სუბტროპიკული სართავ-ბოჭკოვანი მცენარეები
სართავ მცენარეთა ჯგუფში გაერთიანებულია ისეთი კულტურები, რომლებიც საფეიქრო მრეწველობისათვის იძლევა ნატურალურ ბოჭკოს. ქიმიური მრეწველობის განვითარებასთან ერთად, ფართოდ გაიზარდა ხელოვნური ბოჭკოს წარმოება და მოხმარება, მაგრამ საფეიქრო მრეწველობის მოთხოვნილება მცენარეულ ბოჭკოზე კვლავ დიდია და ხშირ შემთხვევაში არ შეიძლება ის შეიცვალოს ხელოვნური ბოჭკოთი.
ბოჭკოვანი ანუ სართავი კულტურების მოყვანის ძირითად მიზანს მცენარეული ნატურალური ბოჭკოს მიღება შეადგენს, რომელსაც ფართოდ იყენებენ საფეიქრო მრეწველობაში.
სართავი მცენარეები ბოტანიკურად სხვადასხვა ოჯახის, გვარისა და სახეობათა წარმომადგენლები არიან. ზოგიერთი მათგანი ჩვენთვის საჭირო ბოჭკოს ივითარებს თესლზე, როგორც მაგ. ბამბა, ზოგი მცენარე კი – ღეროზე, ლაფანში (სელი, სართავი აგავა, კანაფი, ჯუთი, რამი, კენაფი და სხვ.), ზოგიერთ მცენარეს სართავი ბოჭკო უვითარდება ფოთლებში (ახალზელანდიური სელი, სართავი აგავა, რაფი და სხვ.).
ნატურალური ბოჭკო შეიძლება იყოს ცხოველური წარმოშობის, მაგალითად: მატყლი, აბრეშუმი და სხვ. ცნობილია აგრეთვე მინერალური წარმოშობის ბოჭკო, როგორიცაა აზბესტის, მინის და ლითონის ძაფები, ასევე მიიღებენ ხელოვნურ ბოჭკოს, მაგალითად, ხელოვნური აბრეშუმი და სხვ.
მცენარეული ბოჭკო წარმოადგენს მცენარის გახევებულ, წაგრძელებულ, ელასტიურ უჯრედს ან უჯრედთა კონას, რომლის თვისებაა გარკვეული წინააღმდეგობა გაუწიოს გაწყვეტაზე მოქმედ ძალებს. განასხვავებენ ელემენტარულ და ტექნიკურ ბოჭკოს. ელემენტარულს ერთუჯრედიან ბოჭკოს უწოდებენ. მისი სიგრძე მილიმეტრებში იზომება. ტექნიკური ბოჭკო კი რამდენიმე ელემენტარული ბოჭკოსაგან შედგება და მისი სიგრძე სანტიმეტრობით და მეტრობით იზომება. ელემენტარული ბოჭკოს სიგრძე მნიშვნელოვანი ტექნიკური მაჩვენებელია. ის განსაზღვრავს სართავი მასალის ღირსებას. თუ ელემენტარული ბოჭკო 15 მმ-ზე გრძელია, ის გამოსადეგია ნართის ამოსაღებად და მისგან შეიძლება მაღალხარისხოვანი ქსოვილის დამზადება (რამი, კენაფი და სხვ.). ტექნიკური ბოჭკო, რომელსაც ძირითადად ფოთოლბოჭკოვანები იძლევა, სქელი და ტლანქია, მას უმეტესწილად იყენებენ გრეხილების და უხეში ქსოვილების დასამზადებლად.
ლაფან და ფოთოლბოჭკოვანი სართავი ბოჭკოს მიღება საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია, ამისათვის სხვადასხვა მეთოდები გამოიყენება: ბიოლოგიური, ქიმიური, მექანიკური და სხვა. ამჟამად მიღებულია უფრო მეტად ქიმიური წესით გამოყოფა.
დასავლეთ საქართველოში, ადრე წარმატებებით კულტივირდებოდა ლაფანბოჭკოვანი რამის კულტურა.
საქართველოს ტენიან სუბტროპიკულ ზონაში, ძირითადად, წარმოდგენილია ფოთოლბოჭკოვანი მცენარეები, როგორიცაა ახალზელანდიური სელი, დრაცენა, აგავა.
ფოთოლბოჭკოვანი მცენარეები
ახალზელანდიური სელი (Phormium tenax)
ახალზელანდიური სელი აგავისებრთა ოჯახს და ფორეუმის გვარს ეკუთვნის. იგი მრავალწლიანი, მარადმწვანე ბუჩქბალახა მცენარეა. ბუჩქის სიდიდე მის ხნოვანებაზე და გარემოზეა დამოკიდებული და სიმაღლით 2,5 მ და სიგანით 2-2,5 მ-მდე აღწევს. ყვავილობისას ივითარებს საყვავილე ღეროს (ისარს), რომელიც ბუჩქზე უფრო მაღალია და ზოგჯერ სიმაღლით 4,5 მ-მდე აღწევს.
ახალზელანდიური სელის ბოჭკო განსაკუთრებით ძვირფასია გრეხილნაწარმისა და ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობისათვის. მისგან მზადდება როგორც ძვირფასი ნაზი ქსოვილი, ბატისტი, ისე სხვადასხვა სახის ტილოები, პირსახოცები, სელის უხეში ბოჭკოსაგან ქსოვენ ტომრებს, ბრეზენტებს, ამზადებენ თოკებს, სათევზაო ბადეებს. სელის ბოჭკოს პროდუქცია ფართოდ გამოიყენება საავტომობილო, საავიაციო, რეზინის ფეხსაცმლისა და სხვა სახის სამრეწველო დარგებში.
დასავლეთ საქართველოში ახალზელანდიური სელის ფოთლებს იყენებენ მებაღეობაში, მევენახეობაში, როგორც გამძლე ასაკრავ მასალას. ის მრავალწლიანი ბუჩქბალახა მცენარეა, ძლიერ განვითარებული ფესვთა სისტემით.
ახალზელანდიური სელი მუდამ ტენიანს, მხოლოდ არაჭაობიან ნიადაგს მოითხოვს, იგი კარგად ვითარდება დაბლობებში, ზომიერად მშრალ ადგილებზე, სადაც ნიადაგში გრუნტის წყლების დონე 75 სანტიმეტრზე ნაკლებად არ უახლოვნება ნიადაგის ზედაპირს. მისი კულტურა შესაძლებელია შემაღლებულ ადგილებზეც, თუ ნიადაგი არაა ჩამორეცხილი და საზოგადოდ ღარიბი.
ახალზელანდიის სელისათვის შესაფერ ნიადაგებად ითვლება: მსუბუქი ალუვიური, ქვიშიანი ან თიხნარები; როგორც საერთოდ სხვა სართავი კულტურები, ახალზელანდიური სელიც მოითხოვს ნოყიერ ნიადაგებს, განსაკუთრებით აზოტით მდიდარს. რიგთაშირისების ღრმად დამუშავებისას საჭიროა ყოველწლიურად შევიტანოთ 120 კგ ფოსფორიანი და 60 კგ კალიუმიანი სასუქი სუფთა ელემენტებზე გადაყვანით.
აზოტიანი სასუქი შეაქვთ ვეგეტაციის დაწყების წინ, რიგთაშორისის გაფხვიერებისას, 100-150 კგ სუფთა ელემენტზე გადაყვანით.
პლანტაციისათვის შესაფერი ადგილის შერჩევით ხდება მისი ძირითადი დამუშავება – ღრმად დახვნა.
საქართველოს დასავლეთ რაიონებში ახალი ზელანდიის სელისათვის ნიადაგის ძირითად დამუშავებას ზამთრის ბოლოს ან ადრე გაზაფხულზე აწარმოებენ. შემოდგომით დახვნა იშვიათ შემთხვევაში ხდება, და ეს მაშინ, თუ ადგილი მშრალია და შემოდგომა – ზამთრის ჭარბი ნალექებისგან მისი დაჭაობების საშიშროება არ არის.
ნიადაგს ხნავენ 18-20 სანტიმეტრის სიღრმეზე და თუ საჭიროება მოითხოვს, გაჰყავთ საწრეტი არხები, რის შემდეგ შეუდგებიან ორმოების დამზადებას.
ზრდისა და განვითარების პერიოდში სელი მოითხოვს ბლომად სითბოსა და სინათლეს. სელი ჩრდილს ეგუება, მხოლოდ ზრდა ნაკლები აქვს.
ახალზელანდიური სელის გამრავლება ორი წესით ხდება: ბუჩქის დაყოფით და თესლით. წარმოებაში სამრეწველო კულტურისას და დეკორაციულ მებაღეობაში მიღებულია ბუჩქის დაყოფით გამრავლება. დასაყოფად ღებულობენ ასაკში შესულ 5-10 წლის ბუჩქს, საიდანაც შესაძლებელია 15-20 სარგავი ერთეულის მიღება. ბუჩქის დაყოფა და მათი მუდმივ ადგილზე დარგვა ხდება ადრე გაზაფხულზე, სანამ ვეგეტაცია დაიწყებოდეს ან შემოდგომით, ვეგეტაციის დამთავრებისას. ნიადაგს ხნავენ 18-20 სმ სიღრმეზე. თითოეული ბუჩქისათვის კვების არედ ღებულობენ 1×1 მ ან 1,5×1 მ-ს. ბუჩქის დაყოფით გამრავლებული ახალზელანდიური სელი პირველ მოსავალს გაშენებიდან მე-3 – მე-4 წელს იძლევა. მოსავალს იღებენ გვიან შემოდგომით ან ზამთრის პერიოდში. ფოთლის ტექნიკური სიმწიფის გარეგან ნიშნად ითვლება მისი გარკვეული სტრუქტურა, სიმკვრივე და ზომა. მომწიფებული ფოთლის ფირფიტა მთავარი ძარღვის ორივე მხარეს გადაშლილია, შესამჩნევად დაღუნულია ფოთლის ბოლო ნაწილი, ხოლო მისი წვერო ორად გაყოფილია. ჭრიან ბუჩქის ამონაყრის გარე ფოთლებს და ტოვებენ მასზე მხოლოდ 2-3 ცენტრალურ ფოთლებს. საშუალო მოსავალი ჰექტრიდან შეადგენს 60-70 ტონას. ფოთლების აჭრა ჩვეულებრივ წარმოებს ორ წელიწადში ერთხელ. ბოჭკოს გამოსავალი ნედლი ფოთლიდან 15-17 %-ს შეადგენს.
თესლით გამრავლების დროს კი იღებენ სრულიად მომწიფებულ თესლს და მაშინვე თესავენ დახურულ გრუნტში, კვალსათბურებში ნახევარი სანტიმეტრის სიღრმეზე, რის შემდეგ საჭიროა მორწყვა და დაჩრდილვა.
მცენარე აღმოცენებას ზოგჯერ ორი კვირის შემდეგ იწყებს, ზოგჯერ კი ერთი-ორი თვის ბოლოს. როდესაც მცენარე 15-20 სმ-ის სიმაღლეს მიაღწევს. ახალ ადგილზე, ღია კვლებზე, მცენარეებს ერთი-მეორისაგან 20 სმ – ის დაშორებით რგავენ, მორწყავენ და დროებით დაჩრდილავენ, როდესაც მცენარე ნახევარი მეტრის სიმაღლეს მიაღწევს, საჭიროა მისი დარგვა მუდმივ ადგილზე.
უნდა აღინიშნოს, რომ თესლით გამრავლებისას ხშირად დათიშვას აქვს ადგილი, სახელდობრ, ახალი მცენარე შესაძლოა სხვა ნიშანთვისებებით იქნას აღჭურვილი, ვიდრე მისი დედა მცენარე; გარდა ამისა, თესლით მიღებული მცენარე ნელა იზრდება და ვითარდება, რის გამოც გამრავლების ამ წესს ნაკლებად მისდევენ წარმოებაში.
ახალზელანდიური სელის პლანტაცია პირველ მოსავალს მე-5, მე-6 წელს იძლევა, თუ იგი თესლით არის გამრავლებული; მე-3, მე-4 წელს, თუ მისი მოშენება ბუჩქის დაყოფით ხდებოდა.
მოსავალს იღებენ მცენარის ზრდის დამთავრების შემდეგ გვიან შემოდგომით ან ზამთრის პერიოდში. გაზაფხულამდე, სანამ ზრდა დაიწყებოდეს.
ფოთლის ტექნიკური სიმწიფის გარეგან ნიშნებად ითვლება: მისი გარეგნული აგებულება, სიმკვრივე და ზომა. მომწიფებული ფოთლის ფირფიტა მთავარი ძარღვის ორივე მხრივ გადაშლილია, შესამჩნევად დაღუნულია ფოთლის ბოლო ნაწილი, ხოლო მისი წვერი ორად დაყოფილია.
აღსანიშნავია, რომ ერთი ჰექტარი ველურად გავრცელებული სელი 25-35 ტონა მწვანე ფოთოლს იძლევა, ხოლო ერთ ჰექტარზე ხელოვნურად გაშენებული პლანტაცია, სათანადო მოვლის პირობებში – 100-130 ტონას.
რეზო ჯაბნიძე,
ს.მ.მ. დოქტორი, პროფესორი