრო გაფართოვდა და საყოველთაო სახე მიიღო. ამ მხრივ საინტერესოა არქეოლოგიური მასალა, რომელიც მოპოვებულ იქნა ახმეტის ჯვარ-პატიოსნის ეკლესიის არქეოლოგიორი კვლევების დროს. ეკლესია IV-V საუკუნეშია აშენებული, ნახულია ქვევრებისა და მარნის ნაშთები, ანუ ჰქონიათ ღვინის შესანახი მარანი (საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტომი 2, თბილისი, 2008 წელი).

საქართველოში მექვევრე ოსტატები ორი სახის ქვევრებს აშენებდნენ, პატარა ქვევრებს (მას ხურდა ქვევრებსაც ეძახდნენ) და დიდ ქვევრებს. წვრილ-გლეხურ მეურნეობაში დიდ ქვევრს „დედა ქვევრადაც“ მოიხსენიებდნენ, რადგან მასში ძირითადად ტკბილის დადუღება მიმდინარეობს, პირველადი დაწმენდის შემდეგ კი ღვინო პატარა ქვევრებში გადააქვთ, ანუ ხდებოდა დედო ქვევრში დადუღებული ღვინის პატარა ქვევრებში გადაღება-გადანაწილება, ანუ დიდი ქვევრის ღვინის დახურდავება, ამიტომაც ეძახდენ მცირე ზომის ქვევრებს ხურდა ქვევრებს.

მიუხედავად ქვევრის უამრავი დადებითი თვისებებისა, ის მაინც ვერ გახდა ინდუსტრიული მეღვინეობის ძირითადი ჭურჭელი, რაზედაც ძალიან წუხდა უდიდესი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ი. ჭავჭავაძე. მან მთელი მონოგრაფია მიუძღვნა ქვევრს და მასში ღვინის დაყენება-მოვლის პრობლემებს, მაგრამ ევროპა და მეფის რუსეთის სოფლის მეურნეობის მესვეურებს ვერაფერი შეასმინა. ილია თავის წიგნში წერდა: „ქვევრი ღრმად ჩასმულია მიწაში და გარედ ჰაერზედ არა სდგას. რატომ? სხვათაშორის იმიტომ, რომ ვერც გარეთა სიცხე ჩაატანს მიწას ისე მალე და ხელაღებით, ვერც სიცივე. მიწა ინახავს ქვევრს ერთსა და იმავე სითბო-სიგრილეში და გარეთი ჰაერის ცვლილება მაგოდენად არა სწვდება ქვევრსა და აქედან ტკბილსა, რომელიცა ქვევრში ჰდუღს“ ი. ჭავჭავაძე „ღვინის ქართულად დაყენება“ 1887 წ.

საქართველოს რუსეთთან მიერთებამდე და მის შემდეგ ბევრი სტუმარი სტუმრობდა საქართველოს, რომლებიც ძალიან მოხიბლულები იყვნენ ქვევრით, ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდებით და ღვინის მაღალი ხარისხით. თითქმის ყველა მათგანმა მიაგო პატივი ქვევრსაც და მასში დაყენებულ მაღალი ხარისხის ღვინოსაც, რომელთა გახსენება და აქ მოყვანა ძალიან შორს წაგვიყვანს. ერთ-ერთი მათგანი, კერძოდ კი მოგზაურ-მკვლევარი მ. ბალასი აღნიშნავდა, რომ: „კახელ მეღვინეებს დახურულ, მიწაში ჩაფლულ ჭურებში კახური ღვინის დუღილისა და შენახვის კარგი ჩვეულება აქვთ, რითაც მიიღწევა დუღილის ერთგვაროვნება და ტემპერატურის უცვლელობა…“ (Баллас М. (1877). Очерк вино-делия в Россиии (Кавказ и крим), историко-статистический сборник виноделия т. I.

ქვევრის (ჭურის), წარმოშობა პირველ რიგში ღვინოს უკავშირდება, შემდეგ კი ქართველმა მეურნე კაცმა მას მრავალმხრივი  გამოყენების სფერო მოუძებნა. რადგან ადრეულ საუკუნეებში ჭურჭელს ძირითადად ბრინჯაო-სპილენძისგან ამზადებდნენ და მოსახლეობის დიდ ნაწილს მასზედ ხელი არ მიუწვდებოდა, ამიტომ ყველანაირი სამეურნეო ჭურჭლის ფუნქციას ძირითადად ხისა და კერამიკის ნაწარმი ასრულებდა, მათ შორის ქვევრი. ქვევრში აყენებდენ და ინახავდნენ ღვინოს, არაყს, ყველს, თაფლს, ქონს, ზეთს, სხვადასხვა სახის მწნილს, მარცვლეულსა და კაკლეულს. ქვევრებს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ციხესიმაგრეებში წყლის მარაგის შესაქმნელად. ხევსურები ქვევრში გარდა ყველისა ხორცსაც ინახავდნენ. ქვევრი, როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში მიცვალებულთა სამარხადაც გამოუყენებიათ.

