მიწა გქონდეს და ღარიბი იყო?!
ფერმერობა რომ შეძლო, ჯერ მექანიზაციაში, მელიორაციაში მემცენარეობაში, მცენარეთა დაცვის საშუალებებში უნდა ერკვეოდე კარგად, იცოდე რა, სად, როდის და როგორ გამოიყენო. მერე შრომისმოყვარეობა, ნებისყოფაა აუცილებელი.
„ფერმერობაშიც, როგორც საერთოდ, ყველგან ცნობიერება განსაზღვრავს ყოფიერებას, თუ ცნობიერებაში კარგად გაქვს საქმე ჩასმული, ყოფიერებაც გამართულია, დოვლათიც გაქვს და ბარაქაც“ (ა. ჩ.)
რესპონდენტთან საუბარს ფილოსოფიური წიაღსვლებით ვიწყებ. აკი მითხრა კიდეც ნიკომ (ნიკოლოზ ჯავახიშვილი საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი, გამოცდილი სპეციალისტი, პედაგოგი და მეცნიერების დოქტორია.
ბატონი ნიკო წლეულს მეორედ გახდა „ ეროვნული აგრარული ოლიმპიადის“ გამარჯვებული, რასაც ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ მკითხველთა სახელით ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ!), საინტერესო ფერმერი, კარგი ადამიანი უნდა გაგაცნოო და აი, უკვე საგარეჯოში, სოფელ ბადიაურში ავთანდილ ჩალათაშვილთან ვართ.
ავთანდილ ჩალათაშვილი სწავლული აგრონომია, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი აქვს დამთავრებული. რიგითი აგრონომიდან კოლმეურნეობის და სასოფლო საბჭოს თავმჯდომარეობის ჩათვლით, ყველა თანამდებობა გამოცვლილი, გამოცდილი კაცია, დღევანდელი შეფასებით, წარმატებული ადამიანია, ბევრი სიგელის თუ ჯილდოს მფლობელი. იმდროინდელი პრესაც, რესპუბლიკური თუ რაიონული, ხშირად წერდა მის დამსახურებაზე.
რა შეიძლება იყოს წარმატების ფორმულა კაცისა, რომელიც ობლად გაიზარდა, ოჯახის ხელმოკლეობის გამო, ბავშვობაში ბევრი რამ აკლდა და ენატრებოდა?
ავთანდილ ჩალათაშვილი შემოქმედი, როგორც დღეს იტყვიან, კრეატიული კაცია და მისი წარმატების ფორმულაც მის შემოქმედებითობაშია.
ეს ეტყობა მის სიტყვას, მეურნეობის ყოველ კუთხე–კუნჭულს.
საქმიანი ეზო სასოფლო–სამეურნეო ტექნიკით, აგრეგატებით და სამუშაო იარაღებით არის მოფენილი, ბევრის დანიშნულებას, თუ არ იკითხე, ვერც მიხვდები, რაში გამოიყენება.
_ თქვენ ჟურნალში წავიკითხე ბაგრატ სანდუხაძეზე (მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, ხორბლის სელექციონერი) – მებუნება ბატონო ავთანდილი.
_ რატომ არის საინტერესო ეს კაცი იცით? სიახლეს ეძებს, მიწის რაციონალურ ტექნოლოგიებს ქმნის და ნერგავს, როგორ შეიძლება მიწის რაციონალურად გამოყენება, ერთ ნაკვეთზე რამდენიმე მოსავლის მიღება…
ჩვენს საქმეში ბევრი მეცნიერი, აგრონომი, მექანიზატორი მინახავს… ისე წავიდნენ ამ ქვეყნიდან, ვერც აგრონომიის და მექანიზაციის გაიგეს რამე და ვერც მეცნიერების.
_ მთელი ცხოვრება ამ საქმეში ვარ, ვსწავლობ, მაგრამ სახელმძღვანელო დღესაც მუდამ გადაშლილი მიდევს, ამიტომაც ხშირად ვპოვულობ გამოსავალს. ერთადერთი, რასაც ფერმერი ვერ გაუმკლავდება, გარემო პირობებია.
_ ჩვენმა ფერმერებმა თუ იციან აგროწესები, შეუძლიათ მათი სწორად მოქმედება?
_ უმეტესობამ ისიც კი არ იცის, რა დროს მოხნას, დათესოს, მორწყას… თესვის ნორმებზე, სათესი აგრეგატის გამართვაზე და დაყენებაზე ლაპარაკი ზედმეტია, რთული მდოგომარეობაა.
