ბლოგი

ტყის ხანძრები და კლიმატის ცვლილება საქართველოში – პრობლემის გადაჭრის გზები

მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ყურადღებამ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასა და გლობალურ პანდემიაზე გადაინაცვლა, კლიმატის ცვლილებასა და მწვანე ეკონომიკასთან დაკავშირებული საკითხებმა პოლიტიკურ დღის წესრიგში უკანა პლანზე გადაიწია. თუმცა კლიმატის ცვლილების პროცესი გეოპოლიტიკური ცვლილებების გამო არ შეჩერებულა და ისევ ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ომამდე იყო. გარდა ამისა, ომმა, თავის მხრივ, გამანადგურებელი ეფექტი იქონია გარემოზე: განადგურდა ველური ბუნება, გაიხსნა რელიეფზე არსებული კრატერები, ატმოსფეროში გაიფანტა მძიმე მეტალებისა და ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების აფეთქებების შედეგად გამოწვეული გამონაბოლქვი. სამხედრო ჭურვების აფეთქების შედეგად ტყეებში ცეცხლი გაჩნდა, რამაც ჰაერში რადიოაქტიური ნივთიერებების გავრცელება განაპირობა, ხოლო ნავთობისა და ბუნებრივი აირის ობიექტების განადგურებამ სათბურის აირების ემისია გამოიწვია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანახმად, ზემოთ ჩამოთვლილმა დაბინძურებამ ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიგვიყვანა, დაზიანდა ან განადგურდა 530,000 ჰექტარამდე დაცული ტერიტორია (McCarthy, 2022).

ამ სტატიაში გვინდა განვიხილოთ კავშირი კლიმატის ცვლილებას, ადამიანების დაუდევრობასა და ზაფხულის პერიოდში ტყეებში გაჩენილ ხანძრებს შორის. გარდა ამისა, ე.წ. ხანძრების სეზონი (ივლის-აგვისტო) ახლოვდება და ვფიქრობთ, ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო იქნება ინფორმაციის მიღება იმაზე, თუ როგორ არის შესაძლებელი საფრთხეების თავიდან აცილება ან მინიმუმამდე დაყვანა.

ბლოგის პირველადი ვერსია მომზადდა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ტრენინგის ფარგლებში “ტრენინგი ჟურნალისტებისთვის მწვანე ეკონომიკაში”. ტრენინგის მსვლელობის განმავლობაში, ბორჯომის ტელევიზიის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა განიხილა ზემოხსენებული საკითხი და მაგალითად მოიყვანა სამცხე-ჯავახეთის რეგიონი და ბორჯომის მუნიციპალიტეტი. ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა განაახლა ეს ბლოგი, რათა კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი საკითხის მნიშვნელობას.

კავშირი სატყეო სექტორსა და კლიმატის ცვლილებას შორის

მრავალმხრივი და კომპლექსურია კავშირი კლიმატის ცვლილებასა და სატყეო სექტორს შორის.

როგორც წინა ბლოგებში განვიხილეთ, უკანასკნელი წლების ტენდენცია გვიჩვენებს, რომ ხანძრები მნიშვნელოვანი პრობლემაა მთელ მსოფლიოში და უმეტესწილად დაკავშირებულია კლიმატის ცვლილებასთან – ხანძრების გაჩენაში დიდ როლს თამაშობს ტყეების არასწორი მოვლაც.

კლიმატის ცვლილება შემდეგი მიზეზების გამო ზრდის ხანძრის გაჩენის ალბათობას:

  1. გლობალური დათბობით გამოწვეული უფრო გრძელი ცხელი სეზონი – ზაფხულისა და შემოდგომის თვეებში ტემპერატურა გაცილებით უფრო მაღალია, რაც ხანძრის სეზონების გახანგრძლივებას იწვევს;
  2. ტემპერატურის ზრდით განპირობებული ამინდის სიმშრალე, რომელიც ხელს უწყობს აორთქლებას და ნიადაგის გამოშრობას. ეს გარემოებები არამხოლოდ ზრდის ხანძრის გაჩენის რისკს, არამედ აჩქარებს ხანძრის გავრცელებას და ართულებს მის ჩაქრობას;
  3. უფრო მშრალი და მეტად  ხანგრძლივი თბილი სეზონები, რომლებიც ქმნის ხელსაყრელ გარემოს ისეთი პარაზიტებისთვის, რომლებსაც მარტივად გადააქვთ ზამთარი და ხელს უწყობს მათ გამრავლებას. შედეგად კი, ამგვარი პარაზიტები იწყებენ ხეების განადგურებას, იწვევენ მათ გამოფიტვას და ჭკნობას. ეს კი თავის მხრივ იდეალურ გარემოს ქმნის ხანძრისთვის;
  4. ხანძრების გამომწვევი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ჭექა-ქუხილის დროს არსებული ელვაა, ჭექა-ქუხილები კი ხშირად სწორედ კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული.

