აგრარული განათლებადარგებიმემარცვლეობა

თავთავიანი პურეულის წარმოება დასავლეთ საქართველოს ჭარბტენიან ზონაში

თავთავიან პურეულს მიეკუთვნებიან ხორბალი (რბილი და მაგარი), ქერი, ჭვავი და შვრია, მათი საშემოდგომო და საგაზაფხულო ფორმები, დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებით მის ჭარბტენიან ზონაში მათი წარმოება არათუ შეზღუდული იყო, არამედ თითქმის მთლიანად მივიწყებული. 

ეს ეხება საშემოდგომო ხორბალსა და ქერს. ამასთან ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის ბოლო პერიოდში ა. მოწერელიამ შეძლო მიეღო ხორბლის დამაკმაყოფილებელი მოსავალი კოლხეთის დაბლობის ჭარბტენიანი ზონის დამშრალ ფართობებზე.

ბანერი ასატვირთი

არსებული მდგომარეობა

დღეისათვის რადგანაც ჩვენს ქვეყანაში საშემოდგომო თავთავიანების წარმოება მოთხოვნილების 8-10%-ს არ სცილდება და ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო რთულდება ამ დეფიციტის იმპორტით შევსება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ამ კულტურის წარმოების დაწყება ასეთ არატრადიციულ ზონაში. მით უმეტეს, რომ მთლიანი მოთესვის კულტურის ჩართვა ამ ზონისათვის ტრადიციული სათოხნი კულტურების- სიმინდისა და სოიოს თესლბრუნვაში გადაჭრის ამ კულტურების დასარევლიანების ბევრ პრობლემას და ამ გზით საგრძნობლად გააუმჯობესებს მეტად რთული აგროეკოსისტემების ნაყოფიერებას.

ალბათ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ 80-იანი წლების ბოლოს დაწყებული ალაზნის არხის მეორე რიგის მშენებლობა ჯერ დააკონსერვეს, შემდეგ კი დახურული ქსელის ძალიან დიდი დიამეტრის მილები ამოყარეს და გაყიდეს. ამას კი ლაკბეს კაშხალის დანგრევა და ღია არხების მიწით ამოვსება მოჰყვა, რამაც საბოლოო წერტილი დაუსვა ივრის ზეგანისა ბოლო ნაწილის, კეძოდ შირაქის გასარწყავებას. ამან კი საქართველოს ისედაც სუსტი „პურის ბეღლის“ პოტენციალი სკმაოდ დაბალ ნიშნულზე გაყინა, ამიტომ, ჩვენი აზრით დღის წესრიგში დადგა სწორედ ჭარბტენიანი კოლხეთის დაბლობის„პურის ბეღლად” გადაქცევის საჭიროება, რადგან შირაქის გასარწყავება რამდენიმე ათეულ, ან ასეულ მილიონს მოითხოვდა. ჭარბტენიანი მიწების დრენაჟი უფრო ადვილ და იაფად მოსაგვარებელ საქმედ მიიჩნეოდა, რომლის დაწყებას საგრძნობი ბიძგი მისცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ჩვენი კონსულტანტის ვ. ზედგენიძისათვის დავალების მიცემამ ჯიშთა გამოცდის საქმიანობის დასაწყებად ამ ზონაში, კერძოდ კი აბაშაში.