ქვევრებს საქართველოში ყველგან აშენებდნენ და იყენებდნენ. ამიტომ ყველა კუთხეში თავისი სახელები ერქვა: სულხან-საბა თავის ლექსიკონში ჭურს დიდი ზომის თიხის ჭურჭელს უწოდებს ქვევრს კი პატარებს. ქვევრს საქართველოში კუთხეების მიხედვით შემდეგი სახელებით მოიხსენიებდნენ:  ლაგვანი, ლაგვინარი, დერგი, ყვიბარი, ქვიბარი, ქუბარი, ლახუტი, ჩასავალი, დედო ქვევრი, ხალანი, საზედაშე ქვევრი, ქოცო, სარიტუალო ქვევრი, ასევე მასში განთავსებული პროდუქტების მიხედვით საყველე, საარყე, სამწნილე, საწყლე, მარცვლეულის ქვევრი და სხვა. ქვევრის ამდენი განსხვავებული სახელწოდება სწორედ იმის მანიშნებელია, რომ ქვევრი ქვეყანაში შექმნილი და ფართოდ გავრცელებული სამეურნეო ჭურჭელია და ყველგან საკუთარი სახელი დაურქმევიათ. შემოტანილი ჭურჭელი რომ იყოს რა თქმა უნდა, მწარმოებლის მიერ შერქმეული ერთი სახელი ექნებოდა.

ქვევრს სპეციალური თიხისგან აშენებენ, ამიტომ საქართველოში სადაც ქვევრის საშენი თიხები იყო ქვევრს ყველგან აშენებდნენ. ამის აუცილებლობა კი იმით იყო გამოწვეული, რომ დიდი ზომის ქვევრებს წონაც დიდი ჰქონდა საშუალოდ 400-500 კგ. და ასეთი ქვევრების ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანას ერთდროულად რამდენიმე უღელი ხარ-კამეჩი სჭირდებოდა. ეს გადატანა კი მით უფრო დიდი პრობლემა იყო, რაც უფრო შორს იყო გადასატანი ქვევრი. მიუხედავად ამისა, მრავლადაა დაფიქსირებული იმერეთის სოფლებიდან რაჭისა და ქართლის სოფლებში დიდი ზომის ქვევრების ურმით ტრანსპორტირების ფაქტები. ისტორიკოს-ეთნოგრაფი პროფ. ლევან ფრუიძე თავის წიგნში წერს: „რაჭა ჭურებით, ძირითადად, მეზობელი რაიონებიდან, სახელდობრ, იმერეთიდან და ლეჩხუმიდან მარაგდებოდა“. აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელი იყო, სადაც კი ამის საშუალება ჰქონდათ, ქვევრები ადგილზე ეშენებიათ. ამიტომ კახეთის რეგიონში მექვევრეობით განთქმული ყოფილა: სიღნაღის რაიონის სოფლები – ანაგა და ბოდბისხევი; თელავის რაიონში სოფ. -ვარდისუბანი;  საგარეჯოს რაიონში – სოფ. ანთოკი; ყვარელის რაიონში – სოფ. გავაზი.

აღმოსავლეთ საქართველოში ქვევრები ისეთ სოფლებში უშენებიათ, სადაც შესაბამისი ხარისხის თიხები არ ჰქონდათ. თიხაც და ხელოსანიც იმერეთის სოფლებიდან გადმოჰყავდათ და სეზონურად ამუშავებდნენ. ასეთი ცენტრები თბილისის უეზდში იყო სოფლები: სართიჭალა, ხაშმი, საგარეჯო, დიღომი. კასპის რაიონში -კავთისხევი და ახალქალაქი.

იმერეთში მექვევრეობით განთქმული ცენტრები იყო სოფლები: გეზრული, ჩხირაული, ტყემლოვანა, ბოსლევი, ნავარძეთი, წირქვალი, შროშა, მაქათუბანი, საწაბლე, და სხვები.

გურიაში – აცანა და აკეთი.

სამეგრელოში სოფლები – ნამკოლაო, მუხური, ჯვარი, ჭკადუაში, ნამყოლი, პახულანი, კოცხელი და სხვა.

ლეჩხუმში – სოფ. საირმე.