_ არავინ ასწავლის, არავინ აძლევს რჩევას?
_ ვინ უნდა ასწავლოს, თუ თვითონ არ მოინდომებს. მაქვს ურთიერთობა ფერმერებთან, ხშირად მეკითხებიან რჩევას. თუ არ დავეხმარეთ ერთმანეთს, ვინ რას მოგვცემს?!
ბოლო ხანს ახალგაზრდები მიკავშირდებიან, უფრო ვენახის და ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის თაობაზე მეკითხებიან რჩევებს, რაც ძალზე მახარებს და იმედს მისახავს. იმაზე უკეთესი, ვიდრე ახალგაზრდების სწავლა-დაკვალიანებაა, რა შეიძლება იყოს. კარგი ახალგაზრდობა მოდის, ინტერესიანი, მართალია ჯერ ცოტანი არიან, მაგრამ იმედია, ხვალ უფრო მეტნი იქნებიან,
სამწუხაროდ სოფელში ბევრმა არ იცის მიწის ფასი, არც აინტერესებს, არადა ყველაზე დიდი სიმდიდრე მიწაა, თუ სწორად გამოიყენებ კარგ შემოსავალსაც იძლევა. ფერმერობა კარგი და მომგებიანი საქმეა.
_ თქვენი მეურნეობა დიდია, რამდენი გაქვთ მიწა?
_ რაც უნდა მქონდეს ისიც არ მაქვს. მიწები ჩემს ხელში ნაწილდებოდა. ხუთი სოფელი მებარა: ბადიაური, ქვემო ყანდაურა, ზემო ყანდაურა, შიბლიანი და ბოგდანოვკა… მაგრამ… ვფიქრობდი, არავინ თქვას, თანამდებობაზეა და თავისთვის ირიგებს მიწებსო. დღეს მიწას ვქირაობ, ახლაც 7 ჰექტარზე სიმინდ გვითესია, ჩემი ვაჟიც ახლაც ყანაშია გასული.
საუბარში იარაღის სათავსოს ვუახლოვდებით, კუთხეში უამრავი სხვადასხვანაირი თოხი, ბარი, ნიჩაბი, და თოხსმიმსგავსებული სამუშაო იარაღია, მიყუდებული….
ბატონი ავთანდილი სათითაოდ გვაჩვენებს და გვიხსნის, რომელი რა დანიშნულებით გამოიყენება.
ეს ხახვის, ნივრის და სხვა ბოლქვიანი კულტურების ამოსაღებად არის მომარჯვებული, პატარა ბოსტნეულის დასათესადაა მარჯვე, ეს კონუსური თოხი ქვიან ნიადაგებზე სამუშაოდ არის კარგი, ქვებს არ ხვდება, შუაში ცურდება იქეთ აქეთ აჩოჩებს, ბრტყელპირიანი თოხი ქვიან ნიადაგზე არ გამოდგება, ეს ყამირზე ვაზის ჩასამატებელი იარაღია. ვაზის ნერგს ისე ჩარგავ ყამირზე, რომ არც კვირტი დაუზიანდება და არც ფესვი. ესეც ვაზის ახალგამოყვანილი ნერგების სარგავია. ვაზი ფხვიერ ნიადაგში ირგვება, თუ სწორად არ დარგე, ვერ გაახარებ, კვირტს არ უნდა შეეხო. ეს იარაღიც სწორედ ამას უზრუნველყოფს, დაუზიანებლად რგავს ნამყენს მიწაში და აიოლებს შრომას.
_ ამ იარაღებს ვერცერთ მაღაზიაში ვერ ნახავთ, სულ ჩემი ხელით მაქვს დამზადებული, მთელი დღე რომ ვიმუშაო, არ დავიღლები _ იარაღმა არ უნდა დაგქანცოს, ხელში უნდა გემარჯვებოდეს, ამიტომაც შემიძლია მთელი დღე ყანაში ვიშრომო, მეორე დღეს კი სანადიროდ წავიდე _ გვეუბნბა ავთანდილი.
_ ნადირობა გიყვართ? _ ვეკითხები
_ ნადირობა და ბადის სროლა _ ძალიან, უფრო კი ბუნება მხიბლავს, ვისვენებ და მსიამოვნებს.
