ბლოგიდარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

როგორ მივიღოთ მეტი სარგებელი მევენახეთა დოტაციისთვის გამოყოფილი მილიონებიდან

ქვეყნის ეკონომიური სიძლიერე უფრო მეტად იმაზეა დამოკიდებული თუ, როგორი გონიერებით ხარჯავს საბიუჯეტო სახსრებს ხელისუფლება და არა იმაზე თუ როგორი წარმატებით ავსებს ამ ბიუჯეტს. მაგალითად, ავიღოთ ის მილიონები, რომელიც ყოველწლიურად მევენახეთა დოტაციაზე იხარჯება.

მოდით ჯერ ის გავარჩიოთ, ყურძნის ფასის სუბსიდირებაში ბოროტება მეტია თუ სიკეთე. ვფიქრობ, ბოროტება, რადგან ამით ხელისუფლება მეღვინეს ყურძნის შესასყიდ დაბალ ფასს კარნახობს, ხოლო მევენახეს ყურძენზე უდგენს დაბალ ფასს და აიძულებს მის გაცხადებულ ფასად მიყიდოს მოსავალი მეღვინეს.

რა თქმა უნდა, მევენახეს ამას პირდაპირი ტექსტით არავინ არ ეუბნება, მაგრამ რთვლის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე იმის გაცხადება, რომ „კილოგრამ ყურძენში მეღვინე 60 თეთრს გადაიხდის და 10-20 თეთრს მთავრობა დაამატებსო“, ეს მევენახისთვის ყურძნის გასაყიდი ფასის ბრძანებით დადგენაა და მეტი არაფერი. ანუ ასეთი განცხადება არის თუ არა სიგნალი მეღვინისთვის, რომ მან კილოგრამ ყურძენში 60 თეთრზე მეტი არ გადაიხადოს?! ასევე, არის თუ არა ეს სიგნალი მევენახისთვის, რომ მან ყურძენი მეღვინეს ან მის მიერ გაცხადებულ ფასად უნდა ჩააბაროს, ან სადაც უნდა იქ გაყიდოს, ანუ საქონელი მისია, ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკაა და თავის საქონელს თვითონ მიხედოს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში ყურძნის შემსყიდველი, ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი, მეღვინეების, კერძო ფირმების, გარდა არავინაა, გამოდის რომ მევენახისთვის ხელისუფლების ამ განცხადებას კანონის ძალა აქვს და ისინიც იძულებული არიან ხელისუფლების მიერ გაცხადებულ ფასად გაყიდონ ყურძენი. ანუ რა გამოდის, ყურძენი მევენახეს მოჰყავს და მისი საკუთრებაა, მის შესასყიდ ფასს კი მყიდველი, ანუ მთავრობის მიერ მხარდაჭერილი მეღვინე უწესებს? ამ დროს რა საბაზრო ურთიერთობაზე და ბაზრის მიერ ყურძნის ფასის დარეგულირებაზე შეიძლება საუბარი?!

ანუ გამოდის, რომ ამ დოტაციით მთავრობა უფრო დიდ უკეთურებას სჩადის, ვიდრე სიკეთეს.

როგორც ნახეთ, მთავრობის მიერ დოტაციით საბიუჯეტო სახსრების გამოყოფა ერთი ბოროტებაა, მაგრამ მეორე და უფრო დიდი ბოროტება მილიონების იმ ფორმით ხარჯვაა, როგორც მას ხელისუფლება განკარგავს, ანუ ყოველ კილოგრამ ჩაბარებულ ყურძენზე მევენახისთვის 10-20 თეთრის ფასნამატის დაწესება.