ვახუშტი ბატონიშვილი თავის საქართველოს აღწერაში აღნიშნავს, რომ ალის წყლის ხეობაში სოფ. უწლევში და ქსნის ხეობის სოფ. ცხავატში მაღალი ხარისხის ქვევრები უმზადებიათ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქვევრე თიხის კარიერებში ერთგვაროვანი თიხა არ არის, მით უმეტეს სხვადასხვა კარიერებში, ამიტომ სხვადასხვა ადგილზე დამზადებული ქვევრები ერთნაირი ხარისხის არც ადრე იყო და არც დღეს არის, განსაკუთრებით კარგი საქვევრე თიხებია ზემო იმერეთის (ჭიათურა, ზესტაფონი, ხარაგაული), სოფლებში. საგარეჯოს სოფ. ანთოკში. თავის წიგნში ამის შესახებ ქართულ ენაზე მეღვინეობაში პირველი წიგნის ავტორი ლევან ჯორჯაძე წერს: „თბილისის უეზდში სართიჭალის უჩასტკაში სოფელ ანთოკში გაკეთებული ქვევრი, ყველა სხვა ადგილების ქვევრზე კარგი გამოდის და ვისაც ამ ადგილიდან აქვს წაღებული ქვევრი ანუ უწინდელი და ანუ ახლანდელი, იგინი ყველანი კმაყოფილი არიან და ამბობენ, რომ ღვინოს კარგად და დიდხანს ინახამსო და ამ სოფლის ქვევრზე ყველგან ქების ხმა არის გავრცელებული“. რაჭაში განთქმული იყო იმერული ქვევრები, კერძოდ „ნავარძული“ და „ბოსლევური“ ქვევრები (ჭიათურის სოფლებია).

მიუხედავად იმისა, რომ ქვევრი 80 საუკუნეა ემსახურება ქართულ მეღვინეობას, მასზე, როგორც ღვინის ჭურჭელზე ხელისუფლების მიერ დღემდე, არანაირი რეგულირებული ტექნიკური მოთხოვნები და სტანდარტი არაა მიღებული. ის დღემდე ყოველგვარი სტანდარტის გარეშე შენდება და მისი ხარისხი მთლიანადაა დამოკიდებული მექვევრის დახელოვნებასა და სინდისზე. ადრე ეს განუკითხაობა დიდად არ აზიანებდა ქვევრის რეპუტაციას, რადგან მაშინ მრავლად იყო პატიოსანი და თავისი ხელობის პატივისმცემელი მექვევრე, ამიტომ მათ ასეთი ტექნიკური პირობები და სტანდარტი არც სჭირდებოდათ, დღეს კი სხვა გარემოებასთან გვაქვს საქმე და სტანდარტის გარეშე ევროპაში გასვლა საერთოდ გაანადგურებს ქვევის, როგორც ღვინის ჭურჭლის რეპუტაციას. მართალია დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, როგორც მთავრობამ ისე კერძო სექტორმა ყურადღება მიაქცია ქვევრში ღვინის დაყენებას და მის პოპულარიზაციას, მაგრამ ხარისხიანი ქვევრის გარეშე ხარისხიანი ღვინო არ იქნება.

ყველა ზემოთ აღნიშნული პირველი დასაბუთებაა იმისა რომ ქვევრი, ამიერკავკასიაში უძველესი იბერიული ტომების განსახლების ადგილზე წარმოშობილ-დახვეწილი საღვინე ჭურჭელია, რომლის ჭეშმარიტებაში ეჭვის შეტანა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან მისი აშენების იტორია ფაქტიურად სამჯერ უფროსია, დღეს მცხოვრები ყველაზე ხანდაზმული (ქართველების შემდეგ), ისეთი ერების ისტორიაზე, როგორებიც ებრაელები და ბერძნები არიან.

როგორც ცნობილია, სრულყოფილი პირველსაწყისი არ არსებობს და    დროთა განმავლობაში ხდება პირველსაწყისის თანდათან დახვეწა-განვითარება. ჩვენი არქეოლოგების მეოხებით დღეს ჩვენს ხელთაა პირველი ქვევრის აშენებისა და დახვეწის ეტაპები ძვ. წლ. VI ათასწლეულიდან დღემდე. ანუ ქვევრი, ამიერკავკასიის ტერიტორიაზე უძველესი იბერიული ტომების მიერ შექმნილი, ადგილზე განვითარებულ-დახვეწილი ჭურჭელია, რომელმაც პირველსახე, ანუ კვერცხის ფორმა, დღემდე შეინარჩუნა.

ქვევრი, როგორც ღვინის, ისე სხვა მრავალი სახის პროდუქტების შესანახად ათეული წლების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში გამოიყენებოდა, რომელთაგან ის დღეს ესპანეთში, კვიპროსზე, საბერძნეთსა და სომხეთშია შემორჩენილი. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ქვევრი ევრ-აზიის კონტინენტზე წარღვნისშემდგომი ევროპის განსახლების დროს უძველესმა იბერებმა შეიტანეს. ის, რომ წარღვნისშემდგომი ევროპა იბერიულ-კოლხურმა ტომებმა დაასახლეს, ამას მსოფლიოს ისტორიოგრაფია, ადამიანის გენეტიკა და ძველი აღთქმის წიგნები ადასტურებენ, ანუ მეცნიერების ეს სამი დარგი ადასტურებს, რომ  ევროპა, კავკასიაში საქართველოს ტერიტორიაზე გამრავლებულმა ნოეს შთამომავლებმა დაასახლეს. აქვეა მითითებული იმის შესახებ თუ ვინ შეიტანა ევროპაში კერამიკა, მათ შორის ქვევრის შენებისა და გამოყენების კულტურა, რომელიც მოგვიანებით დავიწყებას მიეცა. ეს კი ევროპაში აზიელი მომთაბარე ტომების მიერ ევროპის დიდი ტერიტორიების დაპყრობამ და ამ ტერიტორიებიდან იბერების აყრა-განდევნამ გამოიწვია. რაც შეეხება იმ ტერიტორიებს სადაც დღემდე იბერების შთამომავლები სახლობენ, ქვევრის კულტურა დღემდეა შემორჩენილი. იხ. სურ.9. სადაც ესპანეთის იბერიის მექვევრე ოსტატს თავისი ნახელავი სარეალიზაციოდ მიაქვს.

