მედიარუბრიკებისტატიები

 მიზანმიმართულად – მაგრამ რატომ?

დიახ, რატომ და ეს ,,რატომ“ მკითხველმა განსაჯოს. ჩვენ, ასევე შევეცდებით გამოსწორების გზების შემოთავაზებას და თუ კი, მკითხველს და საზოგადოებას უკეთესის შემოთავაზება შეეძლება (რა თქმა უნდა ქვეყნისთვის და არა სათავისოდ), წერილიც მაგისთვისაა და ღმერთმა ინებოს, მთავრობას ყველაზე ოპტიმალური ღონისძიებები დაენერგოს.

დიახ მთავრობას, ვინაიდან ქართული სახელმწიფოს წინაშე, დღეს არსებულ მრავალ გამოწვევას შორის უმთავრესი მიწის საკითხია – ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური პრობლემა, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საქართველომ დღემდე ვერ მოაგვარა. მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის ამჟამინდელ მოუწესრიგებლობას არ შეიძლება შეეგუოს ქართული სახელმწიფო.

მიწის მიმართ ისეთი უდიერი დამოკიდებულებაა, რომელსაც ანალოგი არ აქვს თანამედროვე მსოფლიოში და თუ ერი ვერ პატიობს, ღმერთი არავის აპატიებს მისი წილხვედრი მიწების გაუცხოებას (გაუცხოელებას). სახელმწიფოს დაკარგული აქვს მისი ძირითადი ფუნქცია – კონტროლი მიწათსარგებლობაზე და რაც მთავარია, დღემდე სრულიად უსისტემო და ქაოტური ხასიათი აქვს სახელმწიფოს მიერ მიწის გასხვისების პროცესს.

საქმე ეხება სახელმწიფოს მიერ საქართველოს მიწის ფონდის განკარგვაზე ერთიანი კონტროლის დაკარგვას.

სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს მიწის ფონდში მომხდარ ნებისმიერ ცვლილებებს და განსაკუთრებით, საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანს  – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ბრუნვიდან ამოღებას, სამაგიერო მიწის ჩანაცვლებას და ა.შ. ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა – ადამიანის არსებობის ერთ-ერთი ძირითადი საარსებო საშუალებაა – საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მხოლოდ 0,12 ჰა-მდე მოდის და ამ მხრივ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ბოლო ადგილზე იმყოფება.

პოსტსაბჭოთა პერიოდის დასაწყისისათვის, საქართველოში მიწის რეფორმის შედეგად სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებაში გადაცემის შემდგომ, შეიქმნა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და ამ პერიოდისათვის მდგომარეობა არც თუ სავალალო იყო:

– ,,მიწათსარგებლობის წესების, მიწის რეფორმის, მიწების დაცვისა  და ეფექტიანი გამოყენების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხოციელების მიზნით“,  საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის N160 ბრძანებულებით შეიქმნა ,,მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისია“, რომელიც ანგარიშვალდებული იყო საქართველოს პრეზიდენტის წინაშე;

– საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 13 ნოემბრის N488 დადგენილებით შეიქმნა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომლის ძირითად ფუნქციად განისაზღვრა ,,მიწის მიზნობრივი გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კონტროლი“

 – 1996 წლის 14 ნოემბერს გამოიცა საქართველოს კანონი ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“. კანონში, მუხლი 2., პუნქტი 2 აღნიშნულია რომ ,,მიწის რეგისტრაციის მიზანია მიწის ნაკვეთის და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების მიმართ უფლებათა წარმოშობის, გადაცემის, შეზღუდვის ან შეწყვეტის აღიარება და დადასტურება სახელმწიფოს მიერ.“

– 1997 წლის 2 ოქტომბერს გამოიცა საქართველოს კანონი ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყენებისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.“ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ,,სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შენარჩუნების, აგრეთვე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების საჭირო მოცულობის უზრუნველსაყოფად ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გამოუყვეს არასასოფლო-სამეურნეო საჭიროებისათვის, ანაზღაურებს გამოყოფილი ნაკვეთის სანაცვლოდ, თანაბარი ფართობის ახალი მიწის ათვისებისათვის ღირებულებას, იმის გათვალისწინებით, რომ ახლად ასათვისებელ მიწებზე განხორციელდეს მათი გაკულტურებისა და ნიადაგის ნაყოფიერების გადიდების ღონისძიებები“.