როგორც კლიმატის ცვლილების პირდაპირი შედეგი, ხანძრები კიდევ უფრო ხშირი გახდა ისეთ ადგილებში, სადაც ხანძარი არასდროს ყოფილა. გამონაკლისი ამ მხრივ არც საქართველოა. გარდა ამისა, კავშირი კლიმატის ცვლილებასა და ტყეში გაჩენილ ხანძრებს შორის არ არის ცალმხრივი. ტყეში არსებული ხანძრების შედეგად, ატმოსფეროში სათბურის აირები ვრცელდება, რაც იწვევს კლიმატის ცვლილებას და ქმნის გვალვის რისკს (Werf, et al., 2017). ტყეები ასევე წარმოადგენს ნახშიროჟანგის შთანმთქმელ მთავარ სახმელეთო ეკოსისტემებს და მნიშნელოვან როლს ასრულებს კლიმატის ცვლილების პროცესსა და ნეგატიური გავლენების შემცირებაში. სწორედ ამიტომ, ტყის ხანძრების რიცხვის ზრდა არა მხოლოდ აბინძურებს გარემოს, არამედ აჩქარებს კლიმატის ცვლილებას.

კლიმატის ცვლილება და საქართველოს სატყეო სექტორი: ხანძრები სამცხე-ჯავახეთსა და ბორჯომში

საქართველოს ტერიტორიის 40%-ს ტყეები შეადგენს. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში სათბურის გაზების დაბალანსებაში. გასული წლების განმავლობაში სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის განვითარებამ ნეგატიური გავლენა იქონია ტყეებზე, ხელი შეუწყო მათ განადგურებას, ხანძრების გაჩენას და საგრძნობლად შეამცირა ტყეების ნახშირორჟანგის შთანთქმის პოტენციალი. მაგალითად, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვის ქვეშ არსებული ტერიტორიებიდან 34-ში დაფიქსირდა ხანძარი;  ეროვნული სატყეო სააგენტოს 2021 წლის მონაცემების თანახმად, აღნიშნული ხანძრები 2425.83 ჰექტარ ტყეს შეეხო, რაც სამცხე-ჯავახეთის ტყეების ტერიტორიის 2% შეადგენს.

ბორჯომის მოსახლეობას განსაკუთრებით მძაფრად შეეხო ხანძრების შედეგები. მიკროკლიმატის ცვლილება განსაკუთრებით კარგად იგრძნობა დამწვარ ტყეებთან ახლოს მდებარე დასახლებებში. ბიოლოგი ვაჟა გელაშვილის თქმით, რეგიონში მომხდარი ხანძრების შედეგად ჰაერი გამოშრა და მტკნარი წყლის რესურსები შემცირდა. ტყეში არსებული ხანძრები, ხშირი გვალვა, რომელსაც უხვი ნალექი მოსდევს, და კლიმატის ცვლილების სხვა გამოვლინებები ამცირებს რეგიონში ტურიზმს და ნეგატიურად აისახება ეკონომიკაზე.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ეროვნული სათბურის გაზების ინვენტარიზაციის ანგარიშის (1990-2017) თანახმად, სწორად მოვლის შემთხვევაში, ტყეები კვლავ რჩება სათბურის გაზების შთანმთქმელ ეკოსისტემებად, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მავნე შედეგების შემსუბუქებაში. შთანთქვის სიმძლავრე 1990-2017 წლებში[1] 8,122-10,061 გიგაგრამ CO2-ის ეკვივალენტს შორის მერყეობდა, რაც აღნიშნულ პერიოდში არსებული ემისიების 20-65% შეადგენს[2]. ამდენად, რამდენადაც ტყეები ემისიების მნიშვნელოვან ნაწილს შთანთქავს, მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ტყის ხანძრების საკითხს.