მოდით, ჯერ ის ვთქვათ, შეუძლია თუ არა მეღვინეს თეთრ ყურძენში 1,5 ლარი მაინც გადაიხადოს, ხოლო საფერავის ყურძენში 3 ლარზე მეტი? ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ხვანჭკარის ღვინო მასობრივად 2-3-ჯერ მეტ ფასში არსად არ იყიდება (თბილისის მაღაზიებში სხვაობა სულ დიდი 30%-ია), მაშინ რაშია საქმე? რატომ ყიდულობს ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ყურძენს მეღვინე 8-10 ლარად, ხოლო საფერავის​ ყურძენში სამი ლარი ენანება. თუ ხვანჭკარის ყურძნის ფასით და მისგან დაყენებული ღვინის ღირებულებით ვიმსჯელებთ, შეძლებულა სამ ლარის გადახდა.

იგივე მდგომარეობაა რქაწითელის და საფერავის​ ყურძნისა და ღვინის ფასების შედარების დროს, ანუ არც საფერავის​ ღვინო ღირს რქაწითელის ღვინოზე 2-3-ჯერ მეტი, მაშინ რატომ არ შეიძლება რქაწითელის ყურძენში მეღვინემ ერთ ლარზე მეტი გადაიხადოს და ყურძნის ფასის დოტაციაზე მთავრობას ათობით მილიონი არ გააცემინოს? ანუ გამოდის, რომ მთავრობა ამ დოტაციის ფულს მეღვინის მაგივრად იხდის, ეს კი ალბათ იმიტომ ხდება, რომ მთავრობაში და პარლამენტში ბლომად სხედს ისეთი ხალხი, რომლებიც ღვინის ბიზნესთან არის „ჩახუტებილი“, ან სულაც ამ ბიზნესს წარმოადგენს.

ახლა ვნახოთ, უფრო გონივრულად, როგორ უნდა დაიხარჯოს ყურძნის დოტაციაზე გამოყოფილი ფული, ვიდრე დღემდე იხარჯება: ვთქვათ ხელისუფლებამ ამ მიზნით 50 მილიონი ლარი გამოყო და ამ ფულს მევენახეებს ყოველ კილოგრამ გაყიდულ ყურძენზე 10-20 თეთრს დოტაციის სახით ურიგებს. როგორც ხედავთ, რთვლის დამთავრების შემდეგ მთავრობისთვის ეს თანხა ქარს გატანებული ფულია, რადგან დოტაციის სახით ყურძნის ჩამბარებლებს დაურიგა და რთვლის დამთავრების შემდეგ ჯიბეცარიელი დარჩა. ახლა ვნახოთ გლეხი მაინც თუ ყავს იმით კმაყოფილი, რომ კილოგრამ ყურძენში სულ დიდი 80 თეთრი გადაუხადეს? რა თქმა უნდა არა, რადგან ის თვლის, რომ კილოგრამი რქაწითელის ფასი, ერთი ლარიდან უნდა იწყებოდეს. არადა ეს ბიუჯეტის ფულია, რომლითაც სკოლები, საავადმყოფოები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრები და საზოგადოებისთვის საჭირო სხვა საქმეს უნდა მოხმარებოდა, ნაცვლად ამისა „უკვალოდ“ გაქრა.

