დარგებიმეფრინველეობა

საქართველოს სანადირო ფრინველები

კაცობრიობის გარიჟრაჟზე, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა არც მიწათმოქ­მედება და არც მეცხოველეობა, ჩვენი შორეული წინაპრების საკვების მოპოვების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა ველური მცენარეების სხვადასხვა ნაწილების მოპო­ვება, თევზაობა და ნადირობა. ამის გარეშე მათი არსებობა, უბრალოდ, წარმოუდგენელი იყო.

გადიოდა ათასწლეულები, სულ უფრო და უფრო სრულყოფილი ხდებოდა საკვების მოპოვების საშუალებები და მეთოდები, რომლებიც გადაეცემოდა თაობე­ბიდან თაობებს და თანდათან მტკიცდებოდა ადამიანის შეგნებაში. ჩვენ თანამედრო­ვეობაშიც კი, როდესაც ჩვენი არსებობა საერთოდ აღარ არის დამოკიდე­ბული ველური ბუნების საკვები რესურსების გამოყენების შესაძლებლობებზე, გარკვეული მოთხოვნა თევზაობაზე, ნადირობასა და ბუნების მიერ ნაბოძები საკვები საშუალების მოპოვებაზე მაინც ძლიერად შეინიშნება ადამიანში. 

საქართველოს ბიომრავალფეროვნება თავისი არსით წარმოადგენს უნიკალურ ეკოსისტემას. ცხოველები, ისევე როგორც მცენარეები, წყალი, ჰაერი, ნიადაგი, ქანები, ბუნების შემადგენელი ნაწილია. ბუნების ყველა ეს ნაწილი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და მთლიანობაში შეადგენს არამარტო მატერიალურ დოვლათს, არამედ წარმოადგენს ჯანმრთელობის ძირითად წყაროს.

 საქართველოს ფარგლებში აღრიცხულია 385 სახეობის ფრინველი. მათგან მობუდარია 146 სახეობა, მობინადრეა 83 სახეობა, მოზამთრეა 66 სახეობა, მიმომფრენია 85 სახეობა. იშვიათად შემომფრენი კი – 5 სახეობა. აღიცხული სახეობები ერთიანდებიან 24 რიგში. ქათმისებრთა  რიგში გაერთიანებულია 8 სახეობა. ამ რიგის უთვალსაჩინოესი წარმომად­გენელია ჩვეულებრივი ხოხობი. საქართველოში გვხვდება კოლხური ხოხობი, რომელიც გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში და ქართული ხოხობიაღმოსავლეთ საქართველოში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კოლხური ხოხობი წარმოადგენს საქართველოს ენდემურ სახეობას. ხოხობი საქართველოში გვხვდება მრავალ ადგილას, თუმცა ბევრგან ამოწყვეტილია უსისტემო ნადირობის გამო. ვერტიკალურად ვრცელდება 750 მდე ზღვის დონიდან. მობინადრეა, ანუ ზამთარ-ზაფხულ ბინადრობს საქართველოში. ცხოვრობს ტყეებში, ბუჩქნარებში, ჭალებში, ზოგჯერ მდინარეთა სანაპიროს ლერწმითა და ჩალით დაფარულ ადგილებში, ბაღებში, ვენახებში, სიმინდის ყანებში, ჩაის პლანტაციებში, ადამიანის სამოსახლოს მიდამოებში. ბუდეს იკეთებს მიწაზე. დებს 10 – 17 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 25 დღემდე. ლაპები (ხოხბის მოზარდი) ფრენას იწყებენ ძალიან ჩქარა. ზრდასრული ხოხობის სხეულის სიგრძე 30 სმია. მამრებს აქვთ 50 სმმდე სიგრძის კუდი, მდედრებს უფრო პატარა ზომის. წონა 1,5 კგმდეა. ძირითად საკვებს წარმოადგენს მცენარეთა თესლი, მაყვლისა და ჟოლოს ნაყოფი, კენკრა, მარწყვი. ჭამს მწერებს, ობობებს, ლოკოკინებს. არახელსაყრელი გარემო ექმნება 20-30 სმ თოვლის პირობებში. მტრებად შეიძლება ჩაითვალოს მსხვილი და საშუალო ზომის ძუძუმწოვრები და დიდი ზომის მტაცებელი ფრინველები. მისთვის დამახასია­თე­ბელია დაავადებები კოკციდოზი, ასკარიდოზი.  

