რატომ გასამმაგდა ყურძნის სუბსიდირებაზე გამოყოფილი თანხა
კარლ მარქსი თავის გენიალურ შრომებში ფასების რეგულირების თემასაც საფუძვლიანად განიხილავს და მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ფასებს საბაზრო ეკონომიკა არეგულირებს, თუმცა მასში ხელისუფლება აქტიურად უნდა ჩაერიოს, მაგრამ დეკრეტით კი არ „მოაწესრიგოს“ საქონელზე ფასები, არამედ თვითონ გამოვიდეს ბაზარზე კერძო კაპიტალის კონკურენტად და მომხმარებელს უფრო დაბალ ფასში შესთავაზოს საქონელი. ამ დროს კაპიტალისტი ან ფასებს დაწევს, ან გაკოტრდება.
როგორც ჩანს ხელისუფლებისთვის ფასის დარეგულირების ამგვარი გზა მიუღებელია და ამიტომაც კვლავ ნაცად ხერხს მიმართავს, დაბალ ფასს „კაპიტალისტს“ კი არა გლეხს უწესებს.
დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველო მუდმივი გამოწვევების წინაშე დგას და იმის ნაცვლად, რომ დრომ და გამოცდილებამ რაღაც ასწავლოს, ყველაფერი პირიქით ხდება. 30 წელიწადია ქვეყანაში გადაუჭრელ პრობლემად რჩება ყურძნის ფასი. ის მევენახისთვის ყოველთვის დაბალია, სამაგიეროდ მისაღებია მეღვინეობის კერძო ფირმებისთვის და ყველასთვის, ვინც ყურძენს იბარებს, რადგან ყურძნის ფასის 20-30%-ს მათ ნაცვლად, სახელმწიფო იხდის, ეს კი დიდ უკმაყოფილებას იწვევს მეხორბლეთა, მეხილეთა და სხვათა მხრიდან.
ქვეყნისათვის რომ ვაზი და ღვინო სტრატეგიული კულტურაა და ჩვენ ვაზის და ღვინის სამშობლო ვართ, გასაგებია, მაგრამ ხორბალი ათჯერ მეტად სტრატეგიული რომ არის და მისი სამშობლოც საქართველოა, რატომ არის ეს მთავრობისთვის გაუგებარი?!
ყველაზე დაბალი კი არა, მიზერული ამონაგები, სწორედ მარცვლეულს აქვს ჰექტარი ყანიდან. პურის გარეშე კი ადამიანის ორგანიზმი ვერ ძლებს.
ვიცოდი რა, რთველთან დაკავშირებით ხელისუფლება წლეულსაც რაღაც „სიურპრიზს“ შემოგვთავაზებდა, ამიტომ ჯერ კიდევ ადრე გაზაფხულზე ჟურნალ „ახალ აგრარულ საქართველოში“ ამ პრობლემაზე ვრცელი წერილი გამოვაქვეყნე: „როგორ მივიღოთ მეტი სარგებელი მევენახეთა დოტაციისთვის გამოყოფილი მილიონებიდან“. მიუხედავად იმისა, რომ წერილში ყველაფერია ახსნილი, მთავრობა კვლავ „ბრმად“ დაადგა ძველ გზას და დოტაციის თანხა გაასამმაგა. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ მათ, ვისთვისაც ეს წერილი იყო განკუთვნილი, ის წაიკითხა და გულთან ახლოსაც არ მიიტანა, ან არ წაუკითხავს, რადგან სოფლის მეურნეობის პრობლემებზე მწერალი ეს ერთადერთი პრესის ბეჭდური საშუალება, უსახსრობის გამო მცირე ტირაჟით იბეჭდება, არადა სოფლის მეურნეობის სამინისტროში და მათ სტრუქტურებში ათასობით კაცია დასაქმებული, რომელთათვისაც ასეთი ჟურნალი სამაგიდო პრესა უნდა იყოს.
აღნიშნული წერილი, სადაც ყურძნის სუბსიდირების შავ-თეთრ მხარეებზე ვწერდი, რადგან მიაყურისძირეს და „შეუმჩნეველი“ დარჩა, ამიტომ ამ წერილში მოხმობილ ფაქტებს და თემებს აქაც გამოვიყენებ.
ამონარიდი წერილიდან: „მოდით ჯერ ის გავარჩიოთ ყურძნის ფასის სუბსიდირებაში სიკეთე მეტია თუ ბოროტება? ვფიქრობთ ბოროტება და რატომ? ამით ხელისუფლება მეღვინეს ყურძნის დაბალ ფასს კარნახობს, ხოლო მევენახეს ყურძენზე დაბალ გასაყიდ ფასს უწესებს და აიძულებს მეღვინეს მის მიერ დადგენილ ფასად მიჰყიდოს მოსავალი.