მოდით, ახლა ვნახოთ თუ შეიძლება ეს ფული ისე დაიხარჯოს, რომ გლეხმაც მეტი სარგებელი ნახოს თავისი ყურძნით და დახარჯული თანხაც დიდი მოგებით დავუბრუნოთ ბიუჯეტს. ამისათვის უნდა შეიცვალოს ამ ფულის ხარჯვის წესი და არსებულის ნაცვლად ის ასეთნაირად უნდა განაწილდეს: გლეხს მისაღებ ფასად ძირითადად თეთრი ყურძნის რეალიზაცია უჭირს (მიუხედავად იმისა, რომ ორივე ფერის ყურძენს აბსოლუტურად ერთნაირი მოვლა სჭირდება, წითელი ყურძენი სულ მცირე ორჯერ მეტი ღირს თეთრზე), ანუ მასში მეღვინე საშუალოდ 50-60 თეთრს იხდის, დანარჩენს კი მთავრობა ამატებს. ამის ნაცვლად დოტაციაზე გამოყოფილი 50 მილიონი გავყოთ ორ ნაწილად ანუ 40+10 მილიონი. 40 მილიონით 1,2 ლარად მოსახლეობიდან დაახლოებით 35 მილიონი კილოგრამი ყურძენი ვიყიდოთ, ხოლო 10 მილიონი საბრუნავ სახსრად დავიტოვოთ. ამ ოპერაციით ყურძნის ბაზარს 35 ათას ტონა თეთრი ჯიშის ყურძენს მოვაშორებთ, ამის შემდეგ ბაზარზე რქაწითელის ყურძენი დეფიციტი გახდება და მეღვინე მასში თუ მეტს არა ამდენივეს მაინც გადაიხდის. ბოლოს კი ასეთი სურათს მივიღებთ: მთავრობის დოტაციის დროს გლეხი კილოგრამ რქაწითელში სულ დიდი 80 თეთრს იღებდა, ამ შემთხვევაში კი 120 თეთრს მიიღებს, ანუ გლეხი ამით მადლიერი დაგვრჩება. რაც შეეხება მთავრობის სარგებელს ის შემდეგში მდგომარეობს: თუ გუშინ ამ 50 მილიონს მევენახეს ურიგებდა და რთვლის ბოლოს უკმაყოფილო მევენახე და ცარიელი ჯიბე რჩებოდა, დღეს მევენახეც მადლიერი ყავს და ჯიბეში ქარის ნაცვლად 35 ათასი ტონა ყურძენი უდევს, საიდანაც 70%-წვენის გამოსავლის შემთხვევაში 40 მილიონ ბოთლ მაღალი ხარისხის რქაწითელის ღვინოს და 2 ათას ტონაზე მეტ მაღალი ხარისხის ჭაჭის არაყს მიიღებს. ბოთლი ღვინისა და არყის რეალიზაციიდან 2 დოლარი მოგებაც რომ დარჩეს, სულ მცირე, 85 მილიონ დოლარს, ანუ 250 მილიონ ლარზე მეტი დარჩება. ვფიქრობთ, გუშინდელ ცარიელ ჯიბეს დღევანდელი სავსე ჯიბე და ამ პროგრამის განხორციელებაზე ასობით კაცი რომ ყავს დასაქმებული.

მე რომ ამ ბიზნესის ხელმძღვანელი ვიყო, ამ ფულიდან თავის გამოყოფილ 50 მილიონს ბიუჯეტს დავუბრუნებდი, 200 მილიონით კი მეორე წელს ათიათასობით ტონა რქაწითელს 1,5 ლარად, ხოლო საფერავის​ ყურძენს 3 ლარად ვიყიდდი და ასეთი იძულებითი წესით მოვახდენდი ყურძენზე ფასის რეალურ ღირებულებამდე აწევას. ანუ ამ გზით მოვახდენდი მევენახეობა-მეღვინეობის რეალურ საბაზრო ეკონომიკაზე გადაყვანას, შემდეგ კი როგორც სახელმწიფო ორგანიზაცია დავტოვებდი ბაზარს და ქართულ მევენახეობა-მეღვინეობას საშუალებას მივცემდი რეალური საბაზრო ურთიერთობით გაეგრძელებიათ მუშაობა.

იმედს ვიტოვებ მთავრობა, ამის შემდეგ მაინც დაფიქრდება სადოტაციო სახსრების ხარჯვის წესის შეცვლაზე.

წერილი ამოღებულია დასაბეჭდად გადაცემული წიგნიდან „ქვევრი და ქართული ტრადიციული მეღვინეობა“.

ჟორა გაბრიჭიძე,

ნახევარგამტართა ფიზიკის ს/კ ინსტიტუტის

უფროსი მკვლევარი/. ტელ. შეკითხვ. 551 333-155