_ ეს გვარჯილის დასაფქვავი აგრეგატი იყო. ჩვენ დროში გვარჯილის დაფქვა აღარ არის საჭირო, რამდენიმე ნაწილი შევუცვალე და ახლა სიმინდს ვფქვავ. ტრაქტორის ლილვა მუხლის დახმარებით მუშაობს და ძალიან მოსახერხებელია, ესეც სახერხია, რომელიც ჩემი აწყობილია და ასევე ტრაქტორს ებმის. _ კვლავ ტექნიკის დათვალიერებას ვაგრძელებთ.
ეზოში ორი ბელორუსის მარკის და ერთი იაპონური პატარა ტრაქტორი დგას, იქვეა კომბინირებული კულტივატორები, შესაწამლი აგრეგატები…
_ წლებია ვაგროვებთ აგრეგატებს, ზოგი დაშლილი, გაძარცვული იყო, საკუთარი ხელით მაქვს აღდგენილი და ჩემს გემოზე გაკეთებული – გვათვალიერებინებს ტექნიკას ფერმერი. _ ეს საბჭოთა წარმოების კულტივატორებიც მე გადავაკეთე, სასუქის შესატანი ბუნკერებიც დავუყენე, რომ დიდი ფართობებზე ვამუშაოთ და ხშირ-ხშირად არ გახდეს საჭირო სასუქის ჩამატება.
ამ ახალ ბელორუსს სერიოზული (ქარხნული, კოსტრუქციული) ხარვეზები აქვს, როგორც გადაცემათა კოლოფში, ისე ძრავში, არც წყლის გამაგრილებელი სისტემა უვარგა.
შეიძლება ეს ტრაქტორი, ბელორუსიაში, მსუბუქ ნიადაგებზე კარგად მუშაობს, მაგრამ ჩვენთან მძიმე ნიადაგებზე, მთაგორიან ადგილებში უჭირს. ერთხელ უკვე გავუძლიერეთ გაგრილების სისტემა, მაგრამ არ ეყო, მოფიქრებული გვაქვს, რა უნდა გავაკეთოთ და იმედია ხარვეზსაც მალე გამოვასწორებთ.
_ პატიკო! აბა დაქოქე ტრაქტორი და გარეთ გამოიყვანე, – სთხოვს უფროს შვილიშვილს პაპა, რომელიც 11-12 წლის იქნება.
პატიკო იმ წამსვე მოახტა ტრაქტორს და მითითებულ ადგილზე ისე ოსტატურად „დააპარკინგა“, გაოცება ვერ დავფარე.
პატარები უკვე ეჩვევიან საქმის კეთებას, უფროსს უკვე ტრაქტორის მართვაც შეუძლია, როგორც ჩანს, არც სხვა საფერმერო საქმესთან არიან მწყრალად. უდავოა, სამომავლოდ რა პროფესიაც უნდა აირჩიონ, პაპის მხარდამხარ მიღებული ცოდნა-გამოცდილება ყველგან გამოადგებათ, ცხოვრებას გაუიოლებთ.
ავთანდილ ჩალათაშვილს ხუთი შვილიშვილი ჰყავს. ოთხნი დღეს ჩვენთან ერთად შრომობენ, ერთიც ქალაქში ცხოვრობს… „მან რა იცის სოფლისა, ქალაქელია“ _ მეუბნება თეკლა, ბიჭები კვერს უკრავენ.
ლობიოს ანკერული სათესი მცირეგაბარიტიანი თვითნაკეთი სათესი აქვს ჩაბმული.
_ ეს სათესი გადაკეთებული მაქვს, ბევრი დეტალი დავამატე, უსწორმასწორო ნიადაგზე თესლი რომ ერთ სიღრმეზე ჩათესოს, თავად აფხვიერებს ნიადაგს, თესლის გარშემოც არ ტოვებს გაუფხვიერებელ ადგილს… ვიდრე კულტურული მცენარე ამოვა, სარეველა უკვე გაღვიძებულია და დაჩაგრავს. მომყოლი ფარცხი დამუშავებულ ნიადაგს ასწორებს, რომ მცენარეები თანაბრად აღმოცენდეს და განვითარდეს, _ გვიხსნის ბატონი ავთანდილი.
როგორც ვიცი, ლობიოს სათესი აგრეგატი საქართველოში მექანიზაციის სერვისცენტრებსაც არ აქვთ, არადა ლობიო ჩვენში, აღმოსავლეთსა თუ დასავლეთში ტრადიციული კულტურაა, რომელსაც საკმაოდ დიდი რაოდენობით მოვიხმართ. სამწუხაროდ მის დიდი ნაწილი მეზობელი ქვეყნებიდან შემოგვაქვს.