რა თქმა უნდა, მევენახეს ამას პირდაპირი ტექსტით არავინ ეუბნება, მაგრამ რთვლის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, მთავრობის მიერ იმის გაცხადება, რომ კილოგრამ ყურძენში მეღვინე 50-60 თეთრს გადაიხდის, ხოლო რამდენიმე თეთრს მთავრობა დაგიმატებთო, არის თუ არა სიგნალი მეღვინისთვის, რომ მან კილოგრამ ყურძენში მევენახეს 50-60 თეთრზე მეტი არ შესთავაზოს? ასევე, არის თუ არა ეს ბრძანება მევენახისთვის, რომ მან ყურძენი მეღვინეს, ან მის მიერ გაცხადებულ ფასად უნდა ჩააბაროს, ან სადაც უნდა იქ გაყიდოს, ანუ საქონელი მისია, ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკაა და თავის საქონელს თვითონ მიხედოს?
თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში ყურძნის შემსყიდველი, ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი მეღვინეობის კერძო ფირმებს გარდა, არავინ არი. გამოდის რომ მევენახისთვის ხელისუფლების ამ განცხადებას კანონის ძალა აქვს და მევენახეც იძულებულია ყურძენი ქარხანას ხელისუფლების მიერ გაცხადებულ ფასად ჩააბაროს. ანუ ეს რას ნიშნავს? ყურძენი მევენახეს მოჰყავს, მისი საკუთრებაა, შესასყიდ ფასს კი მყიდველი, ანუ მთავრობის მიერ მხარდაჭერილი მეღვინე უწესებს? ამ შემთხვევაში რაღა საბაზრო ურთიერთობაზე და ბაზრის მიერ ყურძნის ფასის დარეგულირებაზეა საუბარი?!
ანუ ვიღებთ იმას, რომ ამ დოტაციით მთავრობა უფრო დიდ უკეთურებას სჩადის, ვიდრე სიკეთეს. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს საბიუჯეტო სახსრებია და მით სკოლები, სპორტული მოედნები, გზები და მისთანათა მშენებლობა უნდა დაფინანსდეს, მაშინ მთლად კატასტროფასთან გვაქვს საქმე.
მოდით გავაანალიზოთ, შეუძლია თუ არა მეღვინეს თეთრ ყურძენში 1,5 ლარი მაინც გადაიხადოს, ხოლო საფერავის ყურძენში 3 ლარზე მეტი? ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ხვანჭკარის ღვინო მასობრივად 2-3-ჯერ მეტ ფასში, არც საშინაო ბაზარზე არ იყიდება და არც ექსპორტზე გადის (თბილისის მაღაზიებში სხვაობა სულ დიდი 30%-ია), მაშინ რაშია საქმე? რატომ ყიდულობს ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ყურძენს მეღვინე 8-10 ლარად, ხოლო საფერავის ყურძენში სამი ლარი ენანება? თუ ხვანჭკარის ყურძნის ფასით და მისგან დაყენებული ღვინის ღირებულებით ვიმსჯელებთ, სამ ლარის გადახდა ნამდვილად შეიძლება. იგივე მდგომარეობაა რქაწითელისა და საფერავის ღვინოების შედარების დროს, ანუ არც საფერავის ღვინო ღირს 2-3-ჯერ მეტი რქაწითელის ღვინოზე. თუ ეს ასეა, მაშინ რატომ არ შეიძლება რქაწითელის ყურძენში მეღვინემ ერთ ლარზე მეტი გადაიხადოს და ყურძნის ფასის დოტაციაზე მთავრობას, ათობით მილიონი არ გააცემინოს?
მრავალმხრივად არის გამოთვლილი და დადგენილი, რომ ნებისმიერი პროდუქციის წარმოებაში ხარჯის 30% ნედლეულზე მოდის, ღვინის ნედლეული კი ყურძენია, თუ ხვანჭკარის ღვინის წარმოების დროს ეს კანონი მიახლოებით მაინცაა დაცული, რქაწითელის ყურძნის შემთხვევაში, რატომ არის ის 5-7%-ი? ყველა ზემოთ აღნიშნულიდან ვიღებთ, რომ ამ თანხას ხელისუფლება მეღვინეობის ფირმების ნაცვლად იხდის. მერე და რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ რომ მთავრობაში და პარლამენტში ბლომად სხედს ის ხალხი, რომლებიც ღვინის ბიზნესთან არის „ჩახუტებული“, ან სულაც ამ ბიზნესის ნაწილია?
როგორ შეიძლება უდიდესი ეფექტით დაიხარჯოს ეს სახსრები დასახელებულ წერილშია („როგორ მივიღოთ მეტი სარგებელი მევენახეთა დოტაციისთვის გამოყოფილი მილიონებიდან“.) ახსნილი, რის წაკითხვასაც ხელისუფლებას ვურჩევ, რადგან იმ გეგმით საბოლოოდ ისე წყდება ქვეყნისთვის ეს ყბადაღებული პრობლემა, რომ მევენახეც მადლიერია, მეღვინესაც არაფერი აკლდება, ხოლო მთავრობა დოტაციაზე ათობით მილიონი ლარის გაცემის ნაცვლად, პირიქით, ასობით მილიონი ლარით შეივსება ბიუჯეტი.