კოლხური ხოხობი ჩვენი ფაუნის ძვირფასი წარმომადგენელია. იგი შეტანილია „წითელ წიგნში.“ დაცულია ყველგან. ნადირობა დასაშვებია მხოლოდ ზოგიერთ სამონადირეო მეურნეობაში.

კავკასიური როჭო გავრცელებულია კავკასიონსა და მცირე კავკასიონზე. საქართველოში გვხვდება კავკასიონის, გურია-აჭარის და მესხეთის  ქედებზე.

კავკასიური როჭო

ვერტიკალურად ვრცელდება 1500-დან 3000 მ-მდე ზღვის დონიდან. მამალი როჭო შავია, კიდურა საჭის ბუმბული ქვემოთ აქვს მოხრილი. დედალი როჭო ჭრელია. როჭოც და ხოხობიც პოლიგამიურებია. ბინადრობს ალპურ ველებზე. ზამთრობით ამ ადგილების თოვლით დაფარვის გამო თავს აფარებს ტყეებს. ბუდეს იკეთებს მიწაზე. მაისში დებს 2-10 კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 25 დღემდე. ერთი კვირის ასაკში წიწილიები იწყებენ გრენას. იკვებება ძირითადად კენკრით, ხილით, მცენარეთა თესლებით, ნორჩი ყლორტებით და ფოთლებით. ჭამს აგრეთვე მწერებს, ჭიებს, ლოკოკინებს. არახელსაყრელი გარემო ექმნება  წვიმიან გაზაფხულსა და დიდი ნალექების პირობებში. მტრები – მსხვილი და საშუალო მტაცებლები და მტაცებელი ფრინველები. საშიში დაავადებებია კოკციდოზი და ასკარიდოზი.

როჭო ჩვენი ფაუნის ძვირფასი წარმომადგენელია. იგი შეტანილია „წითელ წიგნში.“ დაცულია ყველგან.

კავკასიური შურთხი გვხვდება კავკასიონის მთავარ ქედზე. ვერტიკა-ლურად ვრცელდება 4000მ-მდე ზღვის დონიდან.

კავკასიური შურთხი

მისი სხეულის სიგრძე 50 სმ-ია, წონა – 2კგ. ფერად რუხია. აქვს წვრილი შავი და წითელი ზოლები და კოპლები. მობინადრეა, ბინადრობს ალპურ მდელოებზე. ზამთრობით ჩამოდის დაბლა და თავს აფარებს ტყის ზონას. ბუდეს იკეთებს მიწაზე ქვებში ან კლდეებშუა.  დებს 20-მდე კვერცხს. კრუხობა 25 დღემდეა. იკვებება მცენარეთა თესლით, კენკრით, ნორჩი ყლორტებითა და კვირტებით.  ჭამს მწერებს, ობობებს, ლოკოკინებს. იგი ჯიხვების თანაბინადარია. ზამთარში ხშირად იკვებება ჯიხვების საბალახოზე. ჯიხვი ფლოქვებით აფხვიერებს თოვლს და უადვილებს შურთხს საკვების მოპოვებას. შურთხი კი უფრო ფრთხილია და ჯიხვებს ატყობინებს საფრთხეს. მტრები და დაავადებები იგივე როგორც როჭოს შემთხვევაში.

კავკასიური შურთხი ჩვენი ფაუნის უნიკალური წარმომადგენელია. იგი შეტანილია „წითელ წიგნში.“ დაცულია ყველგან.

გნოლი საქართველოში გვხვდება ბევრ ადგილას 2600 მ. სიმაღლემდე ზღვის დონიდან.

გნოლი გნოლი ლკაჯლდკფ

მისი სხეულის სიგრძე 35 სმ-მდეა. მამალი იწონის 500 გ-ს, დედალი – 400-450 გ-ს. რუხი შეფერილობისაა, გასდევს შავი და ყავისფერი ზოლები, თეთრ მუცელზე წაბლისფერი ლაქებით და მუქი ყავისფერი ნალისებური ლაქით მკერდზე. მობინადრეა. ცხოვრობს ველებზე, მინდვრებში, ზეგნებზე, ყანებში, სათიბებში, ბაღებში, ადამიანის სამოსახლოს მიდამოებში, ბუჩქნარებში, ჭალებში. იგი მონოგამური ფრინველია. ბუდობს მიწაზე. მაის-ივნისში დებს 20-მდე კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა 25 დღემდეა. იკვებება მცენარეთა ყლორტებით, კვირტებით, თესლით, კენკრით. დიდი რაოდენობით ანადგურებს მავნე მწერებს. მტრები – მსხვილი და საშუალო მტაცებლები და მტაცებელი ფრინველები. დაავადებები – კოკცოდოზი და ასკარიდოზი.