ახალი მიწის ათვისებისათვის თანხები მიიმართებოდა ადგილობრივ ბიუჯეტში, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყოფილი მიწის ადგილმდებარეობის მიხედვით.

არსებულმა საკანონმდებლო ბაზამ შექმნა საფუძველი მიწის მართვის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების გასატარებლად, ხოლო შემდგომში, როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულება საჭიროებდა აუცილებელ განვითარებას, დახვეწას დაგროვილი გამოცდილებების შესაბამისად და, გაკეთდა  პირიქით – მთავრობამ მიწის პოლიტიკის, სტრატეგიის და მიწაზე კონტროლის პასუხისმგებლობების გადანაწილების გზით, თანდათან მოახდინა ისეთი შეფარული ქმედებების განხორციელება, რასაც ქვეყნის შეუცვლელი სიმდიდრის – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების მიზანმიმართულ შემცირებისკენ მივყავართ. (?)

აღნიშნული მიზანმიმართული ქმედებები ხორციელდებოდა პერიოდულად, რაც ქრონოლოგიურად განსახილველია, კერძოდ: 

– 2004 წლის 11 თებერვლის ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის, მე-3 პუნქტის, ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად  – ,,იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადაეცა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი;(?) ხოლო მიწის რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის, ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების, ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების, მიწის მიზნობრივი გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, მიწის რესურსების მდგომარეობის თაობაზე მონაცემთა ერთიანი ბანკის შექმნა – გადაეცა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს;(?)

– მიწის მართვის დაშლა-დანაწევრების შემდეგ, ცვლილებები შედის საქართველოს კანონშიც ,,სასოფლო-სამეუნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზრაურების შესახებ“ (11.07.2007 N5243); ცვლილების თანახმად, კანონის მუხლი 3-ის მიხედვით ,,1. ამ კანონის შესაბამისად მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლას ექვემდებარება:

ა) სარეკრეაციო ტერიტორიების საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები;

ბ) ქალაქ თბილისის და ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები;

გ) სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები.

მუხლი 6. თუ წარმოდგენილი დოკუმენტები აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის თაობაზე, ხოლო საჯარო რეესტრის სააგენტო ახორციელებს მიწის მიზნობრივი დანიშნულების რეგისტრაციას.“ (?)

= ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად (2008 წლის 19 დეკემბერი), მუხლი 1, პუნქტი 1 ,,ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება- მოვალეობებს.

მუხლი 3. პუნქტი 6. ,,მარეგისტრირებელი ორგანო (სააგენტო) და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე“. (?)

-,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში  (2011 წლის 3 ოქტომბერი) ცვლილებების შეტანის შედეგად, მუხლი 2 პუნტი 8  ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ფუნქციები, რომელიც უკავშირდება:

ა) მიწის მიზნობრიობის შეცვლასთან დაკავშირებულ საკითხებს“. (?)

ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, სავალალო მდგომარეობა გრძელდება, კერძოდ – ,,მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დამიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის (2019 წლის 25 ივნისი) თანახმად, მუხლი 1. ,,ეს კანონი აწესრიგებს მიწის მიზნობრივ დანიშნულებასთან დაკავშირებულ საკითხებს.       მუხლი 2. ამ კანონის მიზანია მიწის მიზნობრივი გამოყენებისა და სახელმწიფო მონიტორინგის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.“ (!)

მუხლი 4. პუნქტი 1 ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი  – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო.“

მუხლი 5. პუნქტი 2. ბ) ქვეპუნქტი ,,სასოფლო-სამეურნეო მიწის რესურსების მიზნობრივი გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო პოლიტიკისა და შესაბამისი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორცილებეაში მონაწილეობა“. (?)

აღნიშნული მუხლის ჩანაწერი კალკირებულია სააგენტოს დებულებაში“ (დებულების მუხლი 2. პუნქტი 2-ის ა) ქვეპუნქტი )

კანონის მე-15 მუხლის თანახმად – ,,ძალადაკარგულად გამოცხადდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფის სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონი.“ (?)