აქ დაყენებულმა ცდამ გვაჩვენა, რომ ამ ზონისათვის ერთ-ერთი პერსპექტიული ჯიში „კრასნოდარ 99” იყო. ამ ჯიშის თესლის წარმოება კი ხდებოდა დედოფლისწყაროს ერთ-ერთ ხორბლის მეთესლეობის შპს-ში, რომელსაც ამ კულტურის გამოცდილი სპეციალისტები მამა-შვილი თეთვაძეები ედგნენ სათავეში. პროექტის მიერ შეძენილი თესლი გადაეცა კოოპერატივ “ფერმერ 2015”-ს (ლიდერი ზ.თავიდაშვილი), სადაც დაითესა 2 ნაკვეთში (10ჰა-სა და 2-ჰა-ზე) უმალ თავი იჩინა პრობლემებმა, როგორც ტექნიკურმა ისე ტექნოლოგიურმა, რომელთაგან განსაკუთრებით რთული შემოდგომა-გაზაფხულის ჭარბი ნალექების შედეგად ნათესებში დატბორილი წყლის დრენირება იყო. ამ პრობლემების გადაჭრაში აქტიურად მონაწილეობდნენ დ.კილაძე, მ. დანელია და გ.კუცია, რომელთა ძალისხმევით დრენაჟისათვის შეირჩა ნიადაგის დახვრელვისა და დასერვის ტექნოლოგიები. გ.კუციას და დ.კილაძის ძალისხმევით შესაძლებლი გახდა ნიადაგის დახვრელვისათვის საჭირო გუთნის დამატებითი მოწყობილობის აღდგენა და დღის წესრიგშია აგრეთვე ამავე მიზნით ღია სადრენაჟო ქსელის მოსაწყობად აუცილებლი ნიადაგის დასერვისათვის საჭირო ამ 30-ოდე წლის წინ მელიორაციის ინსტიტუტის მიერ კონსტრუირებული დისკის დამზადებაც. რომელიც მომავალი წლიდან შეიძლება გამოიცადოს. მაგრამ ვინაიდან მსგავსი საცდელი საქმიანობა უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციის ფორმატით გათვალიწინებული არ არის ძალზე რთულია ამ დაბრკოლებების გადალახვა, მიუხედავად ამ სიძნელეებისა მაინც გარკვეულ წილად მოხერხდა მათი დაძლევა და მიღებული იქნა ხორბლის მოსავლი 31ც/ჰა, რაც არც თუ ცუდი შედეგია პირველი წლისათვის, ამიტომ სასურველია გაგრძელდეს და ბოლომდე მივიდეს ეს დაწყებული მეტად საჭირო საქმე.

ნაკვეთის თავთავიანების დასათესად მომზადება

თავთავიანი კულტურებისთვის გამოყოფილი ნაკვეთების ძირითადი პრობლემა შემოდგომა გაზაფხულის პერიოდში მოსული ნალექების ჭარბი წყლის მოცილების აუცილებლობაა. ამიტომ პირველ რიგში კოოპერატივის სახნავი მიწები უნდა დაიყოს ოპტიმალური ზომის (5-10ჰა), მართკუთხა ნაკვეთის გარშემო უნდა გაკეთდეს სადრენაჟე არხები 1.2მ სიღრმისა და 1მ სიგანის რომელიც უნდა უერთდებოდეს დრენაჟის საერთო ქსელს, რათა ზედმეტი წყალი მოცილდეს ნაკვეთს და შეიღობოს არხის გარეთა პერიმეტრზე/წარბაზე. დახვრელვის ოპერაციის ჩასატარებლად საჭიროა ნაკვეთის მოსწორება/მოშანდაკება რისთვისაც შეიძლება გამოყენებული იქნას გრეიდერის ტიპის ე.წ. “პლანიროვშიკი” (КАЗУ-3) რათა ტრაქტორის გუთნის უკანა ფრთაზე დამგრებული სახვრელავი მოწყობილობა ვერტიკალურად არ ირხეოდეს და ხვრელს ჰორიზონტალურ ღერძთან მიმართებაში დახრილობის კუთხეს არ უცვლიდეს, რაც 1გრძივ მ.-ზე 1.5სმ-ს უნდა შეადგენდეს. წყლის დინების მიმართულების დაბრკოლების შექმნის აღსაკვეთავად. ასეთი ხვრელი საშ. სიმძიმისფ ნიადაგებში 3-4 წელიწადსაც კი მუშაობს და დრენაჟს დაუბრკოლებლად ახორციელებს. არასწორ ზედაპირზე ხორბლის ნათესში წყლის დადგომისა და ნათესის ამოხუთვის თავიდან ასაცილებლად წყლის სადრენაჟე არხში გადასაგდებად კი შეიძლება ღია, დასერილი არხებიც იქნეს გამოყენებული.

