აგროსიახლეებირუბრიკებისტატიები

მიწის მართვის ერთიანი სისტემის შექმნის აუცილებლობის შესახებ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს

საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიას

მრავალი წლის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტისა და პრემიერ მინისტრის სახელზე გაგზავნილი წერილებით, დარგის სპეციალისტები ვითხოვდით შექმნილიყო, ანუ, აღდგენილიყო _ „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი სამთავრობო დაწესებულება _ მიწის მართვის სახელმწიფო სამსახური (საქართველოს პარლამენტის დადგენილება №488; 1996წ.13.11), რომელიც იფუნქციონირებდა (როგორც ყოფილი დეპარტამენტი)  სამინისტროსთან გათანაბრებული უფლებებით.

ყოფილი მიწის მართვის დეპარტამენტის  დებულების თანახმად:

_ „დეპარტამენტი ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას, სახელმწიფო ზედამხედველობას და სახელმწიფოებრივ ზემოქმედებას საადგილმამულო ურთიერთობების, მიწის ფონდის გამოყენების სახელმწიფო რეგულირებისა და დარგთაშორის კოორდინაციის სფეროში.

_  დეპარტამენტს დაქვემდებარებული დაწესებულებები ქმნიან მიწის მართვის სისტემას.

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

კ) მიწის გამოყენებასთან დაკავშირებით დამუშავებული პროექტების ექსპერტიზა;

ლ) მიწის რესურსების მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბანკის შექმნა და ყოველწლიური სახელმწიფო ანგარიშის მომზადება (ყოველწლიური მიწის ბალანსი).

დიახ, სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს მიწის ფონდში მომხდარ ნებისმიერ ცვლილებას, მაგრამ მიუხედავად კარგი დასაწყისისა, მისი შემდგომი განვითარების ნაცვლად რა მივიღეთ?

მთავრობამ მიწაზე კონტროლის პასუხისმგებლობის გადანაწილების გზით (კონტროლის აცილების მიზნით),  იმოქმედა შეფარულად – 2004 წლის 11 თებერვლის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად  გაუქმდა მიწის მართვის დეპარტამენტი და ფუნქციების ნაწილი (რეესტრი-რეგისტრაცია) გადავიდა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში, ხოლო დანარჩენი ფუნქციები ასევე გადანაწილდა სხვადასხვა დარგობრივ სამინისტროებზე.

დარგის სპეციალისტთა დასაბუთებული მოთხოვნების შედეგად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი „მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული  სააგენტო;     მაგრამ, აქვე აუცილებელი აღსანიშნავია, რომ სამთავრობო სტრუქტურების – შექმნა,  გაუქმება, შეერთება და ა.შ., უნდა  ხორციელდებოდეს სახელმწიფო საჭიროებებისა და აუცილებლობიდან გამომდინარე და არა საჩვენებელი, ვალის მოხდის (ვითომ მდგომარეობის გამოსწორების) მიზნით.

ამ შემთხვევაში ეს ეხება 2019 წელს შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს „ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს“,  რომელიც შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს (2013წ. 20,09) რეორგანიზაციის შედეგად (საქართველოს კანონი N 4849-IIს:2506,2019წ).

ახლადშექმნილი „მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს“ დებულების თანახმად, მივიღეთ არა მიწის მართვის სამსახურის სისტემა, არამედ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ანუ, მივიღეთ მიწის ადმინისტრირების ორგანო და არა სისტემა.

აღნიშნული კარგად ჩანს სააგენტოს დებულებიდან:

,,მუხლი2, პუნქტი1.  სააგენტოს ფუნქციებია:

ა)მიწის ბალანსის შედგენა;

ბ)სასოფო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა;

გ)მიწათსარგებლობის სახელმწიფო მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომლობა.“(?!)

თუ აღნიშნულ ფუნქციებს პუნქტობრივად განვიხილავთ, შემდეგ დასკვნებს გამოვიტანთ:

ა) მიწის ბალანსის შედგენა შეუძლებელია მარტო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე მონაცემების საფუძველზე, ვინაიდან მიწის ბალანსის  შესადგენად უნდა ხდებოდეს ყოველწლიური აღრიცხვა და დაზუსტება (მუნიციპალიტეტის,ქვეყნის) მთლიან ფართობზე არსებული სხვადასხვა დანიშნულებისა და კატეგორიების მიწებისა – რამდენია სასოფლო-სამეურნეო მიწა კატეგორიების მიხედვით, არასაასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები და სხვა მიწები(გზები,ტყის ფონდი, წყლის ფონდი და ა.შ), რომელთა ყოველწლიური ანალიზი დაგვანახებს ნებისმიერ ცვლილებებს და მიმართულებებს.