ასე თანდათნობით მივედით იმ სავალალო შედეგამდე, რომელსაც ჰქვია სახელმწიფოს მიერ ერთიანი კონტროლის დაკარგვა – მიწის რესურსებზე, მიწის ფონდის გამოყენების სახელმწიფო რეგულირებაზე და რაც მთავარია, ყველაზე უმძიმესზე – მიწების უცხოელებზე გასხვისების მიზანმიმართული, აფერისტული (ადგილობრივები), სპეკულაციური (უცხოელები) ქმედებების გახშირებასა და სოფლად მცხოვრები თემის უმიწოდ დარჩენის საშიშროებამდე.

მიწის საკითხის გადაწყვეტა ჩვენი უწინარესი ვალდებულებაა ჩვენს, ჩვენი წინაპრების და შთამომავლობის წინაშე.

მიწასთან დაკავშირებული ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება შეუძლებელი იქნება, თუ ქვეყანაში არ იარსებებს ერთიანი მიწის განმკარგველი, ძლიერი სახელმწიფო ორგანო, რომელიც როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ისე სუბურბანული და ურბანული მიწების მიწათმოწყობისა და სივრცითი-ტერიტორიული განვითარების ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიისა და პოლიტიკის გასატარებლად მონიტორინგს გაუწევს – სავარგულების დროში ტრანსფორმირებებს, სასოფლო მიწების არასასოფლოში გადასვლის აუცილებლობას და სანაცვლოდ ახალი მიწის ათვისებას; გარემოს დაცვისა და სამეურნეო ბრუნვაში არსებული მიწების ბრუნვიდან გამოვარდნის საწინააღმდეგო ღონისძებების დასახვას და ა.შ (ყოფილი მიწის მართვის დეპარტამენტის ფუნქციები).

სახელმწიფოს მიერ მიწის ფონდზე ფუნდამენტური მონიტორინგის გასატარებლად, აუცილებელია შეიქმნას (აღდგეს) ,,მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისია“, რომელიც ანგარიშვალდებული უნდა იყოს პრემიერ მინისტრის წინაშე.

კომისიაზე განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების გარეშე არ უნდა მოხდეს მიწასთან დაკავშირებული ფუნდამენტური საკითხების პრემიერმინისტრისათვის წარდგენა, ან/და პარლამენტის წინაშე კანონპროექტის წარდგენა.

მიწის მართვის     ერთიანი  დამოუკიდებელი სახელმწიფო სტრუქტურის და პრემიერ-მინისტრთან არსებული მიწათსარგებლობის  კომიისიის შექმნამდე სასწრაფოდ არის გასატარებელი საორგანიზაციო ღონისძიებები იმ მიზნით, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახლად შექმნილ „მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს” კომპეტენციაში გადავიდეს მიწის მართვასთან  დაკავშირებული ყველა ის ფუნქცია, რომელიც ამჟამად გაბნეულია ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროებში. სააგენტოს დაევალოს  ქვეყნის სტრატეგიული ამოცანის შესრულება, რათა საქართველოს მიწის ფონდი პირველ რიგში მიმართოს  სოფლის განვითარებისა და სოფლად მაცხოვრებელი  მოქალაქეების შემოსავლების გასაზრდელად.

ღმერთმა გვარგუნა, რომ ჩვენ გამორჩეულ გეოსისტემაში და გეოპოლიტიკის პირობებში გვიწევს ცხოვრება; ამასთან, მიწის რეფორმის შემდგომ პერიოდში, მიწის საკუთრებაში გადასვლის შედეგად მიღებულმა შედეგებმა მკაფიოდ დაგვანახა, რომ აუცილებელია მიწათმფლობელობასა და მიწათსარგებლობაზე მონიტორინგის მკაცრი კონტროლი ქართული სახელმწიფოს მიერ.

პაატა კოღუაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობათა მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი,         

ჯუმბერ ფანჩულიძე, საერთაშორისო ექსპერტი ,,მიწის კადასტრი და მართვა“,  პროფესორი,

დავით გალეგაშვილი,  ეკონომიკის დოქტორი