გნოლი ჩვენი ფაუნის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. სპორტული ნადირობის ობიექტია.

კავკასიური კაკაბი ქათმისებრთა რიგის წარმომადგენელია. იგი საშუალო სიდიდის ფრინველია.  წონა  350-550  გ-ია. მამალი ცოტა დიდია დედალზე. შეფერი­ლო­ბაში სქესთა შორის განსხვავება შეუმჩნეველია. დამახასიათებელია ღია ფერის სხეულზე მუქი წაბლისფერი  და შავი ზოლები ნისკარტი და ფეხები წითელი ფერის.

კავკასიური კაკაბი 222222222222222222222222საქართველოში გვხვდება როგორც მთავარ, ისე მცირე კავკასიონ­ზე  როგორც მობინადრე ფრინველი. ბინადრობს მთების კლდოვან, ციცაბო ფერდობებზე, სადაც ქსეროფილური მცენარეულობაა. მთავა­­რი კავკასიონის მთებში შეიძლება შეგვხვდეს ზღვის დონიდან 3500 მ-ის სიმაღლეზეც. რიცხოვბრივად დაბალ ზონაში მეტია, სადაც თოვლის საფარი იშვიათი და მცირეა. კაკაბი მონოგამური ფრინველია. მარტის დასაწყისში გუნდები იშლებიან და ფრინველები წყვილდებიან. ბუდობს ძეძვის, სარსაღაჯის და სხვა ქსეროფილურ ბუჩქნარებში. დედალი აკეთებს ბუდეს, რომელიც მიწის პატარა ჩაღრმავებას წარმოადგენს, ამოფენილს ხმელი ფოთლებით, ბალახითა და ბუმბულით. დებს 10-18 კვერცხს. ადრეული ბუდობა შეძლება შეგვხვდეს მაისის პირველ ნახევარში, ხოლო მოგვიანებული ივნისის მეორე ნახევარში. საინკუბაციო პერიოდი 25 დღემდე გრძელდება. მტრები და დაავადებები გნოლის ანალოგიურია.

შეტანილია „წითელ წიგნში.“ ნადირობა დასაშვებია მხოლოდ ზოგიერთ სამონადირეო მეურნეობაში.

მწყერი საქართველოში გვხვდება თითქმის ყველგან, როგორც მობუდარი, ანუ გადამფრენი ფრინველი.

მწყერი

აღმოსავლეთ საქართველოში ზოგ რეგიონში (სოფ. სამგორის ტერიტორიაზე) იშვიათად ატარებს ზამთარს. ვერტიკალურად ვრცელდება 3200 მ-მდე ზღვის დონიდან. მისი სხეულის სიგრძე 12-15 სმ-მდეა. იწონის 220 გ-მდე. მორუხო-მოყავისფროა, ფრთებსა და ზურგზე მუქი ყავისფერი ზოლებით. მონოგამურია. ბინადრობს ველებზე, მინდვრებში, ახოებში, მთათა კალთებზე,  მდინარეთა ნაპირზე, კულტურულ ლანდშაფტებში. არ ერიდება  ადამიანის სამოსახლოს სიახლოვეს. ბუდეს იკეთებს მიწაზე. დებს 9 – 15 კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 17 დღემდე. ძირითადად იკვებება მცენარეთა თესლით, ფოთლებით, ნორჩი ყლორტებით, კვირტებით. ჭამს მწერებს, მცირე ზომის ლოკოკინებს. ანადგურებს მავნე მწერებს. მტრები – მტაცებელი ძუძუმწოვრები და ფრინველები. საშიში დაავადებებია კოკციდოზი და ასკარიდოზი. სარეველა თესლისა და მავნე მწერების განადგურებით მოაქვს სარგებლობა.

ფრინველებს შორის ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებული სანადირო ობიექტია.

ტყის ქათამი საქართველოში გვხვდება თითქმის ყველგან. მრავალგან ბუდობს, ზამთრობს მეტწილად აჭარასა და გურიაში.

