აგროტექნოლოგიებიდარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ქვევრის  საშენი  თიხის   მოპოვება და კაზმის  მომზადება

ქართულ ყოფაში ძველთაგანვე კერამიკის წარმოების ხუთი მიმართულებაა ცნობილი: საყოფაცხოვრებო ჭურჭლის, ქვევრის, აგურის, კეცისა და კრამიტის დამზადება. თიხის ყველა ეს ნამზადი ერთმანეთისგან არა მარტო თავისი დანიშნულებით განირჩევა, არამედ იმითაც, რომ მათ დასამზადებლად სხვადასხვა სახისა და შედგენილობის თიხას იყენებენ.

ქვევრების ასაშენებლად ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანაში, სადაც ნოდარ კაპანაძესთან ქვევრის შენების პროცესს ვეცნობოდი, ქვევრის ასაშენებლად ცხიმიანი და თირი თიხის ნაზავს იყენებენ. ცხიმიანი თიხა წებოვანია, თირის შეურევლად ასეთი თიხისგან აშენებული ქვევრი სითხეს კარგად იჭერს, მაგრამ შრობისა და ქურაში გამოწვის დროსაა პრობლემური, იბზარება და სკდება. ამიტომ აუცილებელია მისი თირი თიხით ნორმით გამჭლევება და ასეთი კაზმით ქვევრის აშენება.

საქვევრე თიხა წითელი ფერისაა. ის ქვიან-ხვინჭკიანი უნდა იყოს (2 მმ-ზე ნაკლები დიამეტრის ხვინჭკა), საჭურჭლე მიწასთან შედარებით ნაკლებ წებოვანია, რადგან სქელკედლიანი ქვევრი შრობა-გამოწვის დროს დიდ პრობლემებს შექმნის. საქვევრე თიხა, ორ- და სამშრიანი უნდა იყოს. გრანულაცია 20 მიკრომეტრზე ნაკლები უნდა ჰქონდეს, მაგრამ არა ნაკლებ 2 მიკრომეტრისა. საქვევრე თიხა მით უფრო ხარისხიანია, რაც უფრო ნაკლები რაოდენობით ნახშირბადს, მინდვრის შპატსა და კვარცს შეიცავს.

 საქვევრე თიხის მომზადება მისი მოპოვებით იწყება. მიწას, ძირითადად, ადრე გაზაფხულზე მოიპოვებენ, რადგან ამ დროს, ქვევრის ასაშენებლად საჭირო სითბო ჯერ არ დამდგარა, ამასთანავე, მექვევრე, სხვა საქმისგანაც შედარებით თავისუფალია. გარდა თიხისა, მექვევრემ გაზაფხულზე შეშის მომარაგებაც უნდა მოასწროს, რადგან ზაფხულის თბილი ამინდები ქვევრის შენებას უნდა დაუთმოს. ამასთანავე, ქვევრის გამოსაწვავი შეშა ზაფხულის სიცხეში კარგად გამოშრება.

საქვევრე თიხების მოპოვება ხელით შრომის იარაღებით ხდება. მიწის მოპოვების დროს ხდება სხვადასხვა ორგანული ნარჩენისგან მისი პირველადი გასუფთავება. საქვევრე თიხას დიდ პრობლემებს ბალახის ღეროები და მცენარეთა ფესვები უქმნის, ქვევრის გამოწვის დროს კედელში ჩარჩენილი ბალახის ფესვები და ღეროები იწვის და ქვევრის კედელი გახვრეტილი რჩება, ამიტომ საქვევრე თიხა ყოველგვარი ზედმეტისგან დიდი სიფრთხილით უნდა გაიწმინდოს.

საქვევრე მიწის მოპოვება მიწის ზედა ფენის გადაცლით იწყება. ზედა ფუჭი ფენა რამდენიმე ათეული სანტიმეტრიდან რამდენიმე ასეულ სანტიმეტრ სიღრმეში შეიძლება იყოს. ზედა ყამირი მიწისგან თიხის ფენის განთავისუფლება ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, რადგან თიხაში შერეულ ჩვეულებრივ მიწას შეუძლია, საერთოდ შეცვალოს თიხის შედგენილობა და მისგან დამზადებული ქვევრი ღვინის დასაყენებელ ჭურჭლად შეიძლება, საერთოდ არ გამოდგეს.