ძველ დროში მთელი იტალია ქვევრებით გაწყობილი მარნებით იყო დაფარული. ვეზუვის ცნობილმა ამოფრქვევამ, რომელიც ახ. წლ. 79 წელს მოხდა ფერფლით მთლიანად დაფარა ქალაქი პომპეი. ის განმეორებით 1748 წელს აღმოაჩინეს, რის შემდეგაც იტალიელმა არქეოლოგებმა დაიწყეს ფერფლისგან ქალაქის გაწმენდა და შესწავლა. პომპეიში მაცხოვრებელ თითქმის ყველა ოჯახს ჰქონია ქვევრებით გაწყობილი მარანი ამბობს პომპეის მკვლევარი რეგინა მორუბიო ჩვენს კორესპოდენტთან ლევან სეფისკვერაძესთან საუბარში. მისი თქმით: „ელინისტურ ეპოქაში თიხა მთავარი საღვინე ჭურჭელი იყო და, რა თქმა უნდა, პომპეიც არაა გამონაკლისი. აქ თიხის ჭურჭელს იყენებდნენ როგორც ღვინის შესანახად, ასევე გადასატანად. მე მსმენია და ინტერნეტში მინახავს ქართული ქვევრები და შემიძლია გითხრათ, რომ ეს ერთი კულტურის ნაწილია. განსხვავება ისაა, რომ თქვენთან კვლავ ძველებურად მოიხმარენ ამგვარ ჭურჭელს, სხვაგან კი ეს ტრადიცია დაკარგულია. თიხის საღვინე ჭურჭელს მრავალი უნიკალური თვისება გააჩნია და ეს კარგად იცოდნენ ძველ დროში. თიხაში შენახული ღვინო ნაკლებად ფუჭდება. გარდა ამისა, იგი ინარჩუნებს ტემპერატურასა და გემოს. კარგი იქნება ეს ტრადიციები ევროპაში თუ აღდგება. როგორც თქვენგან გავიგე, ევროპელი მეღვინეები დაინტერესებულან ქართული საღვინე თიხის ჭურჭლით და ეს ძალიან კარგი ტენდენციაა. სურ.10-ზე იხილეთ პომპეის გაწმენდის შემდეგ ნახული ქვევრები და თავად დარწმუნდებით, რომ ეს ქართული კულტურის ნაწილი კი არა, სურათზე თვით ეს კულტურაა წარმოდგენილი.

ქვევრებით გაწყობილი მარნები დატოვეს ურარტებმა თანამედროვე სომხეთის ტერიტორიაზე, სადაც სირიელების მიერ განადგურებული მითანების ქვეყანაში დასახლდნენ და თან მოიტანეს ვაზის და ღვინის კულტურა. ეს ყველაფერი ძვ. წლ. IX-VI საუკუნეებში მოხდა.

ახლა ვნახოთ, ვინ იყვნენ ურარტები და ვის და საიდან შეიძლება შეეტანა თანამედროვე სომხეთის ტერიტორიაზე ვაზის, ქვევრის და ღვინის კულტურა. ძველი მსოფლიოს ისტორიის აღიარებული მკვლევარი ლენორმანი პირდაპირ ამბობს, რომ „ურარტები ქართველები და ქართველთა მონათესავე ტომები იყვნენ“ (ი. ჭავჭავაძე „ქვათა ღაღადი“). ასევე, ურარტების ქართულ წარმომავლობაზე მიუთითებს წარწერა ქვაზე, რომელიც 1901 წ. სომხურ ტაძარ ზვარტნოცზე აღმოაჩინეს. რომლის შესახებ თავიანთ სამეცნიერო შრომაში წერენ კარმირ-ბლურის გათხრების ხელმძღვანელები, რუსი პროფ. ბ. ბ. პიოტროვსკი და ცნობილი სომეხი მეღვინე-მეცნიერი დოცენტი ლ. მ. ჯანფოლადიანი. სამეცნიერო შრომა, სახელწოდებით „ურარტების მეღვინეობა“ (და არა არმენების მეღვინეობა), გამოქვეყნდა ჟურნალში „მევენახეობა-მეღვინეობა სსრკ-ში“ N 1. 1956 წ. მასში ვკითხულობთ: „Ныне пустынный холм Кармир-блур в древности был окружен полями и садами. В надписи на каменном памятнике, обнаруженном в 1991 г. в средневековом Армианском храме Звартноц, около Ечмиадзина, сказано: „Руса сын Аргишти говорит: в долине страни Кутурлины обработанной земли никогда не существовло, По приказу бога Халди я етот виноградник развел, поля с посевами,  плодовые сады кругом устроил я там, города я ими окружил, канал из реки Илдаруни я провел“…