რა კეთდება ტყის ხანძრების შესამცირებლად?

სატყეო სექტორში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მავნე შედეგების შესამცირებლად საქართველოს მთავრობა გამოყოფს შემდეგ საკითხებს (MEPA, 2021, p. 29):

  1. ტყის მდგრადი მართვის პრაქტიკის დამკვიდრება;
  2. ტყის გაშენების/ტყის აღდგენის განხორციელება და ბუნებრივი აღდგენის ხელშეწყობა;
  3. დაცული ტერიტორიების გაზრდა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანახმად, ქვეყანამ მოამზადა მთელი რიგი დოკუმენტები, რომლებიც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ნეგატიური შედეგების შერბილებას, განსაზღვრავს სამიზნე ინდიკატორებს და წლების განმავლობაში განსახორციელებელ ქმედებებს. მათ შორისაა საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი[3] (NDC) პარიზის შეთანხმების ფარგლებში არსებული გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისთვის; საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია[4]; და კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა[5], რომელიც სატყეო სექტორის მდგრადი მართვის და ხანძრის პრევენციის საკითხებსაც ეხება.

საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინების თანახმად, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემები სულ უფრო აქტუალური ხდება და საჭიროა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. შეტყობინებაში აღწერილია ის ნაბიჯებიც, რომლებიც სააგენტომ უკვე გადადგა. დოკუმენტში საუბარია ხანძრის პრევენციის ზომების გაძლიერების შესახებაც, კერძოდ კი:

  • ხანძარსაწინააღმდეგო გზებისა და ბილიკების მოწყობა;
  • ტყეების ჩახერგილობისაგან გაწმენდა;
  • ადრეული შეტყობინებისა და აღმოჩენის სისტემების განვითარება.

გარდა ამისა, მომზადდა ტყის ხანძრების რისკის შეფასების მეთოდოლოგია, გამოვლინდა ხანძარ-საშიში ადგილები, სადაც პრობლემური პერიოდების განმავლობაში მკაცრდება კონტროლი და გამოიყოფა დამატებითი მეხანძრეები, ასევე, მოეწყო კოცონის დასანთები სივრცეები და განთავსდა საინფორმაციო დაფები. გარდა ამისა, 2021 წელს სატყეო სექტორის მართვის დარგში გადამზადდა სააგენტოს 107 თანამშრომელი და 30 მოხალისე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

რა უნდა გაკეთდეს, რა უნდა ვიცოდეთ და რისი გაკეთება შეუძლია მოსახლეობას?

გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენლის, რეზო გეთიაშვილის თქმით, კლიმატის ცვლილებაზე რეაგირება რთული პროცესია და კომპლექსური ზომების მიღებაა საჭირო. მთელი მსოფლიო ცდილობს გაერკვეს, თუ რა საპასუხო ქმედებებია საჭირო იმ შედეგებთან გასამკლავებლად, რომელიც უკვე სახეზეა. ბ-ნი რეზოს თქმით, იმ პერიოდის დროს, როდესაც ხანძრის გაჩენის რისკი იზრდება, აუცილებელია დამატებითი ზომების მიღება, კოცონის დანთების ან ზოგადად ტყეში გადაადგილების აკრძალვა, ტყეებში ტურისტებისთვის განკუთვნილი რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობა. სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე ნარჩენების დაწვა ხანძრების გამომწვევი კიდევ ერთი მიზეზია საქართველოში. 2015 წლიდან ეს საკითხი კანონით რეგულირდება[6] და გარკვეულ სანქციებსაც ითვალისწინებს, თუმცა სათანადო აღსრულება ჯერ კიდევ არ მიღწეულა. შესაბამისად, აუცილებელია ეფექტიანი აღსრულების მექანიზმების შემოღება.

კლიმატის ცვლილების ნეგატიური გავლენების შესახებ არსებული მწირი ინფორმაცია მოსახლეობაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც პროცესს კიდევ უფრო ანელებს. ბორჯომში ჩატარებული ერთი პატარა კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას სჯერა კლიმატის ცვლილების, მათ არ მიაჩნიათ, რომ ეს პროცესები მათზე რაიმე სახის გავლენას ახდენს და არც ამ საკითხებში თავიანთ როლს მიიჩნევენ მნიშვნელოვნად.