საშემოდგომო თავთავიანების წარმოების ტექნოლოგია ჭარბტენიან ზონაში

ადგილი თესლბრუნვაში

და ნიადაგის დამუშავება თავთავიანი პურეული კულტურებისათვის კარგი წინამორბედია: სათოხნი კულტურები (სასილოსე და სამარცვლე სიმინდი), მრავალწლოვანი ბალახების კორდი, ერთწლოვანი პარკოსანი კულტურებით მოთესილი ანეული, შუალედურ კულტურებად. შესაძლებელია საგაზაფხულო თავთავიანების გამოყენება.

შეიძლება აგრეთვე დაითესოს საშემოდგომო თავთავიანების ნაწვერალზეც. ნიადაგის დამუშავება უნდა ჩატარდეს მისი თვისებების, წინამორბედი კულტურის თავისებურების, ნაკვეთის დასარევლიანებისა და ეროზიისაგან ნიადაგის დაცვის ღონისძიებებების გათვალისწინებით. საშემოდგომო თესვის ოპტიმალური ვადის უზრუნველსაყოფად, წინამორბედი სათოხნი კულტურის მოსავალი აღებულ უნდა იქნეს შემჭიდროებულ ვადებში. იმ ვარაუდით, რომ ნიადაგი თესვამდე 10-15 დღით ადრე მაინც დამუშავდეს.

ნასიმინდარი მინდორი უნდა მოიხნას 22-25 სმ სიღრმეზე, ან დამუშავდეს მინიმალური დამუშავების წესით – დაიდისკოს მძიმე დისკოებიანი ფარცხით 10-12 სმ სიღრმეზე. სარწყავებში და ჭარბტენიან პირობებში ნაიონჯარი კორდი უნდა მოიხნას არა უგვიანეს აგვისტოს პირველი დეკადისა, ხოლო ურწყავებში ესპარცეტის კორდი – პირველი გათიბვისთანავე. ამ დროს მოხვნა იმიტომ არის საჭირო, რომ საშემოდგომო თესვამდე ხნულმა მოასწროს „დაჯდომ“` და, რაც მთავარია მაღალი ტემპერატურის ზეგავლენით ნორმალურად მოხდეს ნიადაგში ჩახნული ორგანული მასის მინერალიზაცია. ხვნა უნდა ჩატარდეს 25-27 სმ-ზე წინმხვნელიანი გუთნით.

ნასიმინდარი, ნასოიარი და ნაბალახარი ხნულის თესვისწინა დამუშავება ტარდება მხოლოდ დისკოებიანი იარაღით. ამ შემთხვევაში თათებიანი კულტივატორის გამოყენება დაუშვებელია, ვინაიდან მას ნიადაგის ზედაპირზე ამოაქვს ჯერ კიდევ დაუშლელი ბელტები და მცენარეული ანარჩენები, რაც ხელს უშლის თესვის მაღალხარისხოვნად ჩატარებას.

საგაზაფხულო კულტურები, აღმოსავლეთ საქართველოში, როგორც წესი, ითესება მზრალად ხნულზე. მრავალწლოვანი ბალახების კორდი უნდა მოიხნას ყინვების დადგომამდე 25-27 სმ-ზე წინმხვნელიანი გუთნით, ხოლო ნასიმინდარი და ნასოიარი ერთწლოვანი პარკოსნებისაგან – განთავისუფლებული მინდორი და თავთავიანი კულტურების ნაწვერალი მუშავდება ნახევრად ანეულის წესით და შემდეგ იხვნება მზრალად.