 სამეცნიერო შრომაში მოყვანილი ციტატა, რუსულიდან გადმოქართულებული, ასე გამოიყურება: „ამჟამად კარმირ-ბლურის გაუდაბნოებული გორები ძველად ბაღ-ვენახებით ყოფილა გარშემორტყმული. წარწერა, რომელიც 1901 წ. ეჩმიაძინის მახლობლად მდებარე შუა საუკუნეების ტაძარში, ზვარტნოცშია აღმოჩენილი, მოგვითხრობს: „არგიშდის შვილი რუსა ამბობს: ქვეყნის დაბლობ ტერიტორიაზე დამუშავებული მიწა, არასდროს არ არსებობდა. ხალდების ღმერთის ბრძანებით მე აქ ვენახის ბაღები გავაშენე, მინდვრები დავთესე, ქალაქებს ნაყოფის მომცემი ხეხილის ბაღები გარსშემოვავლე, მდინარე ილდარუნიდან სარწყავი არხი გამოვიყვანე…“ არხი დღემდეა შემონახული. როგორც აღინიშნა, წარწერა სომხეთის ტერიტორიაზე შუა საუკუნეების ეკლესიაშია აღმოჩენილი და ამის შესახებ წერს რუსი და სომეხი მეცნიერი და არა ქართველი, ამდენად, მიკერძოება აქაც გამორიცხულია.

თუ ამონარიდს ლოგიკით გავშიფრავთ გამოდის, რომ  არგიშდის ვაჟის რუსას ღმერთი და ხალდების ღმერთი ერთია, ანუ რუსა ტომით ხალდია, ხალდი შესატყვისია „ხალიბის“ (ქართული ტომი, რომლებიც რკინის წარმოებით იყვნენ განთქმული).

სომხურ წყაროებში ხალდის ქვეყანა „ხალტიკის სახელწოდებით იხსენიება. „ხალდი სომხურად დასავლეთ ქართული ტომების, ჭანების სახელი იყო… ანუ ყველა წყარო იმას მიუთითებს, რომ ურარტები ქართველური ტომები იყვნენ.

იმ აზრს, რომ თანამედროვე სომხეთის ტერიტორიაზე მევენახეობა-მეღვინეობის კულტურა ქართველმა ტომებმა მოიტანეს, იზიარებს აკადემიკოსი გ. მელიქიშვილი. ის წერს: „ერთ-ერთი ქართული ერთეული, რომელიც ყველაზე ადრე ძვ. წ. XII ს-იდან მოიხსენიება ლურსმულ დამწერლობაში, არიან მუშქები ანუ მესხები. სავსებით შესაძლებელია და ამას ისტორიული ლოგიკაც უჭერს მხარს, რომ ვაზის გამავრცელებლები მცირე აზიასა და შუა მდინარეთში სწორედ ისინი უნდა ყოფილიყვნენ“…

როგორც ხედავთ ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ქვევრი, საქართველოს ტერიტორიაზე წარმოშობილი და ჩამოყალიბებულ-დახვეწილი თიხის საღვინე ჭურჭელია, რომელიც ქართველი ხალხის კულტურული თვითმყობადობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და ქართველი კაცის კულტურული მემკვიდრეობაა, რაზედაც მისი აშენება-გამოყენების 80 საუკუნოვანი ისტორია მეტყველებს. რაც შეეხება ევრ-აზიის კონტინენტზე მისი გავრცელების ისტორიას იგი ახალი განსახლების ადგილებში იბერ -კოლხების მიერაა შეტანილი, რაზედაც არაერთი არქეოლოგიური არტიფაქტი და წარწერა მეტყველებს.

გ. ქვევრი, როგორც სურსათთან შეხებაში მყოფი ნაკეთობა.