მოდით, ახლა ის გავაანალიზოთ, ვის მიერ მოყვანილი და რომელი ყურძენი უნდა იქნას სუბსიდირებული: ბატონმა პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ წელს ყურძნის სარეკორდო მოსავალს, 300 ათას ტონას, ანუ 300 მილიონ კგ. ყურძენს ველოდებითო, რომლის დოტაციისთვის გამოყოფილია 150 მილიონი ლარი, ანუ 15 მილიარდი თეთრი. თუ 15 მილიარდ თეთრს გავყოფთ 300 მილიონ კილოგრამ ყურძენზე, მივიღებთ 50 თეთრს კილოგრამ ყურძენზე, რომელიც გამოყოფილია სუბსიდირებაზე გასაცემად. მთავრობამ კილოგრამი ყურძნის დოტაციად 35 თეთრი დააანონსა, მაშინ ისმის კითხვა, სად მიდის 15 თეთრი, ანუ 25 მილიონ ლარზე მეტი?
ახლა გავარჩიოთ, მთლიანი მოსავლიდან რამდენი ტონა ყურძენი უნდა დაექვემდებაროს დოტაციას: საქართველოში ყურძნის ნახევარი კერძო მეღვინეობის ფირმებს მოჰყავთ, ანუ ისინი ყურძენს არსად არ აბარებენ და ამიტომ თავის მოყვანილ ყურძენზე დოტაცია არ უნდა მიიღონ, ისინი ამ ყურძნისგან ღვინოს აყენებენ და დიდი მოგებით ჰყიდიან, სუბსიდირება კი გლეხისთვის არის მოგონილი. ანუ 300 ათასი ტონა ყურძნისგან დოტაცია 150 ათას ტონაზე, ანუ იმ ყურძენზე უნდა გაიცეს, რომელიც გლეხს მოჰყავს და ქარხანაში აბარებს.
ახლა ვნახოთ ამ ყურძნისგან რომელი ჯიშის ყურძენზე უნდა გაიცეს დოტაცია და, რომელზე არა. ათობით წელიწადია საქართველოში საფერავის ჯიშის ყურძენი, ადვილადაც ბარდება და ფასიც 2-3 ლარი აქვს, ანუ დღეს გლეხიც ძირითადად გადასულია საფერავის ყურძნის დამზადებაზე. ანუ აღნიშნული 150 ათასი ტონა ყურძნისგან ორი/მესამედი საფერავის ჯიშის ყურძენია, რომელიც ისედაც 2 ლარზე ძვირად ბარდება, ამიტომ მთავრობამ არც ამ ყურძნის სუბსიდირება უნდა გააკეთოს. მით უმეტეს, რომ რქაწითელის და საფერავის ჯიშის ყურძენს, ხარჯიც ერთნაირი აქვთ და მოსავლიანობაც. გამოდის, რომ საბოლოოდ დოტაცია უნდა გაკეთდეს დაახლოებით 50 ათას ტონა თეთრი ჯიშის ყურძენზე და მისი ფასი დოტაციის გათვალისწინებით სულ მცირე 1,5 ლარი უნდა იყოს. ეს იმიტომაცაა საჭირო, რომ კახეთი მთლიანად არ გადავიდეს საფერავის ყურძნის წარმოებაზე და თეთრი ჯის ყურძენი არ გადააშენოს.
კი ვიცი, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო ძირითადად იურისტებითა და ეკონომისტებით არის დაკომპლექტებული, მაგრამ ის რომ გლეხისთვის კილოგრამ ყურძენში 90 თეთრი საკმარისია, მათი კომპეტენტურობის კუთხით სრული იმედგაცრუებაა, რადგან სწორედ ეკონომისტი სჭირდება ფასის გამოყვანას. გამოდის, რომ ეს ხალხი ამაშიდაც არ ვარგებულან. ანუ ყველაფერ ამას ჰქვია საქმისადმი უგუნური მიდგომა, რომელმა მიდგომამაც კახეთის ზვრები ატმისა და ჟოლოს პლანტაციებად აქცია, რომელ პროცესსაც მთავრობა, შეგნებულად თუ შეუგნებლად დღემდე უწყობს ხელს. რაც შეეხება იმას, რომ ვაზის და ღვინის სამშობლოში მევენახეობა-მეღვინეობის ერთი კვლევითი ინსტიტუტი არ გვაქვს, ამას უდიდეს სირცხვილსაც ვერ დავარქმევთ, რადგან ამას არც განზომილება აქვს და შესაფასებლადაც ძნელია.
PS. ყველა ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით წელს ქვეყანაში ყურძნის დოტაციაზე 40 მილიონი ლარი საკმარისია, ხოლო გაკეთებული ეკონომიით სასწრაფოდ უნდა გაიხსნას ვაზისა და ღვინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტი და უახლესი ტექნიკით უნდა აღიჭურვოს.
ჟორა გაბრიჭიძე /ნახევარგამტართა ფიზიკის ს/კ ინსტიტუტის
უფროსი მკვლევარი. საქ ეროვნული აკადემიის
ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი/
შეკითხვებისათვის: ტელ. 551 333 155.