თაფლის ფალსიფიკაცია
მსოფლიოში ყოველწლირად წარმოებული 1,7-2 მლნ. ტონა თაფლიდან დაახლოებით მესამედი ფალსიფიცირებულია. აღნიშნულის გამო ეს პრობლემა მეტად აქტუალური გახდა, ამიტომ მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი კვლევა, რათა შეიმუშაონ ფალსიფიკაციის გამომჟღავნების უტყუარი მეთოდი.
ნახშირბადის მდგრადი იზოტოპის დადგენით, რომლისთვისაც გამოიყენეს მასსპექტომეტრია, თხევადი ქრომატოგრაფია, განისაზღვრა თაფლისათვის უცხო ფერმენტები და ორგანული მჟავები. რაც შეეხება ყვავილის მტვრის არსებობას თაფლში, ეს მაჩვენებელი ნაკლებად საიმედო აღმოჩნდა, რადგან თაფლის გადამმუშავებელი საწარმოები ამ პროდუქტს ფილტრავენ, რის შედეგადაც ყვავილის მტვერი თაფლში ძალზე ცოტა რჩება.
საქართველოში თაფლის ფალსიფიცირებისთვის ძირითადად სასურსათო შაქარს იყენებენ (ღალიანობის დროს აწვდიან ფუტკარს), ან მისი დაშლის პროდუქტებს ურევენ თაფლში. სავარაუდოა, რომ ზოგჯერ საქაროზას ხელოვნურად შლიან მჟავური ჰიდროლიზით. ამ ფალსიფიკატის გამომჟღავნება შედარებით ადვილია ჰიდროქსილმეთილფურფურალზე შემოწმებით. რაც შეეხება ფუტკრისმიერი ხერხით თაფლის გაყალბებას, აქ ზემოაღნიშნული მეთოდი აღარ გამოდგება, რის გამოც საქართველოს მეფუტკრეობის ყოფილ კვლევით ინსტიტუტში შეიმუშავეს თაფლის ნატურალურობის დადგენის ექსპრესული და რაოდენობითი ქიმიური ანალიზის მეთოდები.
ქსპრესული მეთოდი ემყარება ზოგიერთი საბოსტნე მცენარის ვეგეტატიური ნაწილების წყლიან ექსტრაქტთან თაფლის შერევას და მაღალ ტემპერატურაზე (1000C) ხანმოკლე დამუშავებას, რომლის დროს წარმოიქმნება დალექვისუნარიანი წყალში უხსნადი კოაგულანტი. რაც შეეხება უფრო ზუსტ რაოდენობითი ქიმიური ანალიზის მეთოდს, იგი ემყარება თაფლში ხელოვნურად შერეული საქაროზის, ან მისი დაშლის პროდუქტებში გოგირდის დიოქსიდის აღმოჩენას, რომელიც გამოიყენება სასურსათო შაქრის ქარხნულ წარმოებაში და შეიბოჭება საქაროზის მიერ. ანალიზის მსვლელობაში სარეაქციო არიდან გამოდევნილი გოგირდის დიოქსიდი საბოლოოდ გარდაიქმნება წყალში უხსნად გოგირდმჟავა ბარიუმად და განისაზღვრება რაოდენობრივად, თაფლისა და სასურსათო შაქრის ნარევების მონაცემებზე აგებული საკალიბრო მრუდის გამოყენებით. აღნიშნული მეთოდების მთავარი უპირატესობაა სიმარტივე და გავრცელებული ლაბორატორიული ტექნიკის ვარგისიანობა ანალიზისათვის. სიზუსტე შეადგენს 11-12 მას. პროცენტს.
აღნიშნულის გარდა, პრაქტიკაში გავრცელდა თაფლის ექსპერტიზის ჩატარება სენსორული მეთოდით- გრძნობის ორგანოებზე დაყრდნობით (გემო, ფერი, სუნი და სხვა). ამ ანალიზის მიზანია თაფლის მაჩვენებლების განსაზღვრა მომხმარებელთა ინტერესების შესაბამისად და საბოლოოდ, თაფლის ბიზნესისათვის ხელშეწყობა. ავტორის სუბიექტური მოსაზრებით, ამ საქმეში უპირველესად საჭიროა თაფლის ბუნებრიობის დაცვა. თაფლის სტანდარტებში კი ბუნებრიობის განსაზღვრა უმთავრეს ადგილს უნდა იკავებდეს.
ფერმერული წარმოების თაფლის გავრცელებულ ხარვეზად უნდა ჩაითვალოს ის, რომ მასში ხვდება ფუტკრის სამკურნალო პრეპარატების ნარჩენები და პესტიციდები, რაც თაფლის ექსპორტირებისას მისი დაწუნების მიზეზია. იყო შემთხვევა, რომ ქ. მოსკოვში აღებული ნიმუშების 43, 8%-ში ტეტრაციკლინების რიგის ანტიბიოტიკებისა და ქლორამფენიკოლის (ლევომიცეტინი) ჭარბი რაოდენობა შეინიშნებოდა. ანალოგიური სურათია საქართველოშიც. მდგომარეობას ართულებს ის ფაქტი, რომ ამ მიმართულებით მოქმედ საანალიზო ლაბორატორიას შეუძლია, დაადგინოს ანტიბიოტიკების ძალზე შეზღუდული სახეობანი, რაც ძნელად გადასალახ წინაღობას უქმნის ქართული თაფლის ექსპორტს.
„მეფუტკრეობა“
სახელმძღვანელოზე მუშაობდნენ: თემურ ღოღობერიძე, გოგი მაძღარაშვილი, მაია ფეიქრიშვილი,
ცირა ნაფეტვარიძე, ლიზა ბალიაშვილი, ალექსანდრე კორძახია, შალვა კვეზერელი