მსგავსი დამოკიდებულება გამოვლინდა კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მიერ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით საქართველოში 2020 წლის აგვისტო-სექტემბერში ჩატარებულ კვლევაში:

  • გამოკითხული მოქალაქეების 97.6%-ს სმენია კლიმატის ცვლილების შესახებ;
  • მოსახლეობის 91.35% მიიჩნევს, რომ კლიმატის ცვლილება რეალური პროცესია და საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს დედამიწაზე;
  • რესპოდენტების 25.9% ფიქრობს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები შეძლებენ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგების მართვას;
  • მოსახლეობის 36,19% ფიქრობს, რომ მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მავნე შედეგების დასაძლევად.

მიუხედავად საზოგადოებაში გავრცელებული აზრისა, რომ ადამიანებს არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ, არსებობს რამდენიმე მარტივი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება გადაიდგას კლიმატის ცვლილების შესანელებლად, პერიოდული ხანძრების თავიდან ასაცილებლად და სატყეო სექტორის სამართავად, კერძოდ:

  • ხელოვნურად გამოწვეული ხანძრების თავიდან აცილება[7];
  • ზაფხულის განმავლობაში ტყეებში კოცონის დანთებისგან თავის შეკავება;
  • ტყეში ყოფნის დროს სახანძრო უსაფრთხოების ზომების დაცვა;
  • სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე ნარჩენების დაწვისგან თავის შეკავება[8];
  • შეშის ჭარბი მოხმარების შემცირება;
  • ხეების მოჭრის შემდგომ ტერიტორიის დასუფთავება ნარჩენი ტოტებისგან;
  • ენერგოეფექტური ღუმელების გამოყენება.

დასკვნა

კლიმატის ცვლილებასა და ტყეებში გაჩენილ ხანძრებს შორის კავშირი აშკარაა -– ერთი მხრივ, კლიმატის ცვლილება ზრდის ტყეებში ხანძრის გაჩენის რისკს, მეორე მხრივ კი, ტყეებში არსებული ხანძრები აჩქარებს კლიმატის ცვლილების პროცესს. აღნიშნული საკითხი აქტუალობას იძენს მსოფლიო მასშტაბით და მნიშნელოვანია, რომ საქართველოც აქტიურად იყოს ჩართული რეაგირების პროცესში. იმდენად, რამდენადაც თითოეულ ადამიანს შეუძლია წვლილი შეიტანოს კლიმატის ცვლილების შენელების პროცესში და შეამციროს ტყეებში არსებული ხანძრების სტატისტიკა, სახელმწიფოს პოლიტიკა ამ სფეროში გამყარებული უნდა იყოს მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებითა და საინფორმაციო კამპანიებით. ეს უნდა გაკეთდეს არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ ტყის ხანძრებით დაზიანებულ ისეთ რეგიონებშიც, როგორიცაა სამცხე-ჯავახეთი, და ხაზი უნდა გაესვას კავშირს თითოეული ადამიანის ქმედებებსა და ტყის ხანძრებს შორის.

წყარო: ISET


[1] წყარო: საქართველოს ეროვნული სათბურის გაზების ინვენტარიზაციის ანგარიში 1990-2017

[2] შთანთქმის მინიმალური (20%, 1990 წ.) და მაქსიმალური (65% 2001 წ.) მაჩვენებლების გამოთვლა მოხდა 1990-2017 წლებში, სატყეო სექტორის მიერ შთანთქმული ემისიების რაოდენობის, ამავე პერიოდში არსებული ემისიების რაოდენობაზე გაყოფით.

[3] ხელმისაწვდომია შემდეგ ვებგვერდზე: https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/32027

[4] ხელმისაწვდომია შემდეგ ვებგვერდზე: იქვე

[5] ხელმისაწვდომია შემდეგ ვებგვერდზე: იქვე

[6] ხელმისაწვდომია შემდეგ ვებგვერდზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2676416?publication=12

[7] ხანძრების ანალიზის შედეგად, სავარაუდოა, რომ ათიდან ცხრა ხანძარი ხელოვნურად იყო გაჩენილი – რეზო გეთიაშვილი.

[8] ისჯება კანონით და ხშირად წარმოადგენს ხანძრის დიდ ტერიტორიებზე გავრცელების მიზეზს.