ბ) მიწის რესურსების აღრიცხვის  მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნისთვის აუცილებელია ყოველ მუნიციპალიტეტში მუშაობდეს ერთი სპეციალისტი მაინც ,რომელიც შექმნის სამოქმედო ტერიტორიის მონაცემთა ბაზას და მონიტორინგის შედეგად გაანალიზებმიწის დანიშნულებისა და კატეგორიების მიხედვით ყოველწლიურ ცვლილებებს; ანუ, აუცილებელია შეიქმნას მიწის მონიტორინგის სამსახურის სისტემა – ერთიანი, მიწის განმკარგველი, ძლიერი სახელმწიფო ორგანო.                              

გ) მიწათსარგებლობის სახელმწიფო მონიტორინგის,  სახელმწიფოს მიერ მიწის ფონდის განკარგვაზე ერთიანი კონტროლის და მიწის დანიშნულების შეცვლაზე სახელმწიფო ზედამხედველობის გამკაცრების მიზნით, აუცილებელია საქართველოს მთავრობასთან შეიქმნას მიწათსარგებლობის საკოორდინაციო საბჭო. 

დღეის მდგომარეობით,“მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო” წარმატებით მუშაობს “ქარსაფარი  ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის” და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების რაციონალური გამოყენების  და ხელმისაწვდომობის  გაუმჯობესების საკითხებზე; მაგრამ, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, აღნიშნული “ქარსაფარი  ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის” განხორციელება, ისევე როგორც საძოვრების რაციონალური გამოყენება, არ  უნდა იყოს სააგენტოს არსებითი ფუნქცია. მისი მთავარი ამოცანა უმცირეს ვადებში ზემოთაღნიშნული ა) – გ) პუნქტებში მოცემული ფუნქციების  შესრულება უნდა იყოს.

პრობლემის დასარეგულირებლად აქვე გთავაზობთ ცვლილებების პროექტს საქართველოს კანონში   „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“.

პროექტი

ცვლილებები საქართველოს  კანონ

„მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“

„მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“კანონში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

მუხლი 1. კანონის მე–7 მუხლს დაემატოს მე-8, 9 და 10 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

  1. მიწასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების დასარეგულირებლად საქართველოს მთავრობასთან შეიქმნას მიწათსარეგებლობის საკოორდინაციო კომისია (საბჭო).
  2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობასთან შექმნილი მიწათსარგებლობის საკოორდინაციო კომისიის (საბჭო) თანხმობით.
  3. მიწათსარგებლობის საკოორდინაციო კომისის (საბჭო) დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

მუხლი 3. კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტში შეტანილი იქნას ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

  1. „მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილება საჯარო რეესტრში რეგისტრირდება“

მმუხლი 4.  კანონის  მე -13-ე  მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი და  ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

  1. საქართველოს მთავრობამ 2023 წლის თხუთმეტ აპრილამდე დადგენილებით განსაზღვროს მიწათსარგებლობის საკოორდინაციო კომისიის (საბჭო) მუდმივი წარმომადგენლების შემადგენლობა, დაამტკიცოს დებულება,

მუხლი 5.  ეს კანონი ამოქმედდეს 2023  წლის თხუთმეტი აპრილიდან.

თქვენდამი მიმართვას ერის დიდი მოძღვრის, ილია ჭავჭავაძის სიტყვებით ვასრულებთ: „ქვეყნის სიძლიერე ქართველის მიწასთან მარადიულ კავშირშია“.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა განუმეორებადი კულტურული ფასეულობაა. იგი, როგორც ერის სასიცოცხლო ბაზა, შთამომავლობას შეუმცირებლად უნდა დავუტოვოთ. ეს არის ვალდებულობა და პასუხისმგებლობა მომავალი თაობებისა და წინაპრების მიმართ.

პაატა კოღუაშვილი, საქართველოს ს/მ მეცნიერებათა აკადემიის  აკადემიკოსი,

ჯუმბერ ფანჩულიძე, ანზორ მესხიშვილი, პროფესორები,  საერთაშორისო ექსპერტები „მიწის კადასტრი და მართვა“,

დავით ზარდიაშვილი, მუნიციპალური სამართლის ექსპერტი,      

დავით გალეგაშვილი, ეკონომიკის დოქტორი