დარგებიმევენახეობა-მეღვინეობაფერმერი ფერმერს

ქვევრში  ევროპული  ტიპის  ღვინის  დაყენება

ქვევრში დაყენებული ღვინო ბევრის მიერ გაიგივებულია მაღალექსტრაქტულ ღვინოსთან, ანუ  ფიქრობენ, რომ ქვევრში ევროპული ტიპის ღვინის დაყენება შეუძლებელია, რაც დიდი შეცდომაა და ერთხელ კიდევ ადასტურებს იმას, თუ როგორი არასწორი წარმოდგენა აქვთ ქვევრზე და არ იცნობენ ღვინის ამ ბუნებრივ და უნიკალურ ჭურჭელს, მასში ნებისმიერი ტიპის ღვინო 2-3-ჯერ იაფად შეგიძლიათ დააყენოთ, ვიდრე ღვინის თანამედროვე ჭურჭელში. 

ქვევრში ღვინის დაყენების ევროპული წესი გარკვეულ მომენტამდე ზუსტად იმეორებს ქვევრში უჭაჭოდ ღვინის დაყენების ქართულ მეთოდს, ანუ ახალგაზრდა ღვინის დავარგებაზე დაყენებამდე, ორივე ერთი და იმავე მეთოდით კეთდება. როგორც იქ, აქაც ხდება საცერში გატარებული ტკბილის უჭაჭოდ დადუღება, ამიტომ ქვევრში ევროპული წესით ღვინის დაყენების მეთოდზე თხრობას მაჭრის დასავარგებლად დაყენებიდან დავიწყებ, რადგან სწორედ აქ იყოფა ამ მეთოდებით ღვინის დაყენება და ბოლომდე განსხვავებული წესებით მიდის.

როგორც ცნობილია, ქართული წესით დადუღებული ტკბილის ქვევრს იმავე შინაარსის ან ძველი ხარისხიანი ღვინით შეავსებენ, სასულეს დაუტოვებენ (გარკვეული დროის შემდეგ კი აშორებენ), დაგლესენ და  2-6 თვის ანუ პირველადი დაწმენდის პროცესის გავლის შემდეგ გადაიღებენ და იწყებენ მის გახარჯვას ან შემდგომი გადაღებებით ახდენენ ღვინის დაწმენდა-დავარგებას.

ევროპული წესით მაღალი ხარისხის ღვინოების დაყენების დროს, დადუღებული ყურძნის წვენი მუხის ახალ კასრში გადააქვთ და იქ გადის ორწლიანი დავარგების პროცესს, რომლის დროსაც მუხის ახალი კასრის ტკეჩებიდან ღვინოში მუხის მერქნის ქიმიური ნივთიერებების ექსტრაგირება ხდება. დავარგების პროცესში ღვინოს 4-6-ჯერ გადაიღებენ, შედეგად ღვინო ფერზე იწმინდება. მუხის მერქნის ქიმიური ნივთიერებებით ღვინის გაჯერება ევროპული წესით ღვინის დაყენების აუცილებელ პირობას წარმოადგენს, ამიტომ ეს პროცესი ღვინომ ქვევრში დაყენების დროსაც უნდა გაიაროს. ამიტომ ქვევრიდან ღვინო მუხის ახალ კასრში უნდა გადაიღოთ და იქ უნდა გაატაროთ დავარგების ორ წლიან ციკლი.

დღეს არსებული წესით მუხის კასრში დავარგების შემდეგ ღვინოს ბოთლებში ჩამოასხამენ და ბოთლში დავარგების სამწლიან პროცესს იქ ატარებს, ამის ნაცვლად ღვინო, ისევ ქვევრში უნდა დააბრუნოთ და ღვინომ იქ უნდა გაიაროს დაძველება-დახვეწის სამწლიანი ციკლი, წელიწადში 1-2-ჯერ გადაღებით, რომლის შემდეგაც ის ან ბოთლებში უნდა ჩამოისხას (სარეალიზაციოდ) ან ისევ ქვევრში უნდა განაგრძოს დაძველება – შენახვის პროცესი.