ტყის ქათამი

განსაკუთრებით მრავლად გვხვდება მიმოფრენისას. მისი სხეულის სიგრძე 35 სმ-მდეა. მამალი იწონის 600 გ-მდე, დედალი 450გრ-მდე. მოყავისფრო-მორუხო ფერისაა, მუქი ზოლებით კისერსა და ზურგზე. ბინადრობს ტყეებში, ჭალებში, განსაკუთრებით კი ისეთ ტყეებში, სადაც ბევრია ნაყარი, გვიმრა. ბუდეს იკეთებს მიწაზე, ხშირად ბუჩქის ძირში. აპრილში დებს 4 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 24 დღე. იკვებება ძირითადად ჭიებით, მწერების მატლებით, მცირე ზომის ხოჭოებით, პეპლებით, რიგ შემთხვევებში ჭამს მცენარეთა ყლორტებს, კენკრას. მტრები და დაავადებები იგივეა როგორც ზემოხსენებული ინდივიდებისა. მავნე მწერების განადგურებით სახალხო მეურნეობისთვის მოაქვს სარგებლობა.

არის სანადირო-სარეწაო ობიექტი.

გარეული იხვი ბატისებრთა რიგის წარმომადგენელია. საქართველოში გვხვდება მრავალ ადგილას, როგორც მობუდარი ფორმა. ვრცელდება 2200 მ-მდე ზღვის დონიდან.

გარეული იხვი

მისი სხეულის სიგრძე 40 სმ-მდეა. წონა 800-1000 გ. ძირითადად მოყავის-ფრო-მოშავო ფერის, მომწვანო მბზინავი ბუმბულებით თავსა ფრთის კიდეებზე. ბინადრობს წყალსატევებისა და მდორე მდინარეების ნაპირებზე, ზოგჯერ, განსაკუთრებით კი გამოზამთრებისას ზღვათა ნაპიროებზე. ბუდობის დროს უპირატესობას აძლევს ტყისპირებს, ბალახოვან ადგილებს. ბუდეს იკეთებს მიწაზე, წყალსატევის მახლობლად, ბუჩქის ძირას ტყის ნაყარსა და მაღალბალახიან ადგილებში. მაისში დებს 6-14 კვერცხს. კრუხობს 30 დღემდე. საკვებს  შეადგენს მცენარეთა ნორჩი ყლორტები,  თესლი, კვირტები, კენკრა. საკმაო რაოდენობით ანადგურებს როგორც წყლის, ასევე ხმელეთის მწერებსა და მათ მატლებს, ლოკოკინებს, წყლის ობობებს, ჭიებს. დაავადებათაგან აღსანიშნავია ინვაზიური დაავადებები. მტრებიდან – საშუალო და დიდი ზომის მტაცებლები.  გარეულ იხვს აქვს დიდი სასარგებლო-სამეურნეო მნიშვნელობა. რიგ ადგილებში წარმოებს მისი დამზადება სარეწაო მიზნით.

საქართველოში ამ ფრინველზე ნადირობას აქვს სპორტული ხასიათი.

მთლიანობაში უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში გავრცელებული  ფრინველები­დან სარგებლობა მოაქვს 152 სახეობას, მავნებელია 27 სახეობა, სარეწაო და სპორტული ნა­დირობის ობიექტს წარმოადგენს 54 სახეობა.

ჩვენი ქვეყნის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა და ბუნებრივ-კლიმატური პირობების მრავალფეროვნება განაპირობებს საქართველოს ტერიტორიაზე მობინადრე ფაუნის მრავალფეროვნებასა და მრავალრი­ცხოვნობას. მაგრამ ათეული წლების მანძილზე ადამიანის სამეურნეო საქმიანობი­საგან, უსისტემო ნადირობის, ბრაკონიერებისა და სხვა ნეგატიური ფაქტორების შედეგად ცხოველთა სამყარო საგრძნობლად დაზიანდა, მკვეთრად შემცირდა ნადირ-ფრინველის რაოდენობა, ხოლო ზოგიერთი სახეობა მთლიანად ამოწყდა. ამიტომ ჩვენ, საქართველოს მკვიდრნი, ორმაგად ვალდებულნი ვართ ვიზრუნოთ მასზე, აღვად­გინოთ იგი, ვუვლიდეთ და ვუფრთხილდებოდეთ მას თვალისჩინივით, რათა ჩვენს მომა­ვალ თაობებს შევუნარჩუნოთ ნადირ-ფრინველით მდიდარი ტყეები, ველ-მინდვ­რები და ჭალები, თევზუხვი მდინარეები და ტბები.

კობა ნაცვალაძესოფლის მეურნეობის დოქტორი, გარემოს დაცვის და სოფლის     

მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ №3 (114)