სოფელი ორღული
ორღული — სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ყვირილის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 560 მეტრი, საჩხერიდან 8 კილომეტრი.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1217ადამიანი. კაცი 597 ქალი 620.
სოფელი ორღული აერთიანებს ორ დასახლებულ პუნქტს ზედა და ქვედა ორღულს. ორღული მდებარეობს მდინარე ყვირილის მარჯვენა მხარეს. ჩრდილოეთით ესაზღვრება ტყის ზოლით საჯალყელოს მთა. სამხრეთით მდინარე ყვირილის ხეობა და სოფელი სავანე სახნავ_სათესი სავარგულებით.
სოფლის დღევანდელ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ბატონების ურჩი ანუ ,,ორგული“ გლეხები. დასახლებაც ასე იხსენიებდა, დროთა განმავლობაში სიტყვა ,,ორგული“ გადაკეთდა ან გადააკეთეს ,,ორღულად“ და ამგვარად მოიხსენიება დღეისათვის.
დღევანდელი სოფელი ორღული 90_იან წლებამდე ორად იყო გაყოფილი: ზედა და ქვედა ორღულად. შემდეგ მოხდა სოფლების გაერთიანება და დღეისათვის მოიხსენიება ორღულად.
გავრცელებული გვარებია: ჭიღლაძე, მაჭავარიანი, კალმახელიძე, ფოფხაძე, კესარელი, ძინძიბაძე, ხვედელიძე, ნადირაძე, მწყერაშვილი, ქველაძე.
ძირითადი საქმიანობა მიწათმოქმედება და მეცხოველეობაა. ორღულის ტერიტორიაზე მწყერაშვილების უბანშია ორღულის წმინდა გიორგის სახელობის, შუა საუკუნეში აგებული ეკლესია, ეს ეკლესია ადრე დანგრეული ყოფილა, შემდეგ კი აღუდგენიათ, ამას მოწმობს ეკლესიის აღმოსავლეთ ნაწილში უკუღმა დაწყობილი ქვები, ლაპი-დარული წარწერით.
ორღულის გეოგრაფიული ადგილების სახელწოდებებია: ვაკე ტყე, ქართველაკარები, დიდყანები, ვალისახო, დიდახო, ხოსიარის ტყე, აკოფები, გობინასმინდორი, ენდრონიკა, ბენიძგვები, ცოფიანებისუბანი, საბადურები, აბანოები _ სახსრების, ანთების სამკურნალო დანიშნულების მქონე, მდებარეობს სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.
სოფელში არის წყაროები: ბენიძგვების წყალი, რაჭის გობინა.
მთავარი მდინარეა ყვირილაა, რომელსაც სოფლის ტერიტორიაზე მარჯვნიდან უერთდება: ლესერა, გაკოდილა, გოგიას ღელე.