ფერდობებზე ნიადაგი უნდა დამუშავდეს დახრილობის გარდიგარდმო: 3-6º-იან ფერდობებზე კარგ შედეგს იძლევა 2-3 წლის ხანგამოშვებით ღრმად (32-35 სმ) ხვნა, ყოველი 10-15 -მეტრიანი ზოლის შემდეგ 3-5 მეტრის სიგანის ზოლის ღრმად გაფხვიერება ან ხნულის დაბაზოება. გაზაფხულზე მზრალის დამუშავება უნდა დავიწყოთ ხნულის დაფარცხვით. მისი დანიშნულებაა შემოდგომა-ზამთრის განმავლობაში დაგროვილი ტენის დაკავება ნიადაგში და ახლად აღმოცენებული და გაღივების პროცესში მყოფი სარეველების მოსპობა.

თესვისწინა კულტივაცია ტარდება 6-8 სმ სიღრმეზე. ნასიმინდარი და ნაბალახარი უნდა დამუშავდეს მხოლოდ დისკოებიანი იარაღით. ნიადაგის თესვისწინა დამუშავება უნდა ჩატარდეს ხვნის მიმართულებისადმი დახრილი კუთხით.

თესლის დასათესად მომზადება და თესვა

უნდა დაითესოს პირველი კლასის კონდიციური თესლი. გუდაფშუტოვანი დავადებებისა და ფესვის სიდამპლის წინააღმდეგ თესვის წინ თესლი უნდა შეიწამლოს თესლის დასამუშავებელი ერთ-ერთი პრეპარატით (კონილი 150გრ ან ტობიკური 50გრ; 200-250კგ/ჰა თესლზე ან დივიდენდ-სტარით 1ლ/ტ-ზე ან გიზმოთი 0.4-0.5ლ/ტზე და ა.შ.). შეწამვლა უნდა მოხდეს წყლის სუსპენზიით ან დატენიანდეს (10 ლ წყალი 1 ტონა თესლზე), მოებნეს პრეპარატი და ყველაა შემთხვევაში კარგად აირიოს ნიჩბით.

თუ ოპტიმალურ ვადებში ვერ მოესწრო საშემოდგომო ხორბლის თესვა, უარი უნდა ვთქვათ საშემოდგომო ჯიშების გვიან თესვაზე და აქცენტი გადავიტანოთ ორთესელა ჯიშებზე (კოპერი, შავფხა და ა.შ.), რომლებიც უნდა დაითესოს გვიან შემოდგომაზე, ყინვების დაწყების შემდეგ. თესლი გამოიზამთრებს ნიადაგში და ადრე გაზაფხულზე ხელსაყრელი პირობების დადგომისთანავე აღმოცენდება. თუმცა მათ საწარმოო გამოყენებამდე ჯერ უნდა დაითესოს.

თავთავიანი პურეული კულტურები ითესება მწკრივად და მობნევით. არჩევენ მწკრივად თესვის რამდენიმე სახეს: ჩვეულებრივ მწკრივად, ვიწრომწკრივად და ჯვარედინად თესვას. აქედან უპირატესობა უნდა მიეცეს თესვის ბოლო ორ წესს, რადგან ამ შემთხვევაში თესლი უფრო თანაბრად ნაწილდება ფართობის ერთეულზე. მაგრამ თესვის ამ ორი წესიდან უკეთესია ვიწრომწკრივად თესვა, რადგან ჯვარედინად თესვის დროს ორჯერ მეტი დრო და ენერგია იხარჯება, ნიადაგი მეტად იტკეპნება, მწკრივების გადაკვეთის ადგილზე მეტი მარცვალი ხვდება და მცენარეები ჯგუფ-ჯგუფად ამოდის.

ვიწრომწკრივად და ჯვარედინად თესვას, როგორც ქარისმიერი ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მდ. რიონის ხეობაში.

 ფერმერების მცირე ზომის ნაკვეთებზე თესვა ხელით (მობნევით) უნდა ჩატარდეს, რისთვისაც ზუსტად უნდა განისაზღვროს დასათესი თესლის რაოდენობა, იგი თანაბრად უნდა განაწილდეს ნაკვეთზე და ჩაკეთდეს ნიადაგში ოპტიმალურ სიღრმეზე.

