შავკაპიტო
შავკაპიტო – ქართლის წითელყურძნიანი ვაზის აბორიგენული ჯიშია. ძირითადად გავრცელებულია შიდა ქართლისა და სამხრეთ ოსეთის რაიონებში, სადაც მას ვაზის ადგილობრივ ჯიშებს შორის წამყვანი ადგილი უჭირავს.
სამეურნეო დანიშნულებით შავკაპიტოს პროდუქცია განკუთვნილია ხარისხოვანი ღია წითელი ფერის სუფრის ღვინოების დასაყენებლად. მევენახეობის სპეციალურ ლიტერატურაში და აგრეთვე ადგილობრივ მოსახლეობაში ცნობილია „შავი კაპიტო“, „შავკაპიტა“, „შავკაპიტო“ თბილისის სამხრეთით მდებარე რაიონებში, გერმანელთა ყოფილ ახალშენში ვენახების გაშენებისას ქართლიდან შავკაპიტოც შეუტანიათ და მისთვის შეურქმევიათ გერმანული სახელწოდება – Blauhöezer, რაც ნიშნავს ლურჯლერწიანს.
ამ ჯიშის ირგვლივ მცირეოდენი ამპელოგრაფიული ნარკვევები სხვადასხვა ავტორთა მიერ შედგენილია მხოლოდ მიმდინარე საუკუნეში. ასე მაგალითად, შავკაპიტო მოხსენიებული აქვს ქართლის ვაზის ჯიშთა შორის პ. ყანდურალოვს (10), სადაც იგი ჯიშის მხოლოდ დასახელებაზე მიუთითებს. ა. ფირალოვსა და ს. შავერდოვს (13) მეტად მოკლედ აქვთ შავკაპიტო დახასიათებული და მას აკუთვნებენ კახეთის ენდემურ ვაზის ჯიშთა ჯგუფს. ასევე მცირეოდენი მასალა აქვთ მოცემული შავკაპიტოზე თავიანთ შრომებში ვ. გეევსკის და გ. შარერს (9). შედარებით უფრო დაწვრილებით აღწერილი იგი პროფ. ს. ჩოლოყაშვილის მიერ (5), რომელიც ბოტანიკურ აღწერილობასთან ერთად იძლევა შავკაპიტოს მოკლე სამეურნეო დახასიათებას და ნიშან-თვისებათა მიხედვით აკუთვნებს ქართლის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. დოც. ნ. ჩახაშვილიც (4), რომელსაც ეკუთვნის საკავშირო ამპელოგრაფიისათვის შედგენილი შავკაპიტოს მონოგრაფიული ნარკვევი, ამ ჯიშს ქართლის ვაზის ჯიშტა ჯგუფს აკუთვნებს. ადგილზე წარმოებულმა დაკვირვებებმა ცხადყო, რომ შავკაპიტო თავისი მორფოლოგიურ-ბიოლოგიური ნიშნებით და სამეურნეო თვისებებით ტიპიური ქართული ვაზის ჯიშია და ეკოლოგიური პირობების მიხედვით ქართლის ვაზის აბორიგენულ ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. ამის დამამტკიცებელია – ფოთლის ფერი, მოყვანილობა, შებუსვა, ყვავილის ტიპი, მტვრიანების რიცხვი ყვავილედში (ხუთი და მეტი), მტევნისა და მარცვლის ფორმა და კონსისტენცია, წიპწის ფორმა, ფერი, აგრეთვე ბიოლოგიური თვისებები – ვაზის ზრდის სიძლიერე, სავეგეტაციო ფაზების მსვლელობა და ყურძნის მომწიფების პერიოდი.
როგორც წარსულში, ისე ამჟამად შავკაპიტოს გავრცელების არეალი განისაზღვრება ქართლის ზოგიერთი რაიონებით. ძირითადად იგი წარმოდგენილია: კასპის, გორის, ქარელის, სტალინირის, ზნაურის, ლენინგორის რაიონებში. მცირეოდენ ნარგავების სახით გვხვდება აგრეთვე ხაშურის, მცხეთის, მარნეულის, გარე კახეთის, ახალციხისა და ასპინძის რაიონებშიც.