ფერმერს ეს პრობლემა საკუთარ მეურნეობაში გადაჭრილი აქვს, ზვრებს შორის დათესილი ლობიოს ერთი მოსავალი უკვე აუღია, მეორედ დათესილი საადრეო მწვანე ლობიო უკვე ამოსულია და მალე იყვავილებს კიდეც.
ვენახი საქმიან ეზოს ესაზღვრება. აქ 10 სხვადასხვა ჯიშის ვაზი უდგას ფერმერს, აინტერესებს რომელი იქნება მავნებლების და დაავადებების მიმართ უფრო გამძლე, როგორი მსხმოიარობა და შაქრიანობა აქვს. ჯიშები ერთმანეთისგან სავეგეტაციო პერიოდითაც განსხვავდება და მოსავლიანობითაც.
_ძალზე საინტერესო ჯიშია კახური მცვივანი, დიდი ხანია ვაკვირდები, ნაცარს უძლებს ყველაზე კარგად, ადრეც შემოდის, შაქრიანობაც ნორმალურად აქვს – გვიხსნის ბატონი ავთანდილი.
იქ, სადაც ცოტა სიცივეები იცის, მაგალითად ზემოთ მელაანში, ან ჩალაუბანში ყურძენს უჭირს, მწიფობაში შესულ მტევანს ნაცარი უჩნდება, ეს ჯიში იმ ზონაში იდეალური იქნება. აი, ნახეთ, შუა აგვისტოში როგორი მწიფე და ტკბილია, უკვე დასაკრეფია.
რიგების გასწვრივ პომიდორი მწიფს, საკონსრევო, სასალათე და სატომატე, ჯიშებიაო, გვეუბნება ფერმერი.
_ ავთოოო! წვიმა უნდა ლობიოს, ეუბნება ნიკო…
_ ვიცი, მე რაც უნდა მაგათ, ხვალ ჩავიბამ „ცისტერნას“ და „ჩავუხტები“ ტრაქტორით _ პასუხობს ავთანდილიც.
_ აქ ხახვი მეთესა, – დამუშავებულ ადგილზე მითითებს ფერმერი, _ იმდენი მოვიდა, ჩვენც გვეყოფა და სხვებსაც ვუწილადებთო.
ვენახში სარეველას ნასახი არ ჩანს, პლანები გასუფთავებულია, მხოლოდ პამიდორი და ლობიო მოჩანს ვაზების ძირში მწვანედ.
გვერდით ზვრების ბოლომდე მიწის თხილი დაუთესია, ისეთი პირი უჩანს, კარგ მოსავალსაც მიიღებს ფერმერი.
აი, თურმე როგორ უნდა მიწის ყაირათიანად გამოყენება, ერთი ფართობიდან სეზონზე ოთხი მოსავლის გამოიტანა. ამ ვენახიდან ფერმერი ოთხს კი არა, ხუთ მოსავალს მოიწევს _ ხახვი და ლობიო უკვე აღებული აქვს, პომიდორი შემოსულია და იკრიფება, მალე რთველიც დაიწყება, ცოტა მოგვიანებით მწვანე ლობიო და მიწის თხილიც შემოვა. უკვე, ოთხი კი არა, ხუთი მოსავალი გამოვიდა.
ბავშვები ხმაურობენ, პაპა მათთვისაც იცლის, დროდადრო ეფერება, ამხნევებს და ახალისებს, უქებს შრომისმოყვარეობას.
_ სულ ჩემს გვერდით ტრიალებენ ბავშვები, განა რას მეხმარებიან, მაგრამ მინდა ნახონ, რა როგორ კეთდება, ბალღობიდანვე მიეჩვიონ შრომას.
ბიჭები როგორც შეუძლიათ, მხარში უდაგანან პაპას, თეკლაც ცდილობს არ ჩამორჩეს მათ და დაძახებისთანავე გაჩნდეს პაპასთან.
_ ამათთან ერთად შრომას ფასიც აქვს და ლაზათიც… თუ არ დაიზარებ მიწა შემოსავალასც კარგს მოგცემს, გაცხოვრებს, შვილებსაც გაგაზრდევინებს, განათლებას მიგაცემინებს, დაგასახლებინებს და სხვის ხელისშემყურედ არ გაგხდის.