ზედა ფენის გადაცლის შემდეგ, იწყებენ საქვევრე თიხის მოპოვებას. ძირითადი შრომის იარაღები წერაქვი, ბარი, თოხი და ნიჩაბია. აღსანიშნავია, რომ ცხიმიანი თიხის მოპოვება გაცილებით შრომატევედია, ვიდრე თირი თიხის, ის წებოვანი, მძიმე მიწაა და შრომის იარაღზე ეწებება.

მოპოვებულ თიხას შინ მიტანის შემდეგ ერთხელ კიდევ გულდასმით  წმენდენ და ყველაფერ ზედმეტისგან ასუფთავებენ. გარდა კაჟის მოზრდილი ხვინჭკებისა, ძალიან საშიში მინარევია ჩვეულებრივი ქვა. 5-მმ დიამეტრზე მეტი სიდიდის ქვა გახურების შედეგად სკდება და ქვევრის კედელი შეიძლება ისე დააზიანოს, ქვევრი ღვინის დასაყენებლად გამოუსადეგარი გახდეს. მართალია, ქვევრის თიხაში ქვისა და კაჟის ხვინჭკების არსებობა აუცილებელია, მაგრამ ის წვრილი ფრაქციის სახით უნდა იყოს და მათი ზომა 2 მმ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

საქვევრე აყალოსა და თირი თიხის გასუფთავების შემდეგ, მათი შერევის ჯერი დგება. თიხების ნორმით შერევაზე მთლიანადაა დამოკიდებული ქვევრის ხარისხი. ბევრგან ცხიმიან თიხას თირ-თიხასთან, ერთი-ორთან შეფარდებით ურევენ, მაგრამ არის ზედმეტად ცხიმიანი თიხები, რომლებმაც შეიძლება 3-4 წილი თირი მიწა შეირიოს. თიხათა შერევის ეს ნორმები ადრე ყველა ადგილის თიხისთვის იყო დადგენილი და ყველა ადგილის მექვევრე, ამ ადგილის თიხებისთვის დადგენილი ნორმით მუშაობდა. ამ ნორმათა ზუსტი დაცვით დამზადებულ ქვევრს, არც გაშრობა-გამოწვის პრობლემა ექნება და მისი კედლიდან უმიზეზოდ არც ღვინო გაჟონავს. მიუხედავად ამისა, ბოლო საუკუნეებია, საქართველოში აშენებული თითქმის ყველა ქვევრიდან ღვინო ჟონავს და გახიზვის (ქვევრის კედლის ცვილით ან სხვა სახიზავი საშუალებით დამუშავება) გარეშე მისი გამოყენება შეუძლებელია. ამის მიზეზი კი სწორედ თიხების შერევის ნორმების დარღვევაა, ამ დარღვევათა მიზეზი კი შემდეგია:

საქართველოში ქვევრის ფასი არასდროს არ იყო მასში განივთებული შრომის ეკვივალენტური. მყიდველი ბაზარში გატანილ ქვევრში იხდის ფულს და არ კითხულობს, რამდენი ქვევრი დაუზიანდა მექვევრეს იმისათვის, რომ მისგან ნაყიდი ქვევრი ბაზარში გაეტანა, ამიტომ მექვევრეს ინტერესში შედის შენების დროს ქვევრი არ დაუზიანდეს, ამის მიღწევა კი თიხათა შერევის ნორმების დარღვევით შეიძლება, ანუ თირი თიხის დამატებით. ამ შემთხვევაში ქვევრი, გაშრობა-გამოწვის დროს მეტ დაუდევრობას იტანს და ქურიდან ქვევრი უვნებლად გამოაქვთ. სამაგიეროდ, მისი კედლიდან სითხე ჟონავს. თუ პირველი მექვევრის პრობლემაა მეორე უკვე ქვევრის მყიდველის პრობლემად რჩება, რომელ პრობლემასაც ქვევრის მეპატრონე ქვევრის კედლის გახიზვით შველის. სამწუხაროდ, რამდენიმე საუკუნეა, ამ უმსგავსოებამ ქართულ მექვევრეობაში ისე მოიკიდა ფეხი და ისე მიეჩვია მექვევრეც და ქვევრის მყიდველიც, თითქოს ქვევრის კედლის სანთლით დაფარვა ქვევრის შენების ბუნებრივი შემადგენელი ნაწილი იყოს.