1953 წლის სტატისტიკური აღწერის მასალების თანახმად შავკაპიტოს, ვენახები შემდეგნაირად არის განაწილებული აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში: სტალინირის რაიონში 2,86 ჰა, ზნაურის რ-ში 11, 32 ჰა, ლენინგორის რ-ში 1,85 ჰა, ხაშურის რ-ში 0,02 ჰა, ქარელის რ-ში 1,55 ჰა, გორის რ-ში 3,94 ჰა, კასპის რ-ში 1,47 ჰა, მცხეთის რ-ში 0,01 ჰა, თბილისის რ-ში 1,18 ჰა, მარნეულის რ-ში 0,22 ჰა, კაჭრეთის რ-ში 0,09 ჰა, საგარეჯოს რ-ში 0,60 ჰა, ახალციხის რ-ში 1,62 ჰა და ასპინძის რ-ში 0,04 ჰა.
1955 წლის პირველი იანვრისათვის ამ ჯიშის საერთო ფართობი შეადგენდა 44,78 ჰექტარს. პერსპექტიული გეგმით გათვალისწინებულია მისი დანერგვა სამხრეთ ოსეთის რაიონებში და ძირითადად სტალინირის ზონაში. მისი პროდუქცია მომავალშიც იქნება გამოყენებული ადგილობრივი მოხმარების ხარისხოვანი წითელი სუფრის ღვინის, აგრეთვე საშამპანურე ღვინომასალის დასამზადებლად.
ბოტანიკური აღწერა
შავკაპიტო აღწერილი მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის სკრის საცდელი სადგურის ხიდისთავის დასაყრდენ ბაზაზე (გორის რ-ნი) და დიღმის სასწავლო მეურნეობის კოლექციაში (თბილისის გარეუბანი).
ახალგაზრდა ყლორტი
კვირტები გაშლის პერიოდში თითქმის ქეჩისებრ შებუსვილია თეთრი მეტად რბილი ბეწვისებრი ბუსუსით და ნახევრამდე გადაჰკრავს მოვარდისფრო ელფერი. ზრდის კონუსი და ახლად გასაშლელი ფოთოლაკები მეტად ინტენსიურადაა შებუსვილი თეთრი ბეწვისებრი ბუსუსით, რომელიც ზედა მხრიდან ღია წითელი ან მოვარდისფროა. პირველი ახლად გაშლილი ფოთოლი როგორც ზედა ისე ქვედა მხრიდან ქეჩისებრ დაფარულია თეთრი რბილი ბეწვისებრი ბუსუსით, ხოლო ზედა მხრიდან ზოლივით გასდევს მოვარდისფრო ელფერი. ამგვარი შეფერვა შემდეგ მომდევნო ფოთლებსაც ახასიათებს. ფოთლის ნაპირები და განსაკუთრებით კბილების წვერის ნაწილები წითლადაა შეფერილი. მომდევნო მეორე ნორჩი ფოთლის შებუსვაც ქეჩისებრია. ზედა მხრიდან მას ახასიათებს ღია მწვანე მოყვითალო შეფერვა ოდნავ შესამჩნევი მოოქროსფრო ელფერით. მესამე ნორჩი ფოთოლი ზედა მხრიდან თითქმის უფრო ინტენსიურად არის შეფერილი და მოყვითალო ან ბრინჯაოს ფერისაა. ქვედა მხრიდან ლაქისებრი მოვარდისფრო შეფერვა ახასიათებს, განსაკუთრებით ძარღვთა შორის არეებში. შემდეგ ფოთლებზე შებუსვა ისევ ძლიერია,ხოლო შეფერვა სუსტდება და ხშირად ღია მწვანე-მოყვითალო ელფერს ღებულობს. საკმაოდ ძლიერი შებუსვა ახასიათებს აგრეთვე ფოთლის ყუნწს და პწკალს, რომელთაც ამავე დროს გასდევს მკვეთრად გამოსახული ზოლისებრი მოწითალო შეფერვა.
