გასაოცარი ამბები ჭიანჭველებზე
ჭიანჭველები საოცარი არსებებია. იმის მიუხედავად რომ ისინი ძალზე პატარა არსებები არიან, მათი ქცევები ადამიანის გაოცებას და ინტერესს იწვევს.
ჭიანჭველები დინოზავრებივით ხნიერები არიან
არქეოლოგების შეფასებით, ჰომო საპიენსი (თანამედროვე ადამიანი), რომელიც ორი მილიონი წლის წინ მობინადრე ავსტრალიოპითეკების შთამომავალია, დედამიწაზე 200 000 წელია, არსებობს. ეს მხოლოდ მცირე მონაკვეთია დედამიწის ასაკთან შედარებით, რომელიც 4.54 მილიარდ წელს შეადგენს. ამის ფონზე ჭიანჭველები ჩვენზე ბევრად ხნიერები ჩანან. მეცნიერები თვლიან, რომ ისინი კრაზანის მსგავს წინაპრებს გამოეყვნენ შუა ცარცის პერიოდში, 110-130 მილიონი წლის წინ. შესაბამისად, ჩვენ მათთან შედარებით ბავშვები ვართ.
ადამიანების მსგავსად, ჭიანჭველებიც მთელ მსოფლიოში არიან გავრცელებული
ჭიანჭველები ცნობილი მოგზაურები არიან. მათ დედამიწაზე თითქმის ყველგან შეხვდებით, გამონაკლისია ანტარქტიკისა და არქტიკის რეგიონები (ასევე რამდენიმე კუნძული, რომლებზეც ჭიანჭველები აქამდე არ აღმოუჩენიათ). მათი უმეტესობა ბუდობს ნიადაგში, მიწაზე დაყრილ ფოთლებში ან ლპობად მცენარეებში. არსებობს ერთი სახეობა, სახელად არგენტინული ჭიანჭველა (Linepithema humile), რომელმაც 6 კონტინენტი დაიპყრო (იხ. რუკა). ბოლო საუკუნის განმავლობაში ეს პატარა არსებები მყარად დასახლდნენ მსოფლიოს მინიმუმ 15 ქვეყანაში და როგორც ჩანს, პლანეტის დაპყრობას ისევ აგრძელებენ. მათ ბუდეებს პლანეტის სხვადასხვა რეგიონებში შეხვდებით.
ჭიანჭველას ყველაზე გრძელი სახეობა 6 სმ-ს აღწევდა
ყველაზე დიდი ჭიანჭველა, რაც კი აღმოუჩენიათ, დღეს აღარ არსებობს. ეს არის ნამარხის სახით შემორჩენილი ინდივიდი, რომელიც ეკუთვნის Titanomyrma giganteum სახეობას და შეიძლება ითქვას, ჭიანჭველებს შორის ნამდვილი მხეცი იყო. ოდესმე შემთხვევით დაგიბიჯებიათ ჭიანჭველების ბუდეზე ფეხი და დაკვირვებიხართ, როგორ იწყებდა მათი კოლონია თქვენს ფეხზე ამოცოცებას? ახლა წარმოიდგინეთ, რომ მათ მაგივრად გაღოღდებიან კალიის ან ჩოქელას ზომის ჭიანჭველები. როგორც ნამარხები აჩვენებს, Titanomyrma giganteum-ის ჭიანჭველა 6 სმ-მდე აღწევდა, ხოლო მანძილი გაშლილი ფრთების ბოლოებს შორის 15 სმ იყო. შედარებისთვის, ამჟამინდელი ჭიანჭველების საშუალო ზომა 0.2-დან 2.5 სმ-მდეა.
ჭიანჭველები კოლექტიურად აზროვნებენ
ჭიანჭველები შეიძლება გაერთიანდნენ, რათა უზარმაზარი, კოორდინირებული „სუპერორგანიზმი“ შექმნან. როგორც ადამიანი ფუნქციონირებს იმის წყალობით, რომ სხეულში არსებული სხვადასხვა ორგანოები შეთანხმებულად მუშაობენ, ისე ცალკეულ ჭიანჭველებს შეუძლიათ იმოქმედონ დიდი ორგანიზმის ნაწილებივით. ნაცვლად დამოუკიდებელი ინდივიდებივით მოქცევისა, ეს ჭიანჭველები იმას აკეთებენ, რაც კოლონიისთვის, როგორც ერთი მთლიანისთვის, იქნება უკეთესი. მაგალითად, ჭიანჭველების გუნდი ერთობლივად არჩევს იდეალურ ადგილსამყოფელს კოლონიისთვის, როცა ცალკეული ჭიანჭველა შეიძლება შეცდეს. ამას ახერხებენ კომუნიკაციის სპეციფიკური ფორმით. ისინი ისე „საუბრობენ“, რომ ტვინის მსგავს სტრუქტურას ქმნიან.
ჭიანჭველები ქიმიკატების მეშვეობით „საუბრობენ“
ჭიანჭველებს ეფექტიანი კომუნიკაცია და შეთანხმებულად მუშაობა შეუძლიათ იმ ქიმიკატების გამოყენებით, რომლებიც ცნობილია, როგორც ფერომონები. მათი მეშვეობით ჭიანჭველები თანამოძმეებს მარტივ შეტყობინებებს უგზავნიან, ატყობინებენ საფრთხის შესახებ ან მიუთითებენ აღმოჩენილი საკვების ადგილმდებარეობას. მუშა ჭიანჭველები გამოყოფენ სპეციფიკურ ფერომონებს, რათა სხვებს უთხრან: „მე გიჩვენებთ, სადაა საჭმელი!“ ან „ტერიტორიაზე უცხო პირია. შეუტიეთ!“ კოლონიის წევრები „საუბარს“ ახერხებენ ანტენების გამოყენებით, ისინი შეიგრძნობენ იმ ქიმიკატების სუნს, რომლებიც გამოიყოფა სხვა ჭიანჭველების ორგანიზმის მიერ. როგორც აღმოჩნდა, კომუნიკაციის ეს ფორმა საკმაოდ სწრაფი და ეფექტურია.