ქვევრის ხარისხზე არა მარტო აყალო-თირის შერევის ნორმის დარღვევა მოქმედებს, არამედ არანაკლები მნიშვნელობა აქვს მათ ერთმანეთში კარგად შერევა-შეზელას. თუ აყალო და თირი ერთმანეთში კარგად არ შეიზილა და ერთგვაროვან ანუ ჰომოგენურ მასად არ იქცა, მაშინ, ქვევრის კედლის სხვადასხვა უბანზე თირი და აყალო სხვადასხვა ნორმით იქნება წარმოდგენილი, ანუ ერთ ადგილზე თირი იქნება მეტი, მეორეზე-აყალო, ასეთი ქვევრი კი ყველა მხრივ პრობლემური იქნება.

მექვევრეები ტყემლოვანაში ქვევრებს, ძირითადად, ორი წილი აყალოსა და ერთი წილი თირის შერევით მიღებული კაზმისგან აშენებენ (ჩემი იქ ყოფნის დროს ასეთი ნორმა იყო). უნდა აღინიშნოს, რომ საქვევრე თიხის მომზადების აქაური მეთოდი ბევრით განსხვავდება იმისგან, რაც ეთნოგრაფიულ მასალებში ამომიკითხავს. კერძოდ, აქ არ ხდება თირი-აყალოს გამოშრობა და გახმობა, დაფქვა და მერე მისი გაცრა-მოზელა (ეს, ალბათ, იმიტომ, რომ აქ საქვევრე თიხა, ქვა-ხიჭისგან შედარებით სუფთაა). ასევე, არაა ინტერესი და მოთხოვნა (ჯერჯერობით), მყიდველის მიერ მაღალი ხარისხის ქვევრის აშენება-შეძენაზე და ასევე, არაა მზაობა შემკვეთთა მხრიდან კარგი ხარისხის ქვევრში მაღალი ფასი გადაიხადონ, რათა ამით მექვევრე დააინტერესონ და ორის ნაცვლად ერთი ხარისხიანი ქვევრი ააშენოს.

წინასწარ გაწმენდილ-გასუფთავებულ აყალოს და თირს ნიჩბებით  ყრიან საზელი დანადგარის წინ მოწყობილ ფიცრის იატაკზე და ნიჩბებითვე რიგრიგობით აწვდიან საზელ დანადგარს. მოზელილი მასის შესქელების დონეს ოსტატი, თვალით საზღვრავს და კლების შემთხვევაში თვალზომით ამატებს სუფთა სასმელ წყალს.