ახალგაზრდა ყლორტი მრგვალია და ღია მწვანე; მზის მხრიდან მოყავისფროა და ძლიერ არის დაფარული ბეწვისებრი ბუსუსით განსაკუთრებით წვერისაკენ.
ერთწლიანი რქა
შემოსული რქა საშუალო ან საშუალოზე წვრილია (7-9 მმ) და მოყავისფრო, ოდნავ მოწიფალო ელფერი დაჰკრავს, მუხლები უფრო მუქი ყავისფრადაა შეფერილი, მუხლთშორისის სიგრძე 7-13 სმ-მდე აღწევს.
ფოთოლი
ზრდადამთავრებული ფოთოლი მომრგვალო მოყვანილობისაა და საშუალო სიდიდის ან საშუალოზე მცირეა. მისი სიგრძე საშუალოდ 14-16,5 სმ, ხოლო სიგანე 13,5-15,5 სმ აღწევს, ღრმად დანაკვთულია და მკვეთრად გამოსახული მუქი მწვანე შეფერვა ახასიათებს. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, უფრო ხშირად თაღისებრი ან ჩანგისებრია, მომრგვალო ან მახვილი ფუძით. თაღი უფრო ხშირად კვადრატულია და საკმაოდ ღრმა.
ზედა ამონაკვეთი უფრო ხშირად ღიაა ჩანგისებრი, პარალელური გვერდებითა და მახვილი ფუძით. გვხვდება აგრეთვე დახურული თითქმის უნასვრეტო, ზოგჯერ ელიფსური ან კვერცხისებრი მოყვანილობის ამონაკვეთებიც.
ქვედა ამონაკვეთი მცირედ ჩაჭრილია ან საკმაოდ შეჭრილ კუთხეს ქმნის; იშვიათად გვხვდება მხოლოდ ჩანგისებრი ფორმის ამონაკვეთები თითქმის პარალელური გვერდებით და მახვილი ფუძით.
ნაკვთების წვერის კბილები წესიერი სამკუთხედისებრია მახვილი ან წამახვილებული წვერით. მეორადი კბილები უფრო ხშირად განიერი სამკუთხედისებრია, რომელთაც ზოგჯერ ამოზნექილი გვერდები და მომრგვალო ან მახვილი წვერი აქვს.
ფოთოლი სამ ან ხუთნაკვთიანია. წვერის ნაკვთი ფოთლის ფირფიტასთან ქმნის სწორ კუთხეს, იშვიათად მახვილს.
ფოთლის ზედა მხარე შიშველია ან უმნიშვნელოდ დაფარულია მეტად თხელი ბეწვისებრი ბუსუსით. მისი ზედაპირი ბადისებრ დანაოჭებულია, ზოგჯერ წვრილი ბუშტისებრია. ბუნებრივ მდგომარეობაში ფოთოლი ღარისებრია ან ძაბრმაგვარ ღარისებრი და მისი ნაპირები ხშირად ქვემოთაა ჩამოწეული. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით.
მთავარი ძარღვი ღია მწვანეა და საკმაოდ სქლად დაფარულია მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით. ფოთლის ყუნწის შეფარდება შუა მთავარ ძარღვთან 0,7-0,9 უდრის. იგი შიშველია და მოწითალო, ზოგჯერ მოვარდისფრო ან მოიისფრო ელფერით.
ყვავილი
ყვავილი ორსქესიანია ნორმალურად განვითარებული ბუტკოთი და მტვრიანებით. ბუტკო საშუალოზე მცირეა. ყვავილში უფრო ხშირად 5 და 6 მტვრიანაა, რომლებიც საგრძნობლად გრძელია ბუტკოზე და ყვავილის გაშლისას ნორმალურად იხრება ბუტკოდან. ყვავილების რაოდენობა ყვავილედში 600-700 აღწევს.
მტევანი
მტევნის ყუნწის სიგრძე 4,5-6 სმ უდრის. ყურძნის სრული მწიფობის პერიოდში იგი ხევდება მიმაგრების ადგილას მეტად მცირე მანძილზე. დანარჩენი ნაწილი კლერტით ბალახისებრია და ღია მწვანე.