ზოგ რეგიონში ჭიანჭველები ცხოველური ბიომასის მეოთხედს შეადგენენ
დედამიწაზე ბევრი ჭიანჭველაა _ საკმაოდ ბევრი. შეიძლება პატარები იყვნენ, მაგრამ ერთობლივად ანგარიშგასაწევ მასას ქმნიან. ენტომოლოგმა ტედ შულცმა სამეცნიერო ჟურნალ „მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შრომებში“ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნა, რომ ჭიანჭველებს „მონოპოლიზებული აქვთ ხმელეთის ცხოველების ბიომასის 15-20%, ხოლო ტროპიკულ რეგიონებში, სადაც განსაკუთრებით უხვად გვხვდებიან, ეს მაჩვენებელი 25% ან მეტია.“ თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჭიანჭველები – ეს არის ტაქსონომიური ოჯახი, რომელიც აერთიანებს 12 000-ზე მეტ ცნობილ სახეობას და უამრავი სახეობა ჯერ კიდევ აღმოსაჩენია. ამიტომ იმას ვერ ვიტყვით, რომ ჭიანჭველები ჯობნიან რომელიმე ცალკეულ სახეობას ბიომასაში არსებული წილით.
ზოგიერთი სახეობის ჭიანჭველა პრიმიტიული ფორმის მონათმფლობელობას ეწევა
ჭიანჭველები შეიძლება მარტივი არსებები ჩანდნენ, მაგრამ საკმაო დონეზე მოასწრეს განვითარება და ჩამოაყალიბეს კომპლექსური საზოგადოებები (ჰყავთ დედოფალი, მუშები და ა.შ.). არსებობს სახეობები, რომლებიც თავს ესხმიან მეზობელ კოლონიებს, რათა გაიტაცონ კვერცხები ან მატლები და თავიანთ კოლონიებში წაასხან. ეს პრაქტიკა ცნობილია, როგორც ჰილოტიზმი. ცხადია, ძალადობის შედეგად მოპოვებული ახალგაზრდა ჭიანჭველები ყოველთვის მონებად არ იქცევიან. ზოგჯერ მათ საკვების წყაროდ იყენებენ (ანუ ჭამენ). სახეობებს, რომლებიც ჰილოტიზმს მისდევენ, „მონათმფლობელ ჭიანჭველებს“ უწოდებენ და ამ ქმედების მთავარი მიზანი კოლონიის განმტკიცებაა.
ჭიანჭველებს თავიანთ წონაზე 10-ჯერ მეტის თრევა შეუძლიათ
მსგავსად პატარა მწერების უმეტესობისა, ჭიანჭველებიც საკმაოდ ძლიერები არიან. მათ შეუძლიათ, სხეულის წონაზე 10-50-ჯერ მძიმე ტვირთი აწიონ ან თავდაყირა დაეკიდონ და ეჭიროთ მათზე 100-ჯერ მძიმე საგანი. პატარა ზომის გამო მათი კუნთების განივკვეთის ფართობი სხეულთან პროპორციაში მეტია (ანუ ქსოვილები უფრო სქელია). ამის შედეგად თავიანთ ზომასთან შედარებით მეტი ძალის გამოვლენა შეუძლიათ. თუმცა ჭიანჭველებს ყველაზე ძლიერი არსების სტატუსი არ აქვთ. ყველაზე ძლიერი მწერია ნეხვის ხოჭო, რომელიც თავის წონაზე 1000-ჯერ მძიმე საგნებს ძრავს ადგილიდან.
ჭიანჭველები ყოველთვის ცოტახანს არ ცოცხლობენ
ადამიანთან შედარებით, ჭიანჭველას სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა. მრავალი სახეობისთვის სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ რამდენიმე კვირას შეადგენს. თუმცა არიან ჭიანჭველები, რომლებიც რამდენიმე წელი ცოცხლობენ. უფრო მეტიც, ბევრი დედოფალი ჭიანჭველა ათწლეულებიც კი ცოცხლობს (ოფიციალურად აღრიცხული შემთხვევებიდან ყველაზე ხნიერი ჭიანჭველა სიკვდილისას 30 წლის იყო).
დედამიწაზე დაახლოებით 10 კვადრილიონი ჭიანჭველაა
დედამიწა 8 მილიარდამდე ადამიანს მასპინძლობს. ეს საკმაოდ დიდი რიცხვია, მაგრამ არაფერია ჭიანჭველებთან შედარებით. თანამედროვე გამოთვლებით, ჩვენს პლანეტაზე 10 კვადრილიონი ანუ 10 000 000 000 000 000 ჭიანჭველაა. თუმცა რაც შეეხება წონას, მათი ჯამური მასა კაცობრიობის მასას უტოლდება, რადგან თითოეული ჭიანჭველა ადამიანზე საშუალოდ მილიონჯერ მსუბუქია. იმედი ვიქონიოთ, რომ ერთ დღესაც ჩვენ წინააღმდეგ გალაშქრებას არ გადაწყვეტენ.
წყარო: https://charlius.com/2022/06/07/ant-facts/#more-18081