როგორ შეიძლება, კაცს მიწა გქონდეს და ღარიბი იყო?! _ არ უნდა იყო! _ ამ სიტყვებს ისეთი დამაჯერებლობით ამბობს, ვერაფერს ეტყვი, ან რა უნდა უთხარა კაცს, რომელიც მთელი ცხოვრება მცხუნვარე მზით დაშაშრულ მიწას აცოცხლებს, ერუდუნება და მისი ყოველ ავან-ჩავანი იცის.
_ ბევრმა არ იცის, არც ვენახის და არც შრომის ყადრი _ გვეუბნება ავთანდილი _ კარგი ღვინო ჯანსაღი ყურძნისგან დგება. ზოგი, დასაკრეფ ყურძენს სიდამპლე რომ გაუჩნდება, არ გამოარჩევს, ერთი ორი დამპალი მტევავანი არაფერს იზამსო, არადა სწორედ ის აფუჭებს საქმეს. ის იწვევს მერე ღვინის გაშავებას, გადაბრუნებას, დამჟავებას… კაცო, აიღე და ის გაფუჭებული მტევნები გადააგდე, რა დაგაკლდება?!, მაგრამ არ იცის ხალხმა და ხშირად უცოდინარობით უფუჭდება საქმე, წყალში ეყრება უამრავი შრომა.
როგროც ბატონი ავთანდილი გვარწმუნებს, გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით ფერმერმა კი არა, ბევრმა მეცნიერმაც არ იცის როგორ ვიმოქმედოთ, რომ მცენარეები არ გაგვიფუჭდეს, განსაკუთრებით სათოხნი კულტურები.
სანამ მცენარე დაიგრილოვებს, ფოთლებს კარგად გამოიტანს, განსაკუთრებით სიმინდს და ლობიოს, მანამდე უჭირს, რომ „მზე არ ჩავარდეს“ ფესვებში. თუ ფესვს „ცხელი მზე მისწვდება“, მორჩა, იქ მოსავალს ვეღარ მიიღებ. ფოთლებს რომ გაშლის და ჩრდილს შეიქმნის მცენარე, მერე აღარ უჭირს, ამიტომ რაც შევამცირებთ სათოხნი კულტურების რიგთაშორის მანძილს, უკეთესია. რამდენი წელიწადია ვაკვირდები და შედეგიც მაქვს _ გვეუბნება ბატონი ავთანდილი და გვიხსნის, რომ მწკრივთა შორის მანძილი შეიძლება 40-დან 45 სმ-მდე შევამციროთ, რომ ტექნიკას სამუშაოდ ადგილი დარჩეს, ხელით შრომა გამოვრიცხოთ და არც მცენარეები დავაზიანოთ.
დღეს ხშირად ლაპარაკობენ ტელევიზიით ნულოვანი ტექნოლოგიის გამოყენებაზე, როგორც ბატონი ავთანდილი გვიხსნის, რამდენიმე წელიწადი ცდილობდა ამ ტექნოლოგიის დანერგვას, სათესი აგრეგატიც აქვს, მაგრამ მძიმე ნიადაგებზე ეს არ ამართლებს, სასურველი შედეგი ვერ მოაქვს.
უკვე რამდენიმე კვირაა, კახეთში წვეთი არ გადმოვარდნილა, გვალვაა, არადა საშემოდგომო თავთავიანი კულტურების დასათესად ნიადაგი დასამუშავებელია. ისეა გამომშრალი მიწა ვერ მიეკარები, რომ მოხნა იმხელა ბელტები ამოვა, იმას გაზაფხულამდე ვერაფერი დაშლის, თან რაც ტენია დარჩენილი მიწაში, ისიც დაიკარგება. რა უნდა ქნას ფერმერმა? ამ დროს კარგია ბრტყელპირიანი ნიადაგის დასამუშავებელი სპეციალური აგრეგატი, მაგრამ აქ არავის აქვს. ამიტომ საგონებელში არიან ფერმერები, როგორ მოიქცნენ. თავთავიანი საშემოდგომო კულტურების თესვის ვადები 15 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე გრძელდება. ამ შუალედში თუ არ დაითესა, ისე კარგი მოსავლის მიღება, შეუძლებელია. ამიტომ ბუნებაზე დამოკიდებული ფერმერი, ცას შეჰყურებს.
ჩვენც იმ იმედით ვემშვიდობებით ბატონ ავთანდილს.
წმინდა ელია ისმენს ჩვენ თხოვნას, გაწვიმდება, ხანძრებით გათანგულ ბუნებასაც ეშველება და გვალვისგან შეწუხებულ ფერმერებსაც.
ნესტან გუგუშვილი,
ნატალი მაჭარაშვილი
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ №8 (119)