ნაკვეთზე თესლის თანაბრად განაწილებისათვის მობნევა ისე უნდა ჩავატაროთ, რომ მობნევის დამთავრების შემდეგ თესლის რაღაც რაოდენობა დაგვრჩეს. დარჩენილი თესლი ისევ თანაბრად უნდა გავანაწილოთ მთელ ფართობზე და ა.შ. საშემოდგომო ხორბალი და ქერი უნდა დაითესოს 5,0-6,0 მილიონი მარცვალი ჰექტარზე, რაც წონითი ნორმით უდრის ხორბლისათვის 220-250 კგ-ს, ქერისათვის 200-220 კგ-ს, იმ რაიონებში, სადაც ქარისმიერი ეროზიის საშიშროებაა, სასურველია თესვის ნორმის 10-15%-ით გაზრდა.

ნარევში შუალედური კულტურის სახით თესვისას შვრიის, ქერისა და ჭვავის თესვის ნორმა უნდა შემცირდეს 70-80 კგ-მდე, მობნევით თესვის დროს კი ნორმა იზრდება 10-15%-ით. თესლის ჩათესვის სიღრმე ნიადაგის კონკრეტული მდგომარეობის კვალობაზე მერყეობს ხორბლისა და ქერისათვის 5-7 სმ-ის ფარგლებში.

ნათესის მოვლა

ვეგეტაციის მანძილზე უნდა ჩატარდეს ნათესის მოვლის შემდეგი ღონისძიებები:

ˆ ჯეჯილის აზოტიანი სასუქით გამოკვება გაზაფხულზე.

ˆ საშემოდგომო და საგაზაფხულო თავთავიანების ნათესებში, ჩვეულებრივ, გავრცელებულია შემდეგი ორლებნიანი სარეველები: ბოლოკა, ბირკა, ნარი, ყაყაჩო, ჯიჯლაყა და სხვა, რომელთა წინააღმდეგ გამოიყენება ნათესების ქიმიური მარგვლა, შემდეგი პერბიციდებით: 2,4-დ ამინის მარილის 40%-იანი წყალხსნარი კონცენტრატი 1,5-2,0 ლ/ჰა, ან ბაზაგრანი – 2-4 ლ/ჰა. 2,4 დ ამინის მარილის მიმართ გამძლე, შვრიუკის წინააღმდეგ კი ხორბლის ნათესებში უნდა გამოვიყენოთ ტოპიკი (0,5 ლ/ჰა), ან ილოქსანი 2,5-3 ლ/ჰა, ტრეზორი 1-1,3 კგ/ჰა. ჰერბიციდები უნდა შევასხუროთ ბარტყობის ფაზაში, მაშინ როცა ჰაერის ტემპერატურა 12-15°-ს მიაღწევს. შვრიუკას წინააღმდეგ გამოიყენება ავადექსი ბვ, თესვამდე და თესვის შემდეგ ნიადაგში დაუყოვნებელი ჩაკეთებით (1,5 კგ/ჰა-დან 25 კგ/ჰა-მდე პრეპარატული ფორმის მიხედვით).

ˆ საშემოდგომო ჯეჯილის დაფარცხვა გაზაფხულზე. ფარცხვა შლის ნიადაგის ქერქს, სპობს სარეველებს და ამცირებს ნიადაგიდან წყლის აორთქლებას. მძიმე ნიადაგზე, ძლიერი ჯეჯილის დაფარცხვა შეიძლება მძიმე კბილებიანი ფარცხით. მსუბუქ ნიადაგზე მიზანშეწონილია მსუბუქი ფარცხის გამოყენება. ფარცხვა უნდა ჩატარდეს მწკრივების პერპენდიკულარულად ან დიაგონალზე. სუსტი, შემოდგომაზე დაუბარტყებელი, აგრეთვე ამოჩრილ მცენარეებიანი ნათესები არ იფარცხება. ისინი უნდა დაიტკეპნოს.

ˆ საგაზაფხულო პურეულების დათესვისთანავე მოტკეპნა. ნათესის დატკეპნა, როგორც ქარისმიერი ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიება, სასურველია მდ. რიონის და მისი შენაკადებისხეობაში.

