რა შეცდომას უშვებენ მეფუტკრეები და რატომ იღუპება ფუტკრის ოჯახი
დღეს მოგითხრობთ მეფუტკრეების მიერ დაშვებულ შეცდომებზე და იმის შესახებ უმრავლეს შემთხვევაში რატომ იღუპება ფუტკრის ოჯახი.
კითხვები რომლებიც ხშირად ისმის.
♦ რატომ დამეღუპა ფუტკრის ოჯახი ?!
♦ რატომ უნდა იყოს მინიმალური რაოდენობის (0,1 – 0,3%) ვაროა ზამთარში ?
♦ რა მოხდება გაზაფხულზე თუ ვაროას რაოდენობა ზამთარში ფუტკრის ოჯახში 1% გვექნება (100 ფუტკარზე 1 ვაროა)?
♦ რატომ ხდება რომ სხვადასხვა ოჯახებში ვაროას განსხვავებული რაოდენობა გვხვდება, მაგალითად ზოგში 5%; 8%; 15% და მეტიც.
მოდით ყველა ზემოთ აღნიშნულ კითხვას რიგრიგობით გავცეთ პასუხი.
ფუტკრის ოჯახების დაღუპვის სამი ძირითადი მიზეზი არსებობს:
ფუტკრის შიმშილი – საკვები მარაგის ნაკლებობა;
ტკიპი ვაროა;
მეფუტკრე, რომელმაც არ იცის ფუტკრის ოჯახების მოვლა.
განვიხილოთ შემდეგი კითხვა.
♦ რატომ ხდება რომ სხვადასხვა ოჯახებში განსხვავებული ვაროას რაოდენობა გვხვდება, მაგალითად ზოგში 5%, 8%. 15% და მეტიც.
მეფუტკრეები ხშირად სვამენ კითხვას თუ რამდენი ფუტკრის ოჯახის მონიტორინგი მოახდინონ საფუტკრეში და რომელ შედეგს დაეყრდნონ, სხვადასხვა ლიტერატურაში ზოგი საშუალო არითმეტიკულის გათვლას ურჩევს, სხვადასხვა კონდიციაში მყოფი ფუტკრის ოჯახების მონიტორინგს და ა.შ., თუმცა ჩემი პრაქტიკით ვაროაზე სპირტის მეშვეობით ვტესტავ ყველაზე ძლიერ ფუტკრის ოჯახებს, იმ ვარაუდით რომ ყველაზე მეტი ვაროა ყველაზე ძლიერ ოჯახში იქნება, ანუ იქ, სადაც მეტი ფუტკრის ბარტყია.
ლოგიკურად ისმება შემდეგი კითხვა.
_ ხდება კი საფუტკრეში ვაროას გადანაწილება თანაბრად?
პასუხი ერთმნიშვნელოვანია.
_ არა, ვაროას გადანაწილება თანაბრად არ ხდება!
და ამას აქვს თავისი მიზეზები, პირველ რიგში ფუტკრის მიერ ვაროას წინააღმდეგ გამოხატული ჰიგიენური თვისებები (VSH).
უკვე დგება შემდეგი კითხვის დასმის ჯერი.
_ რას ნიშნავს ფუტკრის მიერ ვაროას წინააღმდეგ გამოხატული ჰიგიენური თვისება?
_ ეს არის „სანიტარი” ფუტკრის თვისება ქიმიური სიგნალების მეშვეობით, რასაც გამოსცემს დაავადებული (ინვაზირებულ უჯრაში მყოფი ფუტკრის ბარტყი), იპოვოს-ამოიცნოს ინვაზირებული უჯრა და მიიღოს შესაბამისი ვაროას განვითარების წინააღმდეგ გარკვეული ღონისძიებები, რაც გამოიხატება უჯრის ცვილოვანი სარქველის გადახსნაში, დაზიანებული ბარტყისგან უჯრის განთავისუფლებაში და შესაბამისად ამ უჯრაში ვაროას რეპროდუქციის ციკლის დარღვევაში.
თვლიან რომ ვაროას, რომელსაც ერთხელ უკვე დაერღვა რეპროდუქციული ციკლი, არ შეუძლია შემდეგი თაობების მოცემა, რადგან რეალურად მას მხოლოდ 2-3 გამრავლების ციკლის გავლა შეუძლია და შესაბამისად, ერთი წარუმატებელი ციკლიც კი ვაროას რაოდენობის მნიშვნელოვან შემცირებას იწვევს.
მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვაროას წინააღმდეგ გამოხატული ჰიგიენური თვისება ყველა ოჯახს თანაბრად არ აქვს გამოხატული და შესაბამისად, ფუტკრის ოჯახებში ვაროას რაოდენობის სხვაობებსაც ვხვდებით.
ვთვლი რომ, იმ ოჯახებში სადაც ვაროას რაოდენობა შედარებით ნაკლებია, მსგავს ფუტკრის ოჯახებს აქვთ მეტად გამოხატული ჰიგიენური თვისება, თუმცა ეს პოსტულატი ბევრ რამეზეა დამოკიდებული, ანუ შესადარებელ ოჯახებში არის თუ არა ფუტკრის ბარტყის თანაბარი რაოდენობა და ა.შ., თუმცა შეიძლება, ასევე დავუშვათ, რომ ფუტკრის ბარტყის მცირე რაოდენობაც ასევე ვაროას წინააღმდეგ გამოხატული ერთ-ერთი ქცევაც იყოს, რომელიც ფუტკარს ჯერ კიდევ არ აქვს ჩამოყალიბებული.
ჰიგიენური ოჯახების გამოვლენის სხვადასხვა ტესტები არსებობს, უჯრების ჩაჩხვლეტა და შემდეგ დაკვირვება თუ რამდენ ხანში ამოსუფთავდება და გამზადდება კვერცხის დასადებად მსგავსი დაზიანებული უჯრები, ასევე თხევადი აზოტის გამოყენება და ა.შ.
მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ რომელი მეთოდით გამოავლენს მსგავს ჰიგიენურ ოჯახებს, მნიშვნელოვანია გამოვავლინოთ საუკეთესოები და დავაკვირდეთ მათ დიდი სიფრთხილით და პასუხისმგებლობით, რადგან ამ ოჯახების დაღუპვის რისკებიც არსებობს და ამავე გარემოში უკვე მსგავსი ოჯახები ხდებიან ვაროას გამავრცელებელნიც.
მოკლედ, ეს საშური საქმეა, მაგრამ გვმართებს დიდი სიფრთხილეც, რადგან ამ საქმეზე ხელის მოკიდება და ყველას არ შეუძლია.
ფოტოებზე: ვაროას მიმართ ჰიგიენურობა VSH. ჰიგიენურობის დადგენის ტესტირების საშუალებები