რუბრიკებისტატიები

პირველი ქართველი აგრონომი ქალი – ეკატერინე ჯანდიერი

ეკატერინე ჯანდიერი პირველი ქართველი აგრონომი ქალი იყო, რომელმაც განათლება საზღვარგარეთ, შვეიცარიაში მიიღო.

დაიბადა 1881 წლის 7 დეკემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში.

1889 წელს ჩაირიცხა ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში. 1907 წელს დაამთავრა ქ. ლოზანის (შვეიცარია) სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ხუთწლიანი კურსი.

i281756464726223615

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მისივე მამულში, ვაჩნაძიანში, სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი და სამაგალითოდ მოაწყო მამის მეურნეობა.  მოაწყო ლაბორატორია, უზიარებდა ცოდნას ადგილობრივ ქალებს სოფლის მეურნეობის საკითხებზე.

შვეიცარიიდან ჩამოიტანა ათობით ფილოქსერაგამძლე ვაზის ნერგი, გამოიწერა და მიიღო სიმინდის საფშვნელი, პურის სალეწი, მემინდვრეობისათვის განკუთვნილი მანქანები, რძის გადასამუშავებელი აპარატი.

ფიზიკურად მუშაობდა მინდვრად, ვენახში. საოცარი ოსტატობით ამყნობდა ვაზს.

ხშირად ჩადიოდა თბილისში და კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების წევრებს ლექციებს უკითხავდა სოფლის მეურნეობის საკითხებზე.

ეკატერინე ჯანდიერი ვაჩნაძიანში ეწეოდა სამეცნიერო მუშაობასაც. საამისოდ ჰქონდა მიკროსკოპი და იმ დროს პირობაზე კარგად მოწყობილი ლაბორატორია. ასევე სოფლეში მოაწყო ბიბლიოთეკა.

15977382_1227014330751212_5921725560651937639_n

მის შესახებ, ილია წინამძღვრიშვილი გაზეთ „ივერიაში“ წერდა:

„ჩვენ ქალთა შორის გამოჩნდა ჯერეთ ერთად ერთი ყმაწვილი ქალი-მეურნე, მქადაებელი მეურნეობის ცოდნისა, განვითარებული თეორიით და ვარჯიშობით საზღარ-გარეთ სამეურნეო საგნებში. ეს ქალი არის-ეკატერინე ჯანდიერის ასული. დღეს იგი ვარჯიშობს კახეთში, სოფელ ვაჩნაძიანში, თავის მამის მამულში. იმისმა სამეურნეო ცოდნამ და გონივრულმა ვარჯიშობამ გამოიწვია თანაგრძნობა და სიყვარული მეურნეობის შესწავლისა გლეხ-ქალთა შორის. თავად ეკატერინე ლევან ჯანდიერის ასულის ხელმძღვანელობით გლეხების შვილები-ქალები ვარჯიშობით ითვისებენ სამეურნეო ცოდნას. ამ ორ თვეში ამ ქალის მეოხებით გავრცელდა მიდამო სოფლებში მოვლა-მოშენება ბოლქნარებისა: კომბოსტოსი, კარტოფილისა, ბადრიჯანისა, და სხვა და სხვა საბოსტნო მცენარეებისა, რაიცა მოსალოდნელიც კი არ იყო“.

გარდაიცვალა 48 წლის ასაკში,  1930 წლის 6 აგვისტოს.  დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

მოამზადა, თამარ ფეიქრიშვილმა,

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“