ˆ ნათესის მორწყვა. პირველი სავეგეტაციო მორწყვა ტარდება მცენარის აღერების ფაზაში, ხოლო მომდევნო საჭიროების მიხედვით დათავთავება-ყვავილობის ან მარცვლის შევსების დროს.

განოყიერება

თავთავიანი პურეული კულტურებისათვის მინერალური სასუქების საორიენტაციო დოზებია: მაღალნაყოფიერ ნიადაგებზე N60P60K45, ანუ ფიზიკური წონით ამონიუმის გვარჯილა 180 კგ, სუპერფოსფატი 330 კგ, კალიუმის მარილი 100 კგ/ჰა-ზე. საშუალო ნაყოფიერების ნიადაგზე – N90P90K60, ანუ ფიზიკური წონით ამონიუმის გვარჯილა 265 კგ, სუპერფოსფატი 500 კგ, კალიუმის მარილი 140 კგ/ჰა-ზე. დაბალნაყოფიერ ნიადაგზე – N120P120K60, ფიზიკური წონით ამონიუმის გვარჯილა 360 კგ, სუპერფოსფატი 660 კგ, კალიუმის მარილი 140 კგ/ჰა-ზე. მინერალურ სასუქებთან ერთად რეკომენდებულია ორგანული სასუქების (ნაკელი) გამოყენებაც. სავარაუდო დოზებია: ურწყავებში 10-15 ტ/ჰა; სარწყავში და ტენით უზრუნველყოფილ პირობებში 20-25 ტ/ჰა. ნაკელის გამოყენების შემთხვევაში მინერალური სასუქების ნორმები უნდა განახევრდეს. იქ სადაც გადამწვარი ნაკელის დეფიციტია შესაძლებელია ტორფის გამოყენება ნახევარი ნაკელით და მეორე ნახევარი ტორფით ჩანაცვლება, ანდა სულაც მთლიანად ტორფის გამოყენება. ურწყავებში სამივე სახის სასუქი უნდა შევიტანოთ ერთჯერადად ხვნის ან თესვის წინ, ხოლო სარწყავებში და ტენიან პირობებში ფოსფორი და კალიუმი ხვნის წინ, აზოტის 1/3 – თესვის წინ, 2/3 – ფესვურ გამოკვებაში, რომელიც ტარდება ბარტყობის ფაზაში აღერების დაწყებამდე.

მოსავლის ხარისხის ანუ ტექნიკური და პურცხობის თვისებების ფორმირებაში, რომლებიც იქმნება მარცვლის ჩასახვის დროს, მთავარი როლი ეკუთვნის აზოტს, ამიტომ ხორბლის მარცვლის ხარისხის ასამაღლებლად უნდა გამოვიყენოთ ფესვგარეშე გამოკვება (ნათესზე შესხურება).

 აზოტიანი სასუქის უკეთეს ფორმად ამ შემთხვევაში მიჩნეულია შარდოვანა. ერთ ჰექტარზე უნდა შესხურდეს 30-40 კგ შარდოვანა, გახსნილი 300-400 ლიტრ წყალში. 1000 მ²-ზე საჭირო იქნება 3-4 კგ შარდოვანა, გახსნილი 30-40 ლიტრ წყალში, 100 მ²-ზე 0,3-0,4 კგ გახსნილი 3-4 ლ. წყალში.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ თავთავიანები შეუცვლელია თესლბრუნვაში და ამასთან იგი გვევლინება იმ ძირითად კულტურად, რომლის მოსავლიანობაზეა დამოკიდებული მეცხოველეობის პროდუქგტიულობა მაშინ გასაგები გახდება თუ რა ადგილი უნდა ეკავოს მას ჩვენს მინდვრებში. განსაკუთრებით ურწყავი მიწათმოქმედების პირობებში, მომავალში კი ჭარბტენიან რეგიონებშიც.

გ. გოდერძიშვილი;

დ. კილაძე;

მ. დანელია