მტევანი საშუალო სიდიდის და ზოგჯერ საშუალოზე მცირეა. მისი საშუალო სიგრძე 13-16 სმ, სიგანე 8,5-12,5 სმ, ხოლო უფრო ხშირად 13-14 სმ აღწევს. ფორმით ცილინდრულ-კონუსისებრია ან კონუსისებრი. აგებულებით საკმაოდ კუმსი; ზოგჯერ ახასიათებს ფრთა, რომლის სიგრძე თითქმის მტევნის სიგრძის ნახევარს უდრის.
მარცვალი
მარცვლის ყუნწის სიგრძე საჯდომი ბალიშით 5-7 მმ აღწევს. იგი მწვანე ან ღია მწვანეა. საჯდომი ბალიში დამეჭეჭებულია და ფორმით განიერი კონუსისებრია.
საშუალო ან საშუალოზე მცირე, ოვალური მარცვალი შავია. მისი საშუალო სიგრძე 11-14 მმ, ხოლო სიგანე 9-12 მმ აღწევს; ცხელი, მაგრამ საკმაოდ მაგარი კანი აქვს; ჩვეულებრივ ტკბილია. მარცვალი საკმაოდ ხორციანი და წვნიანია. იგი შუაწელში უფრო განიერია, ბოლო მომრგვალებული აქვს და სიმეტრიულია, რომელიც საჯდომ ბალიშზე მტკიცედაა მიმაგრებული.
წიპწა
მარცვალში 1-4 წიპწაა. უფრო ხშირად გვხვდება 1-2 წიპწა. მისი საშუალო სიგრძე 5,5-6 მმ და სიგანე 3,5-4 მმ აღწევს. ზურგის მხრიდან ყავისფერია, ხოლო მუცლის მხრიდან ღარებში ღია მოყვითალო-მონაცრისფრო ელფერი დაჰკრავს. ზურგის მხარე გლუვია. ქალაძა მომრგვალოა და საკმაოდ გამოსახული, მოთავსებულია ზურგის მხარის თითქმის შუა წელში. ნისკარტი მოჟანგისფროა ღია მოყვითალო ელფერით. მისი სიგრძე 1,5-2 მმ უდრის.
აგრობიოლოგიური დახასიათება
ქართლში შავკაპიტოს სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა კვირტის გაშლიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე 176-177 დღეს, ხოლო ფოთოლცვენის დამთავრებამდე 216-226 დღეს შეადგენს, კახეთში (თელავი) კი ყურძნის სრულ სიმწიფემდე საჭიროა 143, ხოლო მთელი სავეგეტაციო პერიოდისათვის 212 დღე.
ქვემოთ მოგვყავს სოფ. ხიდისთავის ექსპერიმენტულ ბაზაზე (გორის რ-ნი), დიღმის სასწავლო მეურნეობის კოლექციაში (თბილისის გარეუბანი) და მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის თელავის საცდელი სადგურის ბაზაზე (თელავი) შავკაპიტოზე წარმოებულ ფენოლოგიურ დაკვირვებათა საშუალო მონაცემები (იხ. ცხრ. 1).
შავკაპიტოს გამოღვიძება და კვირტების გამოფურჩქვნა აპრილის შუა რიცხვებში მიმდინარეობს. ამ ფაზის ნაადრევად, ან დაგვიანებით დაწყება დამოკიდებულია გაზაფხულის ტემპერატურაზე. არის შემთხვევა, როდესაც იგი იწყება 8-10 აპრილიდან, ან უფრო დაგვიანებით 20-25 აპრილიდან. ასეთივე მდგომარეობაა თელავის ზონაშიაც (კახეთი). ასე მაგალითად, მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის ბაზაზე შავკაპიტოს კვირტის გაშლა 1945 წელს დაიწყო 2.V; 1946 წ. 23.V; 1947-4.IV; 1948 წ.-27.IV, ხოლო 1949 წ.-2.V.
მკვეთრ განსხვავებას ვამჩნევთ ყურძნის შეთვალებისა და სრული სიმწიფის პერიოდებს შორის.