ქვევრი, როგორც ღვინისა და სხვა მრავალი სახის პროდუქტების შესანახი ჭურჭელი, უშუალო შეხებაშია პროდუქტთან, ამიტომ ის სურსათის უვნებლობის პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს და არ უნდა შეიცავდეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის ისეთ მავნე ნივთიერებებს, რომელთა იმ რაოდენობით გადასვლა პროდუქტში, რომ საფრთხე შეექმნას ადამიანის ჯანმრთელობას არ შეიძლება. როგორც ქვევრის გამოყენების განვლილმა ათეულობით საუკუნემ აჩვენა, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული თიხებით აშენებულ ქვევრებში დაყენებულ ღვინოს დღემდე, ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანი არ მიუყენებია, ანუ ქართული საქვევრე თიხები დროით გამოცდილი საჭურჭლე ნედლეულია და მისი კომპონენტების ღვინოში იმ რაოდენობით გადასვლა, რომ ადამიანის ჯანმრთელობას ავნოს, გამორიცხულია. მიუხედავად ამისა მათი კონტროლი და ლაბორატორიული წესით შემოწმება ყველგან და ყოველთვის საჭიროა. ამ მიზნით „ქვევრის ფონდის“ თავმჯდომარის ბატონი გ. ბარისაშვილის მიერ შემოწმებული იქნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფ. ტყამლოვანაში აშენებული ქვევრიდან ღვინოში გადასული ქიმიური ნივთიერებებისა და მინერალების რაოდანობა და ის თუ რამდენად აკმაყოფილებს აქაური ქვევრის თიხა, სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს. მიღებული შედეგი იხ. სურ.11-ზე გამოსახულ ცხრილებში.

ცხილი 1111111111111

ცხილი 22222222222

როგორც ხედავთ ქვევრის თიხაში არსებული არც ერთი მინერალი ღვინოში იმ რაოდენობით არ გადავიდა, რომ ის ადამიანისთვის საშიში გამხდარიყო. პირიქით კი მოხდა ის მინერალები, რომლებიც ღვინოში მეტი იყო, თიხამ შთანთქა. აღსანიშნავია, რომ ქვევრში ღვინის 4-5-ჯერ დაყენების შემდეგ ქვევრის კედელი მინერალებისგან თანდათან ღარიბდა (ხდება ღვინისგან მათი თანდათან გამოწვლილვა) და ამის შემდეგ ის, როგორც ღვინისთვის, ისე სხვა პროდუქტებისათვის სრულიად ინერტული ხდება.

ამ კუთხით, ასევე, უნდა აღინიშნოს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით განხორციელებული კვლევა, რომელიც გერმანიის ქალაქ ესენის კერამიკული ქარხნის ლაბორატორიაში განხორციელდა. გერმანელმა სპეციალისტებმა 2016 წელს ვარდისუბნის, ტყემლოვანასა და საწაბლეს ქვევრის თიხის კარიერებიდან 30 ნიმუში წაიღეს და მოხდა მათი ფიზიკური-ქიმიური მახასიათებლების შესწავლა, რათა დადგენილიყო თუ რამდენად გამოსადეგი იყო ეს თიხები ქვევრების როგორც პროდუქტთან შეხებაში მყოფი ჭურჭლის დასამზადებლად და შეიცავენ თუ არა იმ რაოდენობით მძიმე მეტალებს და ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომლებიც არ შეესაბამება ევროპის სასურსათო კანონმდებლობას. ლაბორატორიის დასკვნით არცერთ ნიმუშში არ აღმოჩნდა ტოქსიკური ნივთიერებები, რაც შეეხება ორგანული ნახშირბადის, კვარცისა და მინდვრის შპატის ზედმეტ რაოდენობას, გერმანელი სპეციალისტების რეკომენდაციით ეს მინერალები ქვევრების გამოწვის დროს თიხიდან უნდა გამოიწვას. ასე, რომ შემოწმებული კარიერების თიხებისგან დამზადებული ქვევრები სრულად აკმაყოფილებს „სურსათის უვნებლობის მოთხოვნების ევროპულ სტანდარტს“. იხ. ბროშ. „ქვევრის ღვინის იდენტობა“, თბილისი, 2017 წ.

            ე. ქვევრის ფორმა და განთავსების ადგილი.

  1. ქვევრის ფორმა.

ქვევრი უძველესმა იბერებმა კვერცხის ფორმით ააშენეს და ეს ფორმა ქვევრს დღემდე აქვს შენარჩუნებული. ქვევრს დღემდე ხელით კუსტარული მეთოდით აშენებენ,  მიუხედავად ამისა, ქვევრის ნაწილთა განზომილებები დღემდე პროპორციებს ემორჩილება და ბევრი ოსტატის მიერ აშენებული ქვევრი, ესთეტიკურადაც გამოიყურება და სიმტკიცის პრობლემაც არ აქვს. მიუხედავად ამისა ქვევრი დღესაც საჭიროებს შეცვლა-დახვეწას, ამისთვის კი ბუნებას უნდა მივმართოთ და ადამიანის ქმნილება, ბუნების ქმნილებათა პროპორციებში ჩავსვათ. ბუნების ქმნილებათა ნაწილები კი ერთმანეთთან „ოქროს კვეთის პროპორციით“ (ოკპ) არის დაკავშირებული. ამიტომ ქვევრის განზომილებები სიმაღლე და მუცლის დიამეტრი, ასევე მუცლის დიამეტრი და ყელის დიამეტრი ოკპ-ით უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ როცა პროპორციის მცირე მონაკვეთი 1-ის ტოლია, მაშინ დიდი მონაკვეთი მის 1,618-ზე ნამრავლს უდრის, ანუ როცა ქვევრის მუცლის დიამეტრი 120 სმ-ის ტოლია, სიმაღლე 120X1,618=183,16სმ-ია.

ამ ფორმულით გამოთვლილ განზომილებათა მიხედვით აშენებული ქვევრის ფორმა იხ.ნახ. 2 – ზე.

ქვევრიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

  1. ქვევრის განთავსების ადგილი.

ქვევრი უძველესმა იბერებმა დასადგმელ ჭურჭლად ააშენეს, ამიტომ ათობით საუკუნის მანძილზე ქვევრს ბრტყელ ძირზე დასადგმელ ჭურჭლად აშენებდნენ და პროდუქტის შესანახ სათავსოში ედგათ. საზოგადოების განვითარების გარკვეულ ეტაპზე მეღვინეობაში ჩვენი წინაპრის ცოდნა იმ დონემდე ამაღლდა, რომ მიხვდა, ღვინის გამძლეობის ასამაღლებლად მისი დაბალ ტემპერატურაზე შენახვა იყო საჭირო, ამიტომ ქვევრი მიწაში ჩადგეს. მეორე მიზეზი იმისა, რომ ჩვენმა წინაპარმა ქვევრი მიწაში ჩადგა, მომხვდური მტრისაგან ღვინის და ჭურჭლის დაცვა იყო, ანუ მიწაში თავმდაბლად (ქვერის ფარფლიდან 15-30 სმ. სიღრმე) ჩადგმული ქვევრი, მტრისთვის უჩინო იყო. საუკუნეების მანძილზე ცხოვრებამ დაამტკიცა ჩვენი წინაპრის მიგნების სისწორე და ქვევრის მიწაში თავმდაბლად ჩადგმა, ქევრის ძირითად დადებით თვისებად გადაიქცა.

ყველა ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ქვევრის მიწაში ჩადგმის კულტურის დამკვიდრება ქართველი მეურნისა და ქართული მეღვინეობის მნიშვნელოვან მიღწევად უნდა ჩაითვალოს, რადგან ამ დროს ქვევრში ჩასხმულ ღვინოზე დედამიწის ლითოსფეროს მუდმივი დაბალი (14 გრადუსი) ტემპერატურა ვრცელდება და ღვინო მისითვის საჭირო მუდმივ დაბალ ტემპერატურაზე, ყოველგვარი ტექნიკის ჩარევის გარეშე ინახება, რაც დიდი ეკონომიური დანაზოგია. სწორედ ამ ფაქტს ეხმაურება წმინდა ილია მართალი, როცა ამბობს: „ქართული ქვევრი სწორედ, იმ სამსახურს გვიწევს, რასაც კარგი სარდაფი, ანუ მარანი ევროპელს“-ო.

ქვევრის მიწაში ჩადგმის კულტურის დამკვიდრებას თან მოჰყვა ქვევრის ფორმის შეცვლა, ანუ ქვევრის მიწაში ჩადგმამ მოითხოვა მისი კონუსური ძირით აშენება, რადგან უმისოდ მიწაში ჩადგმული ქვევრის გაცლის დიდი პრობლემა დგება. რადგან როგორც ქართულ ისე ურარტების მეღვინეობაში (ძვ. წლ. IX ს.) კონუსურ ძირიანი ქვევრებია გამოყენებული, ამიტომ დღემდე გავრცელებული მოსაზრება, რომ ქართულ მეღვინეობაში კონუსურძირიანი ქვევრების შენება და მიწაში ჩადგმა ძვ. წლ. III ს-ში დაიწყეს, სიმართლე არ უნდა იყოს.

VII. მტკიცებულება იმისა, რომ პროდუქცია ადგილწარმოშობის ადგილიდანაა (მიკვლევადობის სისტემა).

  1. რეგისტრაცია.

თითოეული ფერმერი, რომელიც დაკავებულია ქვევრის წარმოება-რეალიზაციით შეიძლება გაერთიანდეს ქვევრის მწარმოებელთა რაიმე სახის საზოგადოებაში, ორგანიზაციაში ან ჩამოყალიბდეს ასოციაციად. ასეთი ასოციაცია შეიძლება იყოს ადგილობრივი მნიშვნელობის, ანუ მასში გაერთიანდება ერთი სოფლის ან ერთი რაიონის ბიზნესოპერატორები, ან შეიძლება ჩამოყალიბდეს უფრო ფართო, რეგიონულ ან ქვეყნის  მასშტაბით ორგანიზაციად. გაერთიანებას უნდა ჰქონდეს სახელწოდება, იურიდიული მისამართი და სხვა რეკვიზიტები, საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი და ელექტრო მისამართი). გაერთიანებაში ბიზნესოპერატორები ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანებული ხალხი უნდა იყოს და გაერთიანებაში მიღება მათი განცხადების საფუძველზე, ყოველგვარი იძულებისა და ძალდატანების გარეშე უნდა მოხდეს.

  1. მიკვლევადობის მოთხოვნები.

ქვევრის დამზადება და ამისთვის საჭირო ნედლეული მოპოვებულ უნდა იქნას ასოციაციაში შემავალი ბიზნესოპერატორების სამოქმედო ტერიტორიაზე ან სულ მცირე, საქართველოს ტერიტორიაზე, რომელსაც კონტროლი უნდა გაუწიოს, როგორც ასოციაციამ, ისე სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანოებმა, რათა ქვევრი ადგილწარმოშობის დასახელების მოთხოვნებს და იმ სტანდარტს შეესაბამებოდეს, რომელიც სახელმწიფო ორგანოების მიერ ამ ტერიტორისთვისაა დადგენილი.

მიკვლევადობის განხორციელებისათვის ასოციაციაში შემავალი ბიზნესოპერატორი, რომელიც ასოციაციის წევრია და აწარმოებს ადგილწარმოშობის დასახელების პროდუქციას, ვალდებულია ჰქონდეს ყველა პირობა იმისათვის, რომ მაკონტროლებელმა იოლად შეძლოს თავისი საქმიანობის შესრულება, ანუ უნდა ჰქონდეს საწარმო ადგილი სადაც აშენებს ქვევრს, ნედლეულის ბაზა საიდანაც იღებს ნედლეულს, უნდა აწარმოებდეს შესაბამის დოკუმენტაციას, რათა შემმოწმებელმა ოპერატიულად განახორციელოს წარმოებული პროდუქციის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება.

ნამზადის მიკვლევადობას კონტროლს უწევს უფლებამოსილი ორგანო, რომელიც ადებს შემოწმებულ პროდუქციას თავის ნიშანდებას, რომელიც ადასტურებს პროდუქციის მაღალ ხარისხს და სტანდარტთან შესაბამისობას.

VIII. ნიშანდების წესები.

ადგილწარმოშობის დსახელების ყველა ქვევრი რეგისტრირებული და ნიშანდებულ უნდა იყოს ადგილწარმოშობის დასახელების მაკონტროლებელი ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ შემუშავებული ნიშნით ან ლოგოთი, რომელიც საშუალებას იძლევა მოცემული ნაწარმის იდენტიფიკაციის საშუალებას. დაუშვებელია ქვევრის ნიშანდებისთვის მოსახსნელი ეტიკეტით მონიშვნა. უმჯობესია მოინიშნოს ფარფლზე ან ქვევრის ყელის ზედა კიდეზე გაკეთებული წარწერით, ნაკაწრის სტილში.

ქვევრი ასევე შეიძლება მოინიშნოს დამატებითი ნიშანდებით, მაგ. სახელმწიფო ხარისხის ნიშნით, რომლის გამოყენება რეგულირდება სახელმწიფო კანონმდებლობით. ნიშანდებისას ქართულთან ერთად შეიძლება გამოყენბებულ იქნეს იმ ევროპული ქვეყნის შრიფტი, სადაც განზრახულია პროდუქციის ექსპორტირება.

  1. მაკონტროლებელი ორგანოები.

ადგილწარმოშობის დასახელების ნაწარმის „ქვევრის“ სტანდარტთან და წარმოების სხვა მახასიათებლებთან შესაბამისობის კონტროლი, უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემდეგი მარეგულირებელი აქტებით:

1. თვითკონტროლი, რომელსაც ანხორციელებს მწარმოებელი.

2. შიდა კონტროლით, რომელსაც ანხორციელებს ადგილწარმოშობის დასახელების მაკონტროლებელი ორგანო. რომელიც ადგილზე ამოწმებს წარმოების პროცესის შესაბამისობას სტანდარტთან ან სხვა პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. ასევე, დახმარებას უწევს გარედან შემოსულ მაკონტროლებელ ორგანოებს, როგორიცაა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაკონტროლებელი ორგანო ან მისგან დანიშნულ სხვა ფიზიკური ან  იურიდიული პირი.

3. საქართველოს კანონმდებლობით ქვევრს, როგორც სურსათთან შეხებაში მყოფი ჭურჭლის კონტროლს ანხორციელებს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო ან მის მიერ დელეგირებული იურიდიული პირი, რომელიც აკრედიტირებულია, როგორც საქართველოს ან ევროკავშირის და ეკონომიური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრი ქვეყნების შესაბამისი ორგანო.

განმცხადებლის სახელი და მისამართი:

ჟორა შალვას ძე გაბრიჭიძე; თბილის, გლდანი, I მ/რ-ნი სახლი 4, ბინა 44. საქართველოს ეროვნული აკადემია. ჟურნალი „აგრარული საქართველო“. თსუ-სთან არსებული „ნახევარგამტართა ფიზიკის ს/კ ინსტიტუტი.