საზელი დანადგარი, რომელსაც ჩემი იქ ყოფნის დროს იყენებდნენ, 70-80 სმ. სიმაღლის მეტალის მილს წარმოადგენდა, მისი დიამეტრი 40-50 სმ-ია, მილს სიმაღლეზე გაყრილი აქვს ღერძი, ღერძზე კი ჩამოცმულია სხვადასხვა ფორმის ორფრთიანი „პროპელერები“. ღერძს ზემოთა მხრიდან უძრავად აქვს მიმაგრებული გრძელი ფოლადის ღერო, რომლითაც მოძრაობაში მოდის ღერძი და პროპელერებით ურევს თიხას. ადრე ღერძს ცოცხალი გამწევი ძალით აბრუნებდნენ (ტყემლოვანაში 2005 წლის ზაფხულში გახლდით და თიხის მოზელა ცალუღელა ხარი ასრულებდა ამ საქმეს), ახლა კი ბევრგან ელექტროძრავას იყენებენ, ბევრსაც მიქსერი აქვს. ზემოდან ჩაყრილ თიხა-აყალოს ნარევს პროპელერები ბრუნვისას ზელენ, ერთმანეთს გადასცემენ და ძირისკენ მიაქვთ, დანადგარს ძირში დამონტაჟებული აქვს კარები, საიდანაც შეზელილი მიწა გარეთ გამოდის. მოზელილი თიხა ბლანტი მასაა, ამიტომ მათი კარგად შერევა-შეზელისთვის საჭიროა ამ მასის საზელში სულ მცირე 3-4-ჯერ გატარება, რაც ყველგან  და ყოველთვის არ ხდება. თიხის შერევა-შეზელვის ხარისხსა და გამოშრობის დონე შემდეგნაირად უნდა შეამოწმოთ: გააკეთეთ სორსლი და ერთი ბოლოთი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დაიჭირეთ, თუ სორსლი გაიღუნა და არ გადატყდა, კაზმი ნორმალურადაა შეზელილი, თუ გადატყდა, წყალი და ზელვა აკლია. თუ თიხა ხელზე ეკრობა, ე.ი. თიხა ზედმეტად ნესტიანია, ამ დროს თიხას მაგიდაზე ტოვებენ და სორსლს ზედმეტი წყლის აორთქლების შემდეგ აკეთებენ.

სორსლი 45-60 სმ. სიგრძისა და 6-8 სმ. დიამეტრის თიხის მრგვალი მასაა. მისი ზომები დამოკიდებულია მექვევრის დახელოვნებასა და ფიზიკურ მონაცემებზე, თუ მექვევრე ფიზიკურად ძლიერია და ხელის ფართო მტევანი აქვს, ის, ქვევრის შენების დროს, დიდი ზომისა და დიამეტრის მქონე სორსლს მოიხმარს. სორსლს მექვევრეს დამხმარე უმზადებს. სწორედ სორსლის დამზადებით მთავრდება საქვევრე თიხის მომზადება და იწყება ქვევრის შენების პროცესი.

აქვე მინდა ავღნიშნო საქვევრე თიხების შესახებ, როგორც დასაწყისში ითქვა საქართველოში კერამიკის ხუთი მიმართულებაა ცნობილი და ხუთივე ნაკეთობას სხვადასხვა სახის და შედგენილობის თიხისგან ამზადებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა სახის თიხა ქვევრის ასაშენებლად არ ვარგა. რადგან ქვევრში ძვირფასი ღვინო ისხმება, რომელსაც ჭურჭლის მიმართ თავისი მოთხოვნები აქვს, ამიტომ ქვევრის ასაშენებლად თიხის ახალი კარიერის ათვისების შემთხვევაში (როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ), აუცილებელია ის ღვინოსთან მიმართებაში ყოველმხრივ შემოწმდეს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნას დაწყებული მისი გამოყენება ქვევრების საშენ მასალად.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყველა კუთხეში ქვევრის ასაშენებელი ნედლეული, ძირითადად, ცხიმიანი თიხაა, მის გასამჭლევებლად კი კაზმში, სადაც აქვთ, თირ თიხას ურევენ, სადაც თირი არ აქვთ იქ, კარგად გარეცხილ მდინარის ქვიშას იყენებენ. აღნიშნული ნედლეულის შერევის ნორმების დაცვით ნებისმიერი ფორიანობის ქვევრის კედლის აშენება შეიძლება. ცნობილია, რომ მდინარის ქვიშა მაღალ ტემპერატურაზე პრობლემურია, ამიტომ მექვევრეებს ვურჩევთ, ყურადღება კრამიტისა და ქვევრის ნამტვრევს მიაქციონ. ვინც საფქვავს შეიძენს და ამ ნატეხებს დაფქვავს, კარგი  გამამჭლევებელიც ექნებათ და უნარჩენო წარმოებაც. ერთი ასეთი საფქვავი, ალბათ, მთელ სოფელს მოემსახურება.

ჟორა გაბრიჭიძე,

ტელ: 551-333-155