ასე, მაგალითად, ხიდისთავისა და დიღმის ზონებში ყურძნის შეთვალება იწყება საშუალოდ 16-18 აგვისტოდან, ხოლო მასობრივ მწიფობას იწყებს 8-12 ოქტომბრიდან. თელავის ზონაში კი შეთვალებას იწყებს 10-13 აგვისტოს, ხოლო მასობრივ მწიფობას 10-13 სექტემბრიდან. მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიუტტის თანამშრომლის მეცნ. კანდ. პ. ბიბილაშვილის დაკვირვებით (1) სტალინირის რაიონში, კერძოდ, სოფ. თამარაშენში შავკაპიტოს კვირტი გაშლას იწყებს 20-25 აპრილიდან, ყვავილობას 15-25 ივნისიდან, ხოლო სრულ სიმწიფეს ოქტომბრის მეორე ნახევრიდან.
ვაზის ზრდა და ვეგეტატიური ნაწილების მომწიფება
შავკაპიტო საშუალო ზრდის ვაზის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. ღრმა, ღონიერ ნიადაგებზე და აგროტექნიკის მაღალ ფონზე კი იგი ძლიერი ზრდით ხასიათდება. ამგვარ პირობებში ცალკეული რქის სიგრძე ხშირად 2-2,5 მ-მდე აღწევს. ვეგეტატიური ნაწილები – რქები ყურძნის სრული მწიფობის პერიოდისათვის ასწრებს მომწიფებას თითქმის 85-95%-ით, ხოლო ფოთოლცვენის დროისათვის კი – მთელი 100%-ით. ზოგ შემთხვევაში მოუმწიფებელი რჩება რქის წვერის ნაწილები, მით უმეტეს თუ ცა გაუხსნელია, რომლებიც ზამთრის ყინვების გავლენით ადვილად იყინება.
მოსავლიანობა
მოსავლის პირველ ნიშნებს შავკაპიტო იძლევა დარგვიდან მეორე წელს, ხოლო მტევნები მეტწილად არატიპიური გამოდის. საკმაო მოსავალს იძლევა იგი მესამე წელს, სრულ მოსავალს კი – მეოთხე წლიდან.
სათანადო მოვლის პირობებში შავკაპიტო უხვმოსავლიანია. რქაზე ხშირად თითქმის თანაბარი სიდიდის 2 მტევანი უვითარდება; იშვიათად გვხვდება ერთმტევნიანი რქა. ვაზის ძველი ნაწილებიდან განვითარებული ყლორტები უმოსავლოა.
ხიდისთავის ზონაში (გორის რ-ნი) ქართული წესით ვაზის ფორმირებისას ერთი ძირის მოსავალი საშუალოდ 1,5-2 კგ-მდე აღწევს, ხოლო მსხმოიარობის კოეფიციენტი 1,35 უდრის. მევენახეობა-მეღვინეობის თელავის საცდელი სადგურის ბაზაზე შავკაპიტოს მსხმოიარობის კოეფიციენტი 1,12-ით განისაზღვრება; მტევნის საშუალო წონა 120 გ, ხოლო ერთი ძირის საშუალო მოსავალი 1296 გაღწევს.
სტალინირის რაიონის სოფ. თამარაშენისა და ერედვის მევენახეობის ზონაში შავკაპიტო უხვ მოსავალს იძლევა; სათანადო მოვლის შედეგად მისი მოსავალი ჰექტარზე საშუალოდ 120-130 ცენტნ. აღწევს.
მოსავლის კიდევ უფრო მეტად გაზრდა შესაძლებელია დატვირთვის გადიდებით და ფორმირების შეცვლით, რაც დადასტუცრებულია ცდებით მეცნ. კანდ. პ. ბიბილაშვილის მიერ (1). სოფ. თამარაშენში მაღალი დატვირთვის ფორმებიდან მის მიერ იცდებოდა ორმხრივი შპალერი და მრავალსაკავებლიანი ფორმა. შედეგები მოცემულია ქვემოთ მოყვანილ მე-2 ცხრილში.
როგორც მოყვანილი ცხრილიდან ჩანს, მრავალსაკავებლიანი ფორმა ორმხრივ შპალერთან შედარებით მოსავლის მკვეთრ მატებას იძლევა (52,6%). აღნიშნული მდგომარეობა გათვალისწინებული უნდა იქნეს გასხვლა-ფორმირებისას და თითოეული ვაზი მაღალი აგროტექნიკის ფონზე დაიტვირთოს 30-32 კვ-მდე. ფართოდ უნდა იქნეს აგრეთვე გამოყენებული ორმხრივი შპალერი, რაც სათანადო მოვლისა და შესაფერის პირობებში ნორმალურ ზრდასთან ერთად უზრუნველყოფს უხვი მოსავლის მიღებას (125,4 ცენტრ. ჰა-ზე). ყვავილცვენას და დაწვრილმარცვლიანებას ჯიში უმნიშვნელოდ განიცდის.
სოკოვან ავადმყოფობათა და მავნებელთა მიმართ გამძლეობა
ქართლისა და სამხრეთ ოსეთის რაიონებში შავკაპიტოს შეწამვლას ჭრაქისა და ნაცრის წინააღმდეგ რეგულარულად არ აწარმოებენ. მიუხედავად ამისა, ჯიში დიდად არ ავადდება დასახელებულ ავადმყოფობებით. მათი მოქმედება შესამჩნევია ცხელ და წვიმიან ამინდის პირობებში, რის გამოც მოსავლის საღად შენარჩუნების მიზნით სავალდებულო ღონისძიებად უნდა იქნეს მიჩნეული ვაზების 3-4 ჯერ შეწამვლა ბორდოს ხსნარით და 1-2 ჯერ გოგირდის შეფრქვევა. ჯიში ძირითადად საკუთარ ძირზეა გავრცელებული. ნამყენების სახით მხოლოდ ამ უკანასკნელ პერიოდში ვრცელდება და ისიც საკოლმეურნეო ნაკვეთებზე. საკუთარძირიან შავკაპიტოს ვენახებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ფილოქსერის მიმართ იგი ვერ იჩენს გამძლეობას; ამ ფაქტს ადასტურებს რიგ მიკროუბნებში უმყნობი ვაზის ძირების სუსტი განვითრება და ყურძნის მცირე მოსავალი.
ამიტომ აუცილებელია მისი შემდგომი გავრცელება წარმოებდეს ნამყენების სახით სათანადოდ შერჩეულ ფილოქსერაგამძლე ვაზის საძირეებზე.
ჯიშის გარემო პირობებისადმი დამოკიდებულება
ეკოლოგიური პირობების მიმართ შავკაპიტო არ იჩენს დიდ მგრძნობიარობას. იგი წარმატებით ვითარდება როგორც დავაკებულ, ღრმა ღონიერ ადგილებში, ისე ფერდობებზე ქვა-ღორღის შემცველ ნიადაგებზე. მაგრამ იგი მნიშვნელოვან განვითარებას აღწევს სამხრეთ ან სამხრეთ-აღმოსავლეთით მიქცეულ თიხნარ-ქვიშნარ და კალციუმის კარბონატებით მდიდარ ნიადაგებზე. ამგვარ პირობებში უხვ მოსავალთან ერთად მიიღება მაღალხარისხოვანი ყურძნის პროდუქცია ღია წითელი ფერის სუფრის ღვინოების დასაყენებლად.
ბუნებრივი ფაქტორებიდან შავკაპიტოს განვითარებაზე და პროდუქციის ღირსებაზე უარყოფით გავლენას ახდენს ძლიერი ქარები, რაც ხშირი მოვლენაა ქართლის რაიონებში.
ქარების მოქმედების შედეგად ხდება ნიადაგის სწრაფი გამოშრობა, რაც იწვევს ვაზის ვეგეტატიური ნაწილების ზრდის შენელებას, რის გამოც უხეში და დაბალხარისხოვანი პროდუქცია მიიღება. ქარების უარყოფითი გავლენის თავიდან ასაცილებლად აუცილებელ ღონისძიებად უნდა იქნეს მიჩნეული სავენახე ფართობზე სათანადო ქარსაფრების მოწყობა და ვეგეტაციის პერიოდში ვენახების 2-3 ჯერ მორწყვა.
ზამთრის ყინვები შავკაპიტოს დიდად არ ვნებს, მაგრამ დიდი და ხანგრძლივი ყინვების დროს იგი მნიშვნელოვნად ზიანდება, განსაკუთრებით მდინარეთა სანაპირო დაბლობ ზოლში, შემაღლებულ ფერდობებზე კი უმნიშვნელოდ ზიანდება. ამის გამო ცივ რიაონებში მისი გაშენება უნდა წარმოებდეს მხოლოდ სამხრეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ნაკვეთებზე.
სამეურნეო ტექნოლოგიური დახასიათება
სამეურნეო დანიშნულებით შავკაპიტო საღვინე ვაზის ჯიშია. ქართლის ზოგიერთ მიკრორაიონში (სოფ. ხიდისთავი, თამარაშენი, ერედვი) იგი იძლევა ხარისხოვან ღია წითელი ფერის სუფრის ღვინოს.
შავკაპიტოს ღვინო ხანგრძლივად არ ინახება. მისი პროდუქცია წარმატებით შეიძლება გამოყენებული იქნეს ადგილობრივი მოხმარების ხარისხოვანი ღია წითელი ფერის სუფრის ღვინოების დასაყენებლად.
მტევნისა და მარცვლის მექანიკურ-ქიმიური შედგენილობა
მექანიკურ-ქიმიური ანალიზებისათვის შავკაპიტოს ყურძნის ნიმუშები აღებულია სოფ. ხიდისთავის (გორის რ-ნი) მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის გორის დასაყრდენ პუნქტის ნაკვეთიდან და დიღმის (თბილისის გარეუბანი) სასწავლო მეურნეობის კოლექციიდან.
შავკაპიტოს მტევნის საშუალო წონა 179,5 გ არ აღემატება. მარცვლების რიცხვი მტევანზე საშუალოდ 106 აღწევს, ხოლო წვენის გამოსავალი სავსებით დამაკმყაოფილებელია (76,4%), რაც საკმაოდ უნდა ჩაითვალოს საღვინე ჯიშისათვის. შაქრისა და მჟავიანობის შეფარდება (20,0% : 6,7‰) მიგვითითებს იმაზე, რომ ამ მასალიდან საკმაოდ ხარისხოვანი ღვინო დადგება.
ტკბილის ქიმიური შედგენილობის შესადარებლად აქვე მოგვყავს შავკაპიტოს ყურძნის ქიმიური ანალიზის შედეგები ჩატარებული მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის თელავის საცდელი სადგურის ექსპერიმენტულ ბაზაზე.
ანალიზის მონაცემებიდან ნათლად ჩანს, რომ არც ერთი წარმოდგენილი ნიმუში არ ჩაითვლება ნორმალურად შავკაპიტოსათვის. ნაადრევად დაკრეფილი (1947 წ. 2.IX) ყურძნის ტკბილის შემცირებული შაქრიანობისას (17%) მეტად გაზრდილია მჟავიანობა (11,5‰). თითქმის ასეთივე სურათია დაგვიანებით დაკრეფილ მასალაშიაც. ასე, მაგ., 1949 წ. 21.IX დამზადებულ ტკბილში შაქრიანობა 17% უდრიდა, ხოლო საერთო მჟავიანობა 10‰. ეს ის პერიოდია, როდესაც კახეთის ზონაში და, კერძოდ, თელავის მიკრორაიონში ვაზის ადგილობრივი ჯიშები – რქაწითელი, საფერავი და სხვა მასობრივ მწიფობაშია (22-23% შაქრისა და 7,5-9,5‰-მდე მჟავიანობის შეცულობით). აქედან გამომდინარე თელავის ზონაში შავკაპიტოს წარმოება არარენტაბელურად უნდა ჩაითვალოს, რადგან იგი მდარე ღირსების პროდუქციას იძლევა სუფრის ღვინის დასაყენებლად.
შავკაპიტოს ღვინომასალის კარგ ღირსებას ადასტურებს პროფ. გ. ბერიძის მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგები რაც მოყვანილია ქვემოთ.
როგორც ამ ანალიზის შედეგებიდან ჩანს რიგ მევენახეობის რაიონში შავკაპიტო ხარისხოვან მასალას იძლევა. ამ ზონებში დამზადებული პროდუქცია (თამარაშენი, ბერაულა, დიდი ძარწემი, სარო და სხვ.) ხასიათდება სინაზით, სიხალისით, ჰარმონიულობით, გარკვეული სიმჩატით და წარმოადგენს ნაზ, სუფრის ხარისხოვან ღვინოს. ქიმიური და გემური შემოწმების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ შავკაპიტოს ღვინომასლა მოგვცემს ხარისხოვან პროდუქციას აგრეთვე შამპანური ღვინოების დასამზადებლად.
საბოლოო შეფასება და დარაიონება
მრავალი წლის მანძილზე წარმოებული დაკვირვებანი მოწმობს, რომ შავკაპიტოს ყურძნიდან კარგი სუფრის ღვინო დგება. განსაკუთრებით ამ მხრივ საყურადღებოა მევენახეობის ისეთი ძირითადი მიკრორაიონები, როგორიცაა – სოფ. თამარაშენი, ზემო აჩაბეთი, ქვემო აჩაბეთი, ქურთა, დიდი ძარწემი, ბერაულა, არგვიცი და სხვ. ამ უბნებში დამზადებული შავკაპიტოს ღვინომასალა სავსებით კარგი ღირსებისაა როგორც ქიმიური შედგენილობით (ალკოჰოლი, მჟავიანობა, მქროლავი მჟავიანობა, ექსტრაქტი, ტანინი, გლიცერინი და სხვ.), ისე გემური თვისებებითა და ფერით. დაკვირვებებით დადასტურებულია აგრეთვე მესხეთის რაიონების შავკაპიტოს პროდუქციის საკმაოდ მაღალი ღირსება. ასპინძის რაიონის სოფ. საროს ზონაში დამზადებული შავკაპიტოს ღვინომსალა გამოირჩევა ლამაზი შეფერილობით, სასიამოვნო ჯიშური არომატით, ალკჰოლისა და საერთო მჟავას ნორმალური შეცულობით, მქროლავი მჟავას უმნიშვნელო რაოდენობით და საერთოდ ყველა იმ თვისებებით, რაც დამახასიათებელია ხარისხოვანი სუფრის ღვინისა და საშამპანურე ღვინომასალისათვის.
შავკაპიტოს ღვინის შენახვის უნარზე და ტრანსპორტაბელობაზე დაკვირვება არ წარმოებულა, რადგან ამ ჯიშის პროდუქციას ფართობის სიმცირის გამო სხვა ჯიშებთან აკუპაჟებენ და ახალგაზრდობის პერიოდშივე იყენებენ სასმელად.
ყურძენი დიდხანს არ ინახება და ნაკლებად ტრანსპორტაბელურია.
ქართლის წითელყურძნიან ვაზის ჯიშებს შორის შავკაპიტო ფართო გავრცელების ღირსია, განსაკუთრებით სტალინირის ზონაში, აგრეთვე, გორის, კასპის, მცხეთის, თბილისის გარეუბნის, ახალციხისა და ასპინძის რაიონებში. დასახელებულ რაიონებში ამ ჯიშის ფართო გავრცელებას საფუძვლად უნდა დაედოს პროდუქციის ძირითადად სუფრის ღვინოდ, ხოლო მთისპირა ზონებში საშამპანურე ღვინომასალად გამოყენება. ფილოქსერასაგან ვაზების დაცვის მიზნით დასახელებულ რაიონებში შავკაპიტოს გავრცელება უნდა მოხდეს სათანადოდ შერჩეულ ფილოქსერაგამძლე ვაზის საძირეებზე.
საქართველოს ამპელოგრაფია / ნ. კეცხოველი, მ. რამიშვილი, დ. ტაბიძე; რედ.: დავით მაღრაძე
წყარო